1. ამ კოდექსის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს ენიჭებათ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ანტისოციალური ქცევა – საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური სტანდარტების დარღვევა;

ბ) ბრენდი –  სავაჭრო ნიშანი გამოსახული ან დაბეჭდილი ყუთზე, კოლოფსა და პაკეტზე, საქონლის, პროდუქტის განსაკუთრებული სახეობა ამ ნიშნით;

გ) გამართლებული ქმედება – საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კოდექსით დადგენილი წესების შეუსრულებლობის ისეთი შემთხვევა, როდესაც დაცული სიკეთე აღემატება კოდექსის დარღვევით გამოწვეულ ზიანს და გამოძახებით აუდიომომსახურების მიმწოდებელს შეუძლია კოდექსის დარღვევის რედაქციულად დასაბუთება;

დ) ეგზორციზმი – ლოცვის გამოყენება ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ, იმ პირებისგან სავარაუდო დემონური ძალების განდევნის მიზნით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის ფსიქიკური აშლილობა;

ე) პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის  ლეგიტიმური მოლოდინი – პირთა მოლოდინი, რომ მათ მოექცევიან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის აღიარებული და დადგენილი წესების და სტანდარტების შესაბამისად. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმური მოლოდინი არ განსხვავდება ინდივიდის სოციალური სტატუსის მიხედვით. კერძო პირებს შესაძლოა  ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მათი პირადი ცხოვრება დაცული იქნება საზოგადოებრივ ადგილებში. ადამიანი საზოგადოებაშიც ინარჩუნებს პირადი ცხოვრების უფლებას, თუმცა ნებისმიერმა ქცევამ შეიძლება გამოიწვიოს ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი;

ვ) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

ზ) კონტექსტი – ფაქტორების ერთობლიობა, როგორიცაა პროგრამის ან პროგრამების სერია, პროგრამის ან პროგრამის სერიის მონაკვეთი, რომლის საერთო შინაარსი საშუალებას იძლევა დაზუსტდეს ან/და დასრულდეს მასში შემავალი ცალკეული სიტყვების, გამოთქმების, მოვლენების და ა.შ. მნიშვნელობა;

თ) რედაქციული დასაბუთება – რედაქციის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა პროგრამის კატალოგში გამონაკლისის დაშვებაზე. გამონაკლისი დაიშვება პროგრამის შინაარსის სრულყოფილად წარმოსაჩენად ან/და კონტექსტის შესანარჩუნებლად;

ი) ნათესავი – დედა, მამა, შვილი, და, ძმა, მეურვე, ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი;

კ) ოკულტიზმი – რწმენა, რომ არსებობენ გარკვეული იდუმალი ან ზებუნებრივი ძალები, რომლებსაც შეუძლიათ დაუკავშირდნენ ადამიანებს მაგიის, ჯადოქრობის, ან მსგავსი საშუალებებით;

ლ) პარანორმალური მოვლენა – მოვლენა, რომელიც მეცნიერულად არ დასტურდება და  აქამდე მეცნიერებაში დაგროვილი ცოდნით არ აიხსნება;

მ) ბავშვებისთვის განკუთვნილი დრო – დროის პერიოდი, როდესაც ბავშვები ინტენსიურად  უყურებენ სატელევიზიო გადაცემებს მშობლის კონტროლის გარეშე;

ნ) საზოგადოებრივი ინტერესი – მაღალი აქტუალობის მქონე მნიშვნელოვანი საკითხების ან/და მოვლენების მიმართ საჯარო ინტერესი (არა კონკრეტული პირის ცნობისმოყვარეობა), რომელიც უკავშირდება საზოგადოების ფართო წრეს ან კონკრეტულ სოციალურ ჯგუფსა და საერთო ინტერესის სფეროს, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის რეალიზებასთან.

2. ტერმინები, რომლებიც არ არის განმარტებული ამ მუხლით, განიმარტება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ტერმინთა განმარტების შესაბამისა