1. ეს მუხლი განსაზღვრავს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სხვა მონაწილეების ვალდებულებებს. ამ მუხლით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სხვა მონაწილეების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, ხოლო მათი ვალდებულებები გამომდინარეობს ამ წესის მე-7 მუხლიდან, იმდენად, რამდენადაც მათ იციან ან უნდა სცოდნოდათ, რომ მათი საქმიანობა ექვემდებარება ამ წესისა და RID-ის მოთხოვნებს.
2. მე-7 კლასის (რადიოაქტიური მასალა) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვაზე, სხვა მონაწილეებზე ვრცელდება „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილებითა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები.
3. მტვირთავი ვალდებულია:
ა) გადასცეს სახიფათო ტვირთი გადამზიდველს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ნებადართულია გადაზიდვისთვის RID-ის შესაბამისად;
ბ) შეფუთული სახიფათო ტვირთის ან გაუწმენდავი, ცარიელი შეფუთვების გადასაზიდად გადაცემამდე შეამოწმოს არის თუ არა შეფუთვა დაზიანებული. იგი ვალდებულია არ გადასცეს ისეთი შეფუთული პაკეტი, რომელიც დაზიანებულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაკეტი წყალგაუმტარი არ არის და სახეზეა სახიფათო ნივთიერების გაჟონვა ან მისი გაჟონვის ალბათობა მანამ, სანამ ასეთი დაზიანება არ აღმოიფხვრება. ეს ვალდებულება ვრცელდება ასევე გაუწმენდავი, ცარიელი შეფუთვების მიმართ;
გ) შეასრულოს დატვირთვასთან და ტვირთის დამუშავებასთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები RID-ის შესაბამისად;
დ) როდესაც უშუალოდ გადასცემს ტვირთს გადაზიდვისთვის, შეასრულოს ამ წესის IV თავითა და RID-ის 5.3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნები საშიშროების ნიშნების, მარკირების და ნარინჯისფერი ტაბლოების ვაგონზე ან დიდ კონტეინერზე განთავსებასთან დაკავშირებით;
ე) დატვირთვისას ვალდებულია გაითვალისწინოს მოთხოვნები სახიფათო ტვირთისგან კვების პროდუქტების, სხვა მოხმარების საგნების და ცხოველების საკვების განცალკევებასთან დაკავშირებით.
შენიშვნა: მტვირთავს შეუძლია დაეყრდნოს სხვა მონაწილე პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს ამ პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებთან დაკავშირებით.
4. შემფუთავი ვალდებულია:
ა) შეასრულოს შეფუთვისა და შერეული შეფუთვის პირობები, RID-ის შესაბამისად;
ბ) შეფუთვის გადაზიდვისთვის მომზადების დროს დაიცვას შეფუთვების მარკირების RID-ით გათვალისწინებული მოთხოვნები.
5. შემვსები ვალდებულია:
ა) ცისტერნების შევსებამდე დარწმუნდეს, რომ ცისტერნა და მისი აღჭურვილობა ტექნიკურად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია;
ბ) დარწმუნდეს, რომ ცისტერნის ტექნიკური ინსპექტირების ვადა არ არის ვადაგადაცილებული;
გ) შეავსოს ცისტერნები მხოლოდ იმ სახიფათო ტვირთით, რომელიც ასეთი ცისტერნებით გადაზიდვისთვის დაშვებულია;
დ) ცისტერნის შევსებისას დაემორჩილოს მომიჯნავე განყოფილებაში განთავსებული სახიფათო ტვირთის შესახებ მოთხოვნებს;
ე) ცისტერნის შევსებისას გაითვალისწინოს შევსების ნებადართული ხარისხი ან შიგთავსის ნებადართული მასა ტევადობის თითო ლიტრის მიხედვით იმ ნივთიერებისთვის, რომლითაც ხდება შევსება;
ვ) ცისტერნის შევსების შემდეგ, დარწმუნდეს, რომ ყველა საკეტი არის დაკეტილი და ადგილი არ აქვს გაჟონვას;
ზ) დარწმუნდეს, რომ შევსებული ნივთიერების ნარჩენი არ დარჩეს იმ ცისტერნაზე გარედან, რომელსაც შეავსებს;
თ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისთვის მომზადების დროს, დარწმუნდეს, რომ ყველა ნიშანი, მარკირების ნიშანი და ნარინჯისფერი ტაბლოები, ასევე სამანევრო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ნიშნები მიმაგრებულია ცისტერნებზე, ვაგონებზე და კონტეინერებზე RID-ის 5.3 თავის მიხედვით;
ი) ვაგონ-ცისტერნების თხევადი აირით შევსებამდე და შევსების შემდგომ შეასრულოს აღნიშნულის მიმართ გამოყენებადი, განსაკუთრებული შემოწმების მოთხოვნები;
კ) ვაგონების ან კონტეინერების ნაყარი სახიფათო ტვირთით შევსებისას, დარწმუნდეს, რომ RID-ის 7.3 თავის შესაბამისი პირობები დაცულია.
6. კონტეინერ-ცისტერნის/გადასატანი ცისტერნის ოპერატორი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს წარმოების, აღჭურვილობის, ინსპექტირების/ტესტირების და მარკირების არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
ბ) უზრუნველყოს, რომ კორპუსის ტექნიკური მომსახურება და მათი აღჭურვა იმგვარად იყოს განხორციელებული, რომ ნორმალური ოპერირების პირობებში ცისტერნა-კონტეინერი/გადასატანი ცისტერნა შემდგომ ინსპექტირებამდე აკმაყოფილებდეს RID-ის მოთხოვნებს;
გ) განახორციელოს დამატებითი შემოწმება, როდესაც ცისტერნის კორპუსის ან მისი აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა გაუარესდება შეკეთებისას, შეცვლისას ან სარკინიგზო შემთხვევის შედეგად.
7. ვაგონ-ცისტერნის ოპერატორი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს, ვაგონ-ცისტერნის წარმოების, აღჭურვილობის, ინსპექტირების/ტესტირების და მარკირების არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
ბ) განახორციელოს დამატებითი შემოწმება, როდესაც ცისტერნის კორპუსის ან მისი აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს შეკეთებისას, შეცვლისას ან სარკინიგზო შემთხვევის შედეგად;
გ) აღრიცხოს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები და აწარმოოს შესაბამისი ჩანაწერები;
დ) ცისტერნასა და მის აღჭურვილობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელ პირს.
8. რკინიგზის ინფრასტრუქტურის მენეჯერი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს, რომ სადგურებში, სადაც ხდება ტვირთების დახარისხება, საგანგებო მართვის გეგმები მომზადებულია RID-ის 1.11 თავის შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს, რომ გადაზიდვისას მას აქვს სწრაფი და შეუზღუდავი წვდომა შემდეგ ინფორმაციაზე:
ბ.ა) მოძრავი შემადგენლობა თითოეული ვაგონის ნომრის ან ვაგონის ტიპის მითითებით, თუ ვაგონის ნომერი აღნიშნულს არ მოიცავს;
ბ.ბ) სახიფათო ტვირთის გაეროს ნომრები, რომლებიც გადაიზიდება თითოეულ ვაგონზე ან ვაგონით, იმდენად, რამდენადაც სავალდებულოა მათი ტრანსპორტირების დოკუმენტში ასახვა, ან თუ სახიფათო ტვირთი RID-ის 3.4. თავის შესაბამისად შეფუთულია შეზღუდულ რაოდენობებად, ინფორმაცია მათი არსებობის შესახებ, როდესაც RID-ის 3.4 თავის თანახმად ვაგონის ან დიდი კონტეინერის მარკირება სავალდებულოა;
ბ.გ) თითოეული ვაგონის მდებარეობა მოძრავ შემადგენლობაში (ვაგონების წყობა).
9. გადმომტვირთავი ვალდებულია:
ა) საჭირო ინფორმაციის სატრანსპორტო დოკუმენტაციაში მითითებული შესაბამისი ინფორმაცია შეადაროს ინფორმაციას, რომელიც მოცემულია შეფუთვაზე, კონტეინერზე, ცისტერნაზე, MEGC-ზე ან ვაგონზე, რათა დაადგინოს, გადმოტვირთული სახიფათო ტვირთის მასთან შესაბამისობა;
ბ) გადმოტვირთამდე ან მის გადმოტვირთვის დროს, შეამოწმოს არის თუ არა შეფუთვა, ცისტერნა, ვაგონი ან კონტეინერი დაზიანებული იმ მასშტაბით რომ ეს ხელს შეუშლის გადმოტვირთვის პროცესს. თუ ასეთი შემთხვევა სახეზეა, შეაჩეროს გადმოტვირთვის პროცესი სათანადო ზომების მიღებამდე;
გ) დაემორჩილოს RID-ის ყველა მოთხოვნებს, რომლებიც შეეხება გადმოტვირთვასა და ტვირთის დამუშავებას;
დ) ცისტერნის, ვაგონის ან კონტეინერის გადმოტვირთვის შემდგომ დაუყოვნებლივ:
დ.ა) მოაშოროს გარედან არსებული ნარჩენები;
დ.ბ) უზრუნველყოს სარქველების დაკეტვა და გასახსნელი ადგილების შემოწმება.
ე) უზრუნველყოს, ვაგონებისა და კონტეინერების წმენდა და დეკონტამინაცია, რომელიც უნდა განხორციელდეს „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) უზრუნველყოს, რომ ვაგონები და კონტეინერები სრული გადმოტვირთვის, წმენდის, დეგაზირებისა და დეკონტამინაციის შემდეგ აღარ ატარებენ ნიშნებსა და ნარინჯისფერ ტაბლოებს, რომლებიც მათზე გამოსახული იყო RID-ის 5.3 თავის მიხედვით;
ზ) თუ გადმომტვირთავი სარგებლობს სხვა მონაწილე პირების მომსახურებით, იგი ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ RID-ით გათვალისწინებული მოთხოვნები შესრულდება.
10. ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს, რომ ცისტერნების და მათი აღჭურვილობის მოვლა-შენახვა ხორციელდება იმგვარად, რომ ნორმალური ოპერირების პირობებში ვაგონი-ცისტერნა აკმაყოფილებდეს RID-ის მოთხოვნებს;
ბ) აღრიცხოს ცისტერნებისა და მათი აღჭურვილობის მოვლა-პატრონობის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები.
მარკირება და საშიშროების ნიშნების განთავსე