„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
27.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი, ბაია კვიციანი
ნომერი
#07-3/357/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-02
ბიუროს ნომერი 286

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 62-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი: „31. თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული იქნა გადაადგილების შეზღუდვა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან), სასამართლო განხილვამდე აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ქვეშ ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: გადაადგილების შეზღუდვის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, შინაპატიმრობის ორი დღე, გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.“; ბ) მე-4-მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) მოქმედების ქვეშ ყოფნის ან/და პატიმრობაში ყოფნის დრო, აგრეთვე განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდილი დრო ამ კოდექსის მე-6 მუხლის საფუძველზე განაჩენის აღსრულების მიზნით პირის გადაცემის შემთხვევაში ერთი დღე ჩაითვლება ერთ დღედ. 5. თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის ქვეშ (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ან პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო გადაადგილების შეზღუდვის ქვეშ ან პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან.“; 2. 3811 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3811 . შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესით განსაზღვრულ საგანგაშო ზონაში შეღწევა ანდა საგანგაშო ან ბუფერული ზონის დატოვების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შეუსრულებლობა არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შემაკავებელი ორდერით ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ანდა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისას მოძალადის ან ბრალდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების წესით განსაზღვრულ საგანგაშო ზონაში შეღწევა ანდა საგანგაშო ან ბუფერული ზონის დატოვების შესახებ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ანდა მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება, ესე იგი ქმედება, რომლის შედეგადაც შეუძლებელი გახდა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება,− ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა იმის გათვალისწინებით, რომ თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული აღკვეთის ღონისძიების სასჯელში ჩათვლის საკითხები დარეგულირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ქვეშ ყოფნის პერიოდის სასჯელში ჩათვლის საკითხის გადაწყვეტაც საჭიროებს სწორედ ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტი ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების შესაბამისობის უზრუნველყოფას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით, სასამართლო განხილვამდე აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ქვეშ ყოფნის დრო, პატიმრობის მსგავსად, ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: გადაადგილების შეზღუდვის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, შინაპატიმრობის ორი დღე, გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი. პროექტით ასევე დარეგულირებულია ისეთი შემთხვევა, როდესაც საზღვარგარეთ ჩადენილი დანაშაულისათვის განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ბრალდებულს შეეფარდება გადაადგილების შეზღუდვა. ასეთ შემთხვევაში, განაჩენის აღსრულების მიზნით პირის სხვა ქვეყნისთვის გადაცემისას, პატიმრობის მსგავსად, გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ქვეშ ყოფნის ერთი დღეც ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ერთ დღედ. პროექტის მიხედვით, პირისთვის, რომელიც სასამართლო განხილვამდე გადაადგილების შეზღუდვის ქვეშ (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ან პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად ჯარიმის ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დანიშვნისას, გადაადგილების შეზღუდვის ქვეშ (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ან პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით სასამართლომ შეიძლება შეამსუბუქოს დანიშნული სასჯელი ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი შინაარსობრივად მჭიდროდაა დაკავშირებულია „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, ამდენად, მიზანშეწონილია ამ ორი საკანონმდებლო აქტის ნორმების ერთდროულად ამოქმედება, 2024 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული მისი ნორმებისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის აღსრულებისათვის აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის, საქართველოს პროკურატურისთვის და საქართველოს საერთო სასამართლოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებას შეიძლება გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გასათვალისწინებელია, რომ აღკვეთის ღონისძიების - გადაადგილების შეზღუდვის გამოყენების შემდეგ ბრალდებულისთვის ძირითად სასჯელად ჯარიმის დანიშვნის შემთხვევაში, მოსამართლეს უფლება ექნება გადაადგილების შეზღუდვის ქვეშ ყოფნის დროის გათვალისწინებით შეამციროს ჯარიმის ოდენობა ან მთლიანად გაათავისუფლოს პირი ჯარიმის გადახდისაგან. ამდენად, ასეთ შემთხვევებს გარკვეული გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. პროექტით ასევე გათვალისწინებულია 3811 მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ფარგლების გაფართოება. იმის გათვალისწინებით, რომ 3811 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმასაც, მოსალოდნელია, რომ ამ ცვლილებას გავლენა ექნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. გასათვალისწინებელია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არის 2 000 ლარი. თუმცა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 3811 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე, ამდენად, კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პროექტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე ჯარიმა შეიძლება დაინიშნოს 500 ლარიდან. გასათვალისწინებელია, რომ პროექტით გათვალისწინებული ქმედება თავისი არსით ყოველთვის იქნება ოჯახური დანაშაული (111 მუხლი), რის გამოც კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად მასზე ჯარიმა ვერ იქნება გამოყენებული ძირითად სასჯელად და მხოლოდ დამატებითი სასჯელის სახით შეიძლება დაინიშნოს. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება შესაბამის დანაშაულთა რაოდენობაზე, რომლებზეც დამატებითი სასჯელის სახით გამოყენებული იქნება ჯარიმა. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. კანონპროექტის აღსრულებისათვის აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის, საქართველოს პროკურატურისთვის და საქართველოს საერთო სასამართლოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. გასათვალისწინებელია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2023 წლის დაზუსტებული ბიუჯეტით 1 პატიმრისთვის განსაზღვრული საშუალო წლიური ხარჯი შეადგენს 21 604 ლარს (აღნიშნული თანხა მოიცავს ყველა ტიპის ხარჯს, გარდა კაპიტალური ხარჯისა)1. ხარჯის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი პირი ჩაიდენს 3811 მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს და თავისუფლების აღკვეთის რა ვადას განუსაზღვრავს მათ მოსამართლე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა 1 იხ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 6 ივნისის N173784/01 წერილი კანონპროექტს შეიძლება გავლენა ჰქონდეს იმ ბრალდებულებზე, ვის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვის გამოყენების შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენით ძირითად სასჯელად გამოყენებული იქნება ჯარიმა, ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. ასეთ შემთხვევაში, კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეს უფლება ექნება, გადაადგილების შეზღუდვის ქვეშ ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეამციროს ჯარიმის ოდენობა ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ხანგრძლივობა, ან მთლიანად გაათავისუფლოს პირი სასჯელის მოხდისაგან. ამდენად, კანონპროექტს შეიძლება გავლენა ჰქონდეს პირზე გარკვეული ოდენობის ფულადი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების, ან თანამდებობის დაკავების/საქმიანობის უფლების ჩამორთმევის მოხდის უფრო ადრე დასრულების კუთხით. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და იმაზე, თუ რა მოცულობით ჩაუთვლის მოსამართლე პირს გადაადგილების შეზღუდვის ქვეშ ყოფნის ვადას ძირითად სასჯელად დანიშნული ჯარიმის ოდენობაში ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადაში. გასათვალისწინებელი იქნება ასევე ის პერიოდიც, რომელსაც პირი გაატარებს გადაადგილების შეზღუდვის პირობებში განაჩენის გამოტანამდე, რაც ყოველი საქმის შემთხვევაში განსხვავებული იქნება. კანონპროექტს ასევე შეიძლება ჰქონდეს გავლენა იმ პირებზე, ვინც ჩაიდენს 3811 მუხლით გათვალისწინებულ ახალ დანაშაულს და დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნება ჯარიმა. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება მოსამართლის მიერ დამატებითი სასჯელის სახით გამოყენებული ჯარიმის ოდენობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტს შეიძლება გავლენა ჰქონდეს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე იმ მოცულობით, რა მოცულობითაც მოსამართლე გამოიყენებს სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნულ დებულებას (აღკვეთის ღონისძიების დროის ჯარიმის ოდენობაში ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადაში ჩათვლა) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. კანონპროექტით დარეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობები არ ხასიათდება რაიმე ისეთი ნიშან-თვისებით, სადაც შესაძლებელია არსებობდეს გენდერული უთანასწორობების შემთხვევები, რისი მხედველობაში მიღებითაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ განახლებულ რეგულაციებს რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია დიფერენცირებულად ქალთან და მამაკაცთან მიმართებაში. ასეთი ვარაუდისთვის არავითარი წინაპირობა არ მოიპოვება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავების პროცესში სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართა სახელმწიფო უწყებების: საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, აგრეთვე, საქართველოში აშშ-ს საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლებთან. კანონპროექტის შემუშავებისას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების მონაწილეობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი, ბაია კვიციანი.