განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახიფათო ტვირთი – სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაციის (RID) 3.2 თავით და რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის 1951 წლის 1 ნოემბრის „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების (СМГС) მე-2 დანართით განსაზღვრული ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც კლასიფიცირებულია საშიშროების ტიპის მიხედვით და რომელთა გადაზიდვა აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით;
ბ) სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაცია (RID) (შემდგომ – RID) – „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართი − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაცია;
გ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო;
დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური;
ე) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ვ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვა – სახიფათო ტვირთისათვის ადგილმდებარეობის შეცვლა, გაჩერებების ჩათვლით, რაც აუცილებელია სატრანსპორტო პირობების შესაბამისად და მოიცავს სახიფათო ტვირთის ვაგონებში, ცისტერნებსა და კონტეინერებში ყოფნის პერიოდს, რისი აუცილებლობაც განპირობებულია გადაზიდვის პირობებით ადგილმდებარეობის შეცვლამდე, შეცვლის დროსა და მის შემდეგ. ეს განმარტება ასევე მოიცავს სახიფათო ტვირთის შუალედურ, დროებით დასაწყობებას, სატრანსპორტო საშუალებების სახეობის ან საშუალებების შეცვლის მიზნით (გადატვირთვა);
ზ) გაერთიანებული ერების ნომერი (UN) – ნივთიერების ან ნაკეთობის ოთხციფრა კოდი, რომელიც აღებულია გაეროს მოდალური რეგულაციებიდან;
თ) მომეტებული საფრთხის ტვირთები – ტვირთები, რომლებიც შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული ტერორისტულ აქტებში და, შესაბამისად, გამოიწვიოს ისეთი მძიმე შედეგები, როგორიცაა მრავალრიცხოვანი ადამიანური დანაკარგი, მასობრივი ნგრევა ან, მე-7 კლასის ტვირთების შემთხვევაში, მასობრივი სოციალურ-ეკონომიკური რყევები. მომეტებული საფრთხის ტვირთების ჩამონათვალი მოცემულია ამ წესის V დანართში.
ი) სატვირთო სადგური/ეზო – სადგური, რომელსაც გააჩნია ლიანდაგები ან ლიანდაგთა ჯგუფები (პარკები), სადაც შესაძლებელია განხორციელდეს სახიფათო ტვირთით დატვირთული სატვირთო მატარებლების მიღება, გასაგზავნად მომზადება ან ვაგონების დახარისხება დანიშნულებების მიხედვით ახალი მატარებლის ფორმირებისა და გაგზავნის მიზნით, აგრეთვე მისასვლელი ლიანდაგი, სადაც ხდება სახიფათო ტვირთით დატვირთული ვაგონების მიღება ან/და გაგზავნა.
კ) ნარინჯისფერი ტაბლო – საინფორმაციო ტაბლო, რომლის ზედა ნახევარში გამოსახულია ნივთიერებებისა და ნაკეთობების საშიშროების საიდენტიფიკაციო ნომერი, ხოლო ქვედა ნახევარში გაეროს ნომერი და რომელიც გამოიყენება სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას სატრანსპორტო საშუალებებზე ამ ინფორმაციის ვიზუალური მინიშნების მიზნით;
ლ) შეფუთვა – შეფუთვის ოპერაციის დასრულებული პროდუქტი, რომელიც შედგება გადაზიდვისთვის მომზადებული ტარისგან, მსხვილგაბარიტიანი ტარისგან ან ნაყარი ტვირთის საშუალო ტვირთამწეობის კონტეინერისა და მისი შიგთავსისგან. აღნიშნული ტერმინი ვრცელდება მოცემული პუნქტისთვის განსაზღვრული აირების შესანახ ჭურჭლებზე, ასევე ნაკეთობებზე, რომლებიც, მათი ზომიდან, მასიდან ან კონფიგურაციიდან გამომდინარე, შეიძლება გადაზიდულ იქნეს შეუფუთავი სახით ან ჩარჩოებში, გისოსებსა თუ ტვირთის დასამუშავებელ მოწყობილობებში. რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვის გარდა, აღნიშნული ტერმინი არ ვრცელდება იმ ტვირთებზე, რომელთა გადაზიდვაც ხორციელდება ნაყარი ტვირთის სახით, ასევე ცისტერნებით გადაზიდულ ნივთიერებებზე;
მ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილეები – მონაწილე პირები – სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მთავარი მონაწილეები და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სხვა მონაწილეები, რომლებიც ჩართულნი არიან სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში;
ნ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მთავარი მონაწილეები – ტვირთგამგზავნი, გადამზიდველი და ტვირთმიმღები;
ო) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სხვა მონაწილეები – სახიფათო ტვირთის მტვირთავი, შემფუთავი, შემვსები, კონტეინერ-ცისტერნის/გადასატანი ცისტერნის ოპერატორი, ვაგონ-ცისტერნის ოპერატორი, ინფრასტრუქტურის მენეჯერი, გადმომტვირთავი და ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი, ასევე ექსპედიტორი და საწყობის ოპერატორი;
პ) ტვირთგამგზავნი – პირი, რომლის მიერ ან რომლის სახელით იდება ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულება;
ჟ) გადამზიდველი – გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე სატრანსპორტო ოპერაციების განმახორციელებელი პირი;
რ) ტვირთმიმღები – ტვირთის მიმღები გადაზიდვის ხელშეკრულების თანახმად. იმ შემთხვევაში, თუ ტვირთმიმღები გამოყოფს მესამე პირს გადაზიდვის ხელშეკრულების პირობების თანახმად, ასეთი პირი ჩაითვლება ტვირთმიმღებად RID-ით განსაზღვრული მნიშვნელობით;
ს) ექსპედიტორი – ნებისმიერი პირი, რომელიც შემკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯით ახორციელებს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მომსახურებას;
ტ) მტვირთავი – ნებისმიერი პირი, რომელიც:
ტ.ა) ახორციელებს შეფუთული სახიფათო ტვირთის, პატარა კონტეინერების, ან გადასატანი ცისტერნების დატვირთვას ვაგონზე ან კონტეინერზე; ან
ტ.ბ) ახორციელებს კონტეინერის, ნაყარი ტვირთის კონტეინერის, MEGC-ს, ცისტერნა-კონტეინერის, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების დატვირთვას ვაგონზე;
უ) შემფუთავი – ნებისმიერი პირი, რომელიც უზრუნველყოფს სახიფათო ტვირთების მოთავსებას ტარაში, მათ შორის, მსხვილგაბარიტიან ტარასა და ნაყარი ტვირთის საშუალო ტვირთამწეობის კონტეინერებში და, საჭიროების შემთხვევაში, მოამზადებს შეფუთვებს გადასაზიდად;
ფ) შემვსები – ნებისმიერი პირი, რომელიც უზრუნველყოფს სახიფათო ტვირთების დატვირთვას ცისტერნაში (ვაგონ-ცისტერნაში, მოსახსნელ ცისტერნაში, გადასატან ცისტერნასა თუ კონტეინერ-ცისტერნაში) და/ან ვაგონში, ნაყარი ტვირთის გადაზიდვისთვის განკუთვნილ დიდ თუ მცირე მოცულობის კონტეინერში, ან ვაგონ-ბატარეასა თუ მრავალელემენტიან აირის კონტეინერში;
ქ) კონტეინერ-ცისტერნის ან გადასატანი ცისტერნის ოპერატორი – ნებისმიერი პირი, რომლის სახელითაც ხორციელდება კონტეინერ-ცისტერნის ან გადასატანი ცისტერნის ფუნქციონირება;
ღ) ვაგონ-ცისტერნის ოპერატორი – ნებისმიერი პირი, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია ვაგონ-ცისტერნა ან დამტკიცებულია გადაზიდვისთვის;
ყ) ინფრასტრუქტურის მენეჯერი − იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მართვისა და მოვლა-შენახვისთვის, მათ შორის, მოძრაობის მართვისთვის, აგრეთვე სიგნალიზაციის, მემანქანის მართვისა და კონტროლის სისტემებზე, სარკინიგზო ქსელზე ან მის ნაწილზე. ინფრასტრუქტურის მენეჯერის ფუნქციები შეიძლება სხვა პირს გადაეცეს;
შ) გადმომტვირთავი – პირი, რომელიც:
შ.ა) უზრუნველყოფს კონტეინერის, ნაყარი ტვირთის კონტეინერის, მრავალელემენტიანი აირის კონტეინერის, კონტეინერ-ცისტერნის, გადასატანი კონტეინერის ან საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების გადმოღებას ვაგონიდან;
შ.ბ) გადმოტვირთავს შეფუთულ სახიფათო ტვირთს, პატარა კონტეინერებს, ან გადასატან ცისტერნებს ვაგონიდან ან კონტეინერიდან;
შ.გ) ახორციელებს სახიფათო ტვირთის გადმოტვირთვას ვაგონ-ცისტერნიდან, მოსახსნელი ცისტერნიდან, გადასატანი ცისტერნიდან ან კონტეინერ-ცისტერნიდან ან ვაგონ-ბატარეადან ან მრავალელემენტიანი აირის კონტეინერიდან ან ვაგონიდან, დიდი კონტეინერიდან ან პატარა კონტეინერიდან დიდი მოცულობის ტვირთის ან ნაყარი ტვირთის კონტეინერით გადაზიდვისთვის.
ჩ) ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი – პირი, რომელიც პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალების მოვლა-შენახვაზე, შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე;
ც) ვაგონი – სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ წარმოადგენს თვითმავალ საშუალებას, გამიზნულია ტვირთის გადასაზიდად და აღჭურვილია მატარებელში ჩასართავად საჭირო ყველა საშუალებით;
ძ) ვაგონი-ბატარეები – ვაგონი, რომელიც შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომლებიც ერთმანეთთან კოლექტორით არის დაკავშირებული და სტაციონარულად ვაგონზეა მიმაგრებული. შემდეგი ნაწილები განიხილება, როგორც ვაგონ-ბატარეის ნაწილები: ბალონები, მილები, ბალონის შეკვრები (ცნობილი ასევე, როგორც ჩარჩოები), წნევის დოლურები, ასევე, ცისტერნები, რომელიც გამიზნულია აირების გადასაზიდად;
წ) კონტეინერი – სატრანსპორტო მოწყობილობის საგანი (ასაწევი ნაკეთობა ან სხვა მსგავსი კონსტრუქცია):
წ.ა) რომელსაც გააჩნია მდგრადი კონსტრუქცია და შესაბამისად საკმაოდ მძლავრია იმისათვის, რომ უზრუნველყოს მისი მრავალჯერადი გამოყენება;
წ.ბ) სპეციალურად არის კონსტრუირებული იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ტვირთების გადაზიდვას ერთი ან რამდენიმე სახეობის სატრანსპორტო საშუალებით, ტვირთის დაზიანების გარეშე;
წ.გ) აღჭურვილია იმ დანადგარებით, რომლებიც იძლევა მისი დაწყობისა და დამუშავების შესაძლებლობას განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მის გადატვირთვას ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე;
წ.დ) დაპროექტებულია იმ სახით, რომ შესაძლებელი იყოს მისი ადვილად შევსება და დაცლა;
წ.ე) გააჩნია არანაკლებ 1 მ3 შიდა მოცულობა, გარდა იმ კონტეინერებისა, რომლებიც გათვალისწინებულია რადიოაქტიური მასალების გადასაზიდად.
ჭ) ნაყარი ტვირთის კონტეინერი – ნიშნავს შესანახ სისტემას (ნებისმიერი შუასადებისა თუ საფარის ჩათვლით), რომელიც გათვალისწინებულია შესანახ სისტემასთან უშუალო კონტაქტში მყოფი მყარი ნივთიერებების გადასაზიდად. აღნიშნულში არ იგულისხმება ტარა, ნაყარი ტვირთის საშუალო ტვირთამწეობის კონტეინერები (IBCs), მსხვილგაბარიტიანი ტარა და ცისტერნები. ნაყარი ტვირთის კონტეინერს:
ჭ.ა) გააჩნია მდგრადი ხასიათი და შესაბამისად საკმარისი სიმძლავრე მრავალჯერადი გამოყენების უზრუნველსაყოფად;
ჭ.ბ) არის საგანგებოდ კონსტრუირებული ტვირთების შუალედური გადმოტვირთვის გარეშე ერთი ან რამდენიმე სახეობის სატრანსპორტო საშუალებით ტვირთების გადაზიდვის გაადვილების მიზნით;
ჭ.გ) აღჭურვილია იმ მოწყობილობებით, რომლებიც უზრუნველყოფს მათი დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებს;
ჭ.დ) გააჩნია არანაკლებ 1.0 მ3 მოცულობა.
ხ) ნაყარი ტვირთის საშუალო ტვირთამწეობის კონტეინერი (შემდგომ – IBC) – მყარი ან დრეკადი გადასატანი ტარა:
ხ.ა) რომელსაც გააჩნია შემდეგი მოცულობა:
ხ.ა.ა) არაუმეტეს 3მ3 ამ წესის I დანართით გათვალისწინებული II და III შეფუთვის ჯგუფებით განსაზღვრული მყარი და თხევადი ნივთიერებების შემთხვევაში;
ხ.ა.ბ) არაუმეტეს 1.5მ3 ამ წესის I დანართით გათვალისწინებული I შეფუთვის ჯგუფის მყარ ნივთიერებებთან დაკავშირებით, როდესაც გამოყენებულია დრეკადი, მყარი პლასტმასის, შედგენილი, ბოჭკოვანი მუყაოსა თუ ხის IBC-ები;
ხ.ა.გ) არაუმეტეს 3მ3 ამ წესის I დანართით გათვალისწინებული I შეფუთვის ჯგუფის მყარ ნივთიერებებთან დაკავშირებით, როდესაც გამოყენებულია ლითონის IBC-ები;
ხ.ა.დ) არაუმეტეს 3მ3 მე-7 კლასით გათვალისწინებულ რადიოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით;
ხ.ბ) რომელიც გათვალისწინებულია მექანიკური დამუშავებისთვის;
ხ.გ) რომელიც მედეგია დატვირთვა-გადმოტვირთვისა და ტრანსპორტირების ოპერაციების დროს წარმოდგენილი დატვირთვების მიმართ.
ჯ) პატარა კონტეინერი – კონტეინერი, რომლის შიდა მოცულობა არაუმეტეს 3 მ3-ია;
ჰ) დიდი კონტეინერი – გულისხმობს:
ჰ.ა) კონტეინერს, რომელიც არ შეესაბამება პატარა კონტეინერის განმარტებას;
ჰ.ბ) იმ ზომის კონტეინერს, რომლის გარე ოთხივე ქვედა კუთხეებს შორის ფართობი არის:
ჰ.ბ.ა) არანაკლებ 14 მ2; ან
ჰ.ბ.ბ) არანაკლებ 7 მ2, თუ დამაგრებულია ზედა კუთხის მოწყობილობებით.
ჰ1) მრავალელემენტიანი აირის კონტეინერი (შემდგომ – MEGC) – ნიშნავს იმ ელემენტების შემცველ კონტეინერს, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება კოლექტორით და აღმართულია ჩარჩო კონსტრუქციაზე. შემდეგი ელემენტები განიხილება მრავალელემენტიანი აირის კონტეინერის შემადგენელ ელემენტებად: ბალონები, მილები, წნევის დოლურები და ბალონების შეკვრები, ასევე აირების გადასატანი ცისტერნები, რომლებსაც გააჩნია 450 ლიტრზე მეტი ტევადობა;
ჰ2) მსხვილგაბარიტიანი ტარა – ტარა, რომელიც შედგება ნაკეთობებისა თუ შიდა ტარის შემცველი გარე ტარისგან და რომელიც:
ჰ2.ა) გათვალისწინებულია მექანიკური დამუშავებისთვის;
ჰ2.ბ) აღემატება 400 კგ სუფთა მასას ან 450 ლიტრ ტევადობას, თუმცა მისი მოცულობა არ აჭარბებს 3 მ3-ს.
ჰ3) ცისტერნა – კორპუსი, მისი საექსპლუატაციო და კონსტრუქციული აღჭურვილობის ჩათვლით. დამოუკიდებლად გამოყენების შემთხვევაში, ტერმინი „ცისტერნა“ გულისხმობს კონტეინერ-ცისტერნას, გადასატან ცისტერნას, ვაგონ-ცისტერნას და მოსახსნელ ცისტერნას, როგორც ეს განმარტებულია ამ მუხლში, იმ ცისტერნების ჩათვლით, რომლებიც წარმოადგენენ ვაგონ-ბატარეების ან მრავალელემენტიანი აირის კონტეინერის შემადგენელ ნაწილებს;
ჰ4) ვაგონი-ცისტერნა – ვაგონი, რომელიც გამიზნულია სითხეების, აირების, ფხვიერი ან გრანულირებული ნივთიერებების გადაზიდვისთვის, რომელიც შედგება ერთი ან მეტი ქვაბისგან და მათი მოწყობილობებისგან, ასევე ვაგონის ჩარჩოსგან, რომელზეც მორგებულია მისივე აღჭურვილობები;
ჰ5) კონტეინერ-ცისტერნა – სატრანსპორტო აღჭურვილობის ნაკეთობა, რომელსაც მოიცავს ტერმინის – „კონტეინერი“ – განმარტება და შედგება კორპუსისა და აღჭურვილობის ელემენტებისგან იმ აღჭურვილობის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს კონტეინერი -ცისტერნის გადაადგილების შესაძლებლობას მისი მდგომარეობის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე, გამოიყენება აირების, სითხის, ფხვიერი თუ გრანულირებული ნივთიერებების გადასაზიდად, ხოლო აირების გადაზიდვისთვის გამოყენების შემთხვევაში, გააჩნია 0.45 მ3 -ზე (450 ლიტრზე) მეტი ტევადობა;
ჰ6) განსაკუთრებით დიდი ტევადობის კონტეინერ-ცისტერნა – კონტეინერ-ცისტერნა, რომლის შიდა მოცულობა აღემატება 40 000 ლიტრს;
ჰ7) გადასატანი ცისტერნა – 450 ლიტრზე მეტი ტევადობის, კომბინირებული გადაზიდვისათვის განკუთვნილი ცისტერნა, რომელიც გამოიყენება აირების გადასაზიდად. შესაძლებელი უნდა იყოს მისი დატვირთვა და გადმოტვირთვა ავსებულ მდგომარეობაში, კონსტრუქციული მოწყობილობების მოხსნის გარეშე;
ჰ8) მოსახსნელი ცისტერნა – ცისტერნა, რომელიც დაპროექტებულია ვაგონის სპეციალურ მოწყობილობაზე მოსარგებად, მაგრამ რომელიც შეიძლება მოიხსნას მხოლოდ მისი მიმაგრების საშუალებების დემონტაჟით.
2. რადიოაქტიური მასალის გადაზიდვის შემთხვევებზე ვრცელდება „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინებ