1. ფქვილი ჩაყრით გადაიზიდება აერირების სისტემით აღჭურვილი სპეციალიზებული ფქვილსაზიდი ვაგონებით. მარცვლეულის ტვირთი (ჭვავი, ხორბალი, შვრია, ქერი, წიწიბურა, ფეტვი, სორგო, სიმინდის მარცვალი, მარცვლოვან–პარკოსნები, ბრინჯი (მარცვალი), ზეკულტურების თესლი‚ ცერცველა‚ მარცვლეულის ნარჩენები)‚ ქატო და საფქვავი წარმოების ნარჩენები გადაიზიდება მარცვლეულის ვაგონ-ჰოპერებში (მარცვალსაზიდ ვაგონებში) ჩაყრით.
2. დასატვირთად ჩამოყენებულ მარცვალსაზიდ ვაგონს უნდა ჰქონდეს წესივრული ძარა‚ დატვირთვა-გადმოტვირთვის ლიუკების რეზინისსამჭიდროებლიანი სახურავი‚ რომელიც გამორიცხავს ღრეჩოების არსებობას‚ აგრეთვე ჩამკეტი მექანიზმები და წესივრული ბლოკირების მოწყობილობა‚ რომელიც აღკვეთს ლიუკების თავის ახდას საკეტ-საპლომბი მოწყობილობის დაურღვევლად.
3. ვაგონების ვარგისობა ფქვილისა და მარცვლეული ტვირთის დასატვირთად განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს უფლებამოსილი სამსახურის (შემდგომ – უფლებამოსილი სახელმწიფო სამსახური) წარმომადგენლის მონაწილეობით.
4. ტვირთგამგზავნმა მარცვლეული ტვირთი გადასაზიდად უნდა წარადგინოს შესაბამისი ხარისხის მოწმობის (სერტიფიკატის) თანდართვით.
5. საექსპორტოდ ან საიმპორტოდ გადასაზიდი მარცვლეული ტვირთი და მისი გადამუშავების პროდუქტები მოწმდება უფლებამოსილი სახელმწიფო სამსახურის მიერ და მასზე გაიცემა ხარისხის მოწმობა (სერტიფიკატი). თუ ტვირთგამგზავნს არა აქვს მოწმობა (სერტიფიკატი)‚ მარცვლეული ტვირთი და მისი გადამუშავების პროდუქტები გადასაზიდად არ მიიღება.