ბრძანება N 10748
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10748
27 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ -------------ის (ს/ნ -----------------)
(ფაქტ. მის.: ----------------------------;
იურ. მის.: -----------------------------)
2022 წლის 20, 26 დეკემბრის, 2023 წლის 10 იანვრის,8 თებერვლის და 2025 წლის 17 აპრილის
საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 24 აპრილის და 7 მაისის სხდომებზე (ოქმები №30 და №36) განიხილა ი/მ -------------ის (ს/ნ -----------------) 2022 წლის 20 დეკემბრის №-----/01, 26 დეკემბრის №-------/21, 2023 წლის 10 იანვრის №----/21 და №----/01, 8 თებერვლის №-----/21 და 2025 წლის 17 აპრილის №----/21-11 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრას. განმარტავს, რომ საქმიანობიდან არანაირი შემოსავალი არ მიუღია, ვიდანიდან ხილ-ბოსტანი გაუფუჭდა და მიიღო ზარალი. აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია შემმოწმებლებმა რატომ არ გამოუქვითეს ზარალი. მიუთითებს, რომ საბანკო ანგარიშის ამონაწერების მიხედვით არ უფიქსირდება მსხვილი თანხის ჩარიცხვა და აღნიშნულის საფუძველზე აცხადებს, რომ მის მიმართ შედგენილი დასკვნა ემყარება არარეალურ და გაყალბებულ მონაცემებს. აღნიშნავს, რომ არაა დადგენილი თუ რის საფუძველზე დათვალა შემმოწმებელმა შემოტანილი ხილ-ბოსტანის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. ასევე რა მტკიცებულებებს/ინფორმაციას დაეყრდნო გარემოებების დადგენისას. განმარტავს, რომ მისი ახსნაგანმარტების და სააღრიცხვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელდა საგადასახადო შემოწმების ჩატარება. შესაბამისად შემოწმებას არ დაუდგენია გაწეული ხარჯები და ზიანი. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ გასულია საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა.
2. გადამხდელი აცხადებს, რომ არასწორად არის გამოანგარიშებული დარიცხული თანხები. კერძოდ, განმარტავს, რომ ბიუჯეტში შეტანილი და გადახდილი აქვს დღგ-ის თანხები, რაც უნდა ჩათვლოდა და გამოკლებოდა დარიცხულ თანხებს. ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ. ასევე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია. აცხადებს, რომ წაერთვა იმპორტირებულ საქონელზე დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლება. აღნიშნავს, რომ მის მიერ შედგენილია არაერთი იმპორტის დეკლარაცია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 სექტემბრის №40258 ბრძანების საფუძველზე ი/მ -------------ის (ს/ნ -----------------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2010 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე შესამოწმებელ პერიოდზე 2015 წლის 16 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №071-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 268 650 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 114 314 ლარი, ჯარიმა 75 415 ლარი და საურავი 78 921 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანებით საჩივრები დარჩა განუხილველი. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 5 მაისის №19269/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ნოემბრის №3/319-2023 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
,,1. ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანება 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანების და აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის კანონიერების შესწავლის მოთხოვნით ---------ის საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში.
3. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 05 მაისის №19269/2/2023 გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5915 ბრძანების ძალაში დატოვების და ---------ის საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ, 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანების და აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილში.
4. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს განახორციელოს -------ის მიერ წარდგენილი საჩივრის არსებითი განხილვა 2015 წლის 22 ივნისის №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 22 ივნისის №22078 ბრძანების და აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილში“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 18 მარტის №ბს-567(2კ-24) განჩინებით შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აპრილის №3/ბ-17-24 განჩინება. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ნოემბრის №3/319-2023 გადაწყვეტილება.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადამხდელს 2010-2014 წლების საანგარიშო პერიოდში შეძენილი აქვს შერეული საქონელი, მ.შ. ხილ-ბოსტანი. შემმოწმებლების მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის საარქივო სამმართველოდან მეწარმის მიერ იმპორტირებული საქონლის შესახებ, სადაც ფიქსირდება, რომ იმპორტირებულია მეორადი საქონელი და ხილ-ბოსტნეული, იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენს 114 047 ლარს. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება სხვა ეკონომიკური საქმიანობა. მეწარმეს არ აქვს ჩაბარებული საგადასახადო დეკლარაციები. ვინაიდან გადამხდელი არ ახორციელებდა აღრიცხვას და არ თანამშრომლობს შემოწმებასთან, სრულად არ არის დაცული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები. გადამხდელის ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრისას გამოყენებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი, დამოუკიდებლად განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულების მოცულობა, განსაზღვრა მოხდა არსებული მასალების საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ: შემოწმების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, შემოწმების პროცესში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ხილ-ბოსტნეულის სარეალიზაციო ფასის შესახებ 2010-2012 წლების საანგარიშო პერიოდზე. საბაჟოზე შემოტანილი საქონელი შემოწმების შედეგად ჩაითვალა რეალიზებულად, შერეული სახის საქონელი, გარდა ხილ-ბოსტნეულისა ჩაითვალა რეალიზებულად თვითღირებულებით, ხოლო ხილ-ბოსტნეულზე გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილი ინფორმაციიდან მიღებული საშუალო ფასი.
გადამხდელს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და ადმინისტრირების დეპარტამენტის საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე უფიქსირდება იმპორტირებული საქონელი. საქონლის შეძენაზე გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა წლების მიხედვით: 2010 წელს - 1 979 ლარი, 2012 წელს - 112 068 ლარი, ხოლო სხვა გამოქვითვებმა 22 032 ლარი. შემოწმების შედეგად, გადამხდელის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გამოსაქვით ხარჯებში იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება, აგრეთვე, იმპორტის გადასახდელები და დღგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. მეწარმე დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული. შემოწმებით ირკვევა, რომ გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 2012 წლის 17 თებერვალს. ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის უნდა მიემართა დასაბეგრი ოპერაციების 100 000 ლარზე გადაჭარბებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, აღნიშნულიან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დღგით დაიბეგრა 2012 წლის 17 თებერვლის მიწოდება, რომლითაც მეწარმის შემოსავლები გადასცდა 100 000 ლარს და შემდგომი პერიოდის რეალიზაცია. დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 365 163 ლარი (მ.შ იმპორტირებული და ადგილობრივი საქონლის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა). ი/მ -------ეს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა განთავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5%-ის ოდენობით, ასევე გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განუსაზღვროს პირს საგადასახადო ვალდებულებები არსებული მასალების საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), ქვემოთ მოყვანილი ერთზე მეტი ნებისმიერი პირობის არსებობისას:
ა) პირი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან არ ახორციელებს მას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით;
ბ) სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგულია ან განადგურებულია;
ე) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან, გარდა ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, ასევე გადამხდელს არ გააჩნდა სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ამდენად, გადამხდელის ერთობლივი შემოსავლი და გამოსაქვითი ხარჯები განისაზღვრა პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ხილ-ბოსტნეულის სარეალიზაციო ფასის შესახებ 2010-2012 წლების საანგარიშო პერიოდზე. საბაჟოზე შემოტანილი საქონელი შემოწმების შედეგად ჩაითვალა რეალიზებულად. შერეული სახის საქონელი, გარდა ხილ-ბოსტნეულისა ჩაითვალა რეალიზებულად თვითღირებულებით, ხოლო ხილ-ბოსტნეულზე გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილი ინფორმაციიდან მიღებული საშუალო ფასი. ამასთან, შემოწმების შედეგად, გადამხდელის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა გამოსაქვით ხარჯებში იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება, აგრეთვე, იმპორტის გადასახდელები და დღგ.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ხანდაზმულობის სამ წლიან პერიოდთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების, ასევე, გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში და საქმის ზეპირ განხილვაზე არ წარმოუდგენია ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, განუსაზღვროს პირს საგადასახადო ვალდებულებები არსებული მასალების საფუძველზე, შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), ქვემოთ მოყვანილი ერთზე მეტი ნებისმიერი პირობის არსებობისას:
ა) პირი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან არ ახორციელებს მას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით;
ბ) სააღრიცხვო დოკუმენტაცია დაკარგულია ან განადგურებულია;
ე) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ჩათვლის დოკუმენტებია:
ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) საბაჟო დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით საქონლის შეძენისას, მომსახურების მიღებისას, საქონლის იმპორტისას ან/და საქონლის დროებითი შემოტანისას, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ითხოვს საქონლის იმპორტისას გადახდილი დღგ-ის თანხის ჩათვლას. აცხადებს, რომ საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, მის მიერ შედგენილია არაერთი დეკლარაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. ასევე, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საბაჟო დეპარტამენტიდან გამოითხოვოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სასაქონლო/საბაჟო დეკლარაციები, მასთან დაკავშირებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა) და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დარიცხულ ჯარიმასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 2¹ და 2² ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2020 წლის 22 ივლისს) შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის გამოყენების შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის საანგარიშო პერიოდზე (პერიოდებზე), დღგ-ის დეკლარაციასთან მიმართებით, ამ კოდექსის 274-ე და 275-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები არ გამოიყენება.“
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, უნდა გაუქმდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 2¹ ნაწილებზე, რომელთა თანახმად:
2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.
21 . თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლს დაემატა 2¹ ნაწილი, რომლის თანახმად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.
2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) მიხედვით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 , 22 , მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2² ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2¹. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2². საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-2² ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან დავის განხილვის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლების სამსახურს მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ -------------ის (ს/ნ -----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ასევე, საბაჟო დეპარტამენტიდან გამოითხოვოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სასაქონლო/საბაჟო დეკლარაციები, მასთან დაკავშირებული გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა) და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გაუქმდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრას. ვინაიდან გასულია საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა.
ასევე აცხადებს, რომ არასწორად არის გამოანგარიშებული დარიცხული თანხები. მას წაერთვა იმპორტირებულ საქონელზე დღგ-ის თანხის ჩათვლის უფლება.მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ შედგენილია არაერთი იმპორტის დეკლარაცია.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №40258 ბრძანების საფუძველზე მომჩივანს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2010 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 სექტემბრამდე შესამოწმებელ პერიოდზე.შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №22078 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №071-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 268 650 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 114 314 ლარი, ჯარიმა 75 415 ლარი და საურავი 78 921 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №5915 ბრძანებით საჩივრები დარჩა განუხილველი. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №19269/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის №3/319-2023 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.კერძოდ:ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი №5915 ბრძანება, №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის №22078 ბრძანების და აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის კანონიერების შესწავლის მოთხოვნით მომჩივანის მიმართ საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში.
ასევე, ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №19269/2/2023 გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურის №5915 ბრძანების ძალაში დატოვების და საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ, №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის №22078 ბრძანების და აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილში. დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს განახორციელოს მომჩივანის მიერ წარდგენილი საჩივრის არსებითი განხილვა №071-5 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის №22078 ბრძანების და აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-567(2კ-24) განჩინებით შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №3/ბ-17-24 განჩინება. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის №3/319-2023 გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს კანონით განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, უნდა გაუქმდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ხოლო,შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან დავის განხილვის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლების სამსახურს მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“, „ბ“, „ე“); 157(1); 161(1„ა“); 173(1.2 „ა“ და „ბ“); 174(1 „ა“.2 „ა.ა“ ); 269( 21); 275(2); 282(1);