1. კლასიფიკაციაში გამოყენებულია დასაქმებულთა ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების ხარისხობრივი დახასიათება, რომელიც შეივსება რაოდენობრივი მაჩვენებლებით, სათანადო ინფორმაციის დაგროვების შესაბამისად. ჰიგიენური კრიტერიუმებიდან გამომდინარე, შრომის პირობები იყოფა 4 კლასად: ოპტიმალური, დასაშვები, მავნე და საშიში.
ა) შრომის ოპტიმალური პირობები (1 კლასი) – ისეთი პირობებია, რომლის დროსაც შენარჩუნებულია დასაქმებულთა ჯანმრთელობა და შექმნილია წინაპირობა მუშაობისუნარიანობის მაღალ დონეზე შესანარჩუნებლად. საწარმოო ფაქტორების ოპტიმალური ნორმატივები დგინდება მიკროკლიმატური პარამეტრებისა და შრომითი პროცესის ფაქტორებისათვის. სხვა ფაქტორებისათვის ოპტიმალურად, პირობითად მიიღება შრომის ისეთი პირობები, რომელთა დროსაც არახელსაყრელი ფაქტორები არ არსებობს ან არ აღემატება მოსახლეობისათვის უსაფრთხოდ მიჩნეულ დონეს;
ბ) შრომის დასაშვები პირობები (2 კლასი) – ხასიათდება საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის ფაქტორების ისეთი დონეებით, რომლებიც არ აღემატება სამუშაო ადგილისათვის დადგენილ ჰიგიენურ ნორმატივებს, ხოლო ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობის შესაძლო ცვლილებები აღდგება რეგლამენტირებული შესვენების დროს ან შემდეგი ცვლის დასაწყისისათვის. შრომის დასაშვები პირობები არ უნდა ახდენდეს არახელსაყრელ ზემოქმედებას (ახლო და შორეულ პერიოდში) დასაქმებულის ან მისი შთამომავლობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შრომის დასაშვები პირობები პირობითად მიეკუთვნება უსაფრთხოს;
გ) შრომის მავნე პირობები (3 კლასი) – ხასიათდება მავნე საწარმოო ფაქტორების არსებობით, რომლებიც აღემატება ჰიგიენურ ნორმატივებს და ახდენს არახელსაყრელ გავლენას დასაქმებულის და/ან მისი შთამომავლობის ორგანიზმზე. შრომის მავნე პირობები ჰიგიენური ნორმატივების გადამეტების ხარისხის და დასაქმებულთა ორგანიზმზში ცვლილებების გამოხატულების* მიხედვით იყოფა მავნეობის 4 ხარისხად:
გ.ა) 3 კლასის 1 ხარისხი (3. 1.) – შრომის პირობები ხასიათდება ჰიგიენური ნორმატივებიდან მავნე ფაქტორების დონეების ისეთი გადახრით, რაც იწვევს ფუნქციურ ცვლილებებს, რომლებიც, როგორც წესი, აღდგება მავნე ფაქტორებთან კონტაქტის შეწყვეტიდან უფრო გვიან (ვიდრე შემდეგი ცვლის დასაწყისი) და ზრდის ჯანმრთელობის დაზიანების რისკს.
გ.ბ) 3 კლასის 2 ხარისხი (3. 2.) – მავნე ფაქტორების დონე, რომელიც იწვევს მყარ ფუნქციურ ცვლილებებს, რაც უმრავლეს შემთხვევაში იწვევს პროფესიით განპირობებული ავადობის ზრდას (რაც ვლინდება შრომისუნარიანობის დროებითი დაკარგვით მიმდინარე ავადობის დონის მატებით, პირველ რიგში ისეთი დაავადებებით, რომლებიც აისახება მოცემული მავნე ფაქტორებისადმი ყველაზე უფრო მგრძნობიარე ორგანოებზე და სისტემებზე) და ხანგრძლივი ექსპოზიციის (15 წელი და მეტი) შედეგად წარმოქმნილი პროფესიული დაავადებების საწყისი ნიშნების ან მსუბუქი (პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე) ფორმების გამოვლენას;
გ.გ) 3 კლასის 3 ხარისხი (3.3.) – შრომის პირობები, რომელიც ხასიათდება მავნე ფაქტორების ისეთი დონეებით, რომელთა ზემოქმედებას შრომითი საქმიანობის პერიოდში, როგორც წესი, მივყავართ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პროფესიული დაავადებების განვითარებამდე (პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვით), ქრონიკული (პროფესიით განპირობებული) პათოლოგიების ზრდისა და შრომისუნარიანობის დროებითი დაკარგვით მიმდინარე ავადობის დონის მატებისაკენ;
გ.დ) 3 კლასის 4 ხარისხი (3.4.) – შრომის პირობები, რომლის დროსაც შეიძლება წარმოიქმნას პროფესიული დაავადებების მძიმე ფორმები (საერთო შრომისუნარიანობის დაკარგვით), აღინიშნება ქრონიკული დაავადებების რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა და შრომისუნარიანობის დროებითი დაკარგვით მიმდინარე ავადობის მაღალი დონე.
დ) საშიში (ექსტრემალური) შრომის პირობები (4 კლასი) – ხასიათდება საწარმოო ფაქტორების დონეებით, რომელთა ზემოქმედება სამუშაო ცვლის (ან მისი ნაწილის) განმავლობაში ქმნის საშიშროებას სიცოცხლისათვის, მწვავე პროფესიული დაავადებების, მათ შორის, მძიმე ფორმების განვითარების მაღალ რისკს.
2. შრომის პირობების გრადაცია საწარმოო გარემოსა და შრომითი პროცესის ფაქტორების ჰიგიენური ნორმატივებიდან გადახრის ხარისხის მიხედვით წარმოდგენილია 1-12 ცხრილებშ