1. ამ დებულების დაცვის მიზნით დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება, რა დროსაც საერთო საცხოვრებლიდან/საკნიდან გამოდის ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელთაგან ერთ-ერთი, პირადი შემოწმების შემდეგ ბრუნდება საერთო საცხოვრებელში/საკანში და ესწრება მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებას/დათვალიერებას.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი ნივთებისა და მოთავსების ადგილის შემოწმება ხდება საგულდაგულოდ იმ ნივთების, ნივთიერებების ან საკვები პროდუქტების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია/არანებადართულია, აგრეთვე რომლებიც არ ეკუთვნის ბრალდებულს/მსჯავრდებულს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემოწმება არ შეიძლება განხორციელდეს დამამცირებელი ან ღირსების შემლახავი ფორმით.

3. გამოყენებისა და შენახვისათვის აკრძალულია/არანებადართულია ის ნივთი, ნივთიერება და საკვები პროდუქტი, რომელიც:

ა) წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის;

ბ) შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის ჩადენის იარაღად, პატიმრობის ან სასჯელის მოხდის მიზნის საწინააღმდეგოდ (დანართი №1);

გ) არ არის გათვალისწინებული ამ დებულებით განსაზღვრული (დანართი №2, დანართი №3 და დანართი №4) იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომელთა ამანათით მიღების (მათ შორის, ფოსტით), დაწესებულების მაღაზიაში შეძენის, შენახვისა და კანონიერად გამოყენების უფლებაც აქვს ბრალდებულს/მსჯავრდებულს;

დ) აჭარბებს საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და სხვა სამრეწველო პროდუქტებისა და იმ დოკუმენტთა ოდენობას, რომელიც დადგენილია ამ დებულების №2 და №4 დანართებით.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება შეიძლება იყოს არასრული და სრული.

5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება ხორციელდება დაწესებულების იმავე სქესის შესაბამისი მოსამსახურეების მიერ. დაუშვებელია ამ პროცესს ესწრებოდეს სხვა სქესის პირი.

6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი არასრული შემოწმება ტარდება:

ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტოდაქტილოსკოპთან, ექიმთან, გამომძიებელთან წარდგენამდე და წარდგენის შემდეგ;

ბ) ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ;

გ) სხვა საერთო საცხოვრებელში/საკანში გადაყვანისას;

დ) დღის განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევებში საერთო საცხოვრებლის დატოვებისას;

ე) აბაზანაში გაყვანისას;

ვ) დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერებისას;

ზ) სხვა შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.

7. არასრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება/დათვალიერება მისი გახდის გარეშე.

8. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება:

ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისას;

ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გაგზავნისას;

გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსებისას;

დ) მსჯავრდებულის საკნის ტიპის საცხოვრებელში მოთავსებისას;

ე) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვებისას/დაბრუნებისას;

ვ) მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისას/დაბრუნებისას;

ზ) მსჯავრდებულის მიერ ხანგრძლივი პაემნის დაწყებამდე და დასრულების შემდგომ;

თ) აბაზანაში გაყვანისას (მხოლოდ იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის, რომელიც ჩართულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამაში);

ი) სხვა შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მიზნის პროპორციული. ბრძანების გამოცემიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, ამის თაობაზე წერილობით აცნობოს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს.

9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. პირადი სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო პერსონალთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. სრული პირადი შემოწმებისას დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება.

10. პირადი სრული შემოწმებისას მოწმდება ფეხისა და ხელის თითებს შორის ადგილები, ტერფის გულები, ხელის მტევანი ორივე მხრიდან, კანის საფარი, ყურის ნიჟარები, იღლიები, პირის ღრუ, ცხვირის ნესტოები და სხვა ადგილები, ივარცხნება თმები თავზე. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნას დათვალიერებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის თამბაქოს ნაწარმი, მუნდშტუკი და სხვა საგნები.

11. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას შინაგან შემოწმებას ატარებს საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო პერსონალი. შინაგანი შემოწმება ტარდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, პირის სხეულში აკრძალული/არანებადართული ნივთის არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას. შინაგანი შემოწმება ტარდება იზოლირებულ ოთახში. დაუშვებელია შემოწმების პროცესზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გამონაკლის შემთხვევაში, როცა უსაფრთხოების დაცვის ან/და სხვა კანონიერი ინტერესები ამას მოითხოვს, იმ ადგილის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, სადაც ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის შინაგანი შემოწმება, შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ იმგვარად, რომ ვიდეოკამერის ხედვის არეში არ მოექცეს შესამოწმებელი პირის სხეული. თუ ამგვარი რამ ტექნიკურად შეუძლებელია, შინაგანი შემოწმება უნდა განხორციელდეს სპეციალური ტიხრის (შირმის) მიღმა.

12. პირადი შემოწმების შედეგად ბრალდებულს/მსჯავრდებულს დარჩება მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი ნებადართული პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, სხვა ნივთები და საგნები. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება საერთო საცხოვრებლის/საკნის ბარათში.

13. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის:

ა) დაწესებულებაში მიღებისას;

ბ) დაწესებულებიდან გაგზავნისას;

გ) სხვა საერთო საცხოვრებელში/საკანში გადაყვანისას;

დ) სამედიცინო სტაციონარში გადაყვანისას;

ე) სამარტოო საკანში გადაყვანისას;

ვ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება შეიძლება მოხდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასწრების გარეშე. სხვა შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით.

15. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის შემოწმება ტარდება დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.

16. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება მონაცემები ამოღებული ნივთების, ნივთიერებებისა და საკვები პროდუქტების თაობაზე, აგრეთვე ინფორმაცია თუ რა გარემოების საფუძველზე ხდება შემოწმება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმების ერთდროული წარმოებისას დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერენ ბრალდებული/მსჯავრდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასწრების გარეშე, და დაწესებულების მოსამსახურეები, რომლებმაც ჩაატარეს შემოწმება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოქმში შენიშვნის სახით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უარი შემოწმებაზე და მისი ყველა პრეტენზია აისახება ოქმში. ოქმი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე კეთდება აღნიშვნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო საცხოვრებლის/საკნის ბარათში, თარიღისა და შემოწმების ჩამტარებელი პირის/პირების ვინაობისა და თანამდებობის მითითებით.

17. შემოწმების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, ხელის მეტალმძებნი. რენტგენის აპარატურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ტანსაცმლისა და ნივთიერების შემოწმებისა