1. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, აგრეთვე მათთან გათანაბრებული შემდეგი პირები:
ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში;
ბ) სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში;
გ) ოფიცრები, მათ შორის სამხედრო პროკურატურის, ყოფილი სამხედრო ტრიბუნალის, სამხედრო სასამართლოს ოფიცრები, ზევადიანი, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, შინაგან, სასაზღვრო, სარკინიგზო, სამთავრობო კავშირგაბმულობის, სამოქალაქო თავდაცვის, სამხედრო-
სამშენებლო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების, საგარეო დაზვერვის, სამხედრო იუსტიციის ორგანოებში, სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ-სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და მათი ოჯახების წევრები, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით;
დ) რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალი მოკავშირე რესპუბლიკების, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით);
ე) პარტიზანები, მოხალისეები, პარტიზანული და მოხალისეთა რაზმების მეთაურები, რომელთა თანამდებობები შეესაბამებოდა ოფიცერთა თანამდებობებს;
ვ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო სამსახურებიდან დათხოვნილი პენსიონერები, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.
2. კომპენსაციის დანიშვნის პირობები:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ, თუ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი;
ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და მეტი კალენდარული წელი;
გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991 დან 1995 წლამდე და დათხოვნილნი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და მეტი კალენდარული წელი;
დ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ სამხედრო ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი.
3. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან ფინანსური პოლიციიდან დათხოვნილი პირები, თუ მათ გააჩნიათ წელთა ნამსახურობის 20 და მეტი კალენდარული წელი (მათ შორის 4 წელი მაინც ფინანსურ პოლიციაში).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის პირველ და მე-3 პუნქტებში ჩამოთვლილ პირებს, დადგენილი წელთა ნამსახურობის გამო, კომპენსაცია განესაზღვრებათ შემდეგი ოდენობებით:
ა) 55 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 0.75% ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე;
ბ) 55-დან 60 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 1%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე;
გ) 60-დან 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 1.25%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე;
დ) 65 წლის ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – დათხოვნის მომენტისათვის მისი ხელფასის 1.5%-ის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე.
5. პირს შეუძლია აირჩიოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა-დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კომპენსაციის დანიშვნის უფლება. აღნიშნული არჩევანი შემდგომ გადასინჯვას არ ექვემდებარება
სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2025
მუხლი 7. კომპენსაცია ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო
თავი IV — კომპენსაცია/სტიპენდია ნამსახურობის ვადის ამოწურვის ან ასაკის მიღწევის გამო
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 0.75%
- განაკვეთი 1%
- განაკვეთი 1.25%
- განაკვეთი 1.5%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
- მუხლი 2. კომპენსაციის/სტიპენდიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
- მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. კომპენსაციის/სტიპენდიის დანიშვნის ძირითადი საფუძვლები
- მუხლი 5. კომპენსაციის/სტიპენდიის მიღების უფლება
- მუხლი 6. კომპენსაციის/სტიპენდიის მაქსიმალური ოდენობა
- მუხლი 7. კომპენსაცია ასაკის მიღწევის გამო
- მუხლი 8. სტიპენდია ასაკის მიღწევის გამო
- მუხლი 9. კომპენსაციის დანიშვნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო
- მუხლი 10. კომპენსაცია მარჩენალის გარდაცვალების გამო
- მუხლი 11. კომპენსაცია ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე და მასთან გათანაბრებული მუშაკის გარდაცვალების გამო
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 7, №46/ნ, 10.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.070.010.22.035.008.155 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63028/muxli-7-2/