1. შრომის ჰიგიენა
– პროფილაქტიკური მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს შრომის პირობებს და ხასიათს, მათ გავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და ფუნქციურ მდგომარეობაზე; შეიმუშავებს დასაქმებულებზე საწარმოო გარემოს და შრომითი პროცესის ფაქტორების მავნე და საშიში ზემოქმედების პროფილაქტიკის მეცნიერულ საფუძვლებს და პრაქტიკულ ღონისძიებებს;

2. შრომის პირობები
– შრომითი პროცესისა და საწარმოო გარემოს ფაქტორების ერთობლიობა, რომელშიც ხორციელდება ადამიანის საქმიანობა;

3. მავნე საწარმოო ფაქტორი
– საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის ფაქტორი, რომლის ზემოქმედებას ადამიანზე გარკვეულ პირობებში (ინტენსივობა, ხანგრძლივობა და სხვ.) შეუძლია გამოიწვიოს პროფესიული დაავადება, შრომისუნარიანობის დროებითი ან მდგრადი დაქვეითება, აამაღლოს სომატიური და ინფექციური დაავადების სიხშირე, მიგვიყვანოს შთამომავლობის ჯანმრთელობის დარღვევამდე;

4. საწარმოო გარემოს ფაქტორებია:

ა) ფიზიკური ფაქტორები
(ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე, სითბური გამოსხივება; არამაიონებელი გამოსხივება; მაიონებელი გამოსხივება*; საწარმოო ხმაური, ულტრაბგერა, ინფრაბგერა; ვიბრაცია; აეროზოლები (მტვერი) უპირატესად ფიბროგენული მოქმედების; არასათანადო განათება; აეროიონები);

ბ) ქიმიური ფაქტორები
(მათ შორის ქიმიური სინთეზით მიღებული ბიოლოგიური ბუნების ზოგიერთი ნივთიერება (ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ჰორმონები, ფერმენტები, ცილოვანი პრეპარატები) და/ან რომელთა კონტროლისათვის გამოიყენება ქიმიური ანალიზის მეთოდები);

5. ბიოლოგიური ფაქტორები
– პრეპარატებში შემავალი მიკროორგანიზმები–პროდუცენტები, ცოცხალი უჯრედები და სპორები, პათოგენური მიკროორგანიზმები;

6. შრომის სიმძიმე
– შრომითი პროცესის დახასიათება, რომელიც ასახავს დატვირთვას უპირატესად ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე და ფუნქციურ სისტემებზე (გულსისხლძარღვთა, სუნთქვის და სხვ.), რომლებიც უზრუნველყოფენ მის საქმიანობას. შრომის სიმძიმე ხასითდება ფიზიკური დინამიკური დატვირთვით, ასაწევი და გადასაადგილებელი ტვირთის მასით, სტერეოტიპული სამუშაო მოძრაობების საერთო რიცხვით, სტატიკური დატვირთვის სიდიდით, სამუშაო პოზის ფორმით, სხეულის დახრის ხარისხით, სივრცეში გადაადგილებით;

7. შრომის დაძაბულობა
– შრომითი პროცესის დახასიათება, რომელიც ასახავს დატვირთვას უპირატესად დასაქმებულთა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გრძნობათა ორგანოებზე, ემოციურ სფეროზე. შრომის დაძაბულობის დამახასიათებელ ფაქტორებს მიეკუთვნება: ინტელექტუალური, სენსორული, ემოციური დატვირთვები, დატვირთვების მონოტონურობის ხარისხი, მუშაობის რეჟიმი;

8. საშიში საწარმოო ფაქტორი
– საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის ფაქტორები, რომელიც შეიძლება გახდეს მწვავე დაავადების, ჯანმრთელობის უეცარი მკვეთრი გაუარესების ან სიკვდილის მიზეზი. ცალკეული მავნე საწარმოო ფაქტორი რაოდენობრივი მახასიათებლებისა და მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად შეიძლება გახდეს საშიში;

9. წამყვანი საწარმოო ფაქტორი
– ფაქტორი, რომლის სპეციფიკური გავლენა დასაქმებულის ორგანიზმზე რიგი ფაქტორების კომბინირებული ან შერწყმული მოქმედებისას ყველაზე მეტად ვლინდება;

10. შრომის პირობების ჰიგიენური ნორმატივები
(ზდკ, ზდდ) – მავნე საწარმოო ფაქტორის დონე, რომელიც ყოველდღიური (დასვენების დღეების გარდა) მუშაობისას, მაგრამ არა უმეტეს 40 სთ-ისა კვირაში, მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში არ უნდა იწვევდეს დაავადებას ან სხვა გადახრას (რომლის გამოვლენაც შესაძლებელია კვლევის თანამედროვე მეთოდებით) დასაქმებულის ან მისი შთამომავლობის ჯანმრთელობის მდგომარეობაში. ჰიგიენური ნორმატივების დაცვა არ გამორიცხავს ჯანმრთლობის მდგომარეობის დარღვევას პირებში, რომლებიც გამოირჩევიან მომატებული მგრძნობელობით. ჰიგიენური ნორმატივები დასაბუთებულია 8სთ-იანი სამუშაო ცვლისათვის. ცვლის უფრო დიდი ხანგრძლივობისას, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში მუშაობის შესაძლებლობა შეთანხმებული უნდა იყოს სახელმწიფოს შესაბამის ორგანიზაციებთან;

11. ექსპოზიცია
– მავნე ფაქტორის ინტენსივობის და მოქმედების ხანგრძლივობის რაოდენობრივი დახასიათება.

12. პროფესიული რისკი
– საწარმოო გარემოს და შრომითი პროცესის ფაქტორების არახელსაყრელი გავლენის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანების ალბათობის სიდიდე, შედეგის სიმძიმის გათვალისწინებით. პროფესიული რისკის შეფასება ტარდება ფაქტორების ექსპოზიციის სიდიდის, დასაქმებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის და შრომისუნარიანობის დაკარგვის მაჩვენებლების გათვალისწინებით;

13. დროით დაცვა
– დასაქმებულებზე საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის არახელსაყრელი ფაქტორების მავნე ზემოქმედების შემცირება მათი მოქმედების დროის შემცირების ხარჯზე: ცვლის განმავლობაში შესვენებების შემოღება, სამუშაო დღის შემცირება, შვებულების ხანგრძლივობის გაზრდა, მოცემულ პირობებში მუშაობის პერიოდის შეზღუდვა;

14. პროფესიული დაავადება
– დაავადება, რომლის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ეკუთვნის საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის არახელსაყრელ ფაქტორებს;

15. პროფესიული ავადობა
– წლის განმავლობაში ახლად გამოვლენილი პროფესიული დაავადებებით და მოწამვლებით დაავადებული ავადმყოფების რიცხვითი მაჩვენებელი, გამოთვლილი 100, 1000, 10000, 100000 დასაქმებულზე, რომლებიც განიცდიან საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის მავნე ფაქტორების ზემოქმედებას;

16. პროფესიით განპირობებული ავადობა
– ავადობა (სტანდარტიზებული ასაკის მიხედვით) სხვადასხვა ეთიოლოგიის (უპირატესად პოლიეთიოლოგიის) ზოგადი დაავადებებით, რომლებსაც აქვთ მატების ტენდენცია არახელსაყრელ შრომის პირობებში მუშაობის სტაჟის ზრდასთან ერთად და აღემატება ასეთ ავადობას იმ პროფესიულ ჯგუფებში, რომელთაც არა აქვთ კონტაქტი მავნე ფაქტორებთან;

17. შრომისუნარიანობა
– ადამიანის მდგომარეობა, რომლის დროსაც ფიზიკური, გონებრივი და ემოციური შესაძლებლობების ერთობლიობა საშუალებას აძლევს დასაქმებულს შეასრულოს განსაზღვრული მოცულობის და ხარისხის სამუშაო;

18. სამუშაო დღე (ცვლა)
– კანონმდებლობით დადგენილი მუშაობის ხანგრძლივობა (საათებში) დღე-ღამის განმავლობაში;

19. მუდმივი ვიბრაცია
– ესაა ვიბრაცია, რომლის ნორმირებადი პარამეტრების სიდიდე იცვლება არა უმეტეს 2-ჯერ (6დბ-ით) დაკვირვების დროში;

20. არამუდმივი ვიბრაცია
– ესაა ვიბრაცია, რომლის ნორმირებადი პარამეტრების სიდიდე იცვლება არანაკლებ 2-ჯერ (6დბ-ით) დაკვირვების დროში;

21. მუდმივი ინფრაბგერა
– ესაა ინფრაბგერა, რომლის ბგერითი წნევის დონე იცვლება არა უმეტეს 2-ჯერ (6დბ-ით) დაკვირვების დროში ხმაურსაზომის „ხაზობრივი“ სკალით, დროით მახასიათებელზე „ნელა“ გაზომვისას;

22. მუდმივი ხმაური
– ესაა ხმაური, რომლის ბგერის დონე ცვლის განმავლობაში იცვლება დროში არა უმეტეს 5 დბ-ით ხმაურსაზომის მახასიათებელზე „ნელა“ გაზომვისას;

23. არამუდმივი ხმაური
– ესაა ხმაური, რომლის ბგერის დონე სამუშაო დღის (ცვლის) განმავლობაში იცვლება დროში 5დბ-ზე მეტად ხმაურსაზომის მახასიათებელზე „ნელა“ გაზომვისას;

24. არამუდმივი ინფრაბგერა
– ინფრაბგერაა, რომლის ბგერითი წნევა იცვლება არანაკლებ 2-ჯერ (6დბ-ით) დაკვირვების დროში ხმაურსაზომის „ხაზობრივ“ სკალით, მახასიათებელზე „ნელა“ გაზომვისას;

25. სამუშაო ადგილის ატესტაცია
– სამუშაო ადგილის შესაბამისობის დადგენა შრომის უსაფრთხოებისა და სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან (ხმაური, განათება, ვიბრაცია, დამტვერიანება და ა.შ.)

26. ინდივიდუალური დაცვის საშუალებები
– სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოყენებული ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, თავსაბურავები და სხვა საშუალებები.

თავი III

შრომის პირობების ჰიგიენური კრიტერიუმები და კლასიფიკაცია მავნეობის და საშიშროების ხარისხის მიხედვ