სფერო
1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვაზე და სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, კერძოდ, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მონაწილე პირებზე, რომლებიც ახორციელებენ სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვას ან სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, მათ შორის, ტვირთის გადაზიდვისთვის მომზადებას, შეფუთვას, დატვირთვას, გადმოტვირთვას ან დახარისხებას.
2. RID-ითა და ამ წესით დადგენილი მე-7 კლასის (რადიოაქტიური მასალა) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის შემთხვევაში ვრცელდება რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობითა და „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები.
3. RID-ისა და ამ წესის დებულებები არ გამოიყენება შემდეგ საგამონაკლისო შემთხვევებში:
ა) სატრანსპორტო ოპერაციის მახასიათებლებთან დაკავშირებული გამონაკლისები:
ა.ა) ფიზიკური პირის მიერ სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას, როდესაც აღნიშნული ტვირთი შეფუთულია საცალო გაყიდვების მიზნით და გათვალისწინებულია პირადი ან საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, დასასვენებელი ან სპორტული ღონისძიებებისთვის, იმ პირობით, თუ მიღებულია შესაბამისი ზომები გადაზიდვის ნორმალურ პირობებში ტვირთის შიგთავსის გაჟონვის პრევენციის მიზნით. თუ აღნიშნული ტვირთი წარმოადგენს ადვილაალებად სითხეს, რომლის გადაზიდვაც ხორციელდება მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭლით, შევსებული ფიზიკური პირების მიერ ან მათთვის, აღნიშნული სითხის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 60 ლიტრს თითოეულ ჭურჭელზე. IBC-ში, მსხვილგაბარიტიან ტარასა თუ ცისტერნებში მოთავსებული სახიფათო ტვირთი არ ჩაითვლება შეფუთულად საცალო გაყიდვების მიზნით;
ა.ბ) საწარმოების მიერ განხორციელებული გადაზიდვისას, რომელიც ხორციელდება მათ ძირითად საქმიანობაზე დამატების სახით, როგორიცაა ტვირთების მიწოდება სამშენებლო ან საინჟინრო-ტექნიკურ ობიექტებზე ან მათი დაბრუნება აღნიშნული ობიექტებიდან, ან აზომვით, სარემონტო და ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სამუშაოებთან მიმართებაში, არაუმეტეს 450 ლიტრის ოდენობით თითოეულ ტარაზე (IBC-სა და მსხვილგაბარიტიანი ტარის ჩათვლით) და ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. ამასთანავე, უნდა განხორციელდეს შესაბამისი ზომები გადაზიდვის ნორმალურ პირობებში ტვირთის შიგთავსის გაჟონვის პრევენციის მიზნით. აღნიშნული გამონაკლისი არ გამოიყენება მე-7 კლასის სახიფათო ტვირთების შემთხვევაში. ასევე, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი არ ეხება იმ გადაზიდვებს, რომლებიც სრულდება ამ საწარმოების მიერ საკუთარი მიწოდების ან გარე თუ შიდა განაწილების მიზნით;
ა.გ) კომპეტენტური უწყებების მიერ ან მათი ზედამხედველობის ქვეშ განხორციელებული გადაზიდვის მიმართ, რომელიც საჭიროა საგანგებო ან საავარიო მდგომარეობის საპასუხოდ, კერძოდ, გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება ინციდენტის ან სარკინიგზო შემთხვევის დროს სახიფათო ტვირთის ლოკალიზაციის, შეგროვების და მათი უახლოეს უსაფრთხო ადგილას გადატანის მიზნით;
ა.დ) სამაშველო ტრანსპორტირება, რომელიც გამიზნულია ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ან გარემოს დასაცავად, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ტრანსპორტირების უსაფრთხოდ განსახორციელებლად მიღებულია ყველა სათანადო ზომა;
ა.ე) გაუწმენდავი, ცარიელი, სტაციონარული სასაწყობო რეზერვუარების გადაზიდვა, რომლებიც შეიცავენ RID-ით გათვალისწინებული მე-2 კლასის A, O ან F ჯგუფის აირებს, II ან III შეფუთვის ჯგუფში შემავალი მე-3 ან მე-9 კლასის ნივთიერებებს, ან ამ წესის I დანართით გათვალისწინებული II ან III შეფუთვის ჯგუფში შემავალი 6.1 კლასის პესტიციდებს, შემდეგი პირობების დაცვით:
ა.ე.ა) ყველა ხვრელი, წნევის შემზღუდველი მოწყობილობის გარდა (მისი არსებობის შემთხვევაში), ჰერმეტულად არის დახურული;
ა.ე.ბ) მიღებულია შესაბამისი ზომები გადაზიდვის ნორმალურ პირობებში ტვირთის შიგთავსის გაჟონვის პრევენციის მიზნით;
ა.ე.გ) ტვირთი დამაგრებულია ჩარჩოებზე, გისოსებსა თუ სხვა სატრანსპორტო-ჩასატვირთ მოწყობილობებში, ან ვაგონებსა თუ კონტეინერებზე იმ სახით, რომ შეუძლებელი იყოს მისი მორყევა ან გადაადგილება გადაზიდვის ნორმალურ პირობებში;
ა.ვ) ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისები არ ეხება იმ სტაციონარულ, შესანახ რეზერვუარებს, რომლებიც შეიცავს დესენსიბილიზებულ ფეთქებად ნივთიერებებს ან ისეთ ნივთიერებებს, რომელთა გადაზიდვაც აკრძალულია RID-ის თანახმად.
ბ) აირების გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები:
ბ.ა) სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებში ან ბალონებში მოთავსებული აირების გადაზიდვა, რომლებიც გამოიყენება მისი მოძრაობისთვის/გადაადგილებისთვის ან მისი ნებისმიერი მოწყობილობის ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, სამაცივრო აღჭურვილობის);
შენიშვნა: ეს გამონაკლისი ასევე ვრცელდება კონტეინერზე, რომელიც აღჭურვილია გადაზიდვისას გამოსაყენებელი მოწყობილობით, რომელიც დამაგრებულია სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაზე.
ბ.ბ) RID-ის 2.2.2.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ А და О ჯგუფებს მიკუთვნებული აირების გადაზიდვა, თუ აირის წნევა, რეზერვუარსა თუ ცისტერნაში, 20oC ტემპერატურაზე არ აღემატება 200 კპა-ს (2 ბარს) და თუ აირი არ წარმოადგენს გათხევადებულ ან გაყინულ გათხევადებულ აირს. აქ იგულისხმება ნებისმიერი სახის რეზერვუარი ან ცისტერნა, მაგალითად: ის რეზერვუარი ან ცისტერნა, რომელიც წარმოადგენს მანქანებისა და აპარატურის ნაწილებს;
შენიშვნა: აღნიშნული გამონაკლისი არ ვრცელდება ნათურებზე;
ბ.გ) სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისთვის გამოსაყენებელ მოწყობილობებში (მაგალითად: ცეცხლმაქრები) შემავალი აირების გადაზიდვა, სათადარიგო ნაწილების (მაგალითად, დაბერილი პნევმატური სალტეების) ჩათვლით; ზემოაღნიშნული გამონაკლისი ასევე გამოიყენება ტვირთების სახით დაბერილი პნევმატური სალტეების გადაზიდვის შემთხვევაშიც;
ბ.დ) ვაგონების ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ მოწყობილობაში შემავალი აირების გადაზიდვისას, რომლებიც აუცილებელია ამ სპეციალური მოწყობილობის ფუნქციონირებისთვის გადაზიდვების დროს (მაგალითად, გამაგრილებელი სისტემები, თევზების მოსათავსებელი რეზერვუარები, გამათბობლები და ა.შ.), ასევე, სათადარიგო სათავსები აღნიშნული მოწყობილობებისთვის ან გაუწმენდავი ცარიელი შემცვლელი სათავსები, რომელთა გადაზიდვაც ხდება იმავე ვაგონში ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაში;
ბ.ე) საკვებ პროდუქტებში შემავალი აირების გადაზიდვისას (გაეროს №1950-ის გარდა), გაზირებული სასმელების ჩათვლით;
ბ.ვ) სპორტული მოხმარების ბურთებში შემავალი აირების გადაზიდვისას.
გ) თხევადი საწვავის გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები: სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების საწვავის ავზებში ან ბალონებში მოთავსებული თხევადი საწვავის გადაზიდვა, რომლებიც გამოიყენება მისი მოძრაობისთვის/გადაადგილებისთვის ან მისი ნებისმიერი მოწყობილობის ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, სამაცივრო აღჭურვილობის);
შენიშვნა: ეს გამონაკლისი ასევე ვრცელდება კონტეინერზე, რომელიც აღჭურვილია გადაზიდვისას გამოსაყენებელი მოწყობილობით, რომელიც დამაგრებულია სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაზე.
დ) სპეციალურ პირობებთან ან შეზღუდულ ან გათავისუფლებულ რაოდენობებად შეფუთული სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები (ნიშნები, რომლებიც დაიტანება შეფუთვებზე, განსაზღვრულია VII დანართის შესაბამისად):
დ.ა) RID-ის 3.3 თავით გათვალისწინებული ცალკეული სპეციალური პირობები სრულად ან ნაწილობრივ ათავისუფლებს შესაბამის სახიფათო ტვირთს RID-ის მოთხოვნებისგან. ეს გამონაკლისი მოქმედებს, როდესაც RID-ის 3.2 თავის A ცხრილის მე-6 სვეტში გაკეთებულია შესაბამისი ჩანაწერი სპეციალურ პირობაზე;
დ.ბ) გარკვეული სახიფათო ტვირთი შესაძლებელია დაექვემდებაროს გამონაკლისს, იმის გათვალისწინებით, რომ დაცულია RID-ის 3.4 ან/და 3.5 თავებით განსაზღვრული პირობები.
ე) ცარიელ, გაუწმენდავ ტარასთან დაკავშირებული გამონაკლისები: ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება ცარიელ გაუწმენდავ ტარაზე (IBC-სა და მსხვილგაბარიტიანი ტარის ჩათვლით), რომელიც შეიცავდა მე-2, მე-3, 4.1, 5.1, 6.1, მე-8 ან/და მე-9 კლასების ნივთიერებებს, თუ მიღებული იქნება შესაბამისი ზომები 1-დან მე-9 კლასების ტვირთებისათვის დამახასიათებელი საფრთხეების ნეიტრალიზების მიზნით
ვ) ერთი ვაგონით ან დიდი კონტეინერით გადასატან მაქსიმალურ საერთო რაოდენობებთან დაკავშირებული გამონაკლისები:
ვ.ა) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, როდესაც ერთი და იმავე სატრანსპორტო კატეგორიის სახიფათო ტვირთი გადაიზიდება იმავე ვაგონით ან დიდი კონტეინერით, მაქსიმალური ნებადართული საერთო რაოდენობა განსაზღვრულია ამ წესის I დანართის შესაბამისად;
ვ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის I დანართის შესაბამისად, სხვადასხვა სატრანსპორტო კატეგორიებში შემავალი სახიფათო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება იმავე ვაგონით ან დიდი კონტეინერით, სახიფათო ტვირთების რაოდენობის გათვალისწინებით მათთვის განსაზღვრული მნიშვნელობების ჯამმა არ უნდა გადააჭარბოს „1 000“-ს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თითოეული სატრანსპორტო კატეგორიის ნივთიერებებისა და ნაკეთობების რაოდენობის გაანგარიშებისთვის გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობები:
ვ.ბ.ა) პირველ სატრანსპორტო კატეგორიაში შემავალი ნივთიერებებისა და ნაკეთობების რაოდენობა გამრავლებული „50“-ზე (გარდა ამ წესის I დანართის შენიშვნაში მითითებული პირველი სატრანსპორტო კატეგორიის ნივთიერებებისა და ნაკეთობებისა, რომელთა რაოდენობა უნდა გამრავლდეს „20“-ზე);
ვ.ბ.ბ) მე-2 სატრანსპორტო კატეგორიაში შემავალი ნივთიერებებისა და ნაკეთობების რაოდენობა გამრავლებული „3“-ზე;
ვ.ბ.გ) მე-3 სატრანსპორტო კატეგორიაში შემავალი ნივთიერებებისა და ნაკეთობების ჩვეულებრივი რაოდენობა.
მაგალითი:
გადასაზიდია შემდეგი სახიფათო ტვირთები: UN 2334, UN 2333 და UN 2332. ამ ნივთიერებებისათვის, RID-ის 3.2 თავის A ცხრილის მე-15 სვეტის მრიცხველში მოცემულია შემდეგი ციფრები: UN 2334-სთვის „1“; UN 2333-სთვის „2“ და UN 2332-სთვის „3“. დაგეგმილია გადაზიდვა შემდეგი ოდენობების გათვალისწინებით: UN 2332-სთვის 400 ლიტრი, UN 2333-სთვის 100 ლიტრი და UN 2334-სთვის 5 ლიტრი .
ზემოაღნიშნული პირობის მიხედვით: 400+300(100x3)+250(5x50)=950.
ვინაიდან საერთო ჯამი წარმოადგენს 950-ს, რომელიც ნაკლებია 1000-ზე, შესაძლებელია წარმოდგენილი პროპორციით მათი გადაზიდვა ამ წესისა და RID-ის მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე.
შენიშვნა:
ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, მხედველობაში არ მიიღება ის სახიფათო ტვირთი, რომელიც გათავისუფლებულია ამ წესისა და RID-ის მოთხოვნებისგან ამ პუნქტით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით (გარდა ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა).
ზ) ელექტროენერგიის აკუმულირებისა და გამომუშავების სისტემების გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები:
RID-ით და ამ წესით განსაზღვრული პირობები არ გამოიყენება იმ ელექტროენერგიის აკუმულირებისა და გამომუშავების სისტემების მიმართ (მაგალითად: ლითიუმის ბატარეები, ელექტროკონდენსატორები, ასიმეტრიული კონდენსატორები, ლითონის ჰიდრიდის შენახვის სისტემები და საწვავის უჯრედები), რომლებიც:
ზ.ა) დამონტაჟებულია სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაში, გამიზნულია მისი წევის ან მისი ნებისმიერი მოწყობილობის ფუნქციონირებისათვის;
ზ.ბ) მოთავსებულია მოწყობილობაში ამავე მოწყობილობის ფუნქციონირებისათვის, რომელიც გამოყენებულია ან გამიზნულია გამოსაყენებლად გადაზიდვის დროს (მაგალითად, ლეპტოპი), გარდა, ისეთი მოწყობილობისა, როგორიცაა, მონაცემთა ჩამწერი (data loggers) ან ტვირთის მიდევნების (cargo tracking) მოწყობილობა, მიმაგრებული ან განთავსებული ტვირთის შეფუთვაზე, შეფუთვების პაკეტზე ან კონტეინერებზე, რომელიც ექვემდებარება RID-ის 5.5.4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
თ) სახიფათო ტვირთის, როგორც ხელბარგის ან ბარგის სახით, ან მატარებლის ბორტზე გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები: სახიფათო ტვირთის, როგორც ხელბარგის ან ბარგის სახით, ან მატარებლის ბორტზე გადაზიდვის შემთხვევაში მოქმედებს ამ პუნქტის „ა“, „ბ.ბ-ბ.ვ“, „დ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისები;
ი) გამონაკლისი იმ სახიფათო ტვირთების მიმართ, რომლებიც გადაზიდვისას გამოიყენება გაგრილების ან კონდიცირების მიზნით:
სახიფათო ტვირთებზე, რომლებიც გამოიყენება ვაგონებში ან კონტეინერებში გაგრილების ან კონდიცირების მიზნით, ვრცელდება მხოლოდ RID-ის 5.5.3. პუნქტის მოთხოვნები.
კ) სახიფათო ტვირთების შემცველი ნათურების გადაზიდვასთან დაკავშირებული გამონაკლისები:
კ.ა) ამ წესით გათვალისწინებული დებულებები არ გამოიყენება შემდეგი ნათურების მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს და ვერცხლისწყალს RID-ის 3.3 თავის 366-ე სპეციალური დებულებით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი რაოდენობით:
კ.ა.ა) ნათურები, რომელთა შეგროვებაც ხდება ფიზიკური პირებისგან ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებიდან, მათი შეგროვების ან ნარჩენების დამუშავების პუნქტში გადაზიდვისას;
შენიშვნა: აღნიშნული ასევე მოქმედებს იმ ნათურებთან დაკავშირებით, რომელთა მიწოდებასაც უზრუნველყოფენ ფიზიკური პირები შეგროვების პირველად პუნქტში, და შემდგომ ამისა, რომელთა გადაზიდვაც ხორციელდება სხვა შეგროვების, შუალედური დამუშავების ან ნარჩენების დამუშავების პუნქტებში.
კ.ა.ბ) ნათურები, რომლებიც შეიცავენ 1 გრამზე მეტ სახიფათო ტვირთს და შეფუთულია იმ სახით, რომ ყოველ შეფუთვაში არ იყოს წარმოდგენილი 30 გრამზე მეტი სახიფათო ტვირთი იმ პირობით, თუ:
კ.ა.ბ.ა) ნათურები დამზადებულია ხარისხის მართვის სერტიფიცირებული სისტემის შესაბამისად;
შენიშვნა: აღნიშნული მიზნისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სტანდარტი ISO 9001.
კ.ა.ბ.ბ) ყოველი ნათურა, იმის მიუხედავად იქნება თუ არა შეფუთული შიდა ტარაში, ერთმანეთისგან გამოყოფილი ტიხრებით, ან წარმოდგენილი სადებ მასალაში ნათურების დაცვის მიზნით და განთავსებული მყარ გარე ტარაში, რომელიც აკმაყოფილებს RID-ის 4.1.1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგად დებულებებს და ასევე შეუძლია გაიაროს 1,2 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნის გამოცდა;
კ.ა.გ) გამოყენებული, დაზიანებული ან წუნდებული ნათურები, რომლებიც შეიცავენ არაუმეტეს 1 გრამ სახიფათო ტვირთს, ყოველ შეფუთვაში არაუმეტეს 30 გრამ სახიფათო ტვირთის შემცველობასთან ერთად, როდესაც მათი გადაზიდვა ხდება შეგროვების ან ნარჩენების დამუშავების პუნქტიდან. ნათურები უნდა შეიფუთოს საკმარისად გამძლე გარე ტარაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული გადაზიდვის ნორმალურ პირობებში შიგთავსის გამოთავისუფლება, იგი უნდა აკმაყოფილებდეს RID-ის 4.1.1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგად დებულებებს და გაიაროს არანაკლებ 1,2 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნის გამოცდა;
კ.ა.დ) ნათურები, რომლებიც შეიცავენ მხოლოდ RID-ის 2.2.2.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ A და O ჯგუფის აირებს იმ პირობით, თუ მათი შეფუთვა მოხდება ისე, რომ ნათურის წყვეტის შედეგად გამოწვეული ფეთქებადი ეფექტი შეკავებული იქნეს შეფუთვის ფარგლებში;
კ.ა.ე) რადიოაქტიური მასალის შემცველი ნათურების გადაზიდვა რეგულირდება RID-ის 2.2.7.2.2.2 (b) ქვეპუნქტით.
სახიფათო ტვირთების კლასიფიკაცია და შეფუთ