ბრძანება N 18363
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18363
14 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 13 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 ივლისის სხდომაზე (ოქმი №66) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2026 წლის 13 ივლისის №103410/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივნისის №081-97 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთახმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს და მიუთითებს შემდეგ არგუმენტებზე:
● შაურმის წარმოებაში გამოყენებული ხორცის გამოსავლიანობასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შაურმის წარმოებაში გამოყენებული ხორცის რაოდენობის განსაზღვრისას იხელმძღვანელა არასწორი გამოსავლიანობის მაჩვენებლით, რამაც არსებითი გავლენა იქონია დარიცხული თანხების ოდენობაზე. აცხადებს, რომ შაურმის წარმოების პროცესში ხორცი გადის რამდენიმე აუცილებელ ეტაპს, რაც იწვევს ხორცის მასის მნიშვნელოვან შემცირებას, რადგან თერმული დამუშავებისას ხორცი კარგავს ტენსა და ცხიმის ნაწილს. აღნიშნული ეტაპების გავლის შედეგად, ხორცის საერთო დანაკარგი შეადგენს დაახლოებით 45–48%-ს. შესაბამისად, საბოლოო გამოსავლიანობა, ანუ შაურმაში რეალურად გამოყენებული შემწვარი ხორცის რაოდენობა, შეადგენს დაახლოებით 52–55%-ს. იმ შემთხვევაში, თუ შეძენილია შედარებით უკეთესი ხარისხისა და სწორი ტექნოლოგიით გაყინული ხორცი, რომელიც შეიცავს ნაკლებ გამოუსადეგარ ნარჩენს, გამოსავლიანობა შესაძლოა განისაზღვროს დაახლოებით 55%-ის ფარგლებში, ხოლო სტანდარტული ხორცის შეძენისას გამოსავლიანობა შეადგენს 52%-ს, რაც 10%-ით ნაკლებია აუდიტის მიერ გამოყენებულ მაჩვენებელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული გამოსავლიანობის მაჩვენებელი არ ასახავს შაურმის წარმოების რეალურ ტექნოლოგიურ პროცესს და არ ითვალისწინებს ლღობის, გასუფთავების, დამუშავების და შეწვის ეტაპებზე წარმოშობილ ბუნებრივ დანაკარგებს. აღნიშნულზე მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და დასკვნა დაადასტურებს, რომ კომპანიის მიერ მითითებული ხორცის დანაკარგისა და გამოსავლიანობის მაჩვენებლები შეესაბამება შაურმის წარმოების რეალურ ტექნოლოგიურ პროცესს.
● შეძენილი სოუსების ცალკე/დამოუკიდებელ რეალიზაციად განხილვასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შაურმის წარმოებაში მისივე არასწორი გაანგარიშებით გახარჯული სოუსების რაოდენობა გამოაკლო შესყიდული სოუსების მთლიან რაოდენობას, ხოლო დარჩენილი სხვაობა, სათანადო არგუმენტაციის გარეშე, ჩათვალა ცალკე რეალიზებულ საქონლად (სოუსად), რაც არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს. არცერთ საკონტროლო შესყიდვაში ან მიღებულ ზედნადებში არ ფიქსირდება ისეთი საქონელი (თუ არ ჩავთვლით არაარსებითი 7 ათასი ლარის შეძენილ ფრის), რომლის მიწოდებასაც ფიზიკურად დასჭირდებოდა ცალკე სოუსი. ასევე არ დასტურდება, რომ პირი დამოუკიდებლად ყიდდა 50-გრამიან სოუსს 1 ლარად. სოუსები გამოიყენებოდა უშუალოდ შაურმის წარმოებაში და არ წარმოადგენდა ცალკე სარეალიზაციო საქონელს. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა საფუძველი, შესყიდულ და შაურმაში მათივე არასწორი გაანგარიშებით გამოყენებულ სოუსებს შორის სხვაობა ჩაეთვალა ცალკე რეალიზებულ პროდუქციად.
ამასთან, შაურმის მახასიათებლებისა და რეალიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია დაშვებულ იქნეს, რომ შაურმასთან ერთად დამატებით, ცალკე 50-გრამიანი სოუსის რეალიზაცია ხდებოდა. აღნიშნული პროდუქტის შემთხვევაში, მაგალითად კარტოფილი ფრისგან განსხვავებით, მომხმარებელი სოუსს დამოუკიდებლად არ ამატებს, სოუსი წარმოადგენს შაურმის შემადგენელ ინგრედიენტს და მისი გამოყენება უშუალოდ შაურმის მომზადების პროცესში ხდება. შესაბამისად, ყველა შეძენილი სოუსი უნდა ჩაითვალოს შაურმის წარმოებაში გამოყენებულად და არა დამატებით, ცალკე რეალიზებულ პროდუქტად.
● შაურმის წარმოებაში გამოყენებული ბოსტნეულისა და სანელებლების ხარჯში გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შეძენილ ბოსტნეულსა და სანელებლებზე არ ჰქონდა მიღებული სასაქონლო ზედნადებები, აუდიტის დეპარტამენტმა შაურმის საწარმოებლად საჭირო ბოსტნეულისა და სანელებლების ხარჯი საერთოდ არ გაითვალისწინა. მიუთითებს, რომ შაურმის წარმოების სპეციფიკიდან და მის დასამზადებლად აუცილებელი ინგრედიენტებიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ ვერ დადგება შესაბამისი ბოსტნეულისა და სანელებლების რეალურად გამოყენების ფაქტი. ვინაიდან შაურმის წარმოებისთვის საჭირო საქონელზე, კერძოდ ლავაშზე არ ჰქონდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, საერთოდ არ არის გამოქვითული ლავაშის ხარჯი. ლავაში წარმოადგენს შაურმის წარმოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, ლავაშების შესყიდვაზე არსებული ხარჯის გამოქვითვა არსებითად შეამცირებს აქტით დარიცხულ თანხებს. აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებაში საერთოდ არ ხვდება ლავაშებზე გაწეული ხარჯი, ვინაიდან მათ შეძენაზე არ იყო გამოწერილი შესაბამისი ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ამასთან, ერთობლივი შემოსავლიდან დამატებით გამოქვითვას ექვემდებარება იჯარის და კომუნალური ხარჯები.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლებში გათვალისწინებას. განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ უფიქსირდება, დღგ-ის გადამხდელი პირებისგან მიღებული უფაქტურო ზედნადები და ასევე, მომწოდებლებისაგან დამატებით ჩასათვლელი მოგვიანებით მიღებული 91 805 ლარის დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის მიხედვით დამატებით ჩასათვლელი დღგ შეადგენს 14 004 ლარს.
ამასთან, მიუთითებს, რომ შეძენილი ხორცი, შაურმის წარმოების ძირითადი მასალა არის მომწოდებლის მიერ სრულად იმპორტირებული/დღგ-ით დასაბეგრი და ვინაიდან იყო დღგ-ის არაგადამხდელი პირი, მომწოდებლის მიერ არ ხდებოდა ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, ასევე არ ხდებოდა მიღებულ სასმელებზე შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა. უფაქტურო ზედნადებებზე მოთხოვილ იქნა ანგარიშ-ფაქტურები, რომლებზეც მომწოდებლებმა გამოწერეს შესაბამისი ანგარიშფაქტურები. უახლოეს მომავალში მოხდება უფაქტურო ზედნადებებზე ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და შესაბამისად ითხოვს დღგ-ის ჩათვლას.
3. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 აპრილის №8955 და 15 მაისის №10807 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 29 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 2 ივნისის №12039 ბრძანება და №081-97 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 213 502 ლარი, მათ შორის, გადასახადი 145 663 ლარი, ჯარიმა 58 484 ლარი, საურავი 9 355 ლარი. ასევე გადასახდელად დარიცხული გადასახად(ებ)ი, რომელთა გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისთვის არ დამდგარა 14 168 ლარი (გადასახდელის გადახდის სავადო 15.07.2026), 14 168 ლარი (გადასახდელის გადახდის სავადო 15.09.2026) და 14 168 ლარი (გადასახდელის გადახდის სავადო 15.12.2026).
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
ი/მ ------- (ს/ნ -------) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულია 2020 წლის 13 თებერვალს და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შაურმის წარმოება, შეძენილი სასმელებისა და სოუსების რეალიზაცია (მის: -------, -------). გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. ამასთან, წარმოდგენილია ახსნა-განმარტება საქმიანობის შესახებ და წარმოების რეცეპტები (შაურმების კალკულაციები). შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და გადამხდელის შესამოწმებელ პერიოდში დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით შეძენილი საქონელი, ძირითადი ნედლეული, ხორცის პროდუქტები, შესაბამისად განისაზღვრა რეალიზებული შაურმების რაოდენობა, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სხვა აუდირებულ კომპანიაში მოძიებული ინფორმაციის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შაურმის წარმოების კალკულაციების გათვალისწინებით (შაურმის წარმოებაში გამოყენებული ხორცის გამოსავლიანობა და რაოდენობა) და საწარმოს საშუალო სარეალიზაციო ფასის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელის მიერ მიღებულია ასევე გამაგრილებელი სასმელები და სოუსები (ნაწილობრივ გამოყენებულ იქნა შაურმის წარმოებაში) აღნიშნულ პროდუქციაზე ფასნამატის (ფასის) გაანგარიშება მოხდა საკონტროლო შესყიდვის შედეგების და მსგავსი საქმიანობის მქონე პირის ინფორმაციების გათვალისწინებით. შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილმა ჯამურმა შემოსავალმა დღგ-ის ჩათვლით შეადგინა 808 554 ლარი.
ამასთან, გადამხდელის მიერ 2025 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადით დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 205 775 ლარს. გადამხდელის დღგით დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხები უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს აჭარბებს 2025 წლის 28 მაისს, ხოლო ამ თარიღის შემდგომ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (დღგ-ის გარეშე) შეადგენს 602 974 ლარს. ამასთან 2025 წლის საანგარიშო პერიოდის ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა 313 461 ლარით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შაურმის წარმოებაში გამოყენებული ხორცის გამოსავლიანობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც აუდიტის დეპარტამენტმა შაურმის წარმოებაში გამოყენებული ხორცის რაოდენობის განსაზღვრისას იხელმძღვანელა არასწორი გამოსავლიანობის მაჩვენებლით, რამაც არსებითი გავლენა იქონია დარიცხული თანხების ოდენობაზე. შაურმის წარმოების პროცესში ხორცი გადის რამდენიმე აუცილებელ ეტაპს, რაც იწვევს ხორცის მასის მნიშვნელოვან შემცირებას, რადგან თერმული დამუშავებისას ხორცი კარგავს ტენსა და ცხიმის ნაწილს. აღნიშნული ეტაპების გავლის შედეგად, ხორცის საერთო დანაკარგი შეადგენს დაახლოებით 45–48%-ს. შესაბამისად, საბოლოო გამოსავლიანობა, ანუ შაურმაში რეალურად გამოყენებული შემწვარი ხორცის რაოდენობა, შეადგენს დაახლოებით 52–55%-ს. შედარებით უკეთესი ხარისხისა და სწორი ტექნოლოგიით გაყინული ხორცის შემთხვევაში გამოსავლიანობა შესაძლოა განისაზღვროს დაახლოებით 55%-ის ფარგლებში, ხოლო სტანდარტული ხორცის შეძენისას გამოსავლიანობა შეადგენს 52%-ს, რაც 10%-ით ნაკლებია აუდიტის მიერ გამოყენებულ მაჩვენებელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული გამოსავლიანობის მაჩვენებელი არ ასახავს შაურმის წარმოების რეალურ ტექნოლოგიურ პროცესს და არ ითვალისწინებს ლღობის, გასუფთავების, დამუშავების და შეწვის ეტაპებზე წარმოშობილ ბუნებრივ დანაკარგებს და განმარტავს, რომ აღნიშნულზე მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შაურმის წარმოებაში გამოყენებული ხორცის გამოსავლიანობასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შეძენილი სოუსების ცალკე/დამოუკიდებელ რეალიზაციად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად აუდიტის დეპარტამენტმა შაურმის წარმოებაში მისივე არასწორი გაანგარიშებით გახარჯული სოუსების რაოდენობა გამოაკლო შესყიდული სოუსების მთლიან რაოდენობას, ხოლო დარჩენილი სხვაობა, სათანადო არგუმენტაციის გარეშე, ჩათვალა ცალკე რეალიზებულ საქონლად (სოუსად), რაც არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს. არცერთ საკონტროლო შესყიდვაში ან მიღებულ ზედნადებში არ ფიქსირდება ისეთი საქონელი (თუ არ ჩავთვლით არაარსებითი 7 ათასი ლარის შეძენილ ფრის), რომლის მიწოდებასაც ფიზიკურად დასჭირდებოდა ცალკე სოუსი. ასევე არ დასტურდება, რომ პირი დამოუკიდებლად ყიდდა 50-გრამიან სოუსს 1 ლარად. სოუსები გამოიყენებოდა უშუალოდ შაურმის წარმოებაში და არ წარმოადგენდა ცალკე სარეალიზაციო საქონელს. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა საფუძველი, შესყიდულ და შაურმაში მათივე არასწორი გაანგარიშებით გამოყენებულ სოუსებს შორის სხვაობა ჩაეთვალა ცალკე რეალიზებულ პროდუქციად. სოუსი წარმოადგენს შაურმის შემადგენელ ინგრედიენტს და მისი გამოყენება უშუალოდ შაურმის მომზადების პროცესში ხდება. შესაბამისად, ყველა შეძენილი სოუსი უნდა ჩაითვალოს შაურმის წარმოებაში გამოყენებულად და არა დამატებით, ცალკე რეალიზებულ პროდუქტად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ შეძენილი სოუსების ცალკე/დამოუკიდებელ რეალიზაციად განხილვა საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები/კალკულაციები, ხოლო, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, შეადაროს სხვა ანალოგიური ბიზნესის და მახასიათებლების მქონე კომპანიის მონაცემებს და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შეძენილ ბოსტნეულსა და სანელებლებზე არ ჰქონდა მიღებული სასაქონლო ზედნადებები, აუდიტის დეპარტამენტმა შაურმის საწარმოებლად საჭირო ბოსტნეულისა და სანელებლების ხარჯი საერთოდ არ გაითვალისწინა. განმარტავს, რომ შაურმის წარმოების სპეციფიკიდან და მის დასამზადებლად აუცილებელი ინგრედიენტებიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ ვერ დადგება შესაბამისი ბოსტნეულისა და სანელებლების რეალურად გამოყენების ფაქტი. ვინაიდან შაურმის წარმოებისთვის საჭირო საქონელზე, კერძოდ ლავაშზე არ ჰქონდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, საერთოდ არ არის გამოქვითული ლავაშის ხარჯი. ლავაში წარმოადგენს შაურმის წარმოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, ლავაშების შესყიდვაზე არსებული ხარჯის გამოქვითვა არსებითად შეამცირებს აქტით დარიცხულ თანხებს. აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებაში საერთოდ არ ხვდება ლავაშებზე გაწეული ხარჯი, ვინაიდან მათ შეძენაზე არ იყო გამოწერილი შესაბამისი ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ამასთან, ერთობლივი შემოსავლიდან დამატებით გამოქვითვას ექვემდებარება იჯარისა და კომუნალური ხარჯები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ხოლო მტკიცებულებათა წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
„,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომ შესამოწმებელ პერიოდში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ უფიქსირდება, დღგ-ის გადამხდელი პირებისგან მიღებული უფაქტურო ზედნადები და ასევე, მომწოდებლებისაგან დამატებით ჩასათვლელი მოგვიანებით მიღებული 91 805 ლარის დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის მიხედვით დამატებით ჩასათვლელი დღგ შეადგენს 14 004 ლარს. შეძენილი ხორცი, შაურმის წარმოების ძირითადი მასალა არის მომწოდებლის მიერ სრულად იმპორტირებული/დღგ-ით დასაბეგრი და ვინაიდან იყო დღგ-ის არაგადამხდელი პირი, მომწოდებლის მიერ არ ხდებოდა ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, ასევე არ ხდებოდა მიღებულ სასმელებზე შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა. უფაქტურო ზედნადებებზე მომწოდებლებმა გამოწერეს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის საფუძელზეც ეკუთვნის დღგ-ის ჩათვლა.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკშვირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) შაურმის წარმოებაში გამოყენებული ხორცის გამოსავლიანობასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულება;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) შეძენილი სოუსების ცალკე/დამოუკიდებელ რეალიზაციად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები/კალკულაციები;
დ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, შეადაროს სხვა ანალოგიური ბიზნესის და მახასიათებლების მქონე კომპანიის მონაცემებს და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ე) ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ვ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ზ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებები.
2. ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლებში გათვალისწინებას.
3. ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შაურმის წარმოება, შეძენილი სასმელებისა და სოუსების რეალიზაცია. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით შეძენილი საქონელი, ძირითადი ნედლეული, ხორცის პროდუქტები, შესაბამისად განისაზღვრა რეალიზებული შაურმების რაოდენობა, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სხვა აუდირებულ კომპანიაში მოძიებული ინფორმაციის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შაურმის წარმოების კალკულაციების გათვალისწინებით და საწარმოს საშუალო სარეალიზაციო ფასის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელის მიერ მიღებულია ასევე გამაგრილებელი სასმელები და სოუსები (ნაწილობრივ გამოყენებულ იქნა შაურმის წარმოებაში). აღნიშნულ პროდუქციაზე ფასნამატის გაანგარიშება მოხდა საკონტროლო შესყიდვის შედეგების და მსგავსი საქმიანობის მქონე პირის ინფორმაციების გათვალისწინებით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
პირველ და მეორე სადავო საკითხებთან დაკშვირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 102; 105; 159; 163; 164; 175; 269(7)