1. საწარმოს ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს მავნე და საშიშ შრომის პირობებში მომუშავეთა მომარაგება კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, ჩამომრეცხი და გამაუვნებელი პრეპარატებით, აგრეთვე, მათი მოხმარების წესების შესწავლა და გაკონტროლება. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მოხმარება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წარმოების მავნე და საშიშ ფაქტორთა დასაშვებ ჰიგიენურ ნორმებამდე დაქვეითებისათვის მიმართულ ტექნიკურ ღონისძიებათა დამუშავებისა და განხორციელების ნაცვლად.
2. პირები, რომლებიც იმყოფებიან ისეთ სამუშაო ადგილებზე, სადაც ჰაერში მტვრის შემცველობა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე მაღალია, სუნთქვის ორგანოთა დასაცავად უზრუნველყოფილ უნდა იყვნენ რესპირატორებით. უნდა განისაზღვროს საწარმოო ოპერაციები, რომელთა შესრულება ურესპირატოროდ დაუშვებელია. ამასთან, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ტიპის რესპირატორები, რომელთა ტექნიკური მახასიათებლები შეესაბამება დადგენილ ჰიგიენურ მოთხოვნებს.
3. ინტენსიური ხმაურის ზემოქმედების პირობებში, მათ შორის, სამთო მიწისქვეშა გვირაბებში მომუშავეებმა, უნდა გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არჩევისას აუცილებელია აკუსტიკური რხევების სპექტრული მახასიათებლების გათვალისწინება.
4. მცირე სიმძლავრის (1.0 მ-ზე ნაკლები სიღრმის) მიწისქვეშა ფენების გამოღებისას მუშაკები უზრუნველყოფილ უნდა იყვნენ მუხლისა და იდაყვის სახსრების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბურსიტით დაავადება.
5. წყალდამცავი სპეცტანსაცმლისა და ნამიანი სპეცფეხსაცმლის გაშრობა უნდა ხორციელდებოდეს ყოველი ცვლის შემდეგ. ტყავის ფეხსაცმელი გაშრობის შემდეგ უნდა დაიფაროს დამარბილებელი საცხით.
6. სპეცფეხსაცმელი უნდა დამუშავდეს „ბ”-ქლორამინის 5%-იანი ხსნარით ან 1%-იანი ფიტონის ხსნარით 15 წთ-ის განმავლობაში, ან სხვა სადეზინფექციო საშუალებებით. სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით სანიტარიულ დამუშავებას ექვემდებარება აგრეთვე რესპირატორები, დამცავი ჩაფხუტები და წინდები.
7. კანის ჩირქოვანი დაავადებებით და მტევნებისა და ტერფების სოკოვანი დაავადებებით პროფილაქტიკისათვის სპეცტანსაცმელი და ფეხსაცმელი ყოველდღიურად უნდა დამუშავდეს „ბ”-ქლორამინის 5%-იანი ხსნარით ან სხვა სადეზინფექციო საშუალებებით