1. პერსონალურ მონაცემთა გადაცემა უნდა განხორციელედეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული აუცილებელია ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ წინამდებარე შეთანხმების განსახორციელებლად. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და დაცვა უნდა განხორციელდეს ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ამ შეთანხმების საფუძველზე გადაცემული პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მონაცემთა გადაცემის კონკრეტული მიზნების შესრულების ვადას. დამატებით, შეთანხმების ფარგლებში გადაცემული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ვრცელდება შემდეგი მინიმალური მოთხოვნები:
(a) პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად;
(b) პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს წინამდებარე შეთანხმების განხორციელების კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, ლეგიტიმური მიზნებისათვის. პერსონალური მონაცემები არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზნისათვის, გარდა იმ მიზნისა, რომლისთვისაც ისინი იქნა გადაცემული, გადამცემი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
(c) მიღებული პერსონალური მონაცემები შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც მონაწილეობს წინამდებარე შეთანხმების შესრულებაში. სხვა უწყებებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ გადამცემი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობით. მიღებული მონაცემები არის კონფიდენციალური.
(d) პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით და პროპორციით, რომელიც აუცილებელია შეთანხმებით გათვალისწინებული კონკრეტული მიზნის მისაღწევად. კერძოდ, გადაცემული პერსონალური მონაცემები უნდა მოიცავდეს მხოლოდ შემდეგს:
- გადასაცემი პირის მონაცემები (მაგალითად, სახელი, გვარი, ნებისმიერი ადრინდელი სახელი, სხვა სახელები, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან მეტსახელი, სქესი, სამოქალაქო მდგომარეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, ამჟამინდელი და ნებისმიერი ადრინდელი მოქალაქეობა), მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები;
- გასაჩერებელი ადგილები და მარშრუტები;
- სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა გადასაცემი პირის ამოსაცნობად ან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული რეადმისიის მოთხოვნების შემოწმების მიზნით.
(e) გადამცემმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ პერსონალური მონაცემები ზუსტი და განახლებული იყოს. თუ გამოვლინდა, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არ არის ზუსტი, გადამცემმა მხარემ ამის შესახებ უნდა აცნობოს მიმღებ მხარეს.
(f) თუ აღმოჩნდება, რომ გადაცემული პერსონალური მონაცემები არ არის სწორი ან განახლებული, ან მათი გადაცემა არ იყო ნებადართული, მიმღებმა მხარემ უნდა შეასწოროს და განაახლოს ისინი ან უნდა გაანადგუროს პერსონალური მონაცემები და დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ გადამცემ მხარეს.
(g) გადაცემული პერსონალური მონაცემები მიმღები მხარის მიერ უნდა განადგურდეს მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებს პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი ან/და მათი შემდგომი შენახვის კანონიერი მიზანი. გადამცემ მხარეს ეცნობება მონაცემთა განადგურების შესახებ.
(h) მოთხოვნის საფუძველზე მიმღებმა მხარემ უნდა აცნობოს გადამცემ მხარეს პერსონალური მონაცემების გამოყენების შედეგების შესახებ.
(i) მიმღებმა მხარემ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად, რათა თავიდან იქნეს აცილებული მონაცემების გაცნობა არაუფლებამოსილი პირის მიერ, მათი შეცვლა, განადგურება, რედაქტირება ან გამჟღავნება. მიმღებმა მხარემ უნდა აწარმოოს მიღებული უსაფრთხოების ზომების, ასევე მონაცემების მიღებისა და მესამე მხარისათვის გადაცემის ფაქტების აღრიცხვა.
(j) გადამცემმა და მიმღებმა მხარეებმა უნდა აღრიცხონ ელექტრონული საშუალებებით დამუშავებული მონაცემების მიმართ განხორციელებული ყველა მოქმედება, ხოლო არაელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა დამუშავებისას უნდა აღირიცხოს მონაცემთა გამჟღავნებასთან ან/და ცვლილებასთან დაკავშირებული მოქმედებები. ამასთანავე, რეგისტრაციის ჩანაწერში უნდა აღინიშნოს მონაცემთა გადაცემის მიზანი, მონაცემთა შინაარსი და კატეგორია, გადაცემაში ჩართული ორგანოები და მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებების (მათ შორის, განადგურების) მიზეზები.
(k) მიმღებმა მხარემ უნდა მოახდინოს მიღებული პერსონალური მონაცემების შემცველი მასალის პერიოდული გადახედვა და, თუ აღმოჩნდება, რომ აღარ არსებობს პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი ან/და ლეგიტიმური მიზანი, უზრუნველყოს მათი წაშლა/განადგურება.
(l) ამ შეთანხმების მე-17 მუხლის 1(c) პუნქტის შესაბამისად, როდესაც გადაცემული ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემს, ამ მონაცემების შემდგომ სხვა ორგანოსთვის გადაცემის ან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნებისგან განსხვავებული მიზნებით გამოყენების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ შეთანხმებით გარანტირებული მონაცემთა დაცვის სტანდარტი.
(m) წინამდებარე მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ერთმანეთ