გადაწყვეტილება №28057/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.10.2026
№ დოკუმენტი 28057/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28057/2/2026

21 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს ----- (ს/ნ ----- )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ----- 02.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 28057/2/2026).

 

დავის საგანი:

ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, ჩადენილი განმეორებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 08.07.2026 წლის N 15352 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 21.08.2026 წლის N 18964 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 4 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები: 07.09.2021 წელს მომჩივნის წარმომადგენლებმა საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ თანამშრომლებს აცნობეს, რომ ტრანზიტული ----- გადაადგილებისთვის განკუთვნილ N ----- კონტეინერში (სარკინიგზო ვაგონი N ----- ) განთავსებული საქონელი (კომპრესორები - 21 317 კგ; ღირებულება 74 284.8 ----- ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილია საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

ვინაიდან არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება (ინვოისი N ----- 15.06.2021წ.) აჭარბებდა 15 000 ლარს, საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის მასალები, საბაჟო დეპარტამენტის 23.09.2021 წლის N ----- წერილით, გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 17.06.2026 წლის N ----- წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება.

საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (რომლის საბაჟო ღირებულება აჭარბებს 15 000 ლარს) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გატანას და მას აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ამასთან, მომჩივანს 05.08.2021 წელს დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, 08.07.2026 წელს გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის N 15352 ბრძანება, რომლითაც დაეკისრა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.08.2026 წლის N 18964 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, მე-6 მუხლზე, მე-13 მუხლზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე, ამავე მუხლის შენიშვნაზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (რომლის საბაჟო ღირებულება აჭარბებს 15 000 ლარს) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გატანას (ჩადენილია განმეორებით), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

 

მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემდეგს:

13.12.2022 წელს გაფორმებული N ----- საგადასახადო შეთანხმებით მომჩივანს შეუმცირდა საგადასახადო დავალიანება და 23.10.2022 წლის მდგომარეობით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე არსებული საგადასახადო დავალიანების თანხად სხვა ჯარიმებში განესაზღვრა 1 500 000 ლარი. აღნიშნული საგადასახადო შეთანხმება არ ვრცელდება 2021 წელს ჩადენილი იმ საბაჟო სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაზე, რომელიც შეთანხმების გაფორმების თარიღისთვის დაკისრებული არ იყო და შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების სახით არ არსებობდა.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-16 ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ეს ვადა არ გამოიყენება ამ კოდექსის 141-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამავე მუხლის 171 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამავე კოდექსით განსაზღვრული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება და იგი განახლდება საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოსთვის ჩაბარების დღიდან. მოცემულ შემთხვევაში, საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია 2021 წელს. საბაჟო სანქციის შეფარდების ვადის დინება შეჩერდა 23.09.2021 წელს, საქმის მასალების შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსთვის გადაგზავნის გამო და განახლდა 17.06.2026 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 17.06.2026 წლის N ----- წერილის საბაჟო ორგანოსთვის ჩაბარების დღიდან. შესაბამისად, საბაჟო სანქცია შეფარდებულია საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვით.

სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

მომჩივნის მოთხოვნაზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის 13.12.2022 წელს გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, რომლის ფარგლებში განისაზღვრა და მოწესრიგდა შესაბამისი საგადასახადო კონტროლის შედეგად წარმოშობილი საკითხები.

საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო კონტროლის შედეგად დამატებით დარიცხული თანხის (საგადასახადო დავალიანების) შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოს მიერ შემოწმებული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის ხელახლა გადამოწმება ან/და გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის ან სანქციის დარიცხვა.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, თითქოს აღნიშნული საგადასახადო შეთანხმება არ ვრცელდება 2021 წელს ჩადენილი იმ საბაჟო სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაზე, რომელიც შეთანხმების გაფორმების თარიღისთვის დაკისრებული არ იყო და შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების სახით არ არსებობდა. საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ნათლად ადგენს, რომ მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი ორგანოს მიერ შემოწმებული საგადასახადო პერიოდის ან საკითხის ხელახლა გადამოწმება ან/და გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის ან სანქციის დარიცხვა დაუშვებელია. შესაბამისად, კანონმდებელი კრძალავს საგადასახადო შეთანხმების პერიოდზე დარღვევების გადამოწმებას და მათი საფუძვლით პირის სანქცირებას და არსად ახსენებს სანქციის დაკისრების თარიღის მნიშვნელობას, როგორც ეს შემოსავლების სამსახურმა მიუთითა მოცემულ შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ განსახილველი გარემოებები, რომლებიც უკავშირდება 2021 წელს განხორციელებულ ტრანზიტულ გადაადგილებას, საქონლის გადაადგილების პროცედურებსა და შესაბამის დოკუმენტურ მასალებს, არსებობდა და ცნობილი იყო შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის საგადასახადო შეთანხმების გაფორმებამდე. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ვერ იქნება ხელახლა გამოყენებული იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით დამატებითი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. საგადასახადო შეთანხმების ინსტიტუტის მიზანია სახელმწიფოსა და გადასახადის გადამხდელს შორის არსებული დავის საბოლოო და კომპლექსური მოწესრიგება. შესაბამისად, დაუშვებელია შეთანხმების გაფორმების შემდეგ სახელმწიფომ კვლავ განიხილოს უკვე არსებული და მისთვის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები და იმავე საკითხთან დაკავშირებით პირს დამატებითი სანქცია დააკისროს, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც საგადასახადო შეთანხმების სამართლებრივ ბუნებას, ისე სამართლებრივი განსაზღვრულობისა და კეთილსინდისიერი ადმინისტრირების პრინციპებს. ამდენად, 13.12.2022 წელს გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების არსებობის პირობებში, საბაჟო ორგანოს მიერ 2026 წელს 2021 წლის შემთხვევასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაკისრება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. გარდა აღნიშნულისა, თავად გასაჩივრებული ბრძანებით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანოსთვის სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტობრივი გარემოებები ცნობილი გახდა 07.09.2021 წელს, როდესაც საბაჟო გამშვები პუნქტის „-----“ თანამშრომლებისათვის ცნობილი გახდა ტრანზიტული ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გატანის შესახებ. აღნიშნული გარემოების საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტმა 23.09.2021 წელს საქმის მასალები გაუგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სისხლისსამართლებრივი შეფასების მიზნით, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ სამართალდარღვევის ფაქტი, მისი გარემოებები და სავარაუდო სამართლებრივი კვალიფიკაცია საბაჟო ორგანოსთვის უკვე ცნობილი და დადგენილი იყო. ამასთან, ის გარემოება, რომ საგამოძიებო სამსახურმა მხოლოდ 17.06.2026 წელს აცნობა საბაჟო დეპარტამენტს გამოძიების არ დაწყების შესახებ, ვერ იქნება მიჩნეული ისეთ იურიდიულ ფაქტად, რომელიც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის დინებას შეაჩერებდა, შეწყვეტდა ან თავიდან ათვლას განაპირობებდა. აღნიშნული წერილი წარმოადგენს მხოლოდ ინფორმაციას სისხლისსამართლებრივი დევნის არ დაწყების შესახებ და არ ცვლის იმ გარემოებას, რომ საბაჟო ორგანოს სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია მიღებული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დაწყებული ჰქონდა ჯერ კიდევ 2021 წელს. კანონი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ვადის დინების დამოკიდებულებას სხვა ადმინისტრაციული ან საგამოძიებო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროზე. ხაზგასასმელია, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ინსტიტუტის მიზანია სამართლებრივი განსაზღვრულობის უზრუნველყოფა და პირის დაცვა განუსაზღვრელი ვადით პასუხისმგებლობის დაკისრების საფრთხისგან. შესაბამისად, დაუშვებელია ხანდაზმულობის ვადის დინება დამოკიდებული იყოს იმ გარემოებაზე, თუ რა ვადაში დაასრულებს სხვა სახელმწიფო ორგანო მის წარმოებაში არსებულ მასალებთან დაკავშირებულ პროცედურებს. საწინააღმდეგო მიდგომა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას მთლიანად სახელმწიფო ორგანოთა შიდა ადმინისტრაციულ პროცესებზე დამოკიდებულს გახდიდა, რაც ეწინააღმდეგება როგორც კანონიერების, ისე სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ 2021 წელს, განსახილველ ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი მოკვლევის დაწყების შესახებ არც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს, კომპანიისთვის სათანადო წესით არ უცნობებია.

საბაჟო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის ადგენს, რომ პირი საბაჟო კონტროლის მიზნებისათვის ვალდებულია დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია შეინახოს არანაკლებ 3 წლის განმავლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო წესით ინფორმირების მომენტში ობიექტურად აღარ ჰქონდა კანონით დადგენილი ვალდებულება შეენარჩუნებინა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რაც არსებითად ზღუდავს სამართალდამრღვევად მიჩნეულის შესაძლებლობას, სრულყოფილად დაიცვას საკუთარი უფლებები, წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები და გააქარწყლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაკეთებული დასკვნები. ამგვარი ვითარება არღვევს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობის, ეფექტიანი დაცვის უფლებისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპებს, ვინაიდან პირისთვის უარყოფითი სამართლებრივი შედეგის დაკისრება ხდება იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს ხანგრძლივი უმოქმედობის გამო მას აღარ აქვს ის მტკიცებულებები, რომელთა შენახვაც კანონით აღარ ევალებოდა. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-16 ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. მართალია, ამავე მუხლის 171 ნაწილი ადგენს, რომ ამ კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამავე კოდექსით განსაზღვრული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება და იგი განახლდება საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოსთვის ჩაბარების დღიდან, თუმცა აღნიშნული არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებისაგან, ასეთი მოკვლევის დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, რის შედეგადაც პოტენციურ მხარეს ექნება ობიექტური შესაძლებლობა, შეინახოს შესაბამისი დოკუმენტაცია კანონით განსაზღვრულ სავალდებულო ვადაზე უფრო მეტხანს.

ამასთანავე, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2021 წლიდან 2026 წლამდე გასული პერიოდის განმავლობაში საქმის განხილვის შეფერხება მთლიანად გამოწვეული იყო სახელმწიფო ორგანოების მიზეზით. კომპანიას არც ერთი მოქმედებით არ შეუშლია ხელი საქმის განხილვისთვის, არ გაუჭიანურებია ადმინისტრაციული წარმოება და არ შეუქმნია ისეთი გარემოება, რომელიც პასუხისმგებლობის დაკისრების ვადის გახანგრძლივების საფუძვლად შეიძლებოდა მიჩნეულიყო. სამართლებრივი სახელმწიფოს პირობებში ადმინისტრაციული ორგანოების უმოქმედობის ან მათ შორის მიმდინარე პროცედურების ნეგატიური შედეგები ვერ დაეკისრება კერძო პირს და ვერ გახდება მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. გარდა ამისა, გასაჩივრებული ბრძანება ეწინააღმდეგება სამართლებრივი განსაზღვრულობის, სამართლებრივი უსაფრთხოების, გონივრულ ვადაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებისა და კეთილსინდისიერი ადმინისტრირების პრინციპებს. სახელმწიფო ვალდებულია საკუთარი უფლებამოსილებები განახორციელოს კანონით დადგენილ და გონივრულ ვადებში, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ვერ გამოიწვევს კერძო პირის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებას.

შემოსავლების სამსახურმა სადავო ბრძანებაში ზემოთ ნახსენები არგუმენტებიც არ გაიზიარა და მიუთითა ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების სამართლებრივი საფუძვლების არსებობაზე, რაც გასაგებიც იქნებოდა, იმ შემთხვევაში თუ შემოსავლების სამსახური წარმოადგენდა რაიმე სახის მტკიცებულებას, რომ მან კომპანიას აცნობა 23.09.2021 წელს საქმის მასალების შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემის თაობაზე. რაც კომპანიას საშუალებას მისცემდა შესაბამისი მასალები, კანონით დადგენილ 3 წლიან ვადაზე მეტხანს შეენახა და შესაბამისად, ჰქონოდა შესაძლებლობა სადაო ფაქტიდან 5 წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგაც წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. თუმცა იმ მოცემულობაში, როდესაც შემოსავლების სამსახურმა კომპანიას დადგენილი წესით არ მიმართა და აღნიშნულის შესახებ არ აცნობა, იგი მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დაასანქციროს და ისეთი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვოს კომპანიას, რომლის შენახვის კანონისმიერი ვალდებულება მას უკვე აღარ აქვს. ამდენად, ვინაიდან საბაჟო ორგანოსთვის სამართალდარღვევის ფაქტობრივი გარემოებები ცნობილი იყო 2021 წელს, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ 2026 წელს, გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია კანონით დადგენილი ვადებისა და სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით, რის გამოც იგი უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის და ამავე კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკმაყოფილდეს საჩივარი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე და 181-ე მუხლების თანახმად, ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები და მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, კომპანიის მიმართ, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაკისრებული სანქციის - 4 000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ დავის განმხილველი ორგანო, საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს კომპანიის არგუმენტაციასა და წარდგენილ დოკუმენტაციას, გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, ითხოვს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, კომპანია, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, გათავისუფლდეს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის სახით შეფარდებული ჯარიმის თანხის გადახდისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად:

4. ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა:

შენიშვნა:

1. თუ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

საბაჟო დეპარტამენტის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ დგება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში. ამასთანავე, საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის 171 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამავე კოდექსით განსაზღვრული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება და იგი განახლდება საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოსთვის ჩაბარების დღიდან.

საქმეში წარმოდგენილია საბაჟო გამშვები პუნქტის „-----“ 24.06.2026 წლის N ----- წერილი საიდანაც ირკვევა, რომ 07.09.2021 წელს საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლების მიერ თანამშრომლებს წარედგინათ დოკუმენტაცია („ტრანსფერშიპი“, სარკინიგზო ზედდებული), რომლის მიხედვითაც ----- გასატანად დადეკლარირდა 28 ვაგონი. მებაჟე ოფიცრის მიერ მოხდა დოკუმენტაციისა და შემადგენლობის იდენტიფიცირება. შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ შემადგენლობა შედგებოდა 29 ვაგონისაგან, რის შესახებაც ეცნობა სს „-----“ წარმომადგენლობას. მოგვიანებით სს „-----“ თანამშრომლებმა წარმოადგინეს სარკინიგზო სადგურის ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტაცია 28 ვაგონზე, რითაც დაადასტურეს ინფორმაცია ერთი, ზედმეტი, ვაგონის ჩახსნის შესახებ. საბაჟოს თანამშრომლის მიერ განხორციელდა გამარტივებული აღრიცხვის მოწმობის რეგისტრირება და რისკის პროფილის თანახმად შემადგენლობას განესაზღვრა მწვანე დერეფანი, რის შემდეგაც მიეცათ თანხმობა შემადგენლობის გადაადგილებაზე. 07.09.2021 წელს 19:34 წუთზე სარკინიგზო შემადგენლობის საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემდეგ, რამდენიმე საათში გაირკვა, რომ ზემოთ აღნიშნული ზედმეტი ვაგონი N -----, კონტეინერი N -----, ----- რკინიგზის წარმომადგენლობის მიერ, გასულ შემადგენლობასთან ერთად, ქვეყნიდან იქნა გატანილი კონტროლის პროცედურების გატარების გარეშე. ზემოაღნიშნულის შესახებ საბაჟო სამსახურს შეატყობინა ----- რკინიგზამ, ხოლო ----- რკინიგზას ინფორმაცია ----- რკინიგზამ მიაწოდა.

საბაჟო დეპარტამენტის 23.09.2021 წლის N ----- წერილში, რომელიც გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, მითითებულია, შედეგი, ----- თანამშრომლების განცხადებით, ზედმეტი ვაგონის ჩახსნა, მათი მითითებით განახორციელა ----- რკინიგზის წარმომადგენლობამ -----, რომელიც ოპერირებს ----- სადგურზე და მათთვის უცნობია თუ როგორ აღმოჩნდა აღნიშნული ვაგონი დადეკლარირებულ შემადგენლობაზე მიბმული.

მომჩივანი მიუთითებს, რომ დაუშვებელია შეთანხმების გაფორმების შემდეგ სახელმწიფომ კვლავ განიხილოს უკვე არსებული და მისთვის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები და იმავე საკითხთან დაკავშირებით პირს დამატებითი სანქცია დააკისროს, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც საგადასახადო შეთანხმების სამართლებრივ ბუნებას, ისე სამართლებრივი განსაზღვრულობისა და კეთილსინდისიერი ადმინისტრირების პრინციპებს. ის გარემოება, რომ საგამოძიებო სამსახურმა მხოლოდ 17.06.2026 წელს აცნობა საბაჟო დეპარტამენტს გამოძიების არ დაწყების შესახებ, ვერ იქნება მიჩნეული ისეთ იურიდიულ ფაქტად, რომელიც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის დინებას შეაჩერებდა, შეწყვეტდა ან თავიდან ათვლას განაპირობებდა. აღნიშნული წერილი წარმოადგენს მხოლოდ ინფორმაციას სისხლისსამართლებრივი დევნის არ დაწყების შესახებ და არ ცვლის იმ გარემოებას, რომ საბაჟო ორგანოს სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია მიღებული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დაწყებული ჰქონდა ჯერ კიდევ 2021 წელს. კომპანიას არც ერთი მოქმედებით არ შეუშლია ხელი საქმის განხილვისთვის, არ გაუჭიანურებია ადმინისტრაციული წარმოება და არ შეუქმნია ისეთი გარემოება, რომელიც პასუხისმგებლობის დაკისრების ვადის გახანგრძლივების საფუძვლად შეიძლებოდა მიჩნეულიყო. იმ მოცემულობაში, როდესაც შემოსავლების სამსახურმა კომპანიას დადგენილი წესით არ მიმართა და აღნიშნულის შესახებ არ აცნობა, იგი მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დაასანქციროს და ისეთი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვოს კომპანიას, რომლის შენახვის კანონისმიერი ვალდებულება მას უკვე აღარ აქვს. ამდენად, ვინაიდან საბაჟო ორგანოსთვის სამართალდარღვევის ფაქტობრივი გარემოებები ცნობილი იყო 2021 წელს, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ 2026 წელს, გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია კანონით დადგენილი ვადებისა და სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევით, რის გამოც იგი უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 08.09.2026 წლის N ----- წერილი, სადაც მითითებულია, რომ 13.12.2022 წელს გაფორმებული N ----- საგადასახადო შეთანხმებით მომჩივანს შეუმცირდა საგადასახადო დავალიანება და 23.10.2022 წლის მდგომარეობით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე არსებული საგადასახადო დავალიანების თანხად სხვა ჯარიმებში განესაზღვრა 1 500 000 ლარი. აღნიშნული საგადასახადო შეთანხმება არ ვრცელდება 2021 წელს ჩადენილი იმ საბაჟო სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაზე, რომელიც შეთანხმების გაფორმების თარიღისთვის დაკისრებული არ იყო და შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების სახით არ არსებობდა. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-16 ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ეს ვადა არ გამოიყენება ამ კოდექსის 141-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამავე მუხლის 171 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამავე კოდექსით განსაზღვრული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება და იგი განახლდება საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოსთვის ჩაბარების დღიდან. მოცემულ შემთხვევაში, საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია 2021 წელს. საბაჟო სანქციის შეფარდების ვადის დინება შეჩერდა 23.09.2021 წელს, საქმის მასალების შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსთვის გადაგზავნის გამო და განახლდა 17.06.2026 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 17.06.2026 წლის N ----- წერილის საბაჟო ორგანოსთვის ჩაბარების დღიდან. შესაბამისად, საბაჟო სანქცია შეფარდებულია საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვით.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ მომჩივანმა 07.09.2021 წელს თავად აცნობა ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ N ----- კონტეინერში (სარკინიგზო ვაგონი N ----- ) განთავსებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გატანის ფაქტი, საბჭოს, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის 171 ნაწილზე და 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საბაჟო დეპარტამენტის 08.07.2026 წლის N 15352 ბრძანებით დაკისრებული, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, პასუხისმგებლობის გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

ტრანზიტული გადაადგილებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, ჩადენილი განმეორებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მომჩივანს ტრანზიტული საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გატანის გამო დაეკისრა ჯარიმა. სისხლისსამართლებრივი გამოძიება არ დაწყებულა. მომჩივანმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე გადაეცა დავების განხილვის საბჭოს.

 

გადაწყვეტილება:

საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინების და საბაჟო დეპარტამენტის ბრძანებით დაკისრებული განსაზღვრული, პასუხისმგებლობის გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163 (171); 164 (5,,ა"); 168 (5);.