1. „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესში” გამოყენებულ ცნებებსა და ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) აბსოლუტური სიმაღლე. ვერტიკალური მანძილი ზღვის საშუალო დონიდან წერტილის ან ობიექტის (რომელიც მიღებულია წერტილად) დონემდე.
ბ) ადამიანური ფაქტორის ასპექტები. პრინციპები, რომლებიც გამოიყენებიან პროექტირების, სერტიფიცირების, კადრების მომზადებისა და საექსპლუატაციო საქმიანობის პროცესების მიმართ ავიაციაში და გამიზნულია ადამიანსა და სხვა კომპონენტებს შორის უსაფრთხო ურთიერთქმედების უზრუნველყოფისათვის, ადამიანის შესაძლებლობების სათანადო გათვალისწინებით.
გ) ადგილობრივი საჰაერო ხაზი. სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფილია აეროდრომით, სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით და წარმოადგენს საჰაერო სივრცეში სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდულ საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ფრენისათვის განკუთვნილ დერეფანს საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში.
დ) ადზ-ის ზღურბლი. ადზ-ის დასაწყისი მონაკვეთი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს საჰაერო ხომალდების დასაფრენად.
ე) აეროდრომი. საჰაერო ხომალდების ასაფრენად და საფრენად სამიმოსვლოდ, სადგომად და მოსამსახურებლად განკუთვნილი მიწის ან წყლის ზედაპირის განსაზღვრული ნაკვეთი.
ვ) აეროდრომის მეტეოროლოგიური ორგანო. აეროდრომზე განლაგებული ორგანო, რომელიც განკუთვნილია საერთაშორისო აერონავიგაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფისათვის.
ზ) აეროდრომის მინიმუმი. ადზ-ზე ხილვადობის მანძილის და გადაწყვეტილების მიღების სიმაღლის (ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე) მინიმალური დასაშვები მნიშვნელობები, როდესაც ამ აეროდრომზე ნებადართულია კონკრეტული ტიპის საჰაერო ხომალდების აფრენა და დაფრენა.
თ) აეროდრომის რაიონი. საჰაერო სივრცე აეროდრომის და მისი შემოგარენის თავზე, რომელიც შემოსაზღვრულია დადგენილი ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეებით.
ი) აეროდრომის რაიონში ინფორმაციის ავტომატური გადაცემის სამსახური (ATIS). განსაზღვრულ საათებში ან დღე-ღამის განმავლობაში დადგენილი მიმდინარე ინფორმაციის მიწოდება მოსაფრენი და გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, უწყვეტლივ განმეორებადი რადიოგადაცემების სახით.
კ) აეროდრომის შემაღლება. დასაფრენი მოედნის ყველაზე მაღალი წერტილის შემაღლება.
ლ) აეროპორტი. საავიაციო საწარმო, რომლის მფლობელობაშიც არის აეროდრომი, აეროვაგზალი, სხვა სახმელეთო ნაგებობები და აღჭურვილობა, რომლის დანიშნულებაა მგზავრებისა და სხ-ების ეკიპაჟების მომსახურება.
მ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლი (ადზ). სახმელეთო აეროდრომის განსაზღვრული სწორკუთხა მონაკვეთი, რომელიც მომზადებულია საჰაერო ხომალდების დაფრენისა და აფრენისათვის.
ნ) აუცილებელი მოხსენების პუნქტი. გეოგრაფიული წერტილი საჰაერო ტრასაზე, რომლის გადაფრენა საჰაერო ხომალდის ეკიპაჟმა უნდა მოახსენოს სმმ-ის ორგანოებს.
ო) ბრიფინგი. გაფრენისწინა ინსტრუქტაჟი, ფაქტიური და მოსალოდნელი ამინდის პირობების გაცნობა.
პ) დაკვირვება საჰაერო ხომალდიდან. ფრენის დროს ერთი ან რამდენიმე მეტეოროლოგიური ელემენტის შეფასება.
ჟ) დანიშნულების აეროდრომი. აეროდრომი, რომელიც ფრენის გეგმაში და დავალებაში მითითებულია როგორც დაფრენის აეროდრომი.
რ) დაფრენის არე. მონაკვეთი ადზ-ის ზღურბლის შიგნით, რომელიც საჰაერო ხომალდის დაფრენის დროს პირველი შეხებისათვის არის განკუთვნილი.
ს) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი. პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზაცია ან საწარმო, რომელიც ექსპლუატაციას უწევს საჰაერო ხომალდებს, ან სთავაზობს მომსახურებას სამოქალაქო ავიაციის სფეროში.
ტ) ვერტიკალური ხილვადობა. მაქსიმალური მანძილი მიწიდან იმ დონემდე, საიდანაც ვერტიკალურად ქვემოთ ჩანს ობიექტები მიწაზე.
უ) ვიზუალური ფრენა. ფრენა ისეთ პირობებში, როდესაც საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობის განსაზღვრა ხდება ბუნებრივი ჰორიზონტისა და სახმელეთო ორიენტირების საშუალებით.
ფ) ვიზუალური ფრენის წესები (ვფწ). წესები, რომელიც ითვალისწინებს, ეკიპაჟის მიერ საჰაერო ვითარების ვიზუალური დაკვირვებისა და ფრენის რეჟიმის ხანმოკლე შეცვლის გზით, ჰაერში და დედამიწის ზედაპირზე, საჰაერო ხომალდებსა და სხვა მატერიალურ ობიექტებს შორის დადგენილი შუალედების შენარჩუნებას.
ქ) ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემა (ზპმს). მსოფლიო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიო და რეგიონული ზონალური პროგნოზების ცენტრების მიერ საავიაციო მეტეოროლოგიური პროგნოზების წარდგენას ფრენების მარშრუტებზე, ერთგვაროვანი სტანდარტიზირებული ფორმით.
ღ) ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრი (ზპმც). მეტეოროლოგიური ცენტრი, რომლის დანიშნულებაა ამინდის განსაკუთრებული მოვლენების, სიმაღლეებზე ქარის და ჰაერის ტემპერატურის გლობალური მასშტაბის პროგნოზების მომზადება ციფრებში ან გრაფიკული ფორმით და ამ მონაცემებით ზონალური პროგნოზების რეგიონალური ცენტრების უზრუნველყოფა.
ყ) ზონალური პროგნოზების რეგიონალური ცენტრი (ზპრც). მეტეოროლოგიური ცენტრი, განკუთვნილი ამინდის განსაკუთრებული მოვლენების, ქარის და ჰაერის ტემპერატურის ზონალური პროგნოზების რუკების სახით ან ღია ტექსტით გასავრცელებლად.
შ) თვითმფრინავის დასაფრენად შესვლა (დასაფრენი მანევრი). ფრენის საფეხური, საფრენი მოხაზულობის დასაფრენად შესვლის მოხაზულობაში გადასვლის საწყისი სიმაღლიდან იქამდე, რაც საფრენოსნო ექსპლუატირების სახელმძღვანელოთი განისაზღვრება როგორც გასწორების დაწყების სიმაღლე.
ჩ) ინფორმაცია SIGMET. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ გამოშვებული ინფორმაცია ფრენების მარშრუტებზე ფაქტიური ამინდის გარკვეული მოვლენების ან მათი მოსალოდნელი წარმოქმნის შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ ფრენების უსაფრთხოებაზე.
ც) კომერციული ფრენა (კომერციული გადაზიდვა). ფასით ან დაქირავებით მგზავრების გადასაყვანად, ტვირთის, ბარგისა და ფოსტის გადასაზიდად განხორციელებული საჰაერო ხომალდის ფრენა.
ძ) კონსულტაცია (მეტეოროლოგიური). მეტეოროლოგთან ფრენასთან დაკავშირებული ფაქტიური და /ან სავარაუდო მეტეოროლოგიური პირობების განხილვა. განხილვაში შედის შეკითხვებზე პასუხის გაცემაც.
წ) კრეისერული ეშელონი. ეშელონი, რომელიც შენარჩუნებულია ფრენის მნიშვნელოვან ნაწილზე.
ჭ) მეტეოროლოგიური დაკვირვება. ერთი ან რამდენიმე მეტეოროლოგიური ელემენტის და/ან ამინდის მოვლენის შეფასება.
ხ) მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო. მეტეოროლოგიური ორგანო, რომელიც თვალყურს ადევნებს მეტეოროლოგიურ პირობებს პასუხისმგებლობის იმ განსაზღვრულ არეში, რომელიც ემთხვევა შესაბამისი საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის საზღვრებს.
ჯ) მეტეოროლოგიური ინფორმაცია. მეტეოროლოგიური შეტყობინება, ანალიზი, პროგნოზი და სხვა ნებისმიერი ცნობა, რომელიც ეხება ფაქტიურ ან მოსალოდნელ მეტეოროლოგიურ პირობებს.
ჰ) მეტეოროლოგიური ორგანო. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ორგანო, რომელიც განკუთვნილია საერთაშორისო აერონავიგაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფისათვის.
ჰ.1) მეტეოროლოგიური ცნობა. შეტყობინება განსაზღვრულ ადგილზე და დროს მეტეოროლოგიურ პირობებზე ჩატარებული დაკვირვებების შედეგების შესახებ.
ჰ.2) მთიანი მხარე. დასერილი მიდამო, სადაც 13, 5 მილის (25კმ) რადიუსში არის 1700 ფუტი (500 მ) და მეტი შეფარდებითი შემაღლებები, აგრეთვე ადგილი, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 6700 ფუტზე (2000 მ) და უფრო მაღლა.
ჰ.3) მთიანი მხარის აეროდრომი. დასერილ მიდამოზე მდებარე აეროდრომი, რომლის საკონტროლო წერტილიდან ( ასწ )13, 5 მილის (25 კმ ) რადიუსში არის 500 მ-ის და მეტი შეფარდებითი შემაღლებები, აგრეთვე აეროდრომი, რომელიც ზღვის დონიდან 3300 ფუტი (1000 მ) და უფრო მაღლა მდებარეობს.
ჰ.4) მისადგომის არე (რაიონი). აეროდრომის (აეროკვანძის) ფარგლებში არსებული საჰაერო სივრცე, აფრენისა და დაფრენის არესა და ადგილობრივი ხაზების საჰაერო სივრცის გამოკლებით.
ჰ.5) ოქტანტი. ცის თაღის მერვედი ნაწილი.
ჰ.6) პილოტირება ( მართვა ). ფრენის დროს სხ-ის მართვის ორგანოებით მანიპულირება.
ჰ.7) პლანერი. ძალური დანადგარის გარეშე მოძრავი ჰაერზე უფრო მძიმე საჰაერო ხომალდი, რომლის ამწევი ძალა უძრავ ფრთებზე აეროდინამიკური რეაქციის წყალობით იქმნება.
ჰ.8) პროგნოზი (ამინდის). მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების აღწერა განსაზღვრულ არეში ან საჰაერო სივრცის ნაწილში გარკვეულ დროს ან დროის მონაკვეთში.
ჰ.9) პროგნოზული რუკა. გარკვეული მეტეოროლოგიური ელემენტის (ელემენტების), მოვლენის (მოვლენების) გრაფიკული გამოსახვა პროგნოზის რუკაზე დროის გარკვეული მომენტის ან პერიოდისათვის, განსაზღვრული ზედაპირის ან საჰაერო სივრცის ნაწილისათვის.
ჰ.10) სავარაუდო (საორიენტაციო) პროგნოზი. პროგნოზი, რომელიც შედგენილია საწყისი მეტეოროლოგიური ინფორმაციის გარეშე.
ჰ.11) სათადარიგო აეროდრომი. აეროდრომი, სადაც შეიძლება გაფრინდეს ხომალდი, როდესაც შეუძლებელია ან არამიზანშეწონილია დანიშნულების აეროდრომამდე ფრენა ან მასზე დაჯდომა. სათადარიგოს მიეკუთვნებიან შემდეგი აეროდრომები:
ჰ.12) სათადარიგო აეროდრომი აფრენის დროს. სათადარიგო აეროდრომი, რომელზეც საჰაერო ხომალდს შეუძლია დაჯდომა, თუ ამის აუცილებლობა წარმოიქმნება აფრენის შემდეგ მალე და შეუძლებელია გამოყენებული იქნეს გაფრენის აეროდრომი.
ჰ.13) სათადარიგო აეროდრომი მარშრუტზე. აეროდრომი, რომელზეც საჰაერო ხომალდს შეუძლია დაჯდეს იმ შემთხვევაში, თუკი მარშრუტზე ფრენის დროს იგი აღმოჩნდება გაუთვალისწინებელ ან ავარიულ მდგომარეობაში.
ჰ.14) სათადარიგო აეროდრომი მარშრუტზე ETOPS-ის შესრულების დროს. შესაფერისი სათადარიგო აეროდრომი, რომელზედაც თვითმფრინავს შეუძლია დაჯდომა ძრავის გამორთვის შემდეგ ან სხვა განსაკუთრებული ან ავარიული პირობების შემთხვევაში მარშრუტზე ETOPS-ის შესრულების დროს.
ჰ.15) დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომი. სათადარიგო აეროდრომი, სადაც შეიძლება გაფრინდეს საჰაერო ხომალდი იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ან არამიზანშეწონილია დანიშნულების აეროდრომზე დაჯდომა.
შენიშვნა. აეროდრომი, რომლიდანაც სრულდება საჰაერო ხომალდის გაფრენა, შეიძლება იყოს აგრეთვე სათადარიგო აეროდრომი მარშრუტზე, ან დანიშნულების პუნქტის სათადარიგო აეროდრომი მოცემული საჰაერო ხომალდისათვის.
ჰ.16) სარადიომაუწყებლო გადაცემა VOLMET. რეგულარული სარადიომაუწყებლო გადაცემა ამინდის მიმდინარე ცნობების და პროგნოზების აეროდრომზე, აგრეთვე შეტყობინება SIGMET-ისა საჰაერო ხომალდებისთვის, რომლების ჰაერში იმყოფებიან.
ჰ.17) საფრენი მინდორი. აეროდრომის ნაწილი, რომელზეც განლაგებულია ერთი ან რამდენიმე საფრენი ზოლი, სამიმოსვლო ბილიკები, ბაქნები და განსაკუთრებული დანიშნულების მოედნები.
ჰ.18) საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი. განსაზღვრული ზომების რაიონი, რომლის ფარგლებში უზრუნველყოფილია საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურება და საავარიო შეტყობინება.
ჰ.19) საფრენოსნო საბუთები მეტეოროლოგიური . ხელით შევსებული ან დაბეჭდილი საბუთები, მათ შორის რუკები ან ბლანკები, რომლებიც საფრენოსნო მეტეოროლოგიურ ინფორმაციას შეიცავს.
ჰ.20) სახელსაწყო ფრენა. ისეთ პირობებში შესრულებული ფრენა, როცა სხ-ის სივრცობრივი მდგომარეობა და ადგილმდებარეობა ეკიპაჟის მიერ, სრულიად ან ნაწილობრივ, საპილოტაჟო და სანაოსნო ხელსაწყოების მეშვეობით განისაზღვრება.
ჰ.21) სახელსაწყო ფრენის წესები (სფწ). წესები, რომელიც ფრენის საპილოტაჟო სანაოსნო ხელსაწყოების მეშვეობით შესრულებას, საჰაერო მოძრაობის ორგანოების მხრიდან მეთვალყურეობასა და სხ-ებს შორის ეშელონირების დადგენილი შუალედების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
ჰ.22) საჰაერო მოძრაობა. ჰაერში მყოფი და აეროდრომის სამიმოსვლო ფართობზე მოძრავი ყველა საჰაერო ხომალდი.
ჰ.23) საჰაერო მოძრაობის არე (რაიონი). დადგენილი ზომების საჰაერო სივრცე, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანო საკუთარ ფუნქციებს ახორციელებს.
ჰ.24) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე. „სმ მეთვალყურის მოწმობისა” და მოქმედი ოსტატობის აღნიშვნების მფლობელი, რომელიც დაკავებულია საჰაერო მოძრაობის მოწესრიგებით.
ჰ.25) საჰაერო ხომალდი. ნებისმიერი აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთმოქმედების შედეგად ინარჩუნებს დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით (შემდგომში სხ).
ჰ.26) საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი. პირნი, რომელთაც საფრენოსნო დავალების შესრულებისას, საჰაერო ხომალდის მართვა და მომსახურების განსაზღვრული მოვალეობები აკისრიათ.
ჰ.27) საჰაერო ხომალდის მეთაური. პილოტი, რომელიც დანიშნულია ექსპლუატანტის ან, საერთო დანიშნულების ავიაციის შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის მფლობელის მიერ მეთაურის მოვალეობების შემსრულებლად და პასუხისმგებელ პირად ფრენის უსაფრთხო შესრულებისათვის.
ჰ.28) საჰაერო მოძრაობის მართვის ორგანო. საერთო ტერმინი, რომელიც, შესაბამის შემთხვევაში ნიშნავს საჰაერო მოძრაობის ერთიან სისტემას, უწყებრივ საკომანდო, სამეთვალყურეო ან სხვა პუნქტს, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში აწარმოებს საჰაერო სივრცით სარგებლობის კოორდინირებას და დაგეგმვას, ფრენების (საჰაერო მოძრაობის) უშუალო მართვას, ამისათვის დადგენილ არეებში და რაიონებში ფრენების რეჟიმის და საჰაერო სივრცით სარგებლობის წესების დაცვის კონტროლს.
ჰ.29) საჰაერო ტრასა. სამეთვალყურეო რაიონი ან მისი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს საჰაერო სივრცეში უსაფრთხო ფრენის შესრულებისათვის განკუთვნილ, სიმაღლესა და სიგანეში შეზღუდულ დერეფანს და უზრუნველყოფილია აეროდრომებით, სანაოსნო, საჰაერო მოძრაობის მართვისა და კონტროლის საშუალებებით.
ჰ.30) სმმ-ის არე (რაიონი). დადგენილი ზომების საჰაერო სივრცე, სადაც სმმ-ის ორგანო ახორციელებს თავის დანიშნულებებს.
ჰ.31) სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო. სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სრულუფლებიანი ორგანო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო აერონავიგაციის მეტეოროლოგიურ უზრუნველყოფას, ან ორგანიზებას უკეთებს ასეთ უზრუნველყოფას მორიგებული სახელმწიფოს სახელით.
ჰ.32) სტანდარტული იზობარული ზედაპირი. სტანდარტული ზედაპირი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება ატმოსფერული პირობების გრაფიკული წარმოდგენისა და ანალიზისათვის.
ჰ.33) ტროპიკული ციკლონი. საერთო ტერმინი სინოპტიკური მასშტაბის არაფრონტალური ციკლონის აღსანიშნავად, რომელიც წარმოიქმნება ოკეანის ტროპიკულ ან სუბტროპიკულ ზონაში, სადაც განვითარებულია მიწისპირა ქარების ციკლონური ცირკულაცია.
ჰ.34) ფრენის ეშელონი. მუდმივი ატმოსფერული წნევის ზედაპირი, წნევის დადგენილი მნიშვნელობის 1013, 2 ჰექტოპასკალის (ჰპ) მიმართ, რომელიც სხვა ასეთივე ზედაპირებიდან დაშორებულია წნევის დადგენილი ინტერვალებით.
შენიშვნა 1. ბარომეტრული სიმაღლის საზომი, რომელიც დაგრადუირებულია სტანდარტული ატმოსფეროს შესაბამისად:
ა) QNH-ზე დაყენების შემთხვევაში აჩვენებს აბსოლუტურ სიმაღლეს; (იზომება მილიბარებში)
ბ) QFE-ზე დაყენების შემთხვევაში აჩვენებს შეფარდების სიმაღლეს QFE-ის საყრდენი წერტილის მიმართ (იზომება მილიმეტრებში);
გ) 1013, 2 (ჰპ) წნევაზე დაყენების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნეს ფრენის ეშელონის საჩვენებლად.
შენიშვნა 2. ტერმინები «შეფარდებითი სიმაღლე» და «აბსოლუტური სიმაღლე», რომლებიც გამოყენებულია შენიშვნა 1-ში, აღნიშნავენ სახელსაწყო და არა გეომეტრიულ შეფარდებით და აბსოლუტურ სიმაღლეებს.
ჰ.35) საფრენოსნო ეკიპაზის წევრი. მოწმობის მფლობელი ეკიპაჟის წევრი, რომელსაც საფრენოსნო დროის განმავლობაში სხ-ის მართვასთან დაკავშირებული მოვალეობები აკისრია.
ჰ.36) შვეულმფრენი (ვერტმფრენი). ჰაერზე უფრო მძიმე საჰაერო ხომალდი, რომელიც ძალური დანადგარის მეშვეობით, დაახლოებით ვერტიკალურ ღერძზე მბრუნავი ერთი ან რამდენიმე მზიდი ხრახნის მიერ წარმოშობილი ნაკადის რეაქციის წყალობით ინარჩუნებს ატმოსფეროში მდებარეობას.
ჰ.37) შემაღლება. ვერტიკალური მანძილი ზღვის საშუალო დონიდან წერტილამდე ან დედამიწის ზედაპირის დონემდე ან მასთან დაკავშირებულ ობიექტამდე.
ჰ.38) შეფარდებითი სიმაღლე. ვერტიკალური მანძილი აღნიშნული საწყისი დონიდან წერტილის ან ობიექტის (რომელიც მიღებულია წერტილად დონემდე.
ჰ.39) ციფრული მონაცემები რეგულარული ბადის კვანძებში. კომპიუტერზე დამუშავებული მეტეოროლოგიური მონაცემები რუკაზე თანაბრად განლაგებულ წერტილთა ჯგუფისათვის, რომლებიც განკუთვნილია ერთი კომპიუტერიდან მეორეში გადასაცემად კოდური ფორმით, ვარგისი ავტომატიზებულ სისტემებში გამოსაყენებლად.
შენიშვნა. ასეთი მონაცემები უმეტეს შემთხვევაში გადაიცემა საშუალო და მაღალსიჩქარიანი ელექტროკავშირის არხებით.
ჰ.40) წნევა აეროდრომზე (QFE). ატმოსფერული წნევა ადზ-ის ზღურბლის დონეზე ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრებში (ვ. წ. ს. მმ) ან ჰექტოპასკალებში.
ჰ.41) წნევა QNH. ზღვის საშუალო დონეზე დაყვანილი ატმოსფერული წნევა სტანდარტული ატმოსფეროსათვის.
ჰ.42) ხელსაწყოების მეშვეობით ფრენა. ფრენა ისეთ პირობებში, როდესაც საჰაერო ხომალდის სივრცობრივი მდგომარეობა და მისი ადგილმდებარეობა ეკიპაჟის მიერ მთლიანად ან ნაწილობრივ განისაზღვრება საპილოტაჟო და სანაოსნო ხელსაწყოებით.
ჰ.43) ხილვადობა. საავიაციო მიზნებისათვის წარმოადგენს სიდიდეს, რომელიც აჭარბებს:
ა) უდიდეს მანძილს, რომელზეც შეიძლება განასხვაო და გამოიცნო მისაღები სიდიდის შავი ობიექტი, რომელიც მდებარეობს მიწასთან ახლოს და დაიკვირვება ნათელ ფონზე;
ბ) უდიდესი მანძილი, რომელზეც შეიძლება განასხვაო და ამოიცნო დაახლოებით 1000 კანდ. სინათლის ძალის შუქები გაუნათებელ ფონზე.
ჰ.44) ხილვადობის მანძილი ადზ-ზე (RVR). მანძილი, რომლიდანაც ადზ-ის ღერძულ ხაზზე მყოფ საჰაერო ხომალდის პილოტს შეუძლია დაინახოს ადზ-ის მონიშნული საფარი, ადზ-ის შემომსაზღვრელი ან მისი ღერძული ხაზის აღმნიშვნელი შუქნიშნები
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.12.2011
მუხლი 1. ცნებები და ტერმინები. შემოკლებები
თავი I — ძირითადი განსაზღვრებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. შემოკლებები
- მუხლი 3. მეტეოროლოგიური მომსახურების მიზანი, განსაზღვრა და წარდგენა
- მუხლი 4. მეტეოროლოგიური ინფორმაციით მომარაგება, მისი ხარისხის უზრუნველყოფა და გამოყენება
- მუხლი 5. შეტყობინებები, რომლებიც საჭიროა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებისაგან
- მუხლი 6. მეტეოროლოგიური ორგანოები
- მუხლი 7. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოები
- მუხლი 8. საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურები და დაკვირვებები
- მუხლი 9. რეგულარული დაკვირვებები და შეტყობინებები
- მუხლი 10. საგანგებო დაკვირვებები და საგანგებო შეტყობინებები
- მუხლი 11. შეთანხმება აეროდრომის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს შორის დაკვირვებების ჩატარებისა და შეტყობინების შედგენის მოთხოვნების შესახებ
- მუხლი 12. დაკვირვებები მიწისპირა ქარზე და შეტყობინებებში მონაცემების გადაცემა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1, №50, 15.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.006.025 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56248/muxli-1/