1. მომსახურების შეზღუდვა ხორციელდება ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, მომსახურების მიმწოდებელი პირის მიერ უშუალოდ ან ამ უკანასკნელის მიერ მომსახურების სხვა მიმწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული წესით.
2. მომსახურების შეზღუდვის ფორმები დგინდება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით და შეიძლება ითვალისწინებდეს:
ა) საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და მობილური კავშირის შეზღუდვას:
ბ) შემომავალი ზარის შეზღუდვას;
გ) გამავალი ზარის შეზღუდვას;
დ) შეზღუდვის სხვა ფორმებს.
3. მომსახურების მიმწოდებელმა უნდა გამოიყენოს მომსახურების შეზღუდვის ერთ-ერთი ისეთი ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, დარღვევის აღმოფხვრას, ხოლო, მეორე მხრივ, უსაფუძვლოდ არ შეზღუდავს მომხმარებლის ინტერესს ისარგებლოს მომსახურების სხვა სახეებით.
4. მომსახურების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) მომხმარებლის მიერ სავალდებულო დეპოზიტის გადაუხდელობა;
ბ) წუთობრივი მომსახურების საფასურის გადაუხდელობა;
გ) სააბონენტო გადასახდელის გადაუხდელობა;
დ) მომსახურების მიმწოდებლის მოწყობილობის დაზიანება;
ე) მომხმარებლის მიერ ტექნიკური მოწყობილობის დემარკაციის წერტილთან მომსახურების მიმწოდებლის წარმომადგენლის დაუშვებლობა.
5. მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების შეზღუდვა დაიშვება მომხმარებლის წინასწარი შეტყობინებიდან არა უადრეს 3 დღისა, სამუშაო დღის წინა სამუშაო დღეს.
6. მომსახურების მიმწოდებელს შეუძლია მომხმარებელს შეუზღუდოს მომსახურება წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თუ მომხმარებელი არ ასრულებს განვადების შესახებ ხელშეკრულების პირობებს, რაც უნდა აისახოს განვადების ხელშეკრულებაში.
7. მომსახურების მიმწოდებლის მიერ შეზღუდული მომსახურების აღდგენა ხდება შეზღუდვის მიზეზების აღმოფხვრიდან არა უგვიანეს მეორე დღის დასრულებამდე