კვებითი მოშხამვების პროფილაქტიკის შესახებ

1. თქვენმა პროფესიამ რეისის დროს მგზავრების მომსახურებისას მჭიდროდ დაგაკავშირათ ადამიანებთან. თქვენს მონდომებაზე, მოწესრიგებულობაზე, ჰიგიენურ განათლებაზე დიდად არის დამოკიდებული მგზავრთა არა მარტო განწყობა, არამედ მათი ჯანმრთელობაც.

2. პირი, რომელიც დაკავებულია კერძის მომზადებითა და მისი განაწილებით, აუცილებლად უნდა იცავდეს პირადი ჰიგიენის წესებს. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდეს ხელების, სახის, სხეულის, ტანსაცმლის სისუფთავეს, მოკლედ უნდა იჭრიდეს ფრჩხილებს. მომსახურების პერიოდში ხელიდან უნდა იხსნიდეს ბეჭდებს. ნაკაწრი, დამწვრობა, დაჩირქებული ჭრილობა შეიძლება საკვების მიკრობებით დაბინძურების მიზეზი გახდეს, ყოველივე ეს კი კვებითი მოშხამვის წინაპირობაა.

3. გახსოვდეთ, რომ ნაწლავურ ინფექციებს (დიზენტერია, მუცლის ტიფი, ქოლერა და სხვ.) ავრცელებს დაავადებული ადამიანი. გამომწვევები შარდითა და ფეკალური მასებით გამოიყოფა გარემოში. თუკი დაავადებული ადამიანი არ იცავს პირად ჰიგიენას, არ იბანს ხელებს ტუალეტით სარგებლობის შემდეგ, მიკრობები შესაძლოა მოხვდნენ საკვებ პროდუქტებზე, ლანგარზე და გამოიწვიონ ჯანმრთელი ადამიანების დასნებოვნება. გარშემომყოფთათვის განსაკუთრებულად საშიშია ბაქტერიამტარებელი, რომელიც თავს ჯანმრთელად გრძნობს და არც კი იცის, თუ რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს სხვებისათვის. ამიტომაც ბორტგამცილებლები, რომლებსაც პროფესიული საქმიანობისას შეხება აქვთ საკვებ პროდუქტებთან, გადიან პერიოდულ სამედიცინო დათვალიერებასა და იტარებენ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს.

4. საბორტო კვებით მგზავრთა მომსახურებისას ბორტგამცილებელმა უნდა ჩაიცვას ქურთუკი ან აიფაროს წინსაფარი, თმები დაიფაროს თავსაფრით ან ჩაჩით, გულდასმით დაიბანოს ხელები საპნით და გაიწმინდოს ცალკე გამოყოფილ პირსახოცზე.

5. ბორტგამცილებელმა უნდა იცოდეს, რომ კვებითი მოშხამვები ვითარდება მაშინ, როდესაც იქმნება ხელსაყრელი პირობები მიკროორგანიზმთა გასამრავლებლად, ე.ი. როცა დარღვეულია საკვები პროდუქტების შენახვის ვადები და პირობები. საბორტო კვების მიღებისას ბორტგამცილებელმა თერმომეტრის საშუალებით უნდა გაზომოს კერძის ტემპერატურა, თვალყური ადევნოს მაცივარში შენახული კერძების ტემპერატურულ რეჟიმს, აკონტროლოს ჭურჭლის რაოდენობა და ყურადღება მიაქციოს უკვე გამზადებულ საკვებზე შევსებული დოკუმენტაციის სისწორეს.

6.ბუფეტში სამუშაოს დაწყების წინ მაგიდები უნდა გაირეცხოს და გაიწმინდოს, ინვენტარი ყოველთვის უნდა იყოს წესრიგში. არ შეიძლება კერძების თეფშებზე განაწილება და გაფორმება ხელით, ამისთვის იყენებენ სპეციალურ კოვზებსა და ჩანგლებს. თითოეულ ლანგარზე თვალსაჩინო ადგილზე უნდა მოთავსდეს ნამიანი ხელსახოცი.

7. კონსერვების გახსნის წინ ყურადღება უნდა მიექცეს გარეგნულ მხარეს. მათ არ უნდა ჰქონდეს ბომბაჟი, არ უნდა იყოს ჟანგიანი, ხოლო შიგთავსი დაბინდული. ასეთი კონსერვების საკვებად გამოყენება დაუშვებელია. გახსნილი კონსერვი მაშინვე უნდა გაიცეს.

8. გამაგრილებელი სასმელების ბოთლების გახსნისას ყურადღება უნდა მიექცეს: აქვს თუ არა ნალექი, ხომ არ არის შიგთავსი საეჭვო, ეტიკეტზე მითითებულია თუ არა ვარგისიანობის ვადა. კატეგორიულად იკრძალება თვითმფრინავში ჭურჭლის რეცხვა. თვითმფრინავი უნდა იყოს უზრუნველყოფილი საჭირო რაოდენობის ჭიქებით (მგზავრზე 2-3 ცალი).

9. დასასუფთავებელი ინვენტარი უნდა იყოს შეფუთული და ინახებოდეს ბუფეტში მისთვის განკუთვნილ ადგილას.

10. ბორტგამცილებელმა უნდა იცოდეს კვებითი მოშხამვების პირველი ნიშნები: უეცარი დასაწყისი, სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. მწვავე ნაწლავური ინფექციები ხასიათდება ტემპერატურის მომატებით, შემცივნებით, შესაძლოა გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი.

11. თვითმფრინავის ბორტზე ნაწლავური ინფექციით დაავადებულის გამოვლენის შემთხვევაში ბორტგამცილებელმა აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ხომალდის მეთაურს, რომელიც ორგანიზებას უკეთებს შემდგომ ღონისძიებებს (ავადმყოფის იზოლაცია, აეროპორტზე ინფორმაციის გადაცემა და ა.შ.).

12. თვითმფრინავის აეროპორტში დაჯდომამდე უნდა მოხდეს ავადმყოფის იზოლაცია: შესაძლებლობის ფარგლებში უნდა შეიზღუდოს მგზავრთა გადაადგილება სალონში, ავადმყოფი უნდა მოთავსდეს ტუალეტთან ახლოს, მისთვის გამოიყოს ჭურჭელი, მომარაგდეს ჰიგიენური პაკეტებით. პირნაღები მასა უნდა შეგროვდეს ცალკე ვედროში, რომელიც მოთავსებულია ტუალეტში.

13. თვითმფრინავის დაფრენის შემდეგ, ექიმის მოსვლამდე იკრძალება მგზავრთა გადაადგილება სალონში, ასევე თვითმფრინავიდან ჩამოსვლ