გადაწყვეტილება № 26099/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.11.2025
№ დოკუმენტი 26099/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 26099/2/2025

25 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 30.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26099/2/2025).

 

დავის საგანი:

1. შესამოწმებელ პერიოდში, საბანკო ამონაწერებისა და სახელმწიფო ტენდერების საიტზე არსებული მონაცემების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა;

2. საქვეანგარიშოდ გატანილ თანხებსა და შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ საწვავის ხარჯს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2025 წლის №085-12 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.10.2025 წლის №21633 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 122 651.05 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 627 131.93

დღგ - 544 529.02

საშემოსავლო გადასახადი - 82 602.91

ჯარიმა - 291 098.47

საურავი - 204 420.65

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა ტრანსპორტით მომსახურება, კერძოდ კონსოლიდირებულ ტენდერებში მონაწილეობის მიღება და ---- მუნიციპალიტეტის სკოლების ტრანსპორტით მომსახურება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 13.12.2021 წლიდან 1.05.2025 წლამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2025 წლის პირველი მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 7.07.2025 წლის №15347 ბრძანება და №085-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.10.2025 წლის №21633 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

1. შესამოწმებელ პერიოდში, საბანკო ამონაწერებისა და სახელმწიფო ტენდერების საიტზე არსებული მონაცემების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა

ფაქტების აღწერა

კომპანიას არ ჰყავდა საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები და მცირე მეწარმეები უწევდნენ მას აღნიშნულ მომსახურებას. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ჰქონდა 3 265 802 ლარის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

შემოწმების შედეგად, მოხდა კომპანიის მიერ განხორციელებული მომსახურების და მის მიერ შესრულებული ტენდერების ანალიზი. გარდა ამისა, დამუშავდა გადამხდელის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. ასევე, შესწავლილ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინფორმაცია, მათ შორის საბანკო ამონაწერები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ------ სამინისტროსგან ჩარიცხული ჰქონდა თანხები, რომლებიც არ იყო დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. ამასთანავე, შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ამონაწერისა და სახელმწიფო ტენდერების საიტზე არსებული მონაცემების მიხედვით, გადამხდელი 2022 წლის 24 მარტიდან გადასცდა 100 000 ლარიან ზღვარს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2022 წლის 24 მარტიდან. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 165-ე და 159-ე მუხლების შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275 მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 18 სექტემბერს 12:20 სთ-ზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 25 სექტემბერს 11:30 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია დავის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შემოწმების შედეგად, მოხდა კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული მომსახურების და მის მიერ შესრულებული ტენდერების ანალიზი. გარდა ამისა, დამუშავდა გადამხდელის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ჩარიცხული ჰქონდა თანხები, რომლებიც არ იყო დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში და ამასთანავე, კომპანია 2022 წლის 24 მარტიდან გადასცდა 100 000 ლარიან ზღვარს. საგადასახადო შემოწმებით საწარმოს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2022 წლის 24 მარტიდან და დაერიცხა დღგ.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდებოდა შეძენილ საწვავზე მიღებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად ვერ მოხდებოდა შეძენილ საწვავზე გადახდილი დღგის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინება.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას არ ჰყავს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები და მცირე მეწარმეები უწევენ მას აღნიშნულ მომსახურებას. არ ახორციელებდა შეძენილი საწვავის გამოქვითვას.

შემმოწმებელმა საწვავის ღირებულება, რომელზედაც არ არსებობდა საგადასახადო დოკუმენტი გაიანგარიშა არაპირდაპირი მეთოდით მის მიერ წარდგენილი ცხრილების საფუძველზე, მაგრამ საწვავის ღირებულება გაითვალისწინა მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის მიზნებისათვის და არ გაითვალისწინა დღგ-ის მიზნებისათვის, რაც არასწორია, ვინაიდან საწვავის ღირებულებაში ყოველთვის მოიაზრება დღგ და შესაბამისად თუ შემმოწმებელი ითვალისწინებს საწვავის ღირებულებას ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის მიზნით, მაშინ ასევე, შემმოწმებელს აღნიშნული საწვავის ღირებულება უნდა გაეთვალისწინებინა, ასევე, დღგ-ის ჩათვლის მიზნებისათვის. ასევე, ითხოვს დაევალოს შემმოწმებელს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დასაბეგრ პირს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული დღგ-ის თანხა, თუ საქონელი ან მომსახურება გამოიყენება:

ა) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისთვის/საქონლის მიწოდებისთვის;

ბ) ამ კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებში.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოიწერება შემდეგი სახის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა - ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შემოწმების შედეგად, მოხდა კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული მომსახურების და მის მიერ შესრულებული ტენდერების ანალიზი. გარდა ამისა, დამუშავდა გადამხდელის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. ასევე, შესწავლილ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინფორმაცია, მათ შორის საბანკო ამონაწერები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ------- სამინისტროსგან ჩარიცხული ჰქონდა თანხები, რომლებიც არ იყო დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. ამასთანავე, შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ამონაწერისა და სახელმწიფო ტენდერების საიტზე არსებული მონაცემების მიხედვით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ თუ შემმოწმებელი ითვალისწინებს საწვავის ღირებულებას ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის მიზნით, მაშინ ასევე, შემმოწმებელს აღნიშნული საწვავის ღირებულება უნდა გაეთვალისწინებინა, დღგ-ის ჩათვლის მიზნებისათვისაც.

აღნიშნულზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდებოდა შეძენილ საწვავზე მიღებული სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად ვერ მოხდებოდა შეძენილ საწვავზე გადახდილი დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინება.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და განმარტავს, რომ მომჩივნის არგუმენტი საწვავზე დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, ვინაიდან, საგადასახადო კანონმდებლობით, სადავო შემთხვევაში შეძენილ საწვავზე დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის გამოწერაც საქონლის მიმწოდებლის მიერ არ დასტურდება, აღნიშნული საბჭოს სხდომაზე მომჩივანმაც დაადასტურა, შესაბამისად, არ არსებობს დღგ-ში ჩათვლის მიღების სამართლებრივი საფუძველი. საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შესამოწმებელ პერიოდში, საბანკო ამონაწერებისა და სახელმწიფო ტენდერების საიტზე არსებული მონაცემების მიხედვით, დღგ-ში საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა შეძენილ საწვავზე დღგ-ის ჩათვლების გაუთვალისწინებლად მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საქვეანგარიშოდ გატანილ თანხებსა და შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ საწვავის ხარჯს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს დირექტორს საბანკო ანგარიშიდან საქვეანგარიშოდ გატანილი ჰქონდა თანხები. გათვალისწინებული იქნა საწვავის ხარჯი არაპირდაპირი მეთოდით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებებით და სატენდერო დოკუმენტებით. სხვაობა საქვეანგარიშოდ გატანილ თანხებსა და შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ საწვავის ხარჯს შორის დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს დირექტორს საბანკო ანგარიშიდან საქვეანგარიშოდ გატანილი ჰქონდა თანხები, რასაც მისი განმარტებით საწვავის შესაძენად აძლევდა მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებს. აღნიშნული ფაქტი, დაადასტურეს მომსახურების გამწევმა პირებმაც სატელეფონო საუბრით.

შემოწმებისას გათვალისწინებული იქნა საწვავის ხარჯი არაპირდაპირი მეთოდით, გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულებებით და სატენდერო დოკუმენტებით. სხვაობა საქვეანგარიშოდ გატანილ თანხებსა და შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ საწვავის ხარჯს შორის დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულება/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

წარმოდგენილ ცხრილებში, როგორც საწვავის ფასში, ასევე მანძილებში იყო დაშვებული უზუსტობები და ითხოვს აღნიშნულ ნაწილშიც მიეცეს საშუალება დამატებით გაიაროს შემმოწმებელთან საწვავის ხარჯი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად სხვაობა საქვეანგარიშოდ გატანილ თანხებსა და არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ საწვავის ხარჯს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს რაიმე კონკრეტულ, სათანადო არგუმენტს ან შესაბამის მტკიცებულებას, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტის გათვალისწინების, შესაბამისად, აღნიშნული სადავო საკითხის მოპასუხე ორგანოსთან ერთად დამატებით შესწავლის საფუძველი გახდებოდა. მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე განმარტა, რომ ამ სადავო საკითხზე დამატებით არგუმენტს ან მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქვეანგარიშოდ გატანილ თანხებსა და შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ საწვავის ხარჯს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა მართებულია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შესამოწმებელ პერიოდში, საბანკო ამონაწერებისა და სახელმწიფო ტენდერების საიტზე არსებული მონაცემების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა;

2. საქვეანგარიშოდ გატანილ თანხებსა და შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ საწვავის ხარჯს შორის სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად, მოხდა კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული მომსახურების და მის მიერ შესრულებული ტენდერების ანალიზი. ასევე, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სამინისტროსგან ჩარიცხული ჰქონდა თანხები, რომლებიც არ იყო დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. ამასთანავე, შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ამონაწერისა და სახელმწიფო ტენდერების საიტზე არსებული მონაცემების მიხედვით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს დირექტორს საბანკო ანგარიშიდან საქვეანგარიშოდ გატანილი ჰქონდა თანხები. გათვალისწინებული იქნა საწვავის ხარჯი არაპირდაპირი მეთოდით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებებით და სატენდერო დოკუმენტებით. სხვაობა საქვეანგარიშოდ გატანილ თანხებსა და შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დათვლილ საწვავის ხარჯს შორის დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);159(1);163(1);164(1);101(1);154(1)