ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუკი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) „უფლებამოსილი ორგანო“ ნიშნავს:
- საქართველოს მთავრობისათვის: საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს; და
- თურქმენეთის მთავრობისთვის, თურქმენეთის სახელმწიფო საბაჟო სამსახურს;
b) „საბაჟო მოთხოვნა“ ნიშნავს ნებისმიერი ოდენობის საბაჟო გადასახდელებს, რომლის გადახდევინება ვერ ხერხდება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ;
c) „საბაჟო გადასახდელები“
- საქართველოსთვის არის: იმპორტის გადასახადი და სხვა გადასახდელები, რომელიც ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო/საგადასახადო კანონმდებლობით გამოყენებულ და დადგენილი იმპორტის გადასახადს და სხვა გადასახდელებს, გარდა გაწეულ მომსახურებაზე დაწესებული მოსაკრებლებისა და საფასურებისა;
- თურქმენეთისთვის არის: ყველა გადასახადი, გადასახდელი, მოსაკრებელი ან ნებისმიერი სხვა გადასახდელი, რომელიც დაწესებულია საბაჟო ორგანოს მიერ ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებზე იმპორტის დროს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებისას.
d) „საბაჟო კანონმდებლობა“ ნიშნავს სამართლებრივ და ადმინისტრაციულ დებულებებს, რომლებსაც თითოეული უფლებამოსილი ორგანო იყენებს საქონლის შემოტანასთან, გატანასთან, გადატვირთვასთან, ტრანზიტთან, დასაწყობებასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით, იმ სამართლებრივი და ადმინისტრაციული დებულებების ჩათვლით, რომლებიც არეგულირებენ აკრძალვის, შეზღუდვისა და კონტროლის ზომების გატარებას, ასევე ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლას;
e) „საბაჟო წესების დარღვევა“ ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას;
f) „ინფორმაცია“ ნიშნავს ნებისმიერ დამუშავებულ ან გაანალიზებულ მონაცემს ან პირველად ინფორმაციას, აგრეთვე ნებისმიერ დოკუმენტს, ანგარიშს და ნებისმიერი ფორმატით წარმოდგენილ სხვა შეტყობინებებს, მათ შორის, მათ ელექტრონულ ვერსიებს ან დამოწმებულ ან ავთენტურ ასლებს;
g) „საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების ქსელი“ ნიშნავს წარმოშობის ადგილიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე საზღვრებს შორის საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს;
h) „მოხელე“ ნიშნავს ნებისმიერ საბაჟო ოფიცერს ან საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებელ სხვა საჯარო მოსამსახურეს;
i) „პირი“ ნიშნავს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს;
j) „პერსონალური მონაცემები“ ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს;
k) „მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო“ ნიშნავს უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც მიმართეს დახმარების აღმოჩენის თაობაზე;
l) „მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო“ ნიშნავს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც წარადგენს მოთხოვნას დახმარების აღმოჩენის თაობაზე;
m) „მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომლის უფლებამოსილ ორგანოსაც მიმართეს დახმარების აღმოჩენის თაობაზე;
n) „მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომლის უფლებამოსილი ორგანოც ითხოვს დახმარების აღმოჩენა