1. მზომი ხელსაწყოების, რელეური დაცვის და ელექტროავტომატიკის მოწყობილობების წრედებში მუშაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის დენის და ძაბვის მზომი ტრანსფორმატორების მეორად წრედებს (გრაგნილებს) უნდა ჰქონდეთ მუდმივი დამიწება. რელეური დაცვის რთულ სქემებში მზომი ტრანსფორმატორების მეორადი გრაგნილების ელექტრულად შეერთებული ჯგუფებისათვის დასაშვებია დამიწება მხოლოდ ერთ წერტილში.
2. მზომი ხელსაწყოების, რელეური დაცვის და ელექტროავტომატიკის მოწყობილობების დენური წრედის გაწყვეტის აუცილებლობისას დენის ტრანსფორმატორის მეორადი გრაგნილის წრედი წინასწარ უნდა დამოკლდეს სპეციალურად ამისათვის განკუთვნილ მომჭერებზე ან გამოსაცდელი ბლოკების მეშვეობით. მეორად წრედებში დენის ტრანსფორმატორებსა და დაყენებულ ზღუდარებს შორის აკრძალულია ისეთი სამუშაოს წარმოება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს წრედის გაწყვეტა.
3. ძაბვის ტრანსფორმატორების მეორად წრედებში მუშაობისას, როდესაც ძაბვის მიწოდება ხდება გარეშე წყაროდან, მიღებულ უნდა იქნეს უკუტრანსფორმაციის შესაძლებლობის გამომრიცხავი ზომები.
4. რელეური დაცვის და ელექტროავტომატიკის მოწყობილობების მოქმედების შემოწმება, მოსინჯვა, მათ შორის, საკომუტაციო აპარატების ჩართვით ან გამორთვით, უნდა წარმოებდეს წინამდებარე წესების მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5. IV ჯგუფის მქონე სამუშაოს მწარმოებელს რელეური დაცვის, ავტომატიკის და ა.შ. მოწყობილობების მომსახურე პერსონალიდან უფლება აქვს შეითავსოს დამშვების მოვალეობა. ამავე დროს ის განსაზღვრავს სამუშაო ადგილის მომზადებისათვის აუცილებელ უსაფრთხოების ღონისძიებებს. აღნიშნული შეთავსება დასაშვებია, თუ სამუშაო ადგილის მომზადება არ მოითხოვს გამორთვების ჩატარებას, დამიწების დადებასა და დროებითი შემოღობვის დაყენებას ელექტროდანადგარების 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის ნაწილში.
6. IV ჯგუფის მქონე სამუშაოს მწარმოებელს, აგრეთვე III ჯგუფის მქონე ბრიგადის წევრებს შეუძლიათ ბრიგადის სხვა წევრებისაგან განცალკევებით იმუშაონ რელეური დაცვის, ელექტროავტომატიკის და ა.შ. მოწყობილობებში და მეორად წრედებში, თუ ეს უკანასკნელნი განლაგებულია ისეთ გმ-ში და შენობებში, რომლებშიც 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის დენგამტარი ნაწილები ან არ არის, მთლიანად შემოღობილია ან განლაგებულია ისეთ სიმაღლეზე, რომ შემოღობვა არ არის საჭირო (მანძილი შემოუღობავ დენგამტარ ნაწილსა და მიწას შორის რეგლამენტირებულია ელექტროდანადაგარების მოწყობის წესით).
7. ენერგომიმწოდებელი ორგანიზაციებისა და ელექტროენერგიის აღრიცხვის მაკონტროლებელი სტრუქტურების პერსონალი მომხმარებლის აღრიცხვის ხელსაწყოებზე მუშაობას აწარმოებს მივლინებული პერსონალის უფლებით. ამ სამუშაოებს ასრულებს ბრიგადა არანაკლებ ორი მუშაკის შემადგენლობით. გმ-ის შენობებში ელექტრომრიცხველის ჩვენების ჩასაწერად დაიშვება ენერგომიმწოდებელი ორგანიზაციის III ჯგუფის მქონე მომუშავე მომხმარებლის წარმომადგენლის თანდასწრებით.
8. ელექტროენერგიის აღმრიცხველ ხელსაწყოებზე მუშაობა უნდა წარმოებდეს ძაბვის მოხსნით. მზომ ტრანსფორმატორებთან მიერთებული ელექტრომრიცხველების წრედებში გამოსაცდელი ბლოკების არსებობის შემთხვევაში ძაბვა ელექტრომრიცხველის სქემიდან უნდა მოიხსნას აღნიშნულ ბლოკებში.
9. დენის ტრანსფორმატორებთან მიერთებული ელექტრომრიცხველების წრედში სამუშაო უნდა შეასრულოს უსაფრთხოების IV და III ჯგუფის მქონე მუშაკებისაგან შემდგარმა ბრიგადამ. ბრიგადის ერთ-ერთ წევრად შეიძლება შეყვანილ იქნეს III ჯგუფის მქონე პირი ელექტროენერგიის მომხმარებლის პერსონალიდან. თუ ელექტრომრიცხველების წრედში არსებობენ ისეთი კონტაქტები (ბლოკები), რომლებიც იძლევიან მუშაობის საშუალებას დენის ტრანსფორმატორის მეორად გრაგნილზე მიერთებული წრედების განრთვის გარეშე, სამუშაოები შეიძლება შესრულდეს განკარგულებით, ელექტრომრიცხველის სქემიდან ძაბვის მოუხსნელად. აღნიშნული კონტაქტების არარსებობის შემთხვევაში ელექტრომრიცხველის წრედში უნდა გამოირთოს დენი და ძაბვა. განკარგულებით შეიძლება შესრულდეს სამუშაოები ელექტროდანადგარის გამორთული მიერთებების ელექტრომრიცხველების და უშუალო ჩართვის ერთფაზა ელექტრომრიცხველების წრედებში.
10. ერთ სათავსში განლაგებულ სხვადასხვა მინაერთების ელექტრომრიცხველებზე სამუშაო შეიძლება შესრულდეს ერთი განწესით (განკარგულებით). ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე გადასვლის გაფორმება განწესში საჭირო არ არის.
11. პირდაპირი ჩართვის ერთფაზა ელექტრომრიცხველებთან ძაბვის ქვეშ ტვირთის მოხსნით ერთპიროვნული მუშაობა დასაშვებია, თუ ისინი განლაგებულია ისეთ სათავსში, რომელშიც მინიმალურია ადამიანთა ელექტროდენით დაზიანების საშიშროება