1. ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის თანმხლებ ოჯახის წევრ(ებ)ს ენიჭება საერთაშორისო დაცვის იგივე ფორმა, რაც მინიჭებული აქვს ლტოლვილს ან დამატებითი დაცვის მქონე პირს.

2. წარმოებული სტატუსის მინიჭების პროცედურის დაწყებისთვის ლტოლვილმა ან დამატებითი დაცვის მქონე პირმა წერილობით უნდა მიმართოს დეპარტამენტს.

3. ლტოლვილმა ან დამატებითი დაცვის მქონე პირმა განცხადებას უნდა დაურთოს ოჯახური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. ოჯახის ყველა წევრს უფლება აქვს საერთაშორისო დაცვაზე მისი განცხადება განხილულ იქნეს ინდივიდუალურად.

5. თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი ან დამატებითი დაცვა, ან გაუგრძელდა დამატებითი დაცვის ვადა, მაშინ მასთან ერთად მყოფ ოჯახის წევრებსაც, ისევე როგორც არასრულწლოვანებს, რომელთა კანონიერი წარმომადგენელიც არის ეს პირი, ენიჭება ლტოლვილის სტატუსი ან დამატებითი დაცვა, ან გაუგრძელდება დამატებითი დაცვის ვადა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17, მე-18, მე-20, 21-ე, 23-ე ან 24-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

6. წარმოებული სტატუსის მოთხოვნის უფლება გააჩნიათ ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის შემდეგ წევრებს:

ა) მეუღლეს ანდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს;

ბ) დასაოჯახებელ არასრულწლოვან შვილს რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ქორწინებიდან ანდა წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ნაშვილებ, დასაოჯახებელ არასრულწლოვანს;

გ) დასაოჯახებელი არასრულწლოვანი ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის დედას, მამას, კანონიერ წარმომადგენელს.

7. ოჯახის წევრის უფლება, მოიპოვოს წარმოებული სტატუსი ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლოა დადგინდეს ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების შემდეგ.

8. წარმოებული სტატუსის მოსაპოვებლად გასაუბრება ტარდება თავშესაფრის მაძიებლის ან ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან.

9. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, წარმოებული სტატუსის მინიჭების მიზნით, ოჯახური კავშირის დასადგენად, იკვლევს თავშესაფრის პროცედურაში ამ მიზნით წარდგენილ დოკუმენტაციას, ასეთის არსებობის შემთხვევაში და შესაბამის გარემოებებს.

10. წარმოებული სტატუსის მინიჭებისათვის ჩატარებულ გასაუბრებაზე, ოჯახური კავშირის დასადასტურებლად, წარმოდგენილი უნდა იყოს ოჯახის წევრობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები (ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა და ა.შ.), ასეთის არსებობის შემთხვევაში.

11. ოჯახური კავშირის დასადასტურებლად დოკუმენტაციის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი გამოჰკითხავს ოჯახის წევრებს ოჯახის შემადგენლობასა და ცხოვრების პირობების შესახებ როგორც წარმოშობის ქვეყანაში, ისე საქართველოში ყოფნის პერიოდში, მათ შორის:

ა) ურთიერთობის ხანგრძლივობის და ხასიათის შესახებ;

ბ) ფინანსური, იურიდიული ან სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც მათ აღებული აქვთ ერთმანეთის მიმართ.

12. წარმოებული სტატუსის მისანიჭებლად ჩატარებული გასაუბრების შესახებ დგება ოქმი, რომელიც ინახება პირად საქმეში.

13. ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის მიერ ოჯახის წევრისთვის წარმოებული სტატუსის მინიჭების თაობაზე დეპარტამენტისთვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი წარმოებული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს ერთი თვის ვადაშ