1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ასევე, მის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გადარგვა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი ნებართვის საფუძველზე.
2. მუნიციპალიტეტის ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე მუნიციპალური ან/და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისას მწვანე ნარგავების გადარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი ორგანო.
3. მწვანე ნარგავების გადარგვას ენიჭება უპირატესობა მწვანე ნარგავების მოჭრასთან მიმართებით.
4. მწვანე ნარგავების გადარგვა ხორციელდება იმავე ან/და მიმდებარე ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლის ზედამხედველობით.
5. გადარგვის თაობაზე ნებართვის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მწვანე ნარგავების მდგომარეობა, ასევე გადარგვისა და გახარების შესაძლებლობა დადასტურებული იქნება უფლებამოსილი ორგანოს ან მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე დასკვნის გამცემი უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ.
6. მწვანე ნარგავების გადარგვა უნდა განხორციელდეს უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული აგროტექნიკური ნორმების დაცვით მშენებლობის საბოლოო ნებართვის გაცემის შემდგომ .
7. უფლებამოსილი ორგანოს მიერ მწვანე ნარგავების გადარგვის თაობაზე ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით, ხოლო გადარგული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
8. ამ მუხლის საფუძველზე გადარგული მწვანე ნარგავების (გარდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელებული გადარგვისა) მოვლა-პატრონობისას დაინტერესებული პირი ვალდებულია ნებართვის ფარგლებში დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შედეგების შესახებ უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს ანგარიში (ინფორმაცია გატარებული აგროტექნიკური ღონისძიებების შესახებ, ფოტო-მასალა, არსებული მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია) ნებართვის გაცემიდან სამ თვეში ერთხელ. უფლებამოსილი ორგანო ეცნობა და აფასებს აღნიშნული ანგარიშში წარმოდგენილ შედეგებს და ადგენს შეფასების ოქმს.
9. გადარგვიდან 3 წლის განმავლობაში, მწვანე ნარგავების ხმობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს დაევალება საკომპენსაციო რგვის განხორციელება ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. საკომპენსაციო რგვის ფარგლებში გაშენებული მწვანე ნარგავების განმეორებითი რგვის განხორციელების შემთხვევაში ნარგავების მოვლის სამუშაოების სამწლიანი ვადის ათვლა ხელახლა იწყება ამ რგვების ჩატარების მომენტიდან.
10. მწვანე ნარგავის გადარგვა დასაშვებია, თუ:
ა) მწვანე ნარგავი არის საღი და კარგად განვითარებული;
ბ) მწვანე ნარგავი არ არის წვერხმელი;
გ) მწვანე ნარგავის ვარჯში ხმელი ტოტების რაოდენობა არ აღემატება 15%-ს;
დ) მწვანე ნარგავის მერქნის ბოლო წლების საშუალო შემატება არ არის მოცემული სახეობის საშუალო წლიურ შემატებაზე ნაკლები;
11. მწვანე ნარგავის გადარგვა დაუშვებელია, თუ:
ა) მწვანე ნარგავი არის წვერხმელი, ხმობადი, ფაუტი ან/და ზეხმელი;
ბ) მწვანე ნარგავს გააჩნია გულის სიდამპლე ან არის დაავადებული;
გ) მწვანე ნარგავი არის ხნიერი და ზრდაში შესუსტებული ან/და გადაბერებული;
დ) მწვანე ნარგავს აქვს დაგრეხილი ღერო;
ე) მწვანე ნარგავის ვარჯი ცალმხრივად არის განვითარებული;
ვ) სწრაფმზარდი სახეობების (ვერხვი, აკაცია, ტირიფი) მწიფე და გადაბერებული ინდივიდებისათვის, რომელთა საამორტიზაციო ხნოვანება 40-50 წელია;
ზ) მწვანე ნარგავს აქვს მექანიკურად დაზიანებული ფესვის ყელი და ღერო;
თ) მწვანე ნარგავი, რომელის რიზოსფერო (კომის დიამეტრიდან გამომდინარე) 2,0 მეტრით ემიჯნება შენობა-ნაგებობას;
ი) მწვანე ნარგავი, რომლის ფესვთა სისტემა განვითარებულია დედა ქანის ბზარებსა და ნაპრალებშ