1. საგანგებო დაკვირვებების ჩატარებისათვის კრიტერიუმების ჩამონათვალი დგება აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოსთან, ექსპლუატანტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის საფუძველზე.
2. ჩამონათვალი ითვალისწინებს:
ა) სიდიდეებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამებიან იმ ექსპლუატანტების საექსპლუატაციო მინიმუმებს, რომლებიც სარგებლობენ მოცემული აეროდრომით;
ბ) სიდიდეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების სხვა ადგილობრივ მოთხოვნებს;
გ) ჰაერის ტემპერატურის მომატებას 20C-ით და მეტით ბოლო შეტყობინებაში მითითებულთან შედარებით, ან ალტერნატიულ ზღვრულ მნიშვნელობას, რომელიც შეთანხმებულია აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგური ორგანოს მიერ საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოსთან და დაინტერესებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებთან;
დ) დამატებით ინფორმაციას, რომელიც ეხება დასაფრენად შემოსვლისა და სიმაღლის აკრეფის ზონებში განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების წარმოქმნას, რომლებიც აღნიშვნულია ამ წესის IV თავის მე-19 მუხლის პირველ პუნქტში;
ე) სიდიდეებს, რომლებიც წარმოადგენენ კრიტერიუმებს საგანგებო შეტყობინებების შედგენისათვის კოდური ფორმით SPECI.
3. ამინდზე საგანგებო დაკვირვებების შედეგების შესახებ გამოიცემა:
ა) ადგილობრივი საგანგებო შეტყობინებები ღია ტექსტით შემოკლებებით იმ ფორმატის მიხედვით, რომელიც მოცემულია ამ წესის დამატება 2-ში (ცხრილი A2-1) და ვრცელდება მხოლოდ შეტყობინებების შედგენის აეროდრომზე (განკუთვნილია მოსაფრენი და გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის);
ბ) საგანგებო შეტყობინებები კოდური ფორმით SPECI, დამატება 2-ის (ცხრილი A2-2) ნიმუშის შესაბამისად, რომელიც დაწესებულია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ და ვრცელდება შეტყობინების შედგენის აეროდრომის ფარგლებს გარეთ სხვა აეროდრომებზე გასავრცელებლად (ძირითადად განკუთვნილია ფრენების დაგეგმვისათვის, პროგნოზებისათვის VOLMET და შეტყობინებებისათვის D-VOLMET).
4. ადგილობრივი საგანგებო შეტყობინებები საჰაერო მოძრაობის მომსახურების ადგილობრივ ორგანოებს გადაეცემათ დაუყოვნებლივ გარკვეული პირობების წარმოქმნისთანავე. მაგრამ აეროდრომის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოს შორის შეთანხმების მიხედვით ეს შეტყობინებები არ გამოიცემა:
ა) თუ რომელიმე მეტეოელემენტის რეგისტრირებისათვის საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს განკარგულებაშია ინდიკატორი, ანალოგიური იმისა, რაც დაყენებულია მეტეოროლოგიურ სადგურში, ამასთან ერთად იგულისხმება, რომ ეს ინდიკატორი გამოყენებული იქნეს ადგილობრივი რეგულარული და საგანგებო შეტყობინებების შედგენისათვის;
ბ) თუ ადზ-ზე ხილვადობის მანძილის განსაზღვრის დრო ასათვლელ შკალაზე ყველა ცვლილება, ერთი ან რამდენიმე დანაყოფის ფარგლებშია, და დამკვირვებლის მიერ გადაეცემა აეროდრომზე საჰაერო მოძრაობის მომსახურების ადგილობრივ ორგანოს.
5. ადგილობრივი საგანგებო შეტყობინებები გადაეცემათ აგრეთვე სხ-ის ექსპლუატანტებსა და სხვა სააეროდრომო მომხმარებლებს.
6. საგანგებო შეტყობინებები კოდური ფორმით SPECI გამოიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებული ცვლილებები პასუხობენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულება შეიცვალა 60° ან მეტით იმ მიმართულებასთან შედარებით, რომელიც მითითებული იყო ბოლო შეტყობინებაში, ამასთან ერთად საშუალო სიჩქარე ცვლილებამდე და მის შემდეგ შეადგენს 5 მ/წმ-ს (10 კვანძი) ან მეტს;
ბ) მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარე შეიცვალა 5 მ/წმ-ით (10 კვანძი)-ით ან მეტით იმ სიჩქარესთან შედარებით, რომელიც მითითებული იყო ბოლო შეტყობინებაში;
გ) მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარიდან გადახრა (დაქროლვა) გაიზარდა 5 მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით იმ სიჩქარესთან შედარებით, რომელიც მითითებული იყო ბოლო შეტყობინებაში, ამასთან ერთად საშუალო სიჩქარე ცვლილებამდე და მის შემდეგ შეადგენს 8 მ/წმ-ს (15 კვანძი) ან მეტს;
დ) ქარის ცვლილებები აჭარბებს საექსპლუატაციო თვალსაზრისით საყურადღებო მნიშვნელობებს; ზღვრული სიდიდეები უნდა დადგინდეს სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ საჰაერო მოძრაობის მართვის შესაბამის სრულუფლებიან ორგანოსთან და დაინტერესებულ ექსპლუატანტებთან კონსულტაციით ქარის ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც:
დ.ა) გამოიწვევს მოქმედი ადზ-ის შეცვლას;
დ.ბ) მოწმობს იმას, რომ გვერდითი და ზურგქარის მდგენელების ცვლილებამ ადზ-ზე გადააჭარბეს მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს ძირითად საექსპლუატაციო ზღვარს ტიპური საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს ამ აეროდრომზე;
დ.გ) მოწმობს იმას, რომ მიწისპირა ქარის მიმართულება შეიცვალა ცვალებადიდან საშუალო მიმართულებაზე ან საშუალოდან ცვალებად მიმართულებაზე.
ე) ხილვადობა უმჯობესდება და აღწევს ან აჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან ხილვადობა უარესდება და ხდება ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებზე ნაკლები:
ე.ა) 800, 1500 ან 3000 მ;
ე.ბ) 5000 მ იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენების წესებით;
ვ) ხილვადობის მანძილი ადზ-ზე უმჯობესდება და აღწევს ანაჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან ხილვადობის მანძილი ადზ-ზე უარესდება და ხდება ერთი ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებზე ნაკლები: 150, 350, 600 ან 800 მ;
ზ) ნებისმიერი შემდეგი ამინდის მოვლენების ან მათი ერთობლიობის დაწყების, დამთავრების ან ინტენსივობის ცვლილების შემთხვევაში:
ზ.ა) ყინულოვანი ნალექები;
ზ.ბ) ყინულოვანი ნისლი;
ზ.გ) ზომიერი ან ძლიერი ნალექები (თქეშის ჩათვლით);
ზ.დ) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;
ზ.ე) მტვრის მიწისპირა ქარბუქი, ქვიშის მიწისპირა ქარბუქი ან საერთო ქარბუქი (ქარბუქის ჩათვლით);
ზ.ვ) მტვრიანი ქარიშხალი;
ზ.ზ) ქვიშიანი ქარიშხალი;
ზ.თ) ჭექა-ქუხილი (ნალექით ან უნალექოდ);
ზ.ი) ქარტეხილი;
ზ.კ) ძაბრისმაგვარი ღრუბელი (ტორნადო ან ქარბორბალა).
თ) BKN ან OVC ღრუბლების ქვედა ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლე იზრდება და აღწევს ან აჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან BKN ან OVC ღრუბლების ქვედა ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლე მცირდება და ხდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებზე:
თ.ა) 30, 60, 150 ან 300 მ (100, 200, 500 ან 1000 ფუტი);
თ.ბ) 450 მ (1500 ფუტი) – იმ შემთხვევაში, თუ სრულდება ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა ვიზუალური ფრენების წესით;
ი) 450 მ-ზე დაბალ ფენაში ღრუბლების რაოდენობა იცვლება:
ი. ა) SKC, FEW ან SCT-დან BKN ან OVC-მდე; ან
ი. ბ) BKN ან OVC-დან SKC, FEW ან SCT-მდე;
კ) ცა იბინდება და ვერტიკალური ხილვადობა უმჯობესდება, აღწევს ან აჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებს ან ვერტიკალური ხილვადობა უარესდება და ხდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობებზე: 30, 60, 150 ან 300 მ (100, 200, 500 ან 1000 ფუტი).
7. იმ შემთხვევებში, როდესაც ამინდის ერთი ელემენტის გაუარესებისას ერთდროულად დაიკვირვება მეორეს გაუმჯობესება, მაშინ გამოიშვება ერთიანი საგანგებო შეტყობინება კოდური ფორმით SPECI, რომელიც ითვლება შეტყობინებად ამინდის გაუარესების შესახებ.
8. საგანგებო შეტყობინება კოდური ფორმით SPECI ამინდის პირობების გაუარესების შემთხვევაში გავრცელებული უნდა იქნეს დაკვირვების შემდეგ დაუყოვნებლივ. საგანგებო შეტყობინება კოდური ფორმით SPECI ამინდის პირობების გაუმჯობესების შემდეგ გავრცელებულ უნდა იქნეს მხოლოდ გაუმჯობესების 10 წუთის განმავლობაში შენარჩუნების შემთხვევაში. ასეთი შეტყობინების აუცილებლობის შემთხვევაში მის გავრცელებამდე უნდა იქნეს შეტანილი კორექტივები იმისათვის, რომ აისახოს ამინდის პირობები, რომლებიც ჭარბობდნენ 10-წუთიანი პერიოდის დასასრულს. განსაკუთრებული შეტყობინება კოდური ფორმით SPECI ერთი ელემენტის გაუარესებისა და ერთდროულად გაუმჯობესების შესახებ გავრცელებული უნდა იქნეს დაკვირვების შემდეგ დაუყოვნებლივ.
9. საგანგებო შეტყობინებები კოდური ფორმით SPECI ეგზავნებათ მონაცემთა საერთაშორისო ბანკებს OPMET – სა და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერონავიგაციო შეთანხმებით დანიშნული არიან მონაცემთა დაგზავნის თანამგზავრული სისტემის საექსპლუატაციოდ ფიქსირებული საავიაციო სამსახურის ფარგლებში, რეგულარული სააერონავიგაციო შეთანხმების საფუძველზე.
10. საგანგებო შეტყობინებები კოდური ფორმით SPECI სააერონავიგაციო შეთანხმების შესაბამისად ვრცელდება სხვა აეროდრომზე.
11. საგანგებო შეტყობინებები, რომლებიც შედგენილია კოდური ფორმით SPECI, შეიცავენ სრულ ინფორმაციას, რაც გათვალისწინებულია ამ კოდით გადაცემისათვის იმ მეტეოროლოგიური ელემენტების გამოკლებით, რომლებიც აუცილებელ ჩართვას არ ექვემდებარებიან; ეს ელემენტები შეტყობინებებში ჩაირთვებიან სააერონავიგაციო შეთანხმების შესაბამისად