1. ინფორმაცია SIGMET გამოიცემა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ და წარმოადგენს ფრენის მარშრუტზე იმ ფაქტობრივი და/ან მოსალოდნელი ამინდისა და ატმოსფეროში სხვა მოვლენების მოკლე აღწერას, რომლებმაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ფრენების უსაფრთხოებაზე, აგრეთვე შეიცავს ამ მოვლენების დროსა და სივრცეში სავარაუდო განვითარების ინფორმაციას. ინფორმაციაში SIGMET შეიტანება ინფორმაცია ამინდის შემდეგი მოვლენების შესახებ:
ა) ჭექა-ქუხილი;
ბ) ტროპიკული ციკლონი;
გ) ტურბულენტობა;
დ) შემოყინვა;
ე) მთის ტალღები;
ვ) მტვრის ქარიშხალი;
ზ) ქვიშის ქარიშხალი;
თ) ვულკანური ფერფლი;
ი) რადიოაქტიური ღრუბელი.
2. ინფორმაცია SIGMET უქმდება, თუ მოვლენები აღარ დაიკვირვება ან მათი განვითარება მოცემულ რაიონში აღარ არის მოსალოდნელი.
3. SIGMET ინფორმაციის მოქმედების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც SIGMET ინფორმაცია ეხება ვულკანურ ფერფლს ან ტროპიკულ ციკლონს, მოქმედების პერიოდი უნდა გახანგრძლივდეს 6 საათამდე.
4. ვულკანური ფერფლის ღრუბელთან და ტროპიკულ ციკლონებთან დაკავშირებული SIGMET ინფორმაცია უნდა ეყრდნობოდეს VAAC-დან და TCAC-დან მიღებულ საკონსულტაციო ინფორმაციას.
5. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოსა და რაიონული სამეთვალყურეო პუნქტს/საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტს შორის დამყარებული უნდა იყოს მჭიდრო კოორდინაცია SIGMET ინფორმაციაში, NOTAM-ში ან/და ASHTAM-ში ვულკანური ფერფლის შესახებ ინფორმაციის სისწორის უზრუნველსაყოფად. ინფორმაცია SIGMET გამოიცემა არაუადრეს 4 საათისა მოქმედების პერიოდის დაწყებიდან. იმ შემთხვევაში, როცა SIGMET ინფორმაცია ეხება ვულკანური ფერფლის ღრუბელს ან ტროპიკულ ციკლონებს, ის გამოიცემა მაშინვე, როდესაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, მაგრამ არაუადრეს 12 საათისა მოქმედების პერიოდის დაწყებიდან. ინფორმაცია SIGMET ვულკანური ფერფლის ღრუბლისა და ტროპიკული ციკლონის შესახებ ახლდება ყოველ 6 საათში ერთხელ მაინც.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო სივრცე დაყოფილია საფრენოსნო ინფორმაციის რაიონად და ზემო საფრენოსნო ინფორმაციის რაიონად, ინფორმაცია SIGMET აღინიშნება საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის მომსახურე სსმ-ის პუნქტის ადგილმდებარეობის ინდიკატორით.
შენიშვნა: ინფორმაცია SIGMET ვრცელდება საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში არსებულ მთელ საჰაერო სივრცეზე. ფრენის ეშელონები და არეები, რომლებზეც ზემოქმედებას ახდენს ის მეტეოროლოგიური მოვლენები, რომლის გამოც გამოიცა SIGMET ინფორმაცია, შეიტანება SIGMET ინფორმაციაში.
7. ინფორმაცია SIGMET გამოიცემა ღია ტექსტით, იკაოს მიერ აღიარებული, მარტივად აღსაქმელი შემოკლებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების გამოყენებით, ამ წესის №7 დანართის A7-5 ცხრილის შესაბამისად.
8. შეტყობინება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას SIGMET, ამოიცნობა, როგორც „SIGMET“.
9. ინფორმაციას SIGMET ენიჭება, ამ წესის №7 დანართის A7-5 ცხრილით განსაზღვრული, სამნიშნა რიგითი ნომერი, რომელიც შედგება მეტეოროლოგიური მოვლენის აღმნიშვნელი, ერთნიშნა ანბანური და ორნიშნა რიცხვითი მნიშვნელობებისაგან (მაგალითად, SIGMET A01). რიგითი ნომერი განსაზღვრავს გარკვეული მეტეოროლოგიური მოვლენის შესახებ გარკვეულ საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში გაცემული SIGMET ინფორმაციის რიგითობას, მოცემული დღის 00:01 UTC-დან. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოები, რომელთა პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს რამდენიმე საფრენოსნო ინფორმაციის რაიონს/სამეთვალყურეო რაიონს, გამოსცემენ ცალკეულ SIGMET ინფორმაციას თითოეული საფრენოსნო ინფორმაციის რაიონისთვის/სამეთვალყურეო რაიონისთვის, მათი პასუხისმგებლობის ზონაში. SIGMET ინფორმაციის რიგითი ნომრის მისანიჭებლად გამოიყენება მეტეოროლოგიური მოვლენის აღმნიშვნელი, შემდეგი ანბანური სიმბოლოები:
ა) WC ტიპის SIGMET ინფორმაციისთვის:
ა.ა) ტროპიკული ციკლონი (C);
ა.ბ) ტროპიკული ციკლონის შესახებ სატესტო ინფორმაციის გაცვლა (X);
ბ) WV ტიპის SIGMET ინფორმაციისთვის:
ბ.ა) ვულკანური ფერფლი (A);
ბ.ბ) ვულკანური ფერფლის შესახებ სატესტო ინფორმაციის გაცვლა (Y);
გ) WS ტიპის SIGMET ინფორმაციისთვის:
გ.ა) ჭექა-ქუხილი (T);
გ.ბ) ტურბულებტობა (U);
გ.გ) შემოყინულობა (I);
გ.დ) გადაციებული წვიმა (F);
გ.ე) მთის ტალღები (M);
გ.ვ) მტვრის ქარიშხალი (D);
გ.ზ) ქვიშის ქარიშხალი (S);
გ.თ) რადიოაქტიური ღრუბელი (R);
გ.ი) მარშრუტზე არსებული ამინდის მოვლენების შესახებ სატესტო ინფორმაციის გაცვლა (Z).
10. ამ წესის №7 დანართის A7-4 ცხრილის შესაბამისად, ინფორმაციაში SIGMET უნდა ჩაერთოს მხოლოდ ერთი ქვემოთ მოცემული მოვლენა კრეისერულ ეშელონებზე (აბსოლუტური სიმაღლისაგან დამოუკიდებლად) შემდეგი შემოკლებებით:
ა) ჭექა-ქუხილი
ა.ა) დაფარული (OBSC TS);
ა.ბ) შენიღბული (EMBD TS);
ა.გ) ხშირი ჭექა-ქუხილი (FRQ TS);
ა.დ) ქარტეხილის ხაზი (SQL TS);
ა.ე) დაფარული სეტყვასთან ერთად (OBSC TSGR);
ა.ვ) შენიღბული სეტყვასთან ერთად (EMBD TSGR);
ა.ზ) ხშირი ჭექა-ქუხილი სეტყვასთან ერთად (FRQ TSGR);
ა.თ) ქარტეხილის ხაზი სეტყვასთან ერთად (SQL TSGR);
ბ) ტროპიკული ციკლონი – მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარით (TC) (+ ციკლონის დასახელება) 17 მ/წ (34 კვანძი) და მეტი 10 წუთის განმავლობაში;
გ) ტურბულენტობა - ძლიერი ტურბულენტობა (SEV TURB);
დ) შემოყინულობა:
დ.ა) ძლიერი შემოყინულობა (SEV ICE);
დ.ბ) ძლიერი შემოყინულობა გადაცივებული წვიმის შედეგად (SEV ICE) (FZRA);
ე) მთის ტალღა – ძლიერი მთის ტალღა (SEV MTW);
ვ) მტვრის ქარიშხალი – ძლიერი მტვრის ქარიშხალი (HVY DS);
ზ) ქვიშის ქარიშხალი – ძლიერი ქვიშის ქარიშხალი (HVY SS);
თ) ვულკანური ფერფლი (VA) (+ ვულკანის სახელწოდება, თუ ის ცნობილია);
ი) რადიოაქტიური ღრუბელი (RDOACT CLD).
11. ინფორმაცია SIGMET არ შეიცავს ზედმეტ აღწერით მასალას. ამინდის მოვლენების აღწერაში, რომელთა შესახებაც გამოიცემა ინფორმაცია SIGMET, არ ჩაირთვება არავითარი აღწერითი მასალა, გარდა იმისა, რაც მითითებულია ამ მუხლის მე-10 პუნქტში. ინფორმაციაში SIGMET, რომელიც ეხება ჭექა-ქუხილებს ან ტროპიკულ ციკლონს, არ მიეთითება მათთან დაკავშირებული ტურბულენტობა და შემოყინულობა.
12. ინფორმაცია SIGMET უნდა გავრცელდეს IWXXM ფორმით, დამატებით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კოდური ფორმატისა.
შენიშვნა 1: SIGMET-ის გავრცელების პროცედურები გაწერილია იკაო-ს EUR Doc 018, „ევროპის რეგიონის ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების მართვის სახელმძღვანელოში“;
შენიშვნა 2: სახელმძღვანელო მასალა ევროპის რეგიონში IWXXM დანერგვის და გაცვლის შესახებ მოცემულია იკაო-ს EUR Doc 33 „ევროპის რეგიონში IWXXM გამოყენებით ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების გაცვლის სახელმძღვანელოში“.
13. გრაფიკულ ფორმატში გამოცემული ინფორმაცია SIGMET უნდა შეესაბამებოდეს ამ განსაზღვრულ ფორმატს, შესაბამისი სიმბოლოებისა და შემოკლებების ჩათვლით