1. თუშების თანამედროვე მეურნეობა მომთაბარე მესაქონლეობას ემყარება და განთავსებულია ე.წ. თუშეთი-ალვანი-შირაქის სამეურნეო-კულტურულ (გეოსოციალურ) არეალში. შესაბამისად, პირუტყვის მიმოქცევის არეალი გამოირჩევა ბუნებრივი და ეკონომიკური პირობების მრავალფეროვნებით. თუშეთ-შირაქის სამეურნეო კავშირების ისტორია XVII საუკუნიდან იღებს სათავეს. თუშური მეცხვარეობის საკვებ ბაზას წარმოადგენს ბუნებრივი საძოვრები, რომელსაც, ბუნებრივი პირობების შესაბამისად, მომთაბარე მეცხვარეობა სეზონურად იყენებს. ზემოთქმულმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მომთაბარე მეცხვარეობის შემდგომ განვითარებას და სპეციალიზაციას. თუმცა, 1950-იან წლებამდე თუშები ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ ტრადიციულ ცხოვრების წესს – მომთაბარე მეცხვარეობასთან ერთად ისინი კვლავ მისდევდნენ მეძროხეობას და მიწათმოქმედებას და, შესაბამისად, თუშეთში იყო მუდმივი მოსახლეობაც. ამჟამად, ზამთარში თუშეთში მხოლოდ 38-მდე ადამიანი რჩება.

2. ტრადიციულად, თუშეთში მკაცრად იცავდნენ მიწის სავარგულების ვერტიკალური ზონალობის წესებს, რომელიც დღესდღეობით დარღვეულია. სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით, მთელი ფართობები სამეურნეო ზონებად იყოფოდა და ყოველ ზონას თავისი სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაკვეთმორიგეობას და თესლბრუნვას. ყოველივე ეს უზრუნველყოფდა ნიადაგსაფარის შენარჩუნებას და, ზოგადად, საძოვრების და სახნავ-სათესი მიწების მდგრად გამოყენებას.

3. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან, ცხვრის სულადობის ზრდაზე ორიენტირებული საბჭოთა სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის პირობებში, მეურნეობის ტრადიციული წესი დავიწყებას მიეცა. ჭარბი და უსისტემო ძოვების გამო, სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორც ზამთრის, ისე – ზაფხულის საძოვრები. დღეისათვის თუშეთის სამეურნეო ფართობის უმეტესი ნაწილი ძლიერ ეროზირებული და დამეწყრილია. განსაკუთრებით მძიმე სურათია წარსულში სახნავ-სათეს, ხოლო ამჟამად საძოვრად გამოყენებულ ფართობებზე. ტრადიციული მეურნეობის მოსპობამ ტრადიციული ცხოვრების წესის ცვლილება გამოიწვია. თუშებმა ხელი აიღეს ხვნა-თესვაზე და მთლიანად მომთაბარე ცხოვრების ნირზე გადავიდნენ.

4. თუშეთი ცნობილია დამახასიათებელი ორნამენტით შემკული ტრადიციული რეწვის ნიმუშებით, რომლებიც საკმაოდ პოპულარულია, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებიდან, ისე უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს შორის. თუშები შალისა და ბუნებრივი საღებავების გამოყენებით ამზადებენ ფარდაგებს, ქუდებს, წინდებს, ტანსაცმელს, ხოლო ხისგან – ავეჯს და ჭურჭელს.

5. ამჟამად, თუშეთის მოსახლეობა ეროვნული პარკიდან პირადი მოხმარებისთვის იყენებს ისეთ ბუნებრივ რესურსებს, როგორიცაა: შეშა, საშენი მასალა, კენკრა, სოკო, სამკურნალო/საღებავი მცენარეები და ა.შ. ამ რესურსების მოხმარება, ბოლო წლებში, ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ადგილი აქვს მის რეალიზაციასაც.

6. ტყის მერქნულ რესურსებს (შეშა, სამასალე მერქანი) მოსახლეობა ძირითადად მოიპოვებს დაცული ლანდშაფტის ტყეებიდან, მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისათვის. შეშა მთავარი რესურსია გათბობისა და საკვების მომზადებისთვის.

7. თუშეთში ტურიზმის განვითარება დაცულ ტერიტორიებს უკავშირდება. ეკოტურიზმის განვითარება ადგილობრივების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა და მულტიპლიკატორის ეფექტი აქვს სხვა დარგებზე.

თავი III. გრძელვადიანი მიზნე