1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევის სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროების მქონე პირისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამატებითი სტანდარტების, პრევენციული მომსახურების პაკეტისა და სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელი საბაზისო მედიკამენტების ნუსხით“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მეშვეობით.

2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების შესაბამისი მოსამსახურეები.

3. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. ამ შემოწმების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა, რომელიც მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში ინახება.

4. მსჯავრდებული უზრუნველყოფილია რეგულარული სამედიცინო შემოწმებით, საჭირო მკურნალობით, პრევენციული სამედიცინო მომსახურებითა და სპეციალური სამედიცინო ინვენტარით.

5. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

6. მსჯავრდებულთა მიღება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში ხორციელდება მათი საჭიროებიდან გამომდინარე, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეების დაუსწრებლად, გამონაკლისია, როდესაც ექიმი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ითხოვს ასეთი პირის დასწრებას კონსულტაციის მიმდინარეობისას.

7. ექიმი ვალდებულია დადგენილ ვადებში მოახდინოს მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმება და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საშიში პირობების არსებობის შემთხვევაში აცნობოს დაწესებულების მთავარ ექიმსა და დაწესებულების დირექტორს.

8. მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას მის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, მსჯავრდებულის კანონიერ წარმომადგენელს და დაწესებულების დირექტორს, თუ მსჯავრდებულისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი შეამჩნევს მას რაიმე ფიზიკურ დაზიანებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღნიშნული პაციენტის მიმართ შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის განხორციელების შესახებ ეჭვს აღუძრავდა, მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმება ხორციელდება მისი თანხმობის არსებობის გარეშეც. დაწესებულებაში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით „პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“.

9. დაავადებულ მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.

10. მსჯავრდებულს ამბულატორიული დახმარება აღმოეჩინება, როგორც წესი, დაწესებულების საექიმო–სამედიცინო პუნქტში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალურ საცხოვრებელში. მედიკამენტების გაცემა ხდება ექიმის დანიშნულებით. მსჯავრდებულის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტის პერორალური მიღება ხორციელდება დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის თანდასწრებით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში მსჯავრდებულს აქვს დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება.

12. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვით, მსჯავრდებულს უფლება აქვს დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღების მიზნით, საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღება განხორციელდება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის პირობებში.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისთვის მსჯავრდებული შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს სამსახურის გენერალურ დირექტორს. განცხადებაში აღინიშნება შესაბამისი ექიმი-სპეციალისტის ვინაობა და დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა. საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმის აზრი.

14. განცხადების განხილვის შემდეგ განისაზღვრება ექიმ-სპეციალისტის მოწვევის დრო.

15. ექიმ-სპეციალისტის მოწვევისას მოწმდება, აქვს თუ არა მას შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის უფლება.

16. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა და მისი მოცულობა ფიქსირდება მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში.

17. თუ მსჯავრდებულის მკურნალობა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

18. დაწესებულებაში ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის მართვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ნორმებისა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინები