გადაწყვეტილება №27931/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27931/2/2026
21 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----- (ს/ნ ----- )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 08.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 07.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27931/2/2026).
დავის საგანი:
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და იმპორტის გადასახდელის დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 18.06.2026 წლის N EL69050/1724 საგადასახადო მოთხოვნა;
2. საბაჟო დეპარტამენტის 18.06.2026 წლის N EL317428 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის N 16783 ბრძანება;.
დარიცხული თანხა: 11 467.39 ლარი (18.06.2026 წლის N EL69050/1724 საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის:
გადასახადი - 7 410.27 ლარი;
აქციზის გადასახადი - 7 149.6 ლარი;
იმპორტის გადასახადი - 260.67 ლარი;
საურავი - 4 057.12 ლარი;.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 7 410.27 (18.06.2026 წლის N EL317428 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი).
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები.
მომჩივნის 08.06.2026 წლის N ----- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წელს შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ----- ), რომელზეც არ იყო დასრულებული საბაჟო ფორმალობები, განადგურდა (დაიშალა). აღნიშნული განცხადების საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ დაწყებული კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 19.06.2020 წელს და დეკლარირების ვადად განსაზღვრული ჰქონდა არაუგვიანეს 18.08.2020 წელი, რაც არ შესრულებულა.
სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ----- ) გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევისთვის, საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2023 წლის N ELC24509 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. აღნიშნულ ოქმს მომჩივანი გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 25.05.2026 წელს და არ გაუსაჩივრებია.
აღნიშნულის შემდგომ, საბაჟო დეპარტამენტის 18.06.2026 წლის N EL317428 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ამასთან, იმავე დღეს გამოიცა N ----- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს უკანონოდ განკარგულ სატრანსპორტო საშუალებაზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი და საურავი.
საბაჟო დეპარტამენტის 18.06.2026 წლის N EL317428 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და N EL -----/1724 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.07.2026 წლის N 16783 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- მომჩივანს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს 18.06.2026 წლის N EL69050/1724 (N 005 - 1724) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა;
- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა 18.06.2026 წლის N EL317428 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
- საბაჟო დეპარტამენტს დაევალა, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის N 16783 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 ნაწილებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლზე, 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლზე.
დადგენილია, რომ მომჩივანმა 08.06.2026 წლის N ----- განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტს აცნობა, რომ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ----- ) განადგურდა (დაიშალა). შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ამასთან ვინაიდან, არსებობს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად წარმოშობილ ვალდებულებაზე წარედგინება საგადასახადო მოთხოვნაც.
ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია, მისი წარმოშობის დროდ მიიჩნევა მომენტი, როდესაც საბაჟო ორგანომ დაადგინა, რომ კონკრეტულ საქონელზე წარმოშობილია საბაჟო ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში მომჩივნის 08.06.2026 წლის N ----- განცხადებით გახდა ცნობილი საბაჟო ორგანოსთვის, რომ საქონელი განადგურებულია და წარმოშობილია საბაჟო ვალდებულება. ამასთან, არ სრულდება საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისთვის აუცილებელი პირობები. ამდენად, სადავო აქტები არ წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის დარღვევით მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს.
დარიცხული გადასახადის განაკვეთთან დაკავშირებით მომჩივნის არგუმენტზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით იმპორტის გადასახდელი დარიცხულია 2020 წელს მოქმედი იმპორტის გადასახადის და აქციზის განაკვეთებით (იმპორტის გადასახადი - 260.67 ლარი; აქციზი - 7149.6 ლარი). რაც შეეხება საურავს, საურავის დარიცხვა განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეწყდა 3 წლის გასვლის თარიღიდან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს 18.06.2026 წლის N EL69050/----- ( N ----- ) საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა და აღნიშნულის განხორციელების შემთხვევაში სამართალდამრღვევი გათავისუფლდეს 18.06.2026 წლის N EL317428 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). საჩივრები დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ვინაიდან, აქციზის გადასახადი არ არის დათვლილი 2020 წელს მოქმედი ტარიფით. საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-4 გრაფის შესაბამისად 9 წლის მანქანის (2011 წელს გამოშვებული) გადასახადი შეადგენდა 0,90 ლარს. აღნიშნული ტარიფით დათვლილი აქციზის გადასახადი შეადგენს 2 700 ლარს ნაცვლად დარიცხული 7 149.6 ლარისა.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
4. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის საფუძველი - პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ 2020 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის შესაბამისად აქციზის გადასახადის განაკვეთი შეადგენდა 0,90 ლარს, შესაბამისად აღნიშნული ტარიფით დათვლილი აქციზის გადასახადი უნდა დარიცხვოდა 2 700 ლარი, ნაცვლად დარიცხული 7 149.6 ლარისა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით იმპორტის გადასახდელი დარიცხულია 2020 წელს მოქმედი იმპორტის გადასახადის და აქციზის გადასახადის განაკვეთებით.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, იმპორტის გადასახდელი დარიცხულია 2020 წელს მოქმედი იმპორტის გადასახადის და აქციზის გადასახადის განაკვეთებით და ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტს სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ განკარგვის ფაქტზე ეცნობა 2026 წელს, შესაბამისად, იმ წელთა სხვაობის დასათვლელად, რაც დგინდება საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის, დათვლილია 2026 წლიდან ანუ 14 წელზე მეტის.
მომჩივანს მიაჩნია, რომ 2020 წელს სატრანსპორტო საშუალება იყო 9 წლის გამოშვებული, რის გამოც ამ წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მე-4 გრაფით აქციზის გადასახადის განაკვეთი უნდა იყოს 0.9 ლარი და არა 2026 წლიდან ათვლილი გამოშვების წლის მიხედვით გამოყენებული განაკვეთი 2.4.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის N 473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტები და დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება, არ არის სათანადოდ გამოკვლეული და მოითხოვს დამატებით შესწავლას/შეფასებას შემოსავლების სამსახურის მიერ. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის N 16783 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.07.2026 წლის N 16783 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და იმპორტის გადასახდელის დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომჩივანს სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ვადების დარღვევისა და უკანონო განკარგვის გამო დაეკისრა პასუხისმგებლობა და დაერიცხა გადასახდელები. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო გადაწყვეტილება შემდგომ გასაჩივრდა.
გადაწყვეტილება:
სადავო საკითხზე საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(11); 172.