1. ცხოველთა თავშესაფარი წარმოადგენს დაწესებულებას, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა მნიშვნელოვანი რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.
2. თავშესაფარი ექვემდებარება შესაბამის კონტროლს უფლებამოსილი ორგანოს ან ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციის მხრიდან.
3. თავშესაფარი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესის და საკუთარი დებულების საფუძველზე.
4. თავშესაფარში ცხოველის გადაყვანისთანავე, ის უნდა განთავსდეს კარანტინში, გაისინჯოს ვეტერინარის მიერ, დაკვირვებიდან ექვსი დღის განმავლობაში უნდა ჩაუტარდეს დეჰელმინთიზაცია და ათი დღის გასვლისას – ვაქცინაცია.
5. დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარებში უმეთვალყურეო, უსახლკარო და მიუსაფარი ცხოველების მოთავსების შემდეგ ხდება მათი იდენტიფიკაცია. დგინდება ცხოველის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირის ვინაობა და მათ ცხოველი უბრუნდებათ შენახვის ხარჯების ანაზღაურებით.
6. თუ ცხოველის სტერილიზაციის/კასტრაციის, იდენტიფიკაციის, ვაქცინაციის და სარეაბილიტაციო პერიოდის გასვლის შემდგომ დადგენილი ვერ იქნება უმეთვალყურეო, უსახლკარო და მიუსაფარი ცხოველის პატრონი, ან ცხოველის პატრონი შემდგომი სათანადო მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობების გამო უარს აცხადებს ცხოველის მიღებაზე, ცხოველი დაუყოვნებლივ უნდა დაექვემდებაროს გაჩუქებას ან უნდა მოხდეს მისი დაბრუნება პირვანდელი ბინადრობის არეალში. ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი ცხოველის თავშესაფარში ყოფნის (დაკვირვების, სტერილიზაცია/კასტრაციის, პოსტოპერაციულ) პერიოდში უნდა ანხორციელებდეს აუცილებელ, გადაუდებელ ვეტერინარულ-სამკურნალო ღონისძიებებს, გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციებს.
7. თუ თავშესაფრიდან გამოსულ ცხოველს საკარანტინე პერიოდის განმავლობაში გამოუვლინდება ინფექციური დაავადება, თავშესაფარი ვალდებულია, უზრუნველყოს შინაური ბინადარი ცხოველის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება ან განმეორებითი მკურნალობა.
8. ნებისმიერი პირი ნებისმიერ დროს უფლებამოსილია დაათვალიეროს თავშესაფარი და თავისუფლად მოახდინოს ფოტო/ვიდეო გადაღება, მიიღოს ინფორმაცია განთავსებულ ცხოველებთან დაკავშირებით, ხოლო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ აღნიშნულზე შეუზღუდავი ვადითა და პერიოდით.
9. დაუშვებელია თავშესაფარში ცხოველების გამრავლება და გაყიდვა.
10. ცხოველთა დროებითი და ხანგრძლივი განთავსების თავშესაფარს უნდა გააჩნდეს ცხოველების ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბეწვის, ნაცხის, ფეკალიისა და სისხლის კვლევას ან ლაბორატორიული კვლევის უზრუნველყოფის ქმედითი შესაძლებლობა ან უნდა ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება ვეტერინარული დაწესებულებასთან, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცედურებს, ვეტერინარული სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფრის დანიშნულებით, განსაზღვრული აუცილებელი ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებას, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია ითანამშრომლოს ვეტერინარულ დაწესებულებასთან, საკარანტინე სივრცე, განთავსების ვოლიერები, გასასეირნებელი სივრცე, აღნიშნულ სივრცეებში ადამიანები უნდა გადაადგილდებოდნენ სპეციალური სამედიცინო ხალათებითა და ბახილებით, საჭიროების შემთხვევაში ქუდებითა და ნიღბებით.
11. ცხოველთა განთავსების სტანდარტები:
ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, ცხოველთა ყოფა-ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური პირობებით – სათანადო კვება, დაწყურვება, სისუფთავე, დათბუნება, განათება;
ბ) ძაღლის განთავსების ვოლიერის სივრცე უნდა აძლევდეს ცხოველს გადაადგილების, საკვების მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობას. ვოლიერის ფართი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 9 კვადრატულ მეტრს, სიმაღლე-მინიმუმ 150 სანტიმეტრს, თითო ვოლიერში შესაძლებელია 3 ძაღლის განთავსება, რომლებიც არ არიან ერთმანეთის მიმართ აგრესიულები კვების დროს, კვების პროცესის დაკვირვება განეკუთვნება კინოლოგის კომპეტენციას;
გ) კატების განთავსების ვოლიერის სივრცე უნდა აძლევდეს ცხოველს მინიმალური გადაადგილების, საკვების მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობას, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდგომ უნდა მოხდეს მისი დაბრუნება აყვანის ადგილას ან გაჩუქებამდე გადაყვანა ვოლიერიდან კატებისათვის სპეციალურად მოწყობილ ოთახში;
დ) ცხოველის ვოლიერი არ უნდა იყოს ოთხმხრივად დახურული და ცხოველს არ უნდა ეზღუდებოდეს თავისუფალი სივრცის ხედვის შესაძლებლობა, ასევე მზიან ამინდში ნებისმიერ დროს ვოლიერს უნდა გააჩნდეს საჩრდილობელი, ხოლო წვიმის, თოვლის ან სეტყვის შემთხვევაში ვოლიერში არ უნდა აღწევდეს ბუნებრივი ნარჩენი;
ე) ცხოველთა თავშესაფარში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები, სანიტარიულ- ჰიგიენური ნორმები, უნდა იქნეს დაპროექტებული და მოწყობილი საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საოჯახო/მინი თავშესაფრები უნდა ხელმძღვანელობდეს ვეტერინარი ექიმის რეკომენდაციებით, როგორც ცხოველთა თავშესაფარი ასევე საოჯახო/მინი თავშესაფარი ცხოველთა საცხოვრებელი პირობების გადამოწმებისა და თავშესაფრის ფუნქციონირების გაცნობის მიზნით ექვემდებარება შემოწმებას ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ვადით უფლებამოსილი ორგანოს, საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ან ცხოველთა დაცვის უფლებამოსილი ორგანიზაციის მიერ, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, მათ შორის – დაუყოვნებლივ;
ვ) ცხოველთა თავშესაფარი ვალდებულია აწარმოოს ცხოველთა აღრიცხვა და უზრუნველყოს უფლებამოსილ ორგანოში უსასყიდლოდ, ყოველთვიურად ან დაუყოვნებლივ მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე დაინტერესებული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უზრუნველყოს თავშესაფარში მყოფ ცხოველთა ბრუნვის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების წარდგენა მისთვის სასურველი ფორმით;
ზ) ცხოველთა თავშესაფარი ვალდებულია უზრუნველყოს უკლებლივ ყველა ცხოველის სტერილიზაცია, თუკი ამ ცხოველს არ გამოუჩნდა პირვანდელი პატრონი დადგენილ ვადაშ