1. ქვანახშირის მრეწველობის საწარმოთა განლაგების რაიონებში ატმოსფერული ჰაერის სანიტარიული დაცვა უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული სანიტარიული წესებისა და ნორმების „ჰიგიენური მოთხოვნები დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის დაცვისადმი“ და „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ 2003 წლის 24 თებერვლის 38/ნ ბრძანებით დამტკიცებული ჰიგიენური ნორმატივების „დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები“ შესაბამისად.
2. ქანების საყრელების ამოქმედება, მათი ექსპლუატაცია, ასევე მათი ჩაქრობა და დამუშავება უნდა ხორციელდებოდეს სპეციალური პროექტების ან შახტების და გამამდიდრებელი ფაბრიკების მშენებლობის (რეკონსტრუქციის) პროექტების სათანადო განყოფილებათა შესაბამისად.
3. ქანების საყრელები განლაგებული უნდა იყოს დასახლებული პუნქტებისა და საწარმოების საზღვრებს გარეთ საწარმოს, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და კომუნალური დანიშნულების შენობების ქარისაგან დაცულ მხარეს (ქარებისათვის გაბატონებული მიმართულების გათვალისწინებით).
4. ატმოსფერული ჰაერის წვის პროდუქტებითა და მტვრით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად შახტებში უნდა განხორციელდეს ეფექტური ღონისძიებები ქანების საყრელების თვითაალებისა და მათი ქარისმიერი ეროზიის თავიდან ასაცილებლად. ცეცხლმოდებული ქანების საყრელების ექსპლუატაცია აკრძალულია, აუცილებელია მათი ჩაქრობა.
5. ცეცხლმოდებული ქანების საყრელების ჩაქრობისას, ყოველი ცვლის დასაწყისში, სამუშაო ადგილებზე უნდა ჩატარდეს ნახშირბადის ოქსიდისა და გოგირდის ანჰიდრიდის კონცენტრაციის განსაზღვრა. თუ ჰაერში მავნე აირების შემცველობა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე მეტი აღმოჩნდება, მაშინ უნდა ჩატარდეს უსაფრთხო მუშაობის უზრუნველსაყოფი ღონისძიებები.
6. ქანების საყრელების ფორმა უნდა იყოს ბრტყელი. მათი განლაგება მიზანშეწონილია ხევებში და ნამუშევარ კარიერებში, წვიმისა და წყალმეტობის წყლების გადაგდების უზრუნველყოფით. ნამუშევარი ქანების საყრელები უნდა ექვემდებარებოდეს რეკულტივაციას.
7. საწარმოს ლიკვიდაციისას მისი დახურვის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაში გათვალისწინებული უნდა იყოს გარემოს ეკოლოგიური რეაბილიტაციის ღონისძიებები