1. მოქმედ ელექტროდანადგარებში ტვირთამწე მანქანების და მექანიზმების გამოყენებით მუშაობა უნდა წარმოებდეს 1969 წლის 30 დეკემბერს სსრკ-ის მინისტრთა საბჭოსთან არსებული მრეწველობის და სამთო ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტის მიერ დამტკიცებული „ტვირთამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების“ შესაბამისად.
2. მოქმედ ელექტროდანადგარებში ტვირთამწე მანქანების და მექანიზმების გამოყენებით მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს განწესით.
3. მძღოლებს, მეამწეებს, მემანქანეებს, ჩამბმელებს, რომლებიც მუშაობენ მოქმედ ელექტროდანადგარებში ან სეგხ-ების დაცვის ზონაში, უნდა ჰქონდეთ II ჯგუფი.
4. ავტომობილის, ტვირთამწე მანქანებისა და მექანიზმების მოძრაობა, აგრეთვე მათი დაყენება და მუშაობა ღგმ-ში და სეგხ-ის დაცვის ზონაში, უნდა ხორციელდებოდეს ოპერატიული ან ოპერატიულ-სარემონტო პერსონალის, განწესის გამცემის, სამუშაოს ხელმძღვანელის, ხოლო 1000 ვოლტამდე ძაბვის ელექტროდანადგარებში IV ჯგუფის მქონე სამუშაოს მწარმოებლის მეთვალყურეობით. სეგხ-ის დაცვის ზონაში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დროს მეთვალყურეობას ახორციელებს სამუშაოს ხელმძღვანელი ან III ჯგუფის მქონე სამუშაოს მწარმოებელი. განწესის სტრიქონში „ცალკეული მითითებები“ უნდა ჩაიწეროს ამწეებით (ამწევებით) სამუშაოს უსაფრთხოდ წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნის შესახებ მისი თანამდებობის, გვარისა და ინიციალის მითითებით.
5. ღგმ-ში და სეგხ-ის ქვეშ გავლის დროს ტვირთამწე მანქანებისა და მექანიზმების ამწევი და გამოსაწევი ნაწილები უნდა იმყოფებოდეს სატრანსპორტო მდგომარეობაში. სამუშაო ადგილის ფარგლებში სწორ ადგილებში დასაშვებია ტვირთამწე მანქანების გადაადგილება აწეული მუშა ორგანოთი, მაგრამ ამწევ ან გამოსაწევ ნაწილებზე ტვირთისა და ადამიანის გარეშე, თუ ასეთი გადაადგილება ნებადართულია საქარხნო ინსტრუქციით და ამასთან არ არის საჭირო გავლა გამოურთავი სალტეებისა და სეგხ-ის სადენების ქვეშ. ღგმ-ში მოძრაობის სიჩქარე განისაზღვრება ადგილობრივი პირობებით, მაგრამ ის არ უნდა აღემატებოდეს 10 კმ/სთ-ს. სეგხ-ის ქვეშ ავტომობილებმა, ტვირთამწე მანქანებმა და მექანიზმებმა უნდა გაიარონ სადენების ყველაზე ნაკლები ჩაკიდულობის ქვეშ (ანძებთან).
6. სამუშაო ადგილზე ამწის დაყენებისას სამუშაოს ხელმძღვანელმა ან სამუშაოს მწარმოებელმა დამშვებთან ერთად უნდა განსაზღვროს ისრის გადაადგილების აუცილებელი სექტორი, რომელიც სამუშაოს დაწყებამდე უნდა შემოიფარგლოს ალმიანი ლენტებით, ხოლო ღამით _ სასიგნალო მაშუქებით.
7. აკრძალულია ისრიანი ტვირთამწე მექანიზმების დაყენება და მუშაობა 35 კვ ჩათვლით ძაბვის ქვეშ მყოფი სეგხ-ის სადენების ქვეშ. ტვირთამწე მანქანები (მექანიზმები) გამოსაწევ საბრჯენებზე უნდა დააყენოს და მისი მუშა ორგანო სატრანსპორტოდან გადაიყვანოს სამუშაო მდგომარეობაში იმ მემანქანემ, რომელიც მას მართავს. აკრძალულია ამ პროცესში სხვა პირების ჩართვა.
8. ავტომობილების, ტვირთამწე მანქანებისა და მექანიზმების გავლის, დაყენების და მუშაობის დროს ამწევი და გამოსაწევი ნაწილებიდან, ჯამბარიდან (ჩასაბმელებიდან), ტვირთდამჭერი მოწყობილობიდან, ტვირთებიდან მანძილი ძაბვის ქვეშ მყოფ დენგამტარ ნაწილებამდე არ უნდა იყოს 1-ლ ცხრილში მითითებულზე ნაკლები.
9. ტელესკოპურ და ჰიდროამწეებზე მუშაობის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს გამოსაწევი და ამწე ნაწილები, ხოლო ტელესკოპურ კოშკურებში, გარდა ამისა, ამწევი ნაწილი უნდა დადგეს ვერტიკალურად და დაფიქსირდეს ამ მდგომარეობაში.
10. კუთხურ ანძებზე იზოლატორების და სადენების შეცვლისას ან არმატურის შეკეთებისას აკრძალულია ტელესკოპური კოშკურის (ჰიდროამწის) დაყენება სადენების მიერ წარმოქმნილი კუთხის შიგნით.
11. ღგმ-ში და სეგხ-ის დაცვის ზონაში ძაბვის მოუხსნელად ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას ავტომობილები, ტვირთამწე მანქანები და მექანიზმები უნდა დამიწდეს. დამიწების დაყენებამდე აკრძალულია ავტომობილების (ტვირთამწე მანქანების, მექანიზმების) კორპუსზე შეხება და მათი სამუშაო ორგანოს, ტვირთსაჭერი სამარჯვების და საყრდენი დეტალების გადაადგილება. მუხლუხასვლიანი ტვირთამწე მანქანების დამიწება მათი უშუალოდ გრუნტზე დგომისას საჭირო არ არის.
12. თუ დენგამტარ ნაწილებთან შეხების ან ელექტრული განმუხტვის შედეგად მექანიზმი ან ტვირთამწე მანქანა აღმოჩნდა ძაბვის ქვეშ, მასთან შეხება, მათგან მიწაზე ჩამოსვლა ან მათზე ასვლა ძაბვის მოხსნამდე აკრძალულია.
13. აკრძალულია ტვირთამწე მანქანებისა და მექანიზმების მუშაობისას ასაწევი ტვირთის, ტელესკოპური კალათის ქვეშ, აგრეთვე დასაჭიმი სადენების (გვარლების), საბრჯენების, სამაგრების და მომუშავე მექანიზმების უშუალო სიახლოვეს (5 მ-ზე ახლოს) ადამიანების ყოფნა.
14. ტელესკოპური კოშკურიდან (ჰიდროამწიდან) სამუშაოს წარმოებისას კალათაში (საკიდელაში) მყოფი ბრიგადის წევრი და მძღოლი ერთმანეთს უნდა ხედავდნენ. თუ ასეთი კავშირი არ ხერხდება, მაშინ კოშკურასთან უნდა იმყოფებოდეს ბრიგადის წევრი, რომელიც მძღოლს გადასცემს ბრძანებებს კალათის (საკიდელის) აწევის ან ჩამოშვების შესახებ. ტელესკოპური კოშკურიდან (ჰიდროამწედან) მუშაობისას მომუშავე უნდა იდგეს კალათის (საკიდელის) ფსკერზე და დამაგრებული უნდა იყოს დამცავი ქამრის ჯამბარით. კალათიდან (საკიდელიდან) ანძაზე ან მოწყობილობებზე გადასვლა და უკან დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ სამუშაოს მწარმოებლის ნებართვით.
15. ძაბვის ქვეშ მყოფ დენგამტარ ნაწილებთან ამწეს ისრის ან ამწე მექანიზმის კალათის (საკიდელას) შეხების შემთხვევაში მემანქანემ უნდა მიიღოს ზომები წარმოშობილი კონტაქტის სწრაფი გაწყვეტისათვის და მექანიზმის მოძრავი ნაწილის დენგამტარი ნაწილიდან მოსაშორებლად, არანაკლებ 1-ლ ცხრილში მითითებულ მანძილზე. მემანქანე ვალდებულია გააფრთხილოს ირგვლივ მყოფი მომუშავენი იმის შესახებ, რომ მექანიზმი იმყოფება ძაბვის ქვეშ. თუ ძაბვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, ტვირთამწე მანქანას ან მექანიზმს ცეცხლი გაუჩნდა, მძღოლი (მემანქანე) უნდა გადმოხტეს მიწაზე შეტყუპებული ფეხებით ისე, რომ მანქანას ხელით არ შეეხოს. შემდეგ უნდა მოშორდეს მანქანას არანაკლებ 8 მ-ის მანძილზე ისე, რომ სიარულისას ტერფები არ მოაცილოს ერთმანეთს, რათა არ მოხვდეს ბიჯურ ძაბვაში.
16. 220 კვ და ნაკლები ძაბვის გმ-ში გადასატანი ლითონის კიბეების გამოიყენება აკრძალულია.
17. 330 კვ და უფრო მაღალი ძაბვის ღგმ-ში გადასატანი ლითონის კიბეების გამოყენება ნებადართულია შემდეგი პირობების დაცვით:
ა) კიბის გადატანა უნდა ხდებოდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში სამუშაოს მწარმოებლის ან უსაფრთხოების IV ჯგუფის მქონე ოპერატიული პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ;
ბ) ინდუცირებული პოტენციალის მოსახსნელად გადასატან კიბეზე მიერთებული უნდა იყოს მიწასთან შეხებაში მყოფი ლითონის ჯაჭვი.
18. დაუშვებელია ტვირთამწე მანქანების მუშაობა ქარის დროს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ტვირთების ან ტვირთებისაგან თავისუფალი გვარლის ან ბაგირის მიახლოება ძაბვის ქვეშ მყოფ დენგამტარ ნაწილებთან დასაშვებ მანძილზე ახლოს