ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შინაური ბინადარი ცხოველი – ძაღლი, კატა და ასევე სხვა ცხოველი, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე ფუნქციური დანიშნულებით ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ შორის ხორცის, რძის და კვერცხის) ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად;

ბ) პატრონიანი ცხოველი – ცხოველი, რომელსაც ჰყავს პატრონი, კონკრეტული მომენტისათვის იმყოფება ცხოველის პატრონის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის კონტროლქვეშ და რეგისტრირებულია უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულების ან ცხოველთა თავშესაფრის მიერ;

გ) უმეთვალყურეო ცხოველი – ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ხორციელდება კონტროლი ან მეთვალყურეობა და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ, ცხოველის პატრონის დადგენისა ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით ტარდება შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები, ამ წესით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით;

დ) მიკედლებული ცხოველი –  ურბანული გარემოს გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველი, რომლის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს ცხოველის მიმკედლებელი;

ე) უპატრონო ცხოველი – ცხოველი, რომელზეც კონკრეტული მომენტისთვის არ ხორციელდება კონტროლი ან მეთვალყურეობა და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანის შემდგომ არ დაუდგინდება პატრონი, ამ წესით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით;

ვ) ცხოველის პატრონი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს ცხოველი და უზრუნველყოფს მის რეგისტრაციას, მოვლა-პატრონობას, შენახვას, ვეტერინარულ მომსახურებას და სოციალური ქცევის კორექციას, ამ წესით დადგენილ შემთხვევებში და პირობებით;

ზ) ცხოველის მიმკედლებელი – ურბანულ გარემოს გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება ცხოველის ვეტერინარული მომსახურების განხორციელებისა და კვება-დაწყურების  უზრუნველყოფაზე, ასევე მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით დაინტერესებული პირისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემაზე;

თ) ცხოველის მომშენებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ეწევა ცხოველთა მოშენებას კომერციული ან არაკომერციული მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და ამ წესის პირობების გათვალისწინებით;

ი) ცხოველის მოვლა-პატრონობა  – ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა: კვება ცხოველისთვის დადგენილი რაციონით და დაწყურვება, საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით, რეგულარული გასეირნება, ვეტერინარული ზედამხედველობის უზრუნველყოფა და მომსახურება – დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა, ლაბორატორიული კვლევა და ცხოველის აღზრდა – ჯიშის, წარმომავლობის, ბუნებრივი და ფსიქოლოგიური მონაცემების შესაბამისად, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა პირობების უზრუნველყოფა;

კ) ცხოველის შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობები – შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებული ცხოველის პატრონის ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღება, ცხოველის პატრონის საცხოვრებელი პირობების მკვეთრი გაუარესება, რაც შეუძლებელს ხდის შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით ცხოველისთვის საცხოვრებელი ფართობის გამოყოფას, ხანგრძლივი პერიოდით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება, ცხოველისგან ცხოველის პატრონის ხანგრძლივი პერიოდით იძულებითი მოცილება;

ლ) ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების ქმედითი ღონისძიებები – ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, 10 დღის პერიოდით, ცხოველის ფოტოსურათების და მის შესახებ დეტალური ინფორმაციის (სახეობა, სქესი, ასაკი, ჯიში, გაწეული ვეტერინარული მომსახურება, მონაცემები ცხოველის პოვნის გარემოებების, მისი პატრონისა და ცხოველის მოვლა-პატრონობის პირობების შესახებ და სხვა) გამოქვეყნების უზრუნველყოფა უფლებამოსილი ორგანოს ვებგვერდზე, ასევე, სხვა ცხოველთა შესახებ არსებულ პროაქტიულ სივრცეში (ვებგვერდები, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფორუმები, სხვა მედიასაშუალებები);

მ) ვეტერინარული მომსახურება – ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა, ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი სხვა მომსახურება;

ნ) ვეტერინარული დაწესებულება – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ მომსახურებას;

ო) კინოლოგიური დაწესებულება – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს კინოლოგიურ მომსახურებას;

პ) ფელინოლოგიური დაწესებულება – მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული პირი, რომელიც ახორციელებს ფელინოლოგიურ მომსახურებას;

ჟ) ცხოველის უმტკივნეულო მოკვდინება (ევთანაზია) – უფლებამოსილი პირის (ექიმი-ვეტერინარის) მიერ ცხოველის სიცოცხლის შეწყვეტა, რაც თავისი შინაარსით გულისხმობს ცხოველების ჰუმანურად მოკვდინებას, ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებსა და მეთოდებით;

რ) ცხოველთა კლასიფიკაცია – ამ წესით დადგენილი ცხოველთა ჯგუფების  სისტემა, მათი სტატუსის განსაზღვრის, მათზე ზედამხედველობისა და მოვლა-პატრონობის განხორციელების მიზნებისთვის;

ს) ცხოველის რეგისტრაცია – უფლებამოსილი ორგანოს ან მისი თანხმობით შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულებების ან ცხოველთა თავშესაფრების, ცხოველის პატრონის ან მიმკედლებლის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე ამ წესით დადგენილი პირობებით.

ტ) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი ნორმები;

უ) ცხოველთა თავშესაფარი –  საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის მოთხოვნების გათვალისწინებით შექმნილი დაწესებულება, რომელშიც განთავსებულია ან შესაძლებელია განთავსდეს 10 ცხოველზე მეტი და რომელთა ნაშიერის ასაკი არ აღემატება 6 თვეს, კომპეტენციის და დანიშნულების გათვალისწინებით შეყვანილი ცხოველების სამართლებრივი სტატუსის, ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენისა და მათ მიმართ შემდგომი პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით;

ფ) უფლებამოსილი ორგანო – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, რომლის კომპეტენციას წარმოადგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ცხოველების მონიტორინგი და პოპულაციების მართვა-კონტროლის ორგანიზება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად;

ქ) ცხოველების პოპულაციების მართვა – საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, სახეობების მიხედვით, ურბანულ გარემოში ბინადარ ცხოველთა დატვირთვის ნორმების (1000 მოსახლეზე შეფარდებით ან ერთი კვადრატული კილომეტრის ფართობზე ბინადარი უპატრონო ცხოველების (სახეობების მიხედვით) ოპტიმალური ოდენობა), რიცხოვნობის დადგენისა და რაოდენობის ოპტიმიზაციის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ამ წესის ამოცანების უზრუნველსაყოფად;

ღ) საბმელი – ცხოველის გადაადგილების კონტროლის საშუალება, რომელიც ზღუდავს  პატრონისგან ცხოველის დაცილების შესაძლებლობას;

ყ) მოკლე საბმელი – ცხოველის გადაადგილების კონტროლის საშუალება, რომელიც 50 სანტიმეტრის რადიუსით ზღუდავს პატრონისგან ცხოველის დაცილების შესაძლებლობას;

შ) ალიკაპი – ლითონისგან ან ტყავისგან დამზადებული ცხოველის პირის ასაკრავი მოწყობილობ