ამ  კონვენციაში,  გარდა  იმ  შემთხვევისა,  როდესაც  გარემოებები  სხვაგვარად  მოითხოვს, მოცემული ტერმინები გამოიყენება ქვემოთ მითითებული მნიშვნელობით:

ა)  „შეთანხმება“ –  აღნიშნავს  ხელშეკრულებას  ვალდებულების  უზრუნველყოფის  თაობაზე, პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულებას ან იჯარის ხელშეკრულებას;

ბ) „ცესია“ – აღნიშნავს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ვალდებულების უზრუნველყოფის საფუძველზე     ან     სხვაგვარად,     ცესიონერს     ენიჭება     ობიექტთან დაკავშირებული უფლებები შესაბამისი საერთაშორისო ინტერესის გადაცემით ან მისი გადაცემის გარეშე;

გ) „ობიექტთან დაკავშირებული უფლებები“ – აღნიშნავს ყველა უფლებას გადასახადის მიღებაზე ან მოვალის მიერ ვალდებულებების სხვაგვარ შესრულებაზე, იმ შეთანხმების შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფილია ობიექტით ან დაკავშირებულია მასთან;

დ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება“ – აღნიშნავს დროს, როდესაც იწყება გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, გადახდისუუნარობის მიმართ სამოქმედო სამართლის მიხედვით;

ე) „პირობით მყიდველი“ – აღნიშნავს მყიდველს, პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში;

ვ) „პირობით გამყიდველი“ – აღნიშნავს გამყიდველს, პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში;

ზ) „ნასყიდობის ხელშეკრულება“ – აღნიშნავს გამყიდველსა და მყიდველს შორის დადებულ ობიექტის ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელიც არ წარმოადგენს ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეთანხმებას;

თ) „სასამართლო“ – აღნიშნავს საერთო იურისდიქციის სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ტრიბუნალს ან არბიტრაჟს, რომელიც დაფუძნებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ;

ი) „კრედიტორი“ – აღნიშნავს მოგირავნეს, ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულების ფარგლებში, პირობით გამყიდველს, პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში და მეიჯარეს, იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში;

კ) „მოვალე“ – აღნიშნავს დამგირავებელს ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულების ფარგლებში, პირობით მყიდველს პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში და მოიჯარეს, იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში ან პირს, რომელსაც გააჩნია უფლებები იმ ობიექტზე, რომლის მიმართაც არსებობს რეგისტრირებადი არაკონსენსუალური უფლება ან ინტერესი;

ლ) „გადახდისუუნარობის მმართველი“ – აღნიშნავს რეაბილიტაციის ან გაკოტრების მართვაზე პასუხისმგებელ პირს, მათ შორის, დროებით დანიშნულ პირს, და მოიცავს მართვაში მყოფ მოვალეს, თუ ეს ნებადართულია გადახდისუუნარობის მიმართ სამოქმედო სამართლით;

მ) „გადახდისუუნარობის პროცედურები“ – აღნიშნავს გაკოტრებას, ლიკვიდაციას ან სხვა კოლექტიურ სასამართლო ან ადმინისტრაციულ ღონისძიებებს, მათ შორის დროებითი ხასიათის, რომელთა განხორციელებისას მოვალის აქტივებსა და სამეურნეო საქმიანობას, რეაბილიტაციის ან გაკოტრების მიზნით, აკონტროლებს ან ზედამხედველობას უწევს სასამართლო;

ნ) „დაინტერესებული პირები“ – აღნიშნავს:

i) მოვალეს;

ii) ნებისმიერ პირს, რომელიც კრედიტორის სასარგებლოდ რაიმე სახის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გასცემს თავდებობას ან გარანტიას, პირველი მოთხოვნისთანავე გახსნას სარეზერვო აკრედიტივი ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი კრედიტის უზრუნველყოფის თაობაზე;

iii) ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც უფლება აქვს ობიექტზე;

ო) „შიდა გარიგება“ – აღნიშნავს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ ერთ-ერთ გარიგებას, თუ ამ გარიგების ყველა მხარის ძირითადი ინტერესების ცენტრი და გარიგების ობიექტი განთავსებულია (ოქმის დებულებების შესაბამისად) ერთსა და იმავე ხელშემკვრელ სახელმწიფოში გარიგების დადების მომენტისთვის, და თუ გარიგებით წარმოშობილი ინტერესი რეგისტრირებულ იქნა იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნულ რეესტრში, რომელმაც დეკლარაცია გააკეთა 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

პ) „საერთაშორისო ინტერესი“ – აღნიშნავს ინტერესს, რომელიც გააჩნია კრედიტორს, რომლის მიმართაც ვრცელდება მე-2 მუხლი;

ჟ) „საერთაშორისო რეესტრი“ – აღნიშნავს საერთაშორისო რეგისტრაციის ორგანოს, რომელიც იქმნება ამ კონვენციის ან ოქმის მიზნებისთვის;

რ) „იჯარის ხელშეკრულება“ – აღნიშნავს ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ერთი პირი (მეიჯარე)  საიჯარო ქირის ან სხვა გადახდის სანაცვლოდ, მეორე პირს (მოიჯარეს) გადასცემს ობიექტის ფლობის ან მართვის უფლებას  (მისი შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე);

ს) „ეროვნული ინტერესი“ – აღნიშნავს ინტერესს, რომელსაც კრედიტორი ფლობს ობიექტთან დაკავშირებით და რომელიც წარმოიქმნება შიდა გარიგების საფუძველზე, რომლის მიმართაც ვრცელდება 50-ე მუხლის პირველი პუნქტი;

ტ) „არაკონსენსუალური უფლება ან ინტერესი“ – აღნიშნავს უფლებას ან ინტერესს, რომელიც წარმოიქმნება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე, რომელმაც გააკეთა 39-ე მუხლით გათვალისწინებული დეკლარაცია, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად,  მათ  შორის  სახელმწიფოს,  სახელმწიფო  ორგანოს, სამთავრობათაშორისო ან კერძო ორგანიზაციის წინაშე არსებული ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით;

უ) „შეტყობინება ეროვნული ინტერესის შესახებ“ – აღნიშნავს საერთაშორისო რეესტრში რეგისტრირებულ  ან რეგისტრაციას  დაქვემდებარებულ  შეტყობინებას  იმის  თაობაზე, რომ შექმნილია ეროვნული ინტერესი;

ფ) „ობიექტი“ – აღნიშნავს ობიექტს, რომელიც მიეკუთვნება ერთ-ერთ იმ კატეგორიას, რომლის მიმართაც ვრცელდება მე-2 მუხლის დებულებები;

ქ) „ადრე არსებული უფლება ან ინტერესი“ –აღნიშნავს ობიექტის მიმართ არსებულ ნებისმიერი სახის უფლებას ან ინტერესს, რომელიც წარმოიქმნა ან არსებობდა ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღამდე, როგორც ეს განსაზღვრულია მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით;

ღ) „საზღაური“ – აღნიშნავს  ფულად ან არაფულად შემოსავლებს, რომლებიც  წარმოიქმნება ობიექტის სრული ან ნაწილობრივ დაკარგვის, მისი ფიზიკური განადგურების ან მისი სრული ან ნაწილობრივი კონფისკაციის, იძულებითი გასხვისების ან რეკვიზიციის შედეგად;

ყ) „პირობითი ცესია“ – აღნიშნავს ცესიას, რომლის გაფორმებაც იგეგმება სამომავლოდ, გაცხადებული შემთხვევის დადგომისას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მტკიცე რწმენა იმისა, რომ ეს შემთხვევა დადგება;

შ) „პირობითი საერთაშორისო ინტერესი“ – აღნიშნავს ობიექტის მიმართ არსებულ ინტერესს, რომლის, როგორც საერთაშორისო ინტერესის, წარმოშობა ან გაცემა იგეგმება სამომავლოდ, გაცხადებული შემთხვევის დადგომისას (რომელიც შესაძლოა მოიცავდეს მოვალის მიერ ობიექტის მიმართ რაიმე უფლების შეძენას), მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მტკიცე რწმენა იმისა, რომ ეს შემთხვევა დადგება;

ჩ) „პირობითი ნასყიდობა“ – აღნიშნავს ნასყიდობას, რომლის განხორციელებაც იგეგმება სამომავლოდ, გაცხადებული შემთხვევის დადგომისას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მტკიცე რწმენა იმისა, რომ ეს შემთხვევა დადგება;

ც) „ოქმი“ – აღნიშნავს ოქმს კონკრეტული კატეგორიის ობიექტის და მასთან დაკავშირებული უფლებების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია;

ძ) „რეგისტრირებული“ – აღნიშნავს ამ კონვენციის V თავის შესაბამისად საერთაშორისო რეესტრში რეგისტრირებულს;

წ) „რეგისტრირებული ინტერესი“ – აღნიშნავს საერთაშორისო ინტერესს, რეგისტრაციას დაქვემდებარებულ არაკონსენსუალურ უფლებას ან ინტერესს, ან ეროვნულ ინტერესს, რომელიც აღნიშნულია V თავის შესაბამისად განხორციელებულ შეტყობინებაში ეროვნული ინტერესის შესახებ;

ჭ) „რეგისტრაციას დაქვემდებარებული არაკონსენსუალური უფლება ან ინტერესი“ – აღნიშნავს არაკონსენსუალურ უფლებას ან ინტერესს, რომელიც ექვემდებარება რეგისტრაციას მე-40 მუხლის შესაბამისად გაკეთებული დეკლარაციის საფუძველზე;

ხ) „რეგისტრატორი“ – ოქმის ფარგლებში აღნიშნავს პირს ან ორგანოს, რომელიც განსაზღვრულია ოქმითვე ან დანიშნულია მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ჯ) „წესები“ – აღნიშნავს, ოქმის  შესაბამისად, ზედამხედველი ორგანოს მიერ  დადგენილ ან დამტკიცებულ წესებს;

ჰ) „გაყიდვა“ – აღნიშნავს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ობიექტზე საკუთრების უფლების გადაცემას;

ჰ1) „უზრუნველყოფილი ვალდებულება“ – აღნიშნავს ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფილია შესაბამისი უზრუნველმყოფი ინტერესით;

ჰ2) „ხელშეკრულება ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე“ – აღნიშნავს შეთანხმებას, რომლის   თანახმადაც   დამგირავებელი   გადასცემს   ან   თანახმაა   გადასცეს   მოგირავნეს ობიექტთან დაკავშირებული უფლება (მათ შორის, საკუთრების უფლება), რათა უზრუნველყოფილ იქნეს       დამგირავებლის ან მესამე პირის ნებისმიერი არსებული ან სამომავლო ვალდებულების შესრულება;

ჰ3) „უზრუნველმყოფი ინტერესი“ – აღნიშნავს ინტერესს, რომელიც წარმოიქმნება ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულებით;

ჰ4) „საზედამხედველო ორგანო“ – ოქმის ფარგლებში აღნიშნავს მე-17 მუხლის პირველ პუნქტში მოხსენიებულ საზედამხედველო ორგანოს;

ჰ5) „პირობითი ნასყიდობის ხელშეკრულება“ – აღნიშნავს ხელშეკრულებას ობიექტის გასხვისების თაობაზე, რომლითაც ობიექტზე საკუთრების უფლება არ გადადის ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობის ან პირობების შესრულებამდე;

ჰ6) „დაურეგისტრირებელი ინტერესი“ – აღნიშნავს სახელშეკრულებო ინტერესს ან არაკონსენსუალურ უფლებას ან ინტერესს (გარდა ინტერესისა, რომელზეც ვრცელდება 39-ე მუხლი), რომლის რეგისტრაციაც არ განხორციელებულა, მიუხედევად იმისა, ექვემდებარება თუ არა ის რეგისტრაციას ამ კონვენციის შესაბამისად;

ჰ7) „წერილობითი ფორმა“ – აღნიშნავს ინფორმაციის ჩანაწერს (მათ შორის, ისეთი ინფორმაციისა, რომელიც გადაიცემა ელექტროკომუნიკაციის საშუალებებით), რომელიც შესრულებულ იქნა მატერიალური ან სხვა ფორმით და შემდგომში შესაძლებელია აღდგენილ იქნეს მატერიალური ფორმით და რომელიც გონივრულად მოუთითებს პირის თანხმობაზე, გაკეთდეს ამგვარი ჩანაწერ