1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ცხოველის საკვები – ნებისმიერი სუბსტანცია (ნივთიერება) ან პროდუქტი, მათ შორის, ცხოველის საკვები დანამატები, გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი, რომელიც გამიზნულია ცხოველის ორალური კვებისათვის;
ბ) ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობა – ნებისმიერი საქმიანობა, მოგებით თუ მოგების გარეშე, კერძო ან საჯარო, რომელიც დაკავშირებულია ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების ან დისტრიბუციის ნებისმიერ ოპერაციასთან, მათ შორის, ცხოველის საკვების ნებისმიერი მწარმოებელი, გადამამუშავებელი ან შემნახველი, რომელიც თავის სადგომში კვებავს ცხოველებს;
გ) ბაზარზე განთავსება – ბიზნესოპერატორის მიერ ცხოველის საკვების რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია და სხვა ფორმით მიწოდება;
დ) ცხოველის საკვები დანამატები – ნივთიერებები, მიკროორგანიზმები ან პრეპარატები, გარდა ცხოველის საკვების მასალებისა და პრემიქსებისა, რომლებიც გამიზნულად ემატება ცხოველის საკვებს ან წყალს სხვადასხვა ფუნქციის, კერძოდ, „ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები დანამატების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ოქტომბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველთა კვებაში გამოსაყენებელი ცხოველის საკვები დანამატების წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან მეტი ფუნქციის შესასრულებლად;
ე) დღიური რაციონი – ცხოველის საკვების საერთო საშუალო რაოდენობა, რომელიც გამოითვლება 12%-იანი ტენიანობის შემცველობისას და ყოველდღიურად საჭიროა მოცემული სახეობის, ასაკისა და პროდუქტიულობის ცხოველისთვის, მისი ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად;
ვ) საწარმო – ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი საწარმოო ერთეული;
ზ) ცხოველის საკვების მასალა – მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი, ახალი ან დაკონსერვებული და საწარმოო გადამუშავებიდან მიღებული პროდუქტი, ორგანული ან არაორგანული სუბსტანციები (ნივთიერებები) (მასში ცხოველის საკვები დანამატების შემცველობის მიუხედავად), რომელიც გამიზნულია ცხოველის ორალურ კვებაში გამოსაყენებლად, უშუალოდ ასეთი საკვებით, ან მათი გადამუშავების შემდეგ ან კომბინირებული საკვების მომზადებით ან პრემიქსების გადამტანით;
თ) სასურსათო დანიშნულების ცხოველი – ნებისმიერი ცხოველი, რომლის გამოკვება, გამრავლება ან შენახვა ხდება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი სურსათის წარმოებისათვის, მათ შორის, ცხოველები, რომლებიც არ გამოიყენება ადამიანისათვის მიერ სურსათად მოხმარებისათვის, მაგრამ მიეკუთვნებიან იმ ჯიშს, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის გამოიყენება ქვეყანაში;
ი) არასასურსათო დანიშნულების ცხოველი – ნებისმიერი ცხოველი, რომლის გამოკვება, გამრავლება ან შენახვა ხდება, მაგრამ არ გამოიყენება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის, როგორიცაა: საბეწვე ცხოველები, შინაური ბინადარი ცხოველები და ლაბორატორიაში, ზოოპარკში ან ცირკში არსებული ცხოველები;
კ) საბეწვე ცხოველი – არასასურსათო დანიშნულების ნებისმიერი ცხოველი, რომლის გამოკვება, გამრავლება ან შენახვა ხდება ბეწვის საწარმოებლად და რომელიც არ გამოიყენება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის;
ლ) ცხოველის კომბინირებული საკვები – ცხოველის საკვების მასალის არანაკლებ ორი შენარევი (მიუხედავად მასში ცხოველის საკვები დანამატების შემცველობისა), რომელიც გამოიყენება ცხოველის ორალურ კვებაში სრულყოფილი (დაბალანსებული) ან დამატებითი საკვების სახით;
მ) სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვები – ცხოველის კომბინირებული საკვები, რომელიც თავისი შემადგენლობით აკმაყოფილებს ცხოველის დღიურ რაციონს;
ნ) დამატებითი საკვები – ცხოველის კომბინირებული საკვები, რომელსაც გარკვეული ნივთიერებების მაღალი შემცველობა აქვს, მაგრამ მისი შემადგენლობის გამო დღიური რაციონისათვის საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენება სხვა საკვებთან ერთად;
ო) მინერალური საკვები – დამატებითი საკვები, რომელიც შეიცავს არანაკლებ 40% ნედლ ნაცარს;
პ) შენახვის მინიმალური ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც (შენახვის შესაბამის პირობებში) ეტიკეტირებაზე პასუხისმგებელი პირი გარანტიას იძლევა, რომ ცხოველის საკვები შეინარჩუნებს მის თვისებებს; შეიძლება მითითებულ იქნეს ცხოველის საკვების, როგორც მთლიანის, მხოლოდ ერთი შენახვის მინიმალური ვადა და ამგვარი ვადა განისაზღვრება მისი თითოეული კომპონენტის შენახვის მინიმალური ვადის საფუძველზე;
ჟ) პარტია ან ლოტი – ცხოველის საკვების განსაზღვრული რაოდენობა, რომელსაც შემდეგი საერთო მახასიათებლები აქვს: წარმოშობა, ნაირსახეობა, შეფუთვის სახე, შემფუთავი, გამომგზავნი ან ეტიკეტირება და წარმოების პროცესის შემთხვევაში – ერთიანი საწარმოო პარამეტრებით დამზადებული, ერთ საამქროში წარმოებული ერთეული ან ამგვარი ერთეულები, თუ ისინი იწარმოება უწყვეტად და ინახება ერთად;
რ) ეტიკეტირება – ნებისმერი სიტყვის, მონაცემის, სავაჭრო ნიშნის, საფირმო დასახელების, ბრენდის დასახელების, ილუსტრირებული (პიქტოგრამა) ელემენტის ან სიმბოლოს მინიჭება ცხოველის საკვებისათვის და აღნიშნული ინფორმაციის ცხოველის საკვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ისეთ საშუალებაზე განთავსება, როგორიცაა: შეფუთვა, კონტეინერი, შეტყობინება, ეტიკეტი, დოკუმენტი, რგოლი, საყელური ან ინტერნეტი (მათ შორის, სარეკლამო მიზნებისათვის);
ს) ეტიკეტი – ნებისმიერი იარლიყი, ბრენდი, ნიშანი, ილუსტრირებული (პიქტოგრამა) ან სხვა აღწერილობითი ელემენტი, რომელიც წერილობითი, ნაბეჭდი, ნახატი, ამოტვიფრული ან მიმაგრებული ფორმით წარმოდგენილია ცხოველის საკვების შეფუთვაზე ან კონტეინერზე;
ტ) ვეტერინარული პრეპარატი – ნებისმიერი ნივთიერება ან მათი კომბინაცია, რომელიც პასუხობს ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილს:
ტ.ა) ცხოველებში დაავადების სამკურნალო ან პრევენციის თვისებების მქონეა;
ტ.ბ) ცხოველებში გამოიყენება/ინიშნება ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენის, კორექტირების ან მოდიფიკაციისთვის ფარმაკოლოგიური, იმუნოლოგიური ან მეტაბოლური მოქმედების გამო;
ტ.გ) გამოიყენება ცხოველებში სამედიცინო დიაგნოზის დასასმელად;
ტ.დ) გამოიყენება ცხოველების ევთანაზიისთვის;
უ) აქტიური ნივთიერება (სუბსტანცია) – ნებისმიერი ნივთიერება (სუბსტანცია) ან მათი ნარევი, რომელიც გამიზნულია ვეტერინარული პრეპარატის წარმოებაში გამოსაყენებლად და გამოყენებისას ხდება ამ პროდუქტის აქტიური ინგრედიენტი;
ფ) იმუნოლოგიური ვეტერინარული პრეპარატი − ვეტერინარული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ცხოველებში აქტიური ან პასიური იმუნიტეტის გამომუშავების ან იმუნური მდგომარეობის განსაზღვრისათვის;
ქ) ანტიჰელმინთური საშუალება – ნივთიერება/სუბსტანცია, რომელიც კლავს ან აფერხებს პარაზიტების განვითარებას და გამოიყენება პარაზიტებით გამოწვეული ან გადაცემული ინფექციის, ინვაზიის ან დაავადების სამკურნალოდ ან პრევენციისთვის, მათ შორის, დამაფრთხობელი მოქმედების მქონე ნივთიერებები/სუბსტანციები;
ღ) ანტიბიოტიკი – ბაქტერიებზე პირდაპირი ზემოქმედების უნარის მქონე ნებისმიერი ნივთიერება/სუბსტანცია, რომელიც გამოიყენება ინფექციების ან ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ ან პრევენციისათვის;
ყ) ანტიმიკრობული საშუალებები – მიკროორგანიზმებზე პირდაპირი ზემოქმედების უნარის მქონე ნებისმიერი ნივთიერება/სუბსტანცია, მათ შორის ანტიბიოტიკები, ანტივირუსული, ანტიფუნგიციდური ან ანტიპროტოზოული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების ან ინფექციური დაავადების მკურნალობისთვის ან პრევენციისთვის;
შ) მეტაფილაქსია – ცხოველთა ჯგუფის ნაწილში კლინიკური დაავადების დიაგნოზის დადგენის შემდეგ ცხოველთა ჯგუფისთვის სამკურნალო საშუალების დანიშვნა, კლინიკურად დაავადებული ცხოველების მკურნალობისთვის და დაავადების გავრცელების კონტროლის მიზნით მათთან მჭიდრო კონტაქტში და რისკის ქვეშ მყოფ ცხოველებზე, რომლებიც შეიძლება უკვე იყოს სუბკლინიკურად ინფიცირებული;
ჩ) პროფილაქტიკა – დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე ცხოველის ან ცხოველთა ჯგუფისთვის სამკურნალო საშუალების დანიშვნა, დაავადების ან ინფექციის გაჩენის თავიდან ასაცილებლად;
ც) ლოდინის პერიოდი − პერიოდი ვეტერინარული პრეპარატის ბოლო დოზის მიღებასა და ამ ცხოველებიდან მიღებული სასურსათო პროდუქტების წარმოებას შორის, რომელიც გამოყენების ნორმალურ პირობებში აუცილებელია იმისათვის, რომ ასეთი სურსათი არ შეიცავდეს მომხმარებლისთვის საზიანო რაოდენობით ნარჩენს/ნაშთს;
ძ) ცხოველის სამკურნალო საკვები – ცხოველის საკვები, რომელიც მზად არის ცხოველების საკვებად პირდაპირ გამოყენებისთვის შემდგომი გადამუშავების გარეშე, და შედგება ერთი ან მეტი ვეტერინარული პრეპარატის ან შუალედური პროდუქტის ერთგვაროვანი ნარევისგან ცხოველის საკვებ მასალებთან ან კომბინირებულ საკვებთან ერთად;
წ) შუალედური პროდუქტი – ცხოველის საკვები, რომელიც არ არის მზად ცხოველების საკვებად პირდაპირი გამოყენებისთვის შემდგომი გადამუშავების გარეშე და შედგება ერთი ან მეტი ვეტერინარული პრეპარატის ჰომოგენური ნარევისგან საკვებ მასალებთან ან კომბინირებულ საკვებთან ერთად, რომელიც ექსკლუზიურად გამიზნულია ცხოველის სამკურნალო საკვების წარმოებაში გამოსაყენებლად;
ჭ) ცხოველის არამიზნობრივი საკვები – ცხოველის საკვები, სამკურნალო ან არასამკურნალო, რომელიც არ არის გამიზნული, რომ შეიცავდეს კონკრეტულ აქტიურ ნივთიერებას;
ხ) ჯვარედინი დაბინძურება – ცხოველის არამიზნობრივი საკვების დაბინძურება აქტიური ნივთიერებით, რომელიც წარმოიქმნება ობიექტის ან აღჭურვილობის წინა გამოყენების შედეგად;
ჯ) ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია უზრუნველყოს მის კონტროლს დაქვემდებარებული ცხოველის საკვებთან დაკავშირებული საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
ჰ) მობილური მიქსერი – ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი ცხოველის საკვების საწარმოთი, რომელსაც ცხოველის სამკურნალო საკვების საწარმოებლად გააჩნია სპეციალურად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალება;
ჰ1) ფერმის მიქსერი – ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი, რომელიც აწარმოებს ცხოველის სამკურნალო საკვებს ექსკლუზიურად მის ფერმაში გამოყენებისთვის;
ჰ2) ვეტერინარული რეცეპტი ცხოველის სამკურნალო საკვებისთვის – ცხოველის სამკურნალო საკვებისთვის ვეტერინარის მიერ გაცემული დოკუმენტი;
ჰ3) რეკლამა – ცხოველის სამკურნალო საკვებთან და შუალედურ პროდუქტებთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით წარდგენა, რათა ხელი შეუწყოს ცხოველის სამკურნალო საკვების რეცეპტის გამოწერას ან გამოყენებას, რომელიც მოიცავს აგრეთვე ნიმუშების მიწოდებას და სპონსორობას;
ჰ4) ცხოველის მომვლელი – ნებისმიერ ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მუდმივად ან დროებით პასუხისმგებელია ცხოველებზე.
2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ წესით სხვაგვარად არ არის დადგენილი.
წარმოება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბაზარზე განთავსე