გადაწყვეტილება N 625

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.01.2025
№ დოკუმენტი 625
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 625

24 იანვარი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2024 წლის 20 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ---------) №93425/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის “საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების” 2024 წლის 18 ნოემბრის №------- აქტს, გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ 2024 წლის 21 ნოემბრის №24585 ბრძანებას და №005-164 საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ პროდუქციის თანხა გადაიხადა მხარეთა შეთანხმებისამებრ, რაც თავის თავში მოიცავდა ყველა ხარჯს, მათ შორის გადაზიდვის და ამავდროულად დაზღვევის ხარჯს. შესაბამისად შპს ,,----------“ მიერ მითითებულ თანხაში შედიოდა და შედის ყველა ის ხარჯი, რომელიც გათვალისწინებულია შეძენისთვის, ტრანსპორტირებისთვის, პროდუქციის დაზღვევისთვის და ა. შ. მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ ხარჯის ანაზღაურებას უზრუნველყოფდა გამყიდველი. შესაბამისად, მიაჩნია რომ მყიდველი ვერ იქნება პასუხისმგებელი სხვა პირის მიერ განხორცილებულ ქმედებაზე.

აღნიშნულზე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, მე-601 მუხლზე და 96-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო 2024 წლის 21 ნოემბრის №24585 ბრძანება და №005-164 საგადასახადო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „----------“ (--------) სახელზე გაფორმდა --------- საქონლის საბაჟო დეკლარაციები, ზემოთ მითითებულ საბაჟო დეკლარაციებში საქონლის მიწოდების პირობაა --------, საქონლის დეკლარირებისას წარდგენილ ინვოისებში არსად არ არის მითითებული ტრანსპორტირების ხარჯი, ხოლო დეკლარაციებში მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულება (რომელიც თავის მხრივ მოიცავს საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირების ღირებულებასაც) მნიშვნელოვნად დაბალია და რეალურად არ ასახავს საქონლის სრულ საბაჟო ღირებულებას.

საქონლის საბაჟო ღირებულების, მათ შორის გადახდილი/გადასახდელი ტრანსპორტირების ხარჯის სიზუსტის დადგენის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტმა ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოითხოვა შპს „-------“ (-------), ხოლო სატრანსპორტო ზედნადებებით (---------) გაწეული მომსახურების (ტვირთის გადაზიდვის) შესაბამისი ხარჯების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოითხოვა უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) სს -------- (ს/ნ--------) და უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „--------- - ის ფილიალისგან საქართველოში“ (ს/ნ ---------).

საპასუხოდ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციიდან აღსანიშნავია, შემდეგი: უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) სს „------“ (ს/ნ --------) და უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „--------ის ფილიალისგან საქართველოში“ (ს/ნ -------) სატრანსპორტო ზედნადებების (--------) მიხედვით გამოგზავნილი ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების ამსახველი თანხები არ არის დამატებული შესაბამის საბაჟო დეკლარაციებში მითითებულ საქონლის საინვოისო ღირებულებას.

მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის მსგავსი გადაზიდვების ღირებულების ანალიზის) და არსებული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლის საფუძველზე გაირკვა, რომ გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არ იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია საბაჟო ღირებულების და შესაბამისად იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

არსებული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლისა და მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, დეკლარანტის სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების და საბაჟო/საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, „---------- ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების მე-2 დანართის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების და 41-ე მუხლის შესაბამისად, ზემოთ მითითებულ საბაჟო დეკლარაციებზე დაინიშნა საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება (საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება №----------).

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების მე-2 დანართის 41-ე მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველოს მიერ შედგენილ იქნა 2024 წლის 18 ნოემბრის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების № -------- აქტი, გამოიცა შესახებ 2024 წლის 21 ნოემბრის №24585 ბრძანება შპს „--------“ (---------) იმპორტის გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ და №№005-164 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით შპს „---------“ (---------) შემოწმების შედეგად -------- საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ ძირითადი იმპორტის გადასახდელი, კერძოდ დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) – -------- ლარი, ასევე სანქცია ჯარიმის სახით.

საბაჟო დეკლარაციებში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამიტომ შპს „--------” (ს/ნ--------) მოცემული სამართალდარღვევისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სანქციის შეფარდების საკითხი (ამავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით) გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმების მასალები ქვემდებარეობის მიხედვით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით დადგენილია, რომ თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილია შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების ელემენტები.

დასახელებული მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში შეიტანება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:

ა) ტრანსპორტირების ხარჯები, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა სასაქონლო პარტია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად განაწილდება, რაც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით;

ბ) სადაზღვევო ხარჯი, თუ ეს ხარჯი დეკლარანტმა გასწია.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილი კი ადგენს, რომ ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასს ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დაემატება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, თუ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლი კი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნას, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ საქონლის გაფორმებისას ტვირთის საბაჟო ღირებულება (რაც თავის მხრივ მოიცავს ტრანსპორტირების ღირებულებასაც) ზემოხსენებულ საბაჟო დეკლარაციებში არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტებით დარიცხული საბაჟო ვალდებულება და დაკისრებული სანქცია მართლზომიერია.

ხური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო 2024 წლის 21 ნოემბრის №24585 ბრძანება და №005-164 საგადასახადო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მიერ საქონლის გაფორმებისას ტვირთის საბაჟო ღირებულება (რაც თავის მხრივ მოიცავს ტრანსპორტირების ღირებულებასაც) საბაჟო დეკლარაციებში არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

13;27;30(2);37(2);44;163(1);167(1);