1. აკადემია არის ავტონომიური უფლებების მქონე საზღვაო პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მოქმედებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო კონვენციებისა და ამ წესდების საფუძველზე.
2. აკადემიის ავტონომიური საქმიანობის სფეროს განეკუთვნება:
ა) ფაკულტეტების ჩამოყალიბება, მათი სასწავლო და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) წესდების შემუშავება, აკადემიის შინაგანაწესის, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და წესის დამტკიცება;
გ) თავისი საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა;
დ) ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული კომპონენტებისათვის ძირითადი ერთეულების მიერ წარმოდგენილი კოეფიციენტების დამტკიცება;
ე) აკადემიის მართვის ორგანოებისა და აკადემიურ თანამდებობის პირთა არჩევა;
ვ) აკადემიის ორგანიზაციული და სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბება და მართვა;
ზ) ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა, საქართველოს ან სხვა ქვეყნების სასწავლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარება;
თ) ხელშეკრულებების საფუძველზე სპეციალისტთა მომზადება;
ი) სასწავლო მიზნების განსახორციელებლად გარეშე ორგანიზაციებიდან ან სხვა სასწავლებლებიდან სპეციალისტების მოწვევა ხელშეკრულებით;
კ) აკადემიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის განსაზღვრა, თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების დადგენა, თანამშრომელთა მატერიალური წახალისების, პრემიებისა და სახელობითი სტიპენდიების დაწესების საკითხის გადაწყვეტა;
ლ) საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად სახელობო, დიპლომირებული სპეციალისტების, ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორანტების მომზადება;
მ) კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით ქონებისა და ფინანსური სახსრების განკარგვა, მის გამგებლობას მიკუთვნებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.
3. სხვა საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.