1. არჩევნების პროცესზე შესაძლებელია დაკვირვება განხორციელდეს შემდეგი პირებს მიერ:
ა) კანდიდატის დამკვირვებლები;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებელი;
გ) დამოუკიდებელი დამკვირვებლები;
დ) კოორდინატორი.
2. თითოეულ კანდიდატს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი.
3. დამკვირვებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი.
4. დამკვირვებელს უფლება აქვს:
ა) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს საარჩევნო ტერიტორიაზე, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;
ბ) მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;
გ) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენების გაცემას და დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელშეუშლელად;
დ) დაესწროს ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;
ე) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;
ვ) საჩივრით მიმართოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ დარღვევებზე;
ზ) გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება კოორდინატორთან, სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში ან სასამართლოში, ხოლო კოორდინატორის გადაწყვეტილება და ქმედება – სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში;
თ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;
ი) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.
5. დამკვირვებელს ეკრძალება:
ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
დ) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;
ე) დაარღვიოს ამ დებულების სხვა მოთხოვნები.
6. დამკვირვებელთა რეგისტრაციას ახორციელებს საარჩევნო კომისია კანდიდატთა რეგისტრაციასთან ერთად ამ დებულების მე-16 მუხლით დადგენილი წესით.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესი არ შეეხება სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებლებს. სამინისტროს/შესაბამის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებელთა კანდიდატურების რეგისტრაციას ახორციელებს სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო და მათ ნუსხას წარუდგენს კოორდინატორებს. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებლებზე სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო გასცემს შესაბამის მოწმობებს.
თავი II
მოსამზადებელი ეტაპ