„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.06.2022
ავტორი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/158/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო შესყიდვების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-13
ბიუროს ნომერი 160

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ და „ჭ“ ქვეპუნქტები: „წ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო შესყიდვების სააგენტოს – „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; ჭ) საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს – ,,საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლითაც ასოცირების შეთანხმებაში მოცემული 2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/24/EU დირექტივის „საჯარო შესყიდვებისა და 2004/18/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ და 1989 წლის 21 დეკემბრის ევროსაბჭოს 89/665/EEC დირექტივის „პროდუქციის მიწოდების და სამუშაოების შესრულების შესახებ საჯარო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე“ დაახლოების II და IV ფაზებით დადგენილი რეგულაციების იმპლემენტაცია ხორციელდება ეროვნულ კანონმდებლობაში. საგულისხმოა, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, კარდინალურად იცვლება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, მათ შორის, ინერგება ახალი ინსტიტუტები. აღსანიშნავია, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, მსგავსად მოქმედი რეგულაციისა, სააგენტო განახორციელებს შავი და თეთრი სიის წარმოებას. ამასთან, საჯარო შესყიდვების სააგენტო უფლებამოსილი ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან გამოითხოვოს შავ და თეთრ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის არსებობის დასადგენად აუცილებელი, ეკონომიკური ოპერატორის ან სხვა პირის შესახებ საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაცია ან სხვა ნებისმიერი ინფორმაცია. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტით აგრეთვე დგინდება საჯარო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილება, საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების, ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და საჯარო შესყიდვების პროცესში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფის მიზნით, დაამუშაოს, მათ შორის, მიიღოს, შეინახოს, გამოსცეს ან/და გასცეს ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი და ინფორმაცია. ამავე მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, საგადასახადო ორგანოდან გამოითხოვოს საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. გარდა ზემოაღნიშნულისა, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის თანახმად, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან გამოითხოვოს შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაცია ან სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტისთვის. ამდენად, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრულ სუბიექტებს, ამავე კანონპროექტით მათზე დაკისრებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, უნდა ჰქონდეთ წვდომა შესაბამის ინფორმაციაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია (გარდა იმავე მუხლის 11 ნაწილში აღნიშნული ინფორმაციისა) საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება. ამასთან, ხსენებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია შესაძლებელია გადაეცეს მხოლოდ იმავე ნაწილით გათვალისწინებულ უწყებებს. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში მითითებული დებულების – სააგენტოს მიერ, აგრეთვე, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილების აღსასრულებლად, მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო და საბჭო ფლობდეს ინფორმაციას ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაციის შესახებ, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ცვლილების განხორციელება საქართველოს საგადასახადო კოდექსში. წარმოდგენილი პროექტით, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორცილებლად, გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაციის მიმღებ სუბიექტად განისაზღვრება საჯარო შესყიდვების სააგენტო და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო. აღნიშნულით, საქართველოს საგადასახადო კოდექსი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან და უზრუნველყოფილ იქნება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო რეგულაციის გარეშე შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაციის მიმღებ სუბიექტად საჯარო შესყიდვების სააგენტოსა და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს განსაზღვრა. კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაციის მიმღებ სუბიექტად განისაზღვრება საჯარო შესყიდვების სააგენტო და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო. აღნიშნული ცვლილებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან და უზრუნველყოფილ იქნება საჯარო შესყიდვების სააგენტოსა და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია იმ პირთა ამომწურავი ნუსხა, რომელთაც საგადასახადო ორგანო გადასცემს ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებულ ინფორმაციას. წარმოდგენილი კანონპროექტით საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილს ემატება „წ“ და „ჭ“ ქვეპუნქტები და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორცილებლად, გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაციის მიმღებ სუბიექტად განისაზღვრება საჯარო შესყიდვების სააგენტო და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო. აღნიშნული ცვლილებით საქართველოს საგადასახადო კოდექსი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრულ დებულებებთან და უზრუნველყოფილ იქნება საჯარო შესყიდვების სააგენტოსა და საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული უფლებამოვალეობების განხორციელება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2025 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი დებულებების ამოქმედებასთან. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წინამდებარე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს, იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.