ა) სამსახურის დაწყების წინ გაიარონ სამედიცინო შემოწმება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 21 სექტემბრის №106/ნ ბრძანების „ცალკეულ პროფესიათა საქმიანობის უფლებისა და ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ თანახმად;
ბ) გაიარონ სანიტარიული კურსის მინიმუმი, ჩააბარონ ჩათვლა სანიტარიული ზედამხედველის მიერ მითითებულ ვადებში;
გ) გამოცხადდნენ სამსახურში სუფთა ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით. საწარმოში შესვლისას საგულდაგულოდ უნდა გაიწმინდონ ფეხსაცმელი;
დ) ზედა ტანსაცმელი, თავსაბური, პირადი ფეხსაცმელი, პირადი ნივთები დატოვონ გარდერობის ინდივიდუალურ კარადაში;
ე) სამუშაოს დაწყების წინ ჩაიცვან სუფთა სანიტარიული ტანსაცმელი, გაისწორონ თმები თავსაბურის ქვეშ. აკრძალულია სანტანსაცმლის შეკვრა ქინძისთავით, ნემსებით; ხალათის ჯიბეებში თამბაქოს, ქინძისთავების, ფულისა და სხვა გარეშე საგნების შენახვა;
ვ) საპირფარეშოში შესვლის წინ დატოვონ სანიტარიული ტანსაცმელი სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, ხოლო საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ დაიბანონ ხელები საპნით ან დაიმუშავონ ქლორიანი კირის 0.2%-იანი ხსნარით;
ზ) არ მიიღონ საკვები და არ მოსწიონ თამბაქო საწარმოო სათავსებში. საკვების მიღება და თამბაქოს მოწევა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.
2. საწარმოს საამქროებში მომუშავე პირები ვალდებულნი არიან სამუშაოს დამთავრების შემდეგ დაალაგონ სამუშაო ადგილი და ჩააბარონ იგი ოსტატს, ბრიგადირს ან შემცვლელს სუფთა და გამართულ მდგომარეობაში. დაიცვან ზომები პროდუქციაში გარეშე საგნების მოხვედრის აცილების მიზნით.
3. ზეინკლები, ელექტრიკოსები, ამწყობები და საწარმოში სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებით დაკავებული სხვა მუშები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ პირადი ჰიგიენის წესები (პირადი ჰიგიენა, სპეცტანსაცმლის გამოყენება, ინსტრუმენტებისა და ხელების სისუფთავე;
ბ) ინსტრუმენტები და სათადარიგო ნაწილები უნდა შეინახონ სპეციალურ კარადაში და გადაიტანონ ისინი სპეციალურ სახელურებიანი დახურული ყუთებით;
გ) სამუშაოს ჩატარებისას მიღებულ უნდა იქნეს ზომები ნედლეულში, ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქციაში გარეშე საგნების მოხვედრის აცილების მიზნით.