1. ვერიფიკაციის ჯგუფმა სხ-ის ექსპლუატანტს უნდა წარუდგინოს ვერიფიკაციის ანგარიშის ასლი. სხ-ის ექსპლუატანტის ნებართვის მიღებისთანავე, ვერიფიკაციის ჯგუფმა ვერიფიკაციის ანგარიშის ასლი, გამონაბოლქვის ანგარიშთან და გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიშთან ერთად უნდა წარუდგინოს სააგენტოს. ვერიფიკაციის ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) ვერიფიკაციის ორგანოს დასახელება და ვერიფიკაციის ჯგუფის წევრების გვარი/სახელი;
ბ) ვერიფიკაციაზე დახარჯული დრო (შესწორებების შეტანისა და თარიღების მითითებით);
გ) ვერიფიკაციის სფერო;
დ) ამ წესის 28-ე მუხლით დადგენილი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მოთხოვნასთან შესაბამისობის შეფასების შედეგი;
ე) კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც განხორციელდა გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაცია;
ვ) კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც განხორციელდა გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიშის ვერიფიკაცია;
ზ) სხ-ის ექსპლუატანტთან დაკავშირებული ის ინფორმაცია და მონაცემები, რომლებიც ვერიფიკაციის ჯგუფის მიერ იქნა გამოყენებული მონაცემთა ჯვარედინი შემოწმებისა და ვერიფიკაციის სხვა პროცედურების განსახორციელებლად;
თ) ამ წესის 38-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სტრატეგიული ანალიზისა და რისკების შეფასების შედეგები;
ი) ჩატარებული ვერიფიკაციის პროცედურების აღწერა და მათი ჩატარების ადგილი (სხ-ის ექსპლუატანტთან ადგილზე თუ დისტანციურად). აგრეთვე, CO2-ის გამონაბოლქვთან დაკავშირებული ინფორმაციული სისტემისა და კონტროლის საშუალებების შემოწმების შედეგები;
კ) მონაცემთა შერჩევისა და გადამოწმების მიზნით ჩატარებული პროცედურების აღწერა, მათ შორის, შერჩეული ჩანაწერების ან მტკიცებულებების აღწერა, შერჩეულ მონაცემთა მოცულობა და მონაცემთა შერჩევის გამოყენებული მეთოდ(ებ)ი;
ლ) მონაცემთა შერჩევისა და გადამოწმების შედეგები, ჯვარედინი შემოწმების შედეგების ჩათვლით. აგრეთვე, ბლოკ-საათების მიხედვით საწვავის განაწილების მეთოდის გამოყენებისას, საწვავის ხარჯვის საშუალო კოეფიციენტის სისწორე, სხ-ის თითოეული ტიპისთვის;
მ) გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმასთან შესაბამისობა;
ნ) ამ წესის მოთხოვნებთან გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის ნებისმიერი შეუსაბამობა;
ო) მონაცემებში გამოვლენილი უზუსტობებისა და შეუსაბამობების აღწერა, მათი შემდგომი აღმოფხვრის მიზნით გატარებული ღონისძიებების ჩათვლით;
პ) დასკვნა მონაცემთა ხარისხისა და „მატერიალური ზღვრის“ მოთხოვნასთან შესაბამისობის შესახებ;
ჟ) დასკვნა გამონაბოლქვის ანგარიშის ვერიფიკაციის შესახებ;
რ) დასკვნა გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების ანგარიშის ვერიფიკაციის შესახებ;
ს) ვერიფიკაციის ჯგუფის მიერ შემუშავებული ვერიფიკაციის დასკვნის დასაბუთება;
ტ) დამოუკიდებელი ექსპერტიზის შედეგი და დამოუკიდებელი ექსპერტის სახელი/გვარი; და
უ) ვერიფიკაციის დასკვნა.
2. გამონაბოლქვის ერთეულების გაუქმების შესახებ ანგარიში უნდა მოიცავდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, “ვ“, „ზ“, „თ“, „ო“, „რ“, „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს.
3. გამონაბოლქვის ანგარიში უნდა მოიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, ჟ“, „ს“, „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს