„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
27.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი, ბაია კვიციანი
ნომერი
#07-3/357/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-02
ბიუროს ნომერი 286

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №4748, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მხარეები – უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღეღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ან დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე;“; 2. 2591 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) მოქმედების ქვეშ ან პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ასევე გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის ჩაბარების საკითხები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, შესაბამისი საკითხების ახლებურად მოწესრიგება საჭიროებს სწორედ ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტი დაარეგულირებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ქვეშ მყოფი პირისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების საკითხს და ასევე დაადგენს გამონაკლისს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლდება პირი, ვინც სარჩელს შეიტანს ამ აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეები, მათ შორის, თავისუფლდებიან აღკვეთის ღონისძიებად გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) უკანონოდ გამოყენების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ასევე დგინდება, რომ გადაადგილების შეზღუდვის (რაც დაკავშირებულია დღეღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) ქვეშ მყოფი პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი შინაარსობრივად მჭიდროდაა დაკავშირებულია „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, ამდენად, მიზანშეწონილია ამ ორი საკანონმდებლო აქტის ნორმების ერთდროულად ამოქმედება, 2024 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული მისი ნორმებისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის დამატება გავლენას არ ახდენს ბრალდებულთა საერთო რაოდენობაზე, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ პროექტით გათვალისწინებული რეგულაცია დღესაც მოქმედებს, აღნიშნული ცვლილების განხორციელება არ იქნება დაკავშირებული ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფასთან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტს შეიძლება გავლენა ჰქონდეს იმ პირებზე, ვისაც უკანონოდ შეეფარდებათ აღკვეთის ღონისძიება - გადაადგილების შეზღუდვა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) და ვისაც სასამართლო დაუკმაყოფილებს მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების თაობაზე. გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებებზე და დაკისრებული ზიანის ოდენობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტს შეიძლება გავლენა ჰქონდეს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, თუ უკანონოდ გადაადგილების შეზღუდვა (რაც დაკავშირებულია დღე-ღამის განმავლობაში 18 საათით ან მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის აკრძალვასთან) გამოყენებული იქნება არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ და ეს უკანასკნელი მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. კანონპროექტით დარეგულირებული სამართლებრივი ურთიერთობები არ ხასიათდება რაიმე ისეთი ნიშან-თვისებით, სადაც შესაძლებელია არსებობდეს გენდერული უთანასწორობების შემთხვევები, რისი მხედველობაში მიღებითაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ განახლებულ რეგულაციებს რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია დიფერენცირებულად ქალთან და მამაკაცთან მიმართებაში. ასეთი ვარაუდისთვის არავითარი წინაპირობა არ მოიპოვება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. მიერ დადებულ ორმხრივ და გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავების პროცესში სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართა სახელმწიფო უწყებების: საქართველოს პროკურატურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, აგრეთვე, საქართველოში აშშ-ს საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლებთან. კანონპროექტის შემუშავებისას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების მონაწილეობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი მიხეილ სარჯველაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირმა ზავრადაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რამინა ბერაძე, ნინო წილოსანი, ბაია კვიციანი.