1. ძირითად საწარმოო სათავსებში ვენტილაციის, გათბობისა და ჰაერის კონდიციონირების სისტემები უნდა უზრუნველყოფდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 17 სექტემბრის №256/ნ ბრძანებით „საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილი მოთხოვნების დაცვას.
2. მიწისქვეშა სამთო გვირაბები უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მუდმივად მოქმედი ვენტილაციით მექანიკური წევის გამოყენებით. განიავებისათვის საჭირო ვენტილაციის სქემები და საშუალებები, აგრეთვე ჰაერის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების ტექნიკის დადგენილ მოთხოვნებს.
3. მუდმივ სამუშაო ადგილებზე სითბოს ჭარბი გამოყოფით, გათვალისწინებული უნდა იქნეს ჰაეროვანი შხაპის მოწყობა. ჰაერის ტემპერატურა და მოძრაობის სიჩქარე უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მოცემული ნორმატიული აქტის მოთხოვნებს.
4. საწარმოო სათავსების სამუშაო ზონის ჰაერის ტემპერატურის, მოძრაობის სიჩქარის, ფარდობითი ტენიანობის საჭირო პარამეტრები უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:
ა) ატმოსფერული ჰაერის შემწოვი და გამწოვი ვენტილაციის სისტემების მიწოდებით – წლის თბილ პერიოდში;
ბ) შემთბარი ატმოსფერული ან სანიტარიულ ნორმებამდე გაწმენდილი რეცირკულაციური დატენიანებული ჰაერის შემწოვი ვენტილაციის სისტემებით მიწოდებით, წყლის გათბობის გამოყენებით – წლის ცივ და გარდამავალ პერიოდში.
5. განყოფილებებში აირისა და სითბოს მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყოფისას (ფლოტაციის, გამომშრობ-გამთბობი, რეაგენტების) არ დაიშვება ჰაერის რეცირკულაცია ვენტილაციის, კონდიცირებისა და ჰაერით გათბობის სისტემებისათვის.
6. სავენტილაციო მოწყობილობის, ჰაერის გასაწმენდად დანადგარების არჩევისას, აგრეთვე თავშესაფრის დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მტვრის გამოყოფის და შესაძლო გამონაფრქვევების პარამეტრების თავისებურებები, ასევე ასპირაციული ჰაერის 10% მარაგი ღიობებში შეწოვილი ჰაერის კომპენსაციისათვის. ასპირაციული დანადგარების წარმადობა გაანგარიშებულ უნდა იქნეს ყველა ადგილობრივი გამწოვის ერთდროულ ოპტიმალურ მუშაობაზე.
7. ყველა სავენტილაციო დანადგარი, როგორც ახლადდამონტაჟებული, ისე ექსპლუატაციაში შეყვანილი რეკონსტრუქციის ან კაპიტალური შეკეთების შემდეგ, გამოცდილ უნდა იქნეს ეფექტურობაზე.
8. საწარმოო სათავსების სავენტილაციო სისტემების და მტვერგამწმენდი მოწყობილობის მუშაობის კონტროლი უნდა ტარდებოდეს რეგულარულად.
9. საწარმოო პროცესის შეცვლისას ან ინტენსიფიკაციისას, ასევე მოწყობილობების გადაადგილებისას, რომელიც ახდენს საწარმოო მავნეობათა გენერირებას, სამუშაო ადგილებზე ჰაერის აუცილებელი სისუფთავის, ტენიანობისა და მოძრაობის უზრუნველმყოფი დანადგარები მოყვანილ უნდა იქნენ შესაბამისობაში ახალ საწარმოო პირობებთან.
10. მტვრისა და ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობა შემოწოვილ ჰაერში, რომელიც მიეწოდება შახტებში, საწარმოო და ადმნისტრაციულ-საყოფაცხოვრებო შენობების სათავსებში მექანიკური ვენტილაციის სისტემებით, არ უნდა აღემატებოდეს ზდკ-ის 30%-ს სამუშაო ზონის ჰაერისათვის. ამ სიდიდეების გადაჭარბებისას მოწყობილი უნდა იქნეს ჰაერის გაწმენდის სისტემები ან შეცვლილ იქნეს ჰაერამღები სისტემა.
11. პნევმოტრანსპორტისა და ასპირაციის ცენტრალიზებულ სისტემათა ვენტილატორები და ფილტრები განთავსებულ უნდა იქნეს იზოლირებულ სათავსებში.
12. გაუთბობელ საწარმოო სათავსებში მოწყობილ უნდა იქნეს უბნები მომუშავეთა გასათბობად წლის ცივ და გარდამავალ პერიოდებში. შენობა-ნაგებობების გასათბობად გათვალისწინებულ უნდა იქნეს სისტემები, ხელსაწყოები და სითბომტარებლები, რომლებიც არ ქმნიან დამატებით საწარმოო მავნეობებს.
13. საწარმოო სათავსებში მტვრის მნიშვნელოვანი გამოყოფით, გამათბობელ ხელსაწყოებს გაწმენდის მოხერხებულობისათვის, უნდა ჰქონდეთ გლუვი ზედაპირი