1. დამატებითი დაცვა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ენიჭება ერთი წლის ვადით და სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის შეიძლება იმავე ვადით არაერთგზის გაგრძელდეს, თუ კვლავ არსებობს გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც პირს ეს სტატუსი მიენიჭა.
2. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი იწყებს დამატებითი დაცვის გაგრძელების შესაძლებლობის საკითხის განხილვის პროცედურას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.
3. დამატებითი დაცვის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი. გადაწყვეტილება მიიღება საქმის შესაბამის მასალებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების მიღების მომენტში არსებული გარემოებების გათვალისწინებით.
4. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი დამატებითი დაცვის მქონე პირს, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ატყობინებს მისთვის მინიჭებული სტატუსის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესწავლის მიზნით გასაუბრების თარიღის ჩანიშვნის შესახებ.
5. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვნის ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება გადაეცემა/ეგზავნება მის მეურვეს/მზრუნველს/მხარდამჭერს.
6. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი უზრუნველყოფს გასაუბრების ჩატარებას დამატებითი დაცვის მქონე პირთან მისთვის მინიჭებული სტატუსის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე შესაბამისი პროცედურის დაწყებიდან ათი დღის ვადაში. გასაუბრების მიზანია დამატებითი დაცვის მქონე პირს მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს ინფორმაცია, რომელიც ასაბუთებს ამ პირისათვის შესაბამისი სტატუსის გაგრძელების საჭიროებას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული გასაუბრება არ ტარდება იმ შემთხვევაში, თუ კვლავ არსებობს ის გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც პირს მიენიჭა დამატებითი დაცვა.
8. საქმის მასალების გამოკვლევის შემდეგ სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიერ მომზადებული დასკვნა წარედგინება დეპარტამენტის დირექტორს გადაწყვეტილების მისაღებად.
9. დამატებითი დაცვის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება პირს ეგზავნება/გადაეცემა 3 სამუშაო დღის ვადაში (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
10. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი დაცვის მქონე პირთან დაკავშირება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით გათვალისწინებული წესით შეუძლებელია მისი საკონტაქტო ინფორმაციის არარსებობის, მისი შეცვლის შემთხვევაში დეპარტამენტში ცვლილების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის ან პირის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის გამო, მინიჭებული სტატუსის გაგრძელების ან გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სტატუსის დადგენის სპეციალისტისთვის მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
11. დამატებითი დაცვის მქონე პირის გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ იგი დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში გამოცხადდება დეპარტამენტში და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე წარადგენს სათანადო განმარტებებს, მათი გამოკვლევის შედეგად უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და გასაუბრების დანიშვნის თაობაზე.
12. დამატებითი დაცვის მქონე პირს გასაუბრებას მისი დასაბუთებული მოთხოვნით, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში უტარებს მისთვის სასურველი სქესის უფლებამოსილი თანამდებობის პირი და იგი სარგებლობს სასურველი სქესის თარჯიმნის მომსახურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ აღნიშნული მოთხოვნა ეფუძნება გარემოებებს, რომლებიც არ უკავშირდება პირის მიერ წარსადგენი ინფორმაციისა და განმარტებების დაუბრკოლებლად წარმოჩენას.
13. დამატებითი დაცვის მქონე პირთან გასაუბრება ტარდება მისი კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
14. უზრუნველყოფილი უნდა იყოს გასაუბრების მასალის სიზუსტე. დამატებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით წარმოებული პროცედურის მასალები ინახება დამატებითი დაცვის მქონე პირის პირად საქმეში.
15. დამატებითი დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გასაუბრების მიმდინარეობისას, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი იკვლევს დამატებითი დაცვის მქონე პირის მიერ წარდგენილ ინფორმაციას და მტკიცებულებებს.
16. დამატებითი დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გაგრძელების მიზანშეწონილობის დადგენის პროცედურის დასრულებამდე, ეს პირი სარგებლობს მის სტატუსთან დაკავშირებული ყველა უფლებით და ეკისრება შესაბამისი მოვალეობები.
17. დამატებითი დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ წერილობითი ფორმით მიღებული გადაწყვეტილება ამ პირს ჰბარდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, 3 სამუშაო დღის ვადაში (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) და მისი სასამართლოში გასაჩივრების „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მითითებით.
საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვ