ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) აბსოლუტური სიმაღლე – ვერტიკალური მანძილი ზღვის საშუალო დონიდან (MSL) განსაზღვრულ სასურველ დონემდე, წერტილამდე ან ობიექტამდე;
ბ) ადამიანური შესაძლებლობები – საავიაციო საქმიანობის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე მოქმედი ადამიანის უნარი და მისი შესაძლებლობების ფარგლები;
გ) ადამიანური ფაქტორის ასპექტები – პრინციპები, რომლებიც გათვალისწინებულია ავიაციის სფეროში დაპროექტების, სერტიფიცირების, პერსონალის მომზადებისა და საექსპლუატაციო საქმიანობის პროცესში და გამიზნულია ადამიანსა და სისტემის კომპონენტებს შორის უსაფრთხო ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად, ადამიანის შესაძლებლობების სათანადო გათვალისწინებით;
დ) ადზ-ზე ხილვადობის სიშორე – მანძილი, რომლის ფარგლებშიც ადზ-ის ღერძულა ხაზზე მდებარე სხ-ის პილოტს შეუძლია შეამჩნიოს ადზ-ის ზედაპირზე განთავსებული სიგნალები (ნიშნები) ან ადზ-ის შემომსაზღვრელი ან მისი ღერძულა ხაზის მანიშნებელი ნათურები;
ე) აეროდრომის რაიონში ინფორმაციის ავტომატური გადაცემით მომსახურება (ATIS) – განსაზღვრულ საათებში ან დღე-ღამის განმავლობაში დადგენილი მიმდინარე ინფორმაციის მიწოდება მოსაფრენი და გასაფრენი სხ-ებისათვის, უწყვეტი განმეორებადი რადიოგადაცემების სახით, რომელიც იყოფა შემდეგ მომსახურებებად:
ა) მონაცემთა ხაზებით ავტომატური ინფორმაციის გადაცემის მომსახურება (D-ATIS). ATIS მომსახურების წარმოება მონაცემთა გადაცემის საშუალებებით;
ბ) ხმოვანი ხაზებით ავტომატური ინფორმაციის გადაცემის მომსახურება (Voice-ATIS). ATIS მომსახურების წარმოება განმეორებითი და მუდმივი ხმოვანი საშუალებების გამოყენებით;
ვ) ავარიულობის სტადია – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: გაურკვევლობის სტადიას, განგაშის სტადიას ან გასაჭირის სტადიას;
ზ) ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების ხელშეკრულება (ADS-C) – სახმელეთო სისტემასა და სხ-ს შორის მონაცემთა გადაცემის ხაზით ADS-С შეთანხმების პირობების გაცვლის საშუალება, სადაც კონკრეტულადაა ინიცირებული ADS-C შეტყობინებების გადაცემის პირობები და მონაცემები, რომელიც აისახება ამ შეტყობინებებში.
შენიშვნა: შემოკლებული ტერმინი „ADS-C“ ჩვეულებრივ გამოიყენება ADS-შეტყობინებების მოვლენის გადაცემის ხელშეკრულების, ADS-შეტყობინებების მოთხოვნის მიხედვით გადაცემის ხელშეკრულების, ADS-შეტყობინებების პერიოდული გადაცემის ხელშეკრულების ან საგანგებო რეჟიმის მიმართ;
თ) ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების მაუწყებლობა (ADS-B) – საშუალება, რომლითაც სხ-ებს, სააეროდრომო სატრანსპორტო საშუალებებს და სხვა ობიექტებს, მონაცემთა გადაცემის ხაზით, სამაუწყებლო რეჟიმში შეუძლიათ ავტომატურად გადასცენ ან/და მიიღონ მონაცემები, როგორიცაა საიდენტიფიკაციო ნომერი, ადგილმდებარეობა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი მონაცემები;
ი) ასაფრენ-დასაფრენი ზოლი (ადზ) – სახმელეთო აეროდრომზე გამოყოფილი, სხ-ების ასაფრენ-დასაფრენად განკუთვნილი, მართკუთხა ფართი;
კ) ბაქანზე მომსახურების ორგანიზება – მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ბაქანზე სხ-ებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და საქმიანობის რეგულირებას;
ლ) ბაქანი – სახმელეთო აეროდრომის დადგენილი ფართობი სხ-ების განსალაგებლად, მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის, ტვირთისა და ფოსტის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის, საწვავით გაწყობის, დგომის ან ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით;
მ) ბეჭდვითი კავშირი – კავშირის სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ ბეჭდურ ჩანაწერს ყოველი წრედის ყველა სადგურზე, სადაც ხდება ინფორმაციის გადაცემა;
ნ) ინფორმაციის ბრმად გადაცემა – ინფორმაციის გადაცემა ორ სადგურს შორის, როდესაც ვერ ხერხდება ორმხრივი ხმოვანი კავშირის დამყარება, მაგრამ სავარაუდოა, რომ მიმღებ სადგურს შეუძლია ინფორმაციის მიღება;
ო) ბრუნი დაფრენის სწორზე – ბრუნი, რომელსაც სხ ასრულებს დასაფრენად შესვლის საწყის ეტაპზე დაშორების მიმართულების ხაზის დაბოლოებასა და დასაფრენად შესვლის შუალედური ან დასკვნითი ეტაპის მიმართულების ხაზის დასაწყისს შორის. გზის ეს ხაზები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიმართული.
შენიშვნა: დაფრენის სწორზე ბრუნი შეიძლება შესრულდეს ჰორიზონტალურად ფრენისას, ან დაშვებისას ყოველი კონკრეტული პროცედურით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
პ) გადამცემი პუნქტი – საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტი, რომელიც სხ-ის სამეთვალყურეო მომსახურების პასუხისმგებლობას გადასცემს მარშრუტზე სმმ-ის მომდევნო სამეთვალყურეო პუნქტს;
ჟ) გამოცხადებული გამტარუნარიანობა – საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების სისტემის ან ქვესისტემების ან შესაბამისი სამეთვალყურეო პუნქტის სხ-თვის გაწეული მომსახურების შესაძლებლობის გაზომვა ნორმალურ პირობებში. გამოცხადებული გამტარუნარიანობა გამოიხატება როგორც საჰაერო სივრცის კონკრეტულ ნაწილში სხ-ის გარკვეული რაოდენობის ამინდის, სამეთვალყურეო პუნქტის კონფიგურაციის, პერსონალის და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, რომელმაც შეიძლება მოახდინოს ზეგავლენა მეთვალყურის სამუშაო დატვირთვაზე;
რ) განგაშის სტადია – ვითარება, როდესაც არსებობს საფრთხე სხ-ს და მასზე მყოფი მგზავრის უსაფრთხოების მიმართ.
შენიშვნა: აღნიშნული ვითარების დადგომის დროს გამოიყენება კოდური სიტყვა „ALERFA“;
ს) განსაცდელის სტადია – ვითარება, როდესაც არის დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ სხ-ს და მასზე მყოფ პირებს ემუქრება სერიოზული და უშუალო საფრთხე ან ესაჭიროებათ დაუყოვნებელი დახმარება.
შენიშვნა: აღნიშნული ვითარების დადგომის დროს გამოიყენება კოდური სიტყვა „DETRESFA“;
ტ) გაურკვევლობის სტადია – მდგომარეობა, როდესაც გაურკვეველია, ემუქრება ხიფათი სხ-ს და მასზე მყოფ მგზავრს თუ არა. კოდური სიტყვა (INCERFA) გამოიყენება ამ ვითარების დადგომის დროს. აღნიშნული ვითარების დადგომის დროს გამოიყენება კოდური სიტყვა „INCERFA“;
უ) დაბრკოლება – ყველა უძრავი (დროებითი ან მუდმივი) და მოძრავი ობიექტი ან მათი ნაწილები, რომლებიც:
უ.ა) განლაგებულია სხ-ების მიწისზედა მოძრაობისთვის განკუთვნილ არეში;
უ.ბ) კვეთს სხ-ების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განკუთვნილ დადგენილ ზედაპირს, ან
უ.გ) მდებარეობს ამ განსაზღვრული ზედაპირების მიღმა და შეფასებიდან გამომდინარე წარმოადგენენ საფრთხეს ჰაერნაოსნობისათვის;
ფ) დასაფრენად შესვლის დასკვნითი მონაკვეთი – დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურის ნაწილი, რომელიც იწყება დასაფრენად შესვლის დასკვნითი მონაკვეთის დადგენილ საკონტროლო წერტილში ან ასეთი წერტილის არარსებობის შემთხვევაში:
ფ.ა) უკანასკნელი სტანდარტული ბრუნის, „იპოდრომის“ ტიპის პროცედურაში დასაფრენ სწორზე ბრუნის ან მიახლოების გზის ხაზზე ბრუნის ბოლოს, თუ ამგვარი გათვალისწინებულია, ან
ფ.ბ) დასაფრენად შესვლის პროცედურის ბოლო სწორზე გასვლის წერტილში და მთავრდება აეროდრომის რაიონის იმ წერტილში, საიდანაც:
ფ.ბ.ა) შეიძლება შესრულდეს დაფრენა;
ფ.ბ.ბ) დაწყებულია მეორე წრეზე წასვლა;
ქ) დაღლილობა – ფიზიოლოგიური მდგომარეობა, უძილობის ან ხანგრძლივი სიფხიზლის, დღე-ღამის რიტმის ფაზების ან სამუშაო დატვირთვის (გონებრივი ან/და ფიზიკური საქმიანობისას) შედეგად გამოწვეული გონებრივი ან ფიზიკური შრომისუნარიანობის დაცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის აქტიურობის და სხვადასხვა უნარის გაუარესება, სხ-ის უსაფრთხოდ მომსახურებისას ან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას;
ღ) დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სისტემა (FRMS) – მონაცემებზე დაფუძნებული, დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების (ფრენის უსაფრთხოებისათვის) უწყვეტი კონტროლის სისტემა, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება მეცნიერულ პრინციპებს, ცოდნას და საექსპლუატაციო გამოცდილებას და რითაც შესაბამისი პერსონალის მიერ უზრუნველყოფილია საკუთარი ფუნქციების შესრულება აქტიურობის სათანადო დონის მდგომარეობაში;
ყ) დონე – ზოგადი ტერმინი, რომელიც შეეხება მფრენი სხ-ის მდებარეობას ვერტიკალურ სიბრტყეში და, შესაბამის შემთხვევებში, ნიშნავს ფარდობით სიმაღლეს, აბსოლუტურ სიმაღლეს ან ფრენის ეშელონს;
შ) ინფორმაცია AIRMET – მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ გამოშვებული ინფორმაცია ფრენის მარშრუტზე, ისეთი ფაქტობრივი ან მოსალოდნელი ამინდის პირობების შესახებ, რომლებსაც ფრენების უსაფრთხოებაზე ზემოქმედების მოხდენა დაბალ სიმაღლეებზე შეუძლიათ;
ჩ) ინფორმაცია SIGMET – მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს ინფორმაცია ფრენის მარშრუტზე, ისეთი ფაქტობრივი ან მოსალოდნელი ამინდის პირობების შესახებ, რომლებსაც ფრენების უსაფრთხოებაზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ;
ც) კავშირი „ჰაერი-მიწა“ – ორმხრივი კავშირი სხ-სა და ხმელეთზე მდებარე სადგურებს ან პუნქტებს შორის;
ძ) კავშირი „მეთვალყურე-პილოტი“ მონაცემთა გადაცემის ხაზით (CPDLC) – კავშირგაბმულობის საშუალება, მონაცემთა გადაცემის ხაზის გამოყენებით, მეთვალყურესა და პილოტს შორის საჰაერო მოძრაობის მართვის უზრუნველყოფად;
წ) კონტროლირებადი ფრენა – ნებისმიერი ფრენა, რომელიც ხორციელდება სამეთვალყურეო ნებართვის მიხედვით;
ჭ) მართვის გადაცემის წერტილი – სხ-ფრენის ტრაექტორიის გარკვეული წერტილი, სადაც სხ-სამეთვალყურეო მომსახურების პასუხისმგებლობა ერთი სამეთვალყურეო პუნქტიდან ან სამეთვალყურეო სამუშაო ადგილიდან გადაეცემა მეორეს;
ხ) მახასიათებლებზე დაფუძნებული კავშირი (PBC) – საჰაერო მოძრაობის მომსახურებაში გამოყენებული მახასიათებლებზე დაფუძნებული კავშირი.
შენიშვნა: მოთხოვნილი კავშირის მახასიათებელი (RCP) მოიცავს კავშირის მახასიათებლების მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილია სისტემის კომპონენტების მიმართ, გასაწევი მომსახურების სახეობასთან მიმართებით, და მასთან დაკავშირებული მონაცემების მიწოდების დროს, უწყვეტობას, ქმედუნარიანობას, მთლიანობას, უსაფრთხოებასა და მოწყობილობების ფუნქციურობას, შემოთავაზებული საექსპლუატაციო გარემოსთვის კონკრეტული საჰაერო სივრცის კონცეფციის კონტექსტში/ფარგლებში;
ჯ) მახასიათებლებზე დაფუძნებული სარადიოლოკაციო სისტემა (PBS) – საჰაერო მოძრაობის მომსახურებაში გამოყენებული მახასიათებლებზე დაფუძნებული სარადიოლოკაციო სისტემა.
შენიშვნა: მახასიათებლებზე დაფუძნებული სარადიოლოკაციო სისტემის მოთხოვნები, რომლებიც დადგენილია სისტემის კომპონენტების მიმართ, გასაწევი მომსახურების სახეობასთან მიმართებით და მასთან დაკავშირებული მონაცემების მიწოდების დრო, უწყვეტობა, ქმედუნარიანობა, მთლიანობა, სიზუსტე, უსაფრთხოება და მოწყობილობების ფუნქციურობა, კონკრეტული საჰაერო სივრცის კონცეფციის კონტექსტში;
ჰ) მეთვალყურის არასამუშაო დრო – განსაზღვრული დრო, მორიგეობის შესრულების დრომდე ან /და დროის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც მეთვალყურე თავისუფალია მოვალეობებისგან;
ჰ1) მეორეული რადიოლოკატორი (მრლ) – დაკვირვების რადიოლოკაციური სისტემა, რომელშიც გამოიყენება გადამცემები/მიმღებები და მიმღებ-მოპასუხეები;
ჰ2) მეტეოროლოგიური სამსახური – სამსახური, რომელიც განკუთვნილია საერთაშორისო და ადგილობრივი სააერნაოსნო მეტეოროლოგიური უზრუნველყოფისთვის;
ჰ3) მიმართულების ხაზი – სხ-ის ფრენის ტრაექტორიის პროექცია ხმელეთზე, რომლის მიმართულებაც მის ნებისმიერ წერტილში გამოისახება ჩრდილოეთის მიმართულებიდან (გეოგრაფიული, მაგნიტური ან პირობითი მერიდიანები) ათვლილი კუთხის გრადუსებით;
ჰ4) მიმღები პუნქტი – საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების შემდგომი პუნქტი, რომელიც ახორციელებს სხ-ს კონტროლს;
ჰ5) მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურება – დამფრენი ან ამფრენი სხ-ების კონტროლირებადი ფრენების საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება;
ჰ6) მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტი – პუნქტი, რომელიც განკუთვნილია იმ სხ-ების კონტროლირებადი ფრენების საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დასაფრენად შედიან ერთ ან რამდენიმე აეროდრომზე ან ასრულებენ აფრენას ამ აეროდრომებიდან;
ჰ7) მრლ-ის კოდი – A ან C რეჟიმში მიმღებ-მოპასუხის მიერ გადაცემული პასუხის კონკრეტული მრავალიმპულსური სიგნალისთვის მინიჭებული ნომერი;
ჰ8) მრლ-ის რეჟიმი – მრლ-ის მიმღებ-მოპასუხის მიერ გადაცემული მოთხოვნის სიგნალების სპეციფიური პირობითი იდენტიფიკატორი, რომლებიც მითითებულია ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართში: A ,C, S, და შერეული რეჟიმი;
ჰ9) მოთხოვნილი კავშირის მახასიათებელი – განაცხადი მახასიათებლების მოთხოვნების შესახებ ოპერატიული კომუნიკაციებისთვის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კონკრეტული ფუნქციებისთვის მხარდასაჭერად;
ჰ10) მოთხოვნილი კავშირის მახასიათებლის (მკმ) ტიპი – აღწერა (მაგ., მკმ 240), რომელიც წარმოადგენს დონეს მოთხოვნილი კომუნიკაციის მახასიათებლის პარამეტრების მიმართ კომუნიკაციის გადაცემის დროის, ხანგრძლივობის, ხელმისაწვდომობის და მთლიანობის შესახებ;
ჰ11) მონაცემთა გაცვლის ხაზი – კავშირგაბმულობის სახეობა, რომელიც განკუთვნილია შეტყობინებების გასაცვლელად მონაცემთა გაცვლის ხაზით;
ჰ12) მოძრაობის შესახებ ინფორმაცია – სმმ-ის პუნქტის მიერ, შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, სხ-ის ეკიპაჟის გასაფრთხილებლად გადაცემული ინფორმაცია, მის ადგილმდებარეობასთან ახლოს ან ფრენის დასახულ მარშრუტზე სხვა სხ-ების არსებობის შესახებ;
ჰ13) ნებართვის მოქმედების საზღვარი – პუნქტი, სადამდეც მოქმედებს სხ-ზე გაცემული სამეთვალყურეო ნებართვა;
ჰ14) ნოტამი (NOTAM) – ელექტროკავშირის საშუალებებით შეტყობინება, გადაცემული ნებისმიერი სააერნაოსნო მოწყობილობის მწყობრში შესვლის, მდგომარეობის ცვლილების, მომსახურებისა და წესების შესახებ, ან ინფორმაცია საფრთხის შესახებ, რომლის დროულ შეტყობინებას დიდი მნიშვნელობა აქვს ფრენებთან დაკავშირებული პერსონალისათვის;
ჰ15) პირველადი რადიოლოკატორი – დაკვირვების რადიოლოკაციური სისტემა, რომელშიც გამოიყენება ასახული სიგნალები;
ჰ16) პირველადი რადიოლოკატორის ნიშნული – სხ-ს ადგილმდებარეობის არასიმბოლური ფორმით ასახვა საჰაერო მდგომარეობის ინდიკატოზე, რომელიც მიიღება პირველადი რადიოლოკატორის მეშვეობით;
ჰ17) პროგნოზი (ამინდის) – მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების აღწერა განსაზღვრულ არეში ან საჰაერო სივრცის ნაწილში, გარკვეულ დროს ან დროის მონაკვეთში;
ჰ18) რადიოლოკაციური ამოცნობა – ვითარება, როდესაც კონკრეტული სხ-ს რადიოლოკაციური ადგილმდებარეობა ჩანს საჰაერო მდგომარეობის ინდიკატორზე და ერთმნიშვნელოვნად ამოცნობილია საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მიერ;
ჰ19) რადიოტელეფონია – კავშირის სახე, განკუთვნილი სამეტყველო ფორმით ინფორმაციის გასაცვლელად;
ჰ20) რაიონული სამეთვალყურეო მომსახურება – სამეთვალყურეო რაიონებში კონტროლირებადი ფრენების სამეთვალყურეო მომსახურება;
ჰ21) რაიონული სამეთვალყურეო პუნქტი – პუნქტი, რომელიც განკუთვნილია თავის დაქვემდებარებაში არსებულ შესაბამის სამეთვალყურეო რაიონებში კონტროლირებადი ფრენების სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველსაყოფად;
ჰ22) სააერნაოსნო მობილური მომსახურება (RR S1.32) – მობილური მომსახურება სააერნაოსნო სადგურებსა და საბორტო სადგურებს ან საბორტო სადგურებს შორის, სადაც შეიძლება შევიდეს სამაშველო სადგურები; ეს მომსახურება ასევე შეიძლება მოიცავდეს ავარიის ადგილის ინდიკატორ-რადიოშუქურებს, რომლებიც მუშაობენ განსაცდელის და ავარიულ სიხშირეებზე;
ჰ23) საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმო (შემდგომში – საწარმო) – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ სერტიფიცირებული საწარმო, რომელიც პასუხისმგებელია სმმ-ის უზრუნველყოფაზე დადგენილ საჰაერო სივრცის ფარგლებში;
ჰ24) სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურება – კავშირგაბმულობის მომსახურება განსაზღვრულ ფიქსირებულ პუნქტებს შორის, რომელიც ძირითადად განკუთვნილია სააერნაოსნო უსაფრთხოების, ასევე საჰაერო მიმოსვლის რეგულირების, ეფექტურობისა და ეკონომიურობის უზრუნველსაყოფად;
ჰ25) სააეროდრომო მოძრაობა – ყოველგვარი მოძრაობა აეროდრომის სამანევრო არეზე და ყველა სხ-ს ფრენა აეროდრომის რაიონში;
შენიშვნა: სხ ფრენას ასრულებს აეროდრომის რაიონში, როდესაც ის შედის ან გამოდის სააეროდრომო ფრენის წრიდან ან მდებარეობს მის ფარგლებში.
ჰ26) სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურება – სააეროდრომო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება;
ჰ27) სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი – პუნქტი, რომელიც უზრუნველყოფს სააეროდრომო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას;
ჰ28) საავარიო მომსახურება – მომსახურება, გაწეული შესაბამისი ორგანიზაციების შეტყობინების მიზნით, იმ სხ-ის შესახებ, რომელიც საჭიროებს საძებნ-სამაშველო დახმარებას და საჭიროებისამებრ ამ ორგანიზაციების ხელშეწყობა;
ჰ29) საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრი – სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ძებნა-შველის ოპერაციების კოორდინირებაში, ძებნა-შველის რაიონის საზღვრებში ძებნა-შველის სამსახურების/დანაყოფების სამუშაოების ეფექტურად ჩატარების ხელშეწყობასა და საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებაში;
ჰ30) სადგურის (გა)დახრა – ულტრამოკლე ტალღოვანი წრიული რადიოშუქურა (VOR) (გა)დახრა წაყენებული ნულოვანი გეოგრაფიული ჩრდილოეთიდან, რომელიც განისაზღვრება წრშ -ის სადგურის დაკალიბრებისას;
ჰ31) სათადარიგო აეროდრომი – აეროდრომი, სადაც სხ შეიძლება გაფრინდეს, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომამდე ფრენის გაგრძელება ან დაფრენა. ამგვარი აეროდრომი უნდა იყოს ხელმისაწვდომი გამოსაყენებლად, ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჰაერო ხომალდის მახასიათებლების გათვალისწინებით შესაბამისი სერვისით და მომსახურებებით. სათადარიგოებს განეკუთვნება:
ა) აფრენის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ ამის აუცილებლობა იქმნება აფრენისთანავე, და გაფრენის აეროდრომით სარგებლობა შეუძლებელია;
ბ) მარშრუტის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ, მარშრუტზე ფრენისას ის არასტანდარტულ ან ავარიულ ვითარებაში აღმოჩნდა;
გ) დანიშნულების პუნქტის – სათადარიგო აეროდრომი, სადაც სხ-ს შეუძლია დაფრენა, თუ შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია დანიშნულების აეროდრომზე დაფრენა.
შენიშვნა: აფრენის აეროდრომი, ასევე, შეიძლება იყოს მარშრუტის ან დაფრენის პუნქტის სათადარიგო აეროდრომი კონკრეტული ფრენისთვის.
ჰ32) საკონფერენციო კავშირი – საკომუნიკაციო საშუალება, რომლითაც შესაძლებელია ორ ან მეტ პოზიციას შორის პირდაპირი კავშირი დამყარდეს ერთდროულად;
ჰ33) საკრეისერო ეშელონი – ეშელონი, რომელსაც სხ ინარჩუნებს ფრენის მნიშვნელოვანი ნაწილის განმავლობაში;
ჰ34) სამანევრო არე – აეროდრომის ნაწილი, ბაქნების გამოკლებით, რომელიც განკუთვნილია სხ-ების დაფრენის, აფრენისა და მიმოსვლისათვის;
ჰ35) სამეთვალყურეო პუნქტზე მუშაობის დრო – დროის ის მონაკვეთი, როდესაც საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე ასრულებს პუნქტზე მოწმობის შესაბამისად მასზე დაკისრებულ საოპერაციო მოვალეობას;
ჰ36) სამეთვალყურეო ნებართვა ფრენის მიმართულებით – სხ-ის პირობითი სამეთვალყურეო ნებართვა, გაცემული საჰაერო მოძრაობის იმ პუნქტის მიერ, რომელიც აღნიშნულ დროს არ ახორციელებს ამ სხ-ის მართვას;
ჰ37) სამიმოსვლო არე – აეროდრომის ნაწილი, რომელიც მოიცავს სამანევრო არეს და ბაქანს (ბაქნებს) და განკუთვნილია სხ-ების აფრენა-დაფრენისა და მიმოსვლისათვის;
ჰ38) სანავიგაციო მომსახურება – მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს სხ-ის ეფექტური და უსაფრთხო სახელმძღვანელო ინფორმაციით ან პოზიციის შესახებ მონაცემებით, ერთი ან მეტი სანავიგაციო საშუალების გამოყენებით;
ჰ39) სარადიოლოკაციო დამიზნება – სარადიოლოკაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე, კონკრეტული კურსების მითითებით სხ-ების სანაოსნო დამიზნების უზრუნველყოფა;
ჰ40) სარადიოლოკაციო სისტემის მოთხოვნილი მახასიათებლების სპეციფიკაცია – საჰაერო მოძრაობის მომსახურების უზრუნველყოფისა და მასთან დაკავშირებული სახმელეთო მოწყობილობების, სხ-ის ტექნიკური შესაძლებლობებისა და ღონისძიებების მიმართ დადგენილი მოთხოვნების ერთობლიობა, რომელიც საჭიროა მახასიათებლებზე დაფუძნებული საჰაერო მოძრაობის დაკვირვების უზრუნველსაყოფად;
ჰ41) სასწავლო კურსი – თეორიული ან/და პრაქტიკული გაკვეთილების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მსმენელს, შესაბამისი ცოდნის შეძენით, უნარ-ჩვევების გამომუშავებით და საქმისადმი მიდგომების ჩამოყალიბებით;
ჰ42) სასწავლო პროგრამა – დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია სწავლების მიზნები, შედეგები, კრედიტები, მსმენელთა შეფასების სისტემა, სასწავლო კურსები, სწავლების მეთოდები, გაკვეთილის გეგმა, სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა, იმ პერსონალის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც ახორციელებენ სწავლების ჩატარებას და ამ პროგრამით გათვალისწინებული სწავლებების ეფექტურობის შეფასების სისტემა;
ჰ43) საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტი – პუნქტი, რომელიც განკუთვნილია საფრენოსნო საინფორმაციო და ავარიული მომსახურების უზრუნველსაყოფად;
ჰ44) საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება (FIS) – მომსახურება, გაწეული რეკომენდაციების და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, უსაფრთხო და ეფექტური ფრენების განსახორციელებლად;
ჰ45) საჰაერო მოძრაობა - ჰაერში და აეროდრომის სამანევრო არეზე მყოფი ყველა სხ-ის მოძრაობა;
ჰ46) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მორიგეობა - სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ნებისმიერი დავალება რომელიც უნდა შეასრულოს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურემ. აღნიშნული დავალება მოიცავს, როგორც მისი სამეთვალყურეო პუნქტზე მუშაობა ასევე ადმინისტრაციულ სამუშაოს და ტრეინინგს;
ჰ47) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე (მეთვალყურე) – „საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობისა“ და მოქმედი ოსტატობის აღნიშვნების (დოა-ს ჩათვლით) მფლობელი, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას;
ჰ48) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეების (შემდგომ – მეთვალყურეების) ცვლ(ებ)ის განრიგი - გეგმა, წარმოდგენილი ცვლ(ებ)ის განრიგის სახით, რომელიც ასახავს გარკვეული პერიოდის განმავლობაში (კვირა, თვე), საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მორიგეობას და არასამუშაო დროს;
ჰ49) საჰაერო მოძრაობის მომსახურება (სმმ) – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: საფრენოსნო – საინფორმაციო მომსახურებას, საავარიო მომსახურებას, საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურებას , საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურებას (რაიონული სამეთვალყურეო მომსახურება, მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურება ან სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურება);
ჰ50) საჰაერო მოძრაობის მომსახურების შეტყობინების პუნქტი – პუნქტი, რომელიც შექმნილია სმმ-ის შესახებ საავიაციო მოვლენების შეტყობინებების და გაფრენის წინ ფრენის გეგმის მიღების მიზნით.
შენიშვნა: საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ) შეტყობინების პუნქტი შეიძლება შექმნას როგორც ცალკეული პუნქტი ან დაემატოს არსებულ საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტს ან სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სტრუქტურული ერთეულის;
ჰ51) საჰაერო მოძრაობის მომსახურების (სმმ-ის) პუნქტი – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტს, საფრენოსნო – საინფორმაციო ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების შეტყობინების პუნქტს;
ჰ52) საჰაერო მოძრაობის მომსახურების სარადიოლოკაციო სისტემა (შემდგომ – სარადიოლოკაციო სისტემა) ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს ავტომატური დამოკიდებული დაკვირვების-მაუწყებლობის, პირველადი მიმოხილვითი რადიოლოკატორის, მეორეული მიმოხილვითი რადიოლოკატორის ან რაიმე შედარებით მსგავს სისტემას, რომელიც იძლევა სხ-ის ამოცნობის შესაძლებლობას;
ჰ53) საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება – სააერნაოსნო მომსახურების სახეობა (ფუნქცია), რომელიც მიზნად ისახავს საჰაერო მოძრაობის ნაკადების იმგვარად ორგანიზებას, რომ საჰაერო მოძრაობა იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და სწრაფი, რათა უზრუნველყოფილი იყოს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების გამტარუნარიანობის (შესაძლებლობის) მაქსიმალური ათვისება და საჰაერო მოძრაობის მოცულობის თავსებადობა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიერ გამოცხადებულ გამტარუნარიანობასთან;
ჰ54) საჰაერო მოძრაობის საკონსულტაციო მომსახურება – მომსახურება საკონსულტაციო საჰაერო სივრცეში, სფწ-ით ფრენისას სხ-ების შეძლებისდაგვარად ოპტიმალური ეშელონირების უზრუნველსაყოფად;
ჰ55) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურება – მომსახურება, რომელიც გაწეულია შემდეგი მიზნებისთვის:
ა) შეჯახების თავიდან ასაცილებლად:
ა.ა) სხ-ებს შორის და;
ა.ბ) სხ-ებსა და სამანევრო არეზე არსებულ დაბრკოლებებს შორის;
ბ) საჰაერო მოძრაობის დაჩქარებისა და თანმიმდევრობის შენარჩუნებისთვის;
ჰ56) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების (სამეთვალყურეო) პუნქტი – ზოგადი ტერმინი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში ნიშნავს: რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტს, მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტს ან სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტს;
ჰ57) საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო ნებართვა (შემდგომში – ნებართვა) – სხ-ისათვის გაცემული მითითება, იმოქმედოს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების პუნქტის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.
შენიშვნა 1: ტერმინი „საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო ნებართვა“ ტექსტში მოიხსენიებდა შემოკლებით – „ნებართვა“, შესაბამის კონტექსტში.
შენიშვნა 2: შემოკლებული ტერმინი „ნებართვა“ ფრენის მონაკვეთის აღსანიშნავად შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგ განმარტებით სიტყვებთან ერთად: „მიმოსვლის“, „აფრენის“, „გაფრენის“, „მარშრუტზე ფრენის“, „დასაფრენად შესვლის“, „დაფრენის“;
ჰ58) საჰაერო მოძრაობის სარადიოლოკაციო მომსახურება – ტერმინი, რომელიც აღნიშნავს უშუალოდ სარადიოლოკაციო სისტემის მეშვეობით მომსახურების უზრუნველყოფას;
ჰ59) საჰაერო ხომალდი (სხ) – ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაეროვან ურთიერთქმედების გამოკლებით;
ჰ60) სხ-ის ოპერატორი (ექსპლუატანტი) – ექსპლუატანტი, პირი, ორგანიზაცია ან საწარმო, რომელიც ახორციელებს სხ-ის ექსპლუატაციას ან სთავაზობს მომსახურებას ამ სფეროში;
ჰ61) სიზუსტე – სავარაუდო ან გაზომილი მნიშვნელობებისა და ჭეშმარიტ მნიშვნელობას შორის შესაბამისობის ხარისხი;
ჰ62) სხ-ის ამოსაცნობი ინდექსი – ასოთა, ციფრთა ჯგუფი ან მათი ერთობლიობა, რომელიც იდენტურია ან კოდირებულად ეკვივალენტურია სხ-ის მოსახმობთან, რომელიც გამოიყენება საჰაერო მოძრაობის მომსახურებისას სხ-ის ამოსაცნობად ჰაერი - მიწა ან მიწა-მიწა კავშირის დროს;
ჰ63) ფარდობითი სიმაღლე – ვერტიკალური მანძილი განსაზღვრული საწყისი დონიდან აღნიშნულ (სასურველ) დონემდე, წერტილამდე ან ობიექტამდე;
ჰ64) შეტყობინებათა გადაცემის პუნქტი – განსაზღვრული გეოგრაფიული ორიენტირი, რომლის მიმართაც შეიძლება სხ-ის ადგილმდებარეობის შეტყობინება;
ჰ65) შეჯახების აცილების რეკომენდაცია – სმმ-ის პუნქტის რეკომენდაციები სხ-ის მანევრებზე პილოტის დასახმარებლად, შეჯახების აცილების მიზნით;
ჰ66) ჰაერში მიმოსვლა – შვეულმფრენის/ვერტიკალური აფრენა-დაფრენის სხ-ების მოძრაობა აეროდრომის ზედაპირის თავზე, ჩვეულებრივ, მიწის ეფექტის მოქმედების პირობებში, როგორც წესი, 37 კმ/სთ-ზე (20 კვანძი) ნაკლები სიჩქარით.
შენიშვნა: ფაქტობრივი ფარდობითი სიმაღლე შეიძლება იცვლებოდეს და ზოგიერთი შვეულმფრენისთვის მოთხოვნა ჰაერში მიმოსვლაზე შეიძლება იყოს 8 მ-ზე (25 ფუტი) მეტ სიმაღლეზე მიწის ზედაპირიდან, მიწის მოქმედებით წარმოქმნილი ტურბულენტობის შემცირების მიზნით ან სიმაღლის მარაგის უზრუნველსაყოფად გარე საკიდელზე დამაგრებული ტვირთისათვის.
ჰ67) სააერნაოსნო მომსახურების ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური) – სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სტრუქტურული ერთეული, რომელიც ჰაერნაოსნობის უსაფრთხოების, ეფექტიანობისა და რეგულარობის მიზნით უზრუნველყოფს ტექნიკური საშუალებების/სისტემების ოპერირების ქმედუნარიანობას, საიმედოობას, უწყვეტობასა და მთლიანობას;
ჰ68) საავიაციო კავშირგაბმულობის სადგური – სადგური, რომელიც გამოყენებულია საავიაციო კავშირგაბმულობის მომსახურებაში;
ჰ69) რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმება – იკაოს საბჭოს მიერ დამტკიცებული შეთანხმება, რომელიც შემუშავებულია რეგიონალურ სააერნაოსნო შეხვედრებზე და ადგენს სავალდებულოდ შესასრულებელ რეგიონალურ დამატებით მოთხოვნებს, რომელიც არ არის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის დანართებში არსებული სტანდარტების, რეკომენდირებული პრაქტიკის და პროცედურებში.
შენიშვნა: რეგიონული შეთანხმება (ევროპის რეგიონი) იხილეთ ICAO doc 7754 „სააერნაოსნო გეგმა“ და ICAO doc 7030 „რეგიონული დამატებითი პროცედურები“.
ჰ70) ავტომატური დამოკიდებული დაკვირვება ხელშეკრულების (ADS-C) შეთანხმება – შეტყობინების გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ADS-C მონაცემების გადაცემის პირობებს (ანუ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსთვის საჭირო მონაცემები და ADS-C შეტყობინებების გადაცემის სიხშირე, რაც შეთანხმებული უნდა იქნეს ADS-C მომსახურების გაწევამდე).
შენიშვნა: სახმელეთო სისტემასა და საჰაერო ხომალდს შორის შეთანხმების პირობებზე ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება ხელშეკრულების ან რიგი ხელშეკრულებების საფუძველზე.
ჰ71) კურსი – მიმართულება, რომლის გასწვრივაც მდებარეობს სხ-ის გრძივი ღერძი და რომელიც ჩვეულებრივ გამოსახულია ჩრდილოეთის მიმართულებიდან (გეოგრაფიული, მაგნიტური, საკომპასო ან პირობითი მერიდიანების) ათვლილი კუთხის გრადუსებით