1. წინამდებარე სანიტარიული ნორმები განკუთვნილია სამუშაო ადგილებზე შრომის პირობებისა და ხასიათის ჰიგიენური შეფასებისათვის შემდეგი მიზნით:

ა) დასაქმებულის (დასაქმებულების) შრომის პირობების სანიტარიულ ნორმებსა და წესებთან, ჰიგიენურ ნორმატივებთან შესაბამისობის კონტროლისა და ჰიგიენური დასკვნის გასაცემად;

ბ) გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების პრიორიტეტების დასადგენად და მათი ეფექტურობის შესაფასებლად;

გ) შრომის პირობების მონაცემთა ბანკის შესაქმნელად საწარმოს, დარგის, ქალაქის, რაიონის, რეგიონის, ქვეყნის მასშტაბით;

დ) ორგანიზაციაში შრომის პირობების მიხედვით სამუშაო ადგილების ატესტაციისათვის;

ე) სანიტარიული დარღვევების გამოვლენისას ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომების მისაღებად, ბრალეული პირების პასუხისგებაში მისაცემად;

ვ) დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შრომის პირობებთან შესაპირისპირებლად (პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური დახასიათების შედგენისას);

ზ) პროფესიული დაავადებებისა და მოშხამვების შემთხვევების გამოსაკვლევად;

თ) პროფესიული რისკის დონის დასადგენად, პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავებისა და დასაქმებულთა სოციალური დაცვის ზომების დასასაბუთებლად;

ი) დასაქმებულებისათვის (სამუშაო ადგილზე არსებულ შრომის პირობებზე სრული ინფორმაციის მისაღებად როგორც სამუშაოზე მიღებისას, ისე შრომითი საქმიანობის პროცესში);

კ) სოციალური და სამედიცინო სადაზღვევო მომსახურებისათვის.

2. წინამდებარე სანიტარიულ ნორმებში მოცემული ჰიგიენური კრიტერიუმები არის მაჩვენებლები, რომლებიც საშუალებას იძლევა შეფასდეს საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის პარამეტრების მოქმედი ჰიგიენური ნორმატივებიდან გადახრის ხარისხი. შრომის პირობების კლასიფიკაცია დაფუძნებულია აღნიშნული გადახრების დიფერენცირების პრინციპზე.

3. ინფექციური დაავადებების გამომწვევებთან მუშაობისას შრომის პირობები (პოტენციური საფრთხის გამო) შეიძლება მავნეობის გარკვეულ კლასს მიეკუთვნოს.

4. იმ შემთხვევაში, როცა დასაბუთებული ტექნოლოგიური მიზეზების გამო, დამსაქმებელი ვერ ახერხებს სამუშაო ადგილებზე ჰიგიენური ნორმატივების დაცვას სრული მოცულობით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და სხვა აუცილებელი დოკუმენტების განხილვის შემდეგ შეუძლიათ გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და შეზღუდონ დასაქმებულებზე მავნე საწარმოო ფაქტორების ზემოქმედების დრო (დროით დაცვა). ამასთან, ყოველმა დასაქმებულმა უნდა მიიღოს სრული ინფორმაცია შრომის პირობების, მათი მავნეობის ხარისხის, ჯანმრთელობისათვის შესაძლო მავნე, არახელსაყრელი შედეგების, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, შრომისა და დასვენების რეჟიმის, სამედიცინო-პროფილაქტიკური ღონისძიებების, მავნე ფაქტორთან კონტაქტის დროის შემცირების ზომების შესახებ. ამავდროულად ორგანიზაციებმა უნდა შეიმუშაონ შრომის პირობების გაუმჯობესების ღონისძიებების პერსპექტიული გეგმა.

5. ჰიგიენური ნორმატივების დარღვევა, რაც განპირობებულია დასაქმებულთა პროფესიული საქმიანობის თავისებურებებით და რეგლამენტირებულია დარგობრივი, ეროვნული, საერთაშორისო აქტებით (მაგ., მეზღვაურების, მფრინავების, მყვინთავების შრომა და სხვ.), წარმოადგენს ამ პროფესიებისათვის სოციალური დაცვის ზომების, შრომისა და დასვენების რაციონალური რეჟიმის გამოყენების საფუძველს.

6. დაუშვებელია მუშაობა საშიშ (ექსტრემალურ) პირობებში (მე-4 კლასი) ავარიების ლიკვიდაციის, ავარიული სიტუაციების თავიდან აცილებისათვის გადაუდებელი სამუშაოების შესრულების გარდა. ამასთან, სამუშაოები უნდა ჩატარდეს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით და ამ სამუშაოებისათვის რეგლამენტირებული რეჟიმის მკაცრი დაცვით.

7. შრომის მავნე პირობებში დასაქმებული ცალკეული პროფესიული ჯგუფების დასაქმებულთა მავნე პირობებთან კონტაქტის დასაშვები დრო (დროით დაცვა) სამუშაო ცვლის განმავლობაში და/ან შრომითი საქმიანობის პერიოდში (მუშაობის სტაჟის შეზღუდვა) განისაზღვრება წინამდებარე დოკუმენტით. დროით დაცვა ამცირებს დასაქმებულის ჯანმრთელობის დაზიანების რისკს, მაგრამ, როგორც წესი, არ ცვლის მისი შრომის პირობების კლასს.

თავი II

გამოყენებული ტერმინების განმარტებე