„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.06.2022
ავტორი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/158/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო შესყიდვების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-06-13
ბიუროს ნომერი 160

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოთა კომპეტენციას.“. 2. 52-ე მუხლის: ა) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. წინასაარჩევნო პერიოდში/საარჩევნო პერიოდში საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი შესყიდვების კომიტეტის ქმედებების/გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს შესყიდვების პროცედურების შეჩერებას.“; გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი შესყიდვების კომიტეტის გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ საჩივრის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონის 77-ე მუხლით.“. 3. 77-ე მუხლის 52 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „52. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი შესყიდვების კომიტეტის გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში, რომელიც საჩივარს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი შესყიდვების კომიტეტის ქმედებებთან/გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლითაც ასოცირების შეთანხმებაში მოცემული 2014 წლის 26 თებერვლის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014/24/EU დირექტივის „საჯარო შესყიდვებისა და 2004/18/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ და 1989 წლის 21 დეკემბრის ევროსაბჭოს 89/665/EEC დირექტივის „პროდუქციის მიწოდების და სამუშაოების შესრულების შესახებ საჯარო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე“ დაახლოების II და IV ფაზებით დადგენილი რეგულაციების იმპლემენტაცია ხორციელდება ეროვნულ კანონმდებლობაში. საგულისხმოა, რომ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, კარდინალურად იცვლება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, მათ შორის, ინერგება ბევრი ახალი ინსტიტუტი და თავად სფეროს დასახელებაც განიცდის ცვლილებას. ამასთანავე, რამდენადაც ტერმინი - „სახელმწიფო შესყიდვა“ არ უკავშირდება მხოლოდ სახელმწიფოს, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით, ხსენებული ტერმინი ნაცვლდება ტერმინით - „საჯარო შესყიდვა“. აღნიშნულის გათვალისწინებით, საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი ძირითადი კანონის სახელწოდება, წინამდებარე ცვლილების პროექტით განისაზღვრა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს სახელწოდებად განისაზღვრება - საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო, ხოლო ნაცვლად სატენდერო კომისიისა განისაზღვრება ტერმინი - შესყიდვების კომიტეტი. ზემოხსენებული ტერმინოლოგიური ცვლილების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა და ორგანულ კანონში არსებული ტერმინების ჩანაცვლება, იმ ტერმინოლოგიით, რომლის შემოღებასაც ახდენს „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. აგრეთვე, რამდენადაც საჯარო შესყიდვების სფეროს უნიფიცირების მიზნით, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიდგომაა, საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დებულებების (გამონაკლისებისა და წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის განხორციელების საფუძვლების) „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით დარეგულირება, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, კოდექსის 52-ე მუხლის მე-6 ნაწილის ამოღება და მისი გადატანა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისობის საჭიროებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს რიგ ტერმინოლოგიურ ცვლილებებს. წარმოდგენილი ცვლილების პროექტის თანახმად, ტერმინი „სახელმწიფო შესყიდვა“ ჩანაცვლდება ტერმინით - „საჯარო შესყიდვა“, აგრეთვე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის დასახელება ნაცვლდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს სახელწოდებად განისაზღვრება – საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო, ხოლო ტერმინი – სატენდერო კომისია ჩანაცვლდება ტერმინით –შესყიდვების კომიტეტი. ამასთან, კოდექსის 52-ე მუხლის მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნება და გადატანილ იქნება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2025 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი დებულებების ამოქმედებასთან. წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: წინამდებარე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ პირდაპირი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს, იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების 141-ე-149-ე (საჯარო შესყიდვები) მუხლებიდან. 146-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველომ უნდა უზრუნველყოს მისი საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობასთან“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება უნდა განხორციელდეს თანმიმდევრული ეტაპების მიხედვით, როგორც დადგენილია ამ შეთანხმების XVI-B დანართით და შემდგომში დაკონკრეტებულია XVI-C - XVI-F, XVI-H, XVI-I და XVI-K დანართებით ...“ ასოცირების შეთანხმების XVI დანართში და „ასოცირების შესახებ შეთანხმების XVI დანართის განახლების შესახებ“ ევროკავშირი-საქართველოს ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის 2019 წლის 18 ოქტომბრის №2/2019 გადაწყვეტილებაში მოცემულია საჯარო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის იმ დირექტივებისა და რეგულაციების ჩამონათვალი, რომელთა დაახლოების ვალდებულება ეკისრება საქართველოს, შესაბამის ვადებზე მითითებით, მათ შორის, XVI-D დანართით საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს - „საქონლის მიწოდების და საჯარო სამუშაოების ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე“ 1989 წლის 21 დეკემბრის საბჭოს 89/665/EEC დირექტივას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: „საქონლის მიწოდების და საჯარო სამუშაოების ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე“ 1989 წლის 21 დეკემბრის საბჭოს 89/665/EEC დირექტივა. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.