1. LGD-ის შეფასების მეთოდოლოგია, სადაც შესაძლებელია, უნდა შემუშავდეს კომპონენტების დონეზე (შეფასების მიკრო-სტრუქტურული მიდგომა), იმგვარად, რომ LGD-ის გამოთვლა მოხდეს ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორების მიხედვით. ამ უკანასკნელში მოიაზრება აღდგენის ალბათობა, აღდგენის დონე (ან დანაკარგების დონე) და ხელახლა გადეფოლტების ალბათობა.
2. აღდგენის დონის გაანგარიშება უნდა განხორციელდეს მოსალოდნელი აღდგენების მიმდინარე ღირებულების საშუალებით, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა პირდაპირი დანახარჯი. უზრუნველყოფიდან მიღებული აღდგენის გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ამ წესის 25-ე მუხლის მოთხოვნები.
3. აქტიური და დეფოლტში მყოფი სესხებისათვის LGD-ის გამოსათვლელად მიკრობანკს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა მოდელები:
ა) მიზანშეწონილია, აქტიური სესხებისათვის LGD-ის შეფასება განსხვავდებოდეს სესხის ასაკის მიხედვით;
ბ) დეფოლტში მყოფი სესხებისათვის LGD-ის მნიშვნელობები უნდა განსხვავდებოდეს დეფოლტში ყოფნის პერიოდის მიხედვით.
4. განსხვავებული მიდგომის გამოყენების შემთხვევაში უნდა დასაბუთდეს მისი უპირატესობა.
5. LGD-ის მოდელირებისათვის ჰომოგენური ჯგუფების ფორმირება, სულ მცირე, უნდა განხორციელდეს სეგმენტისა და უზრუნველყოფის საშუალების არსებობის მიხედვით.
6. LGD-ის კომპონენტების პროგნოზირება უნდა განხორციელდეს თითოეული სცენარის მიხედვით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს უძრავი ქონების ფასების ცვლილების გათვალისწინებას.
7. აღდგენის დონის გაანგარიშებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ზარალის სამკუთხედის მიდგომა (Loss Triangle), რეგრესიული და მანქანური სწავლების მოდელები. ზარალის სამკუთხედის მიდგომაში ისეთ ველებზე, რომლებზეც ინფორმაცია არ არის, იგი შესაძლებელია აღდგეს ბორნჰოიტერ-ფერგიუსონის მიდგომის (Bornhuetter-Ferguson approach) ჯაჭვური კიბის მიდგომით (chain ladder approach) – ისტორიული საშუალოზე დაყრდნობით, ან რეგრესიული მეთოდებით.
8. აღდგენის დონისა და განკურნების დონის მოდელირების ტექნიკის შერჩევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას პორტფელის ბუნება; მცირე დეფოლტი ან პორტფელებში ცალკეული რისკის პოზიციებს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ აღნიშნული პარამეტრების ცვლილებაზე. შესაბამისად, არსებობს დანაკარგების არასწორად შეფასების დიდი რისკი. მსგავს პორტფელებთან მიმართებით მიკრობანკმა უნდა შეიმუშაოს რობასტული მეთოდოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემის მიტიგაციას.
9. მიკროსტრუქტურული მიდგომის გარდა, მიკრობანკს LGD-ის შეფასება შეუძლია აგრეგირებულად (კომპონენტებად ჩაშლის გარეშე), რეგრესიული მოდელების გამოყენებით. ასეთ შემთხევაში, რეკომენდებულია ისეთი მოდელების გამოყენება, სადაც შედეგობრივი ცვლადის პროგნოზირებული მნიშვნელობა მოთავსებულია [0; 1] საზღვრებში, მათ შორის, ბეტა რეგრესია, ტობით რეგრესია, მანქანური სწავლების მოდელები და სხვ