გადაწყვეტილება №27368/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27368/2/2026
22 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 19.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27368/2/2026).
დავის საგანი:
1. უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ნაწილში დარიცხულ დღგ-ის ოდენობა;
2. ჩათვლილი დღგ-ის თანხების შემცირება;
3. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №006-592 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.05.2026 წლის №9645 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 6 759 566,8 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 3 914 611,61
დღგ - 1 308 722,81
საშემოსავლო გადასახადი - 2 605 888,8
ჯარიმა - 2 000 222,8
საურავი - 844 732,39
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.09.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №006-592 საგადასახდო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.05.2026 წლის №9645 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ნაწილში დარიცხულ დღგ-ის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი საბუღალტრო აღრიცხვას არ აწარმოებდა. საწარმომ მშენებლობა განახორციელა ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რის სანაცვლოდაც ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში მიწის მესაკუთრეებს გადასცა ბინები, ფართები და ავტოფარეხები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზით დადგინდა, რომ ფიზიკური პირები საწარმოს ურიცხავდნენ ბინების ღირებულების ნაწილს (ავანსებს). გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა ზეპირად განმარტა, რომ ანგარიშსწორება ხორციელდებოდა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო გზით. 2019 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდზე ჩატარებული იყო კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2021 წლის პირველი მაისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდზე (შეუმოწმებელი პერიოდი) გადასახადის გადამხდელის მიერ არ/ვერ იქნა წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები/საბუღალტრო პროგრამა/დეკლარირებული დღგ-ის დეტალური გაშიფვრა. შესამოწმებელ პერიოდში გაფორმებული იყო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები და რეალიზებული იყო ბინები/ავტოფარეხები. საგადასახადო შემოწმებით ანალიზი ჩაუტარდა წინა შემოწმების მასალებს და განაშთულ იქნა წინა შესამოწმებელი პერიოდის ფარგლებში ავანსის სახით დაბეგრილი თანხები, ხოლო 2021 წლის პირველი მაისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდზე (შეუმოწმებელი პერიოდი) ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება, თუ რა თანხები იყო დაბეგრილი დღგ-ით. 2023 წლის აპრილში ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ------- (პ/ნ -------) რეალიზებული იყო ფართები საბაზროზე ნაკლებ ფასში. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საცხოვრებელი ბინების შესახებ საჯარო რეესტრში წარდგენილი ინფორმაციები და დოკუმენტაცია, გარიგების ამსახველი და იპოთეკის ხელშეკრულებები, საჯარო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, მსგავსი საქმიანობის და შესადარისი კომპანიების მიერ განხორციელებული ოპერაციები და სხვა. დამატებით მოკვლეულ და შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. საგადასახადო კოდექსის 164-ე, 163-ე, მე-18, მე-19 და 73-ე მუხლებიდან გამომდინარე, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, მე-18 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-7, მე-10 და მე-11 ნაწილებზე, მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-16 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის „რ.ა.“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ პირველ სადავო საკითხთან მიმართებაში ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
ბარტერულ ოპერაციასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ შემოწმებით განხორციელდა ბარტერის ხელშეკრულებების ღირებულებების კორექტირება და გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა, მაშინ როდესაც კომპანიასა და მიწის მესაკუთრეებს შორის, რომლებიც არ წარმოადგენენ კომპანიის ურთიერთდამოკიდებულ პირებს, 2018 წელს გაფორმდა ნოტარიულად დადასტურებული გაცვლის (ბარტერის) ხელშეკრულებები, სადაც მიწოდების სხვა პირობებთან ერთად, განისაზღვრა გასაცვლელი ქონების/მომსახურების ღირებულებები.
ასევე, შესამოწმებელ პერიოდში, შემოწმების მიერ რიგ შემთხვევებში, დაბეგრილია ისეთი ოპერაციებიც, რომლებიც წარმოადგენს ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში 2021 წელს ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადაფორმებული ქონების სანაცვლოდ, 2022 წლის ჩანაცვლების ხელშეკრულებების საფუძველზე, ქონების ჩანაცვლების ოპერაციებს. აცხადებს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, ფიზიკურ პირებზე ქონება გადაფორმებულია 2021 წელს, ამდენად აღნიშნული ოპერაციები დაბეგვრას ექვემდებარება გადაცემის ხელშეკრულებებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტში 2021 წელს და არა ჩანაცვლების ხელშეკრულების საფუძველზე სანაცვლოდ ქონების გადაცემის მომენტში 2022 წელს და შესაბამისად, ასეთი ოპერაციების ნაწილში დარიცხული დღგ უნდა დაექვემდებაროს სრულად შემცირებას.
მიწის სანაცვლოდ მიწოდებული მომსახურების ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით, მომჩივანი აცხადებს, რომ სადავო პერიოდში, 2018 წელს, მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა ბარტერის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასებით, ვინაიდან ეს ფასები წარმოადგენდა ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის (2018 წელი) არსებულ საბაზრო ფასებს. თუ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, შემმოწმებლის მხრიდან მაინც გადაიხედებოდა ნოტარიულად დამოწმებული ბარტერის ხელშეკრულებების ფასები, იმის გათვალისწინებით, რომ ბარტერის ხელშეკრულებები გაფორმებულია 2018 წელს, მიწოდებული მიწის სანაცვლოდ გაწეული მომსახურების ღირებულებების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვა უნდა განხორციელებულიყო კომპანიის მიერ მშენებლობაზე გაწეული ხარჯების და მარჟის (+10%) გათვალისწინებით გადაცემული ფართის (კვ.მ.) პროპორციულად, რასაც ითვალისწინებდა იმ პერიოდისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა და რისი პრაქტიკაც არსებობს შემოსავლების სამსახურში.
წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ ავანსებთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ გადასახადის გადამხდელს შეუმოწმებელ ხანდაზმულ პერიოდზე (01.05.2021-01.01.2022) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებით რეალიზებული ჰქონდა გარკვეული ფართები, რომელთა ფარგლებში მიღებული ავანსებიც დეკლარირებული იყო შესაბამის პერიოდში, თუმცა ეს თანხები დღგ-ის დეკლარაციის ავანსების გრაფის ნაცვლად მითითებული იყო რეალიზაციის გრაფაში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ამ პერიოდებზე დღგ-ით დასაბეგრი მხოლოდ მიღებული ავანსი ჰქონდა. მიუთითებს, რომ შემოწმებით, აღნიშნული ოპერაციები დღგ-ით დაბეგრილია ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღის მიხედვით, აღნიშნული თანხა ასევე გათვალისწინებულია მიღებულ თანხებში და შემოწმების პერიოდის ბოლოს დაკვალიფიცირებულია დირექტორის ხელფასად და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით, აღნიშნული ოპერაციები დღგ-ით დაბეგრილია ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტში და არ არის გათვალისწინებული (განაშთული) 2021 წლის შესაბამის პერიოდში დეკლარირებული თანხები. მომჩივანი ითხოვს, რომ შემოწმებით მოცული პერიოდზე დარიცხული დღგ უნდა შემცირდეს ხანდაზმულ პერიოდში მიღებული და დაბეგრილი ავანსის თანხებით.
ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ------- მიწოდებულია უძრავი ქონება ჯამში 695 კვმ, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება განსაზღვრულია 69 500 ლარით. შემოწმებით განხორციელდა მიწოდებული ქონების ღირებულების კორექტირება და შესამოწმებელ პერიოდში დღგით დაბეგვრას დაექვემდებარა 1 146 500 ლარი. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია ასევე, ხელფასის სახის განაცემად დაკვალიფიცირებული თანხები. მომჩივანი განმარტავს, რომ აღნიშნულ პირზე გადაცემული ფართები წარმოადგენდა ნულოვან სართულზე განლაგებულ ღია ავტოფარეხებისთვის განკუთვნილ ფართებს და ღირებულება რაც შემოწმებით იქნა განსაზღვრული რადიკალურად განსხვავდება გადაცემული ფართების რეალური ღირებულებისგან. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია 2020 წელს, ხოლო თანხა ანაზღაურებულია 2021 წელს. მომჩივნის განმარტებით, საბაზრო ფასის განსაზღვრისას, გათვალისწინებული უნდა იყოს კონკრეტული ნასყიდობის ოპერაციის პერიოდი და პირობები, რაც გავლენას ახდენს სარეალიზაციო ფასის ფორმირებაზე, კერძოდ: ფართის მოცულობა, ფართის ინდივიდუალური მახასიათებლები, მიწოდების კონდიცია, გადახდის პირობები და აშ. შესაბამისად, გადაცემული ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრა უნდა მოხდეს წინარე ნასყიდობის თარიღით (2020 წელი), ქონების დანიშნულებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. დამატებით აღნიშნავს, რომ იმავე ნულოვან სართულზე კომპანიას იდენტური ქონება მიწოდებულია არაურთიერთდამოკიდებულ პირზე ალექსანდრე სუხიშვილზე 2025 წლის 21 მარტს და შემოწმებით აღნიშნული ქონების ღირებულების ცვლილება არ მომხდარა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს შეეძლო ეხელმძღვანელა აღნიშნული ღირებულებით. მომჩივანი აცხადებს, რომ შეუძლია გადაცემული ბინების საბაზრო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით წარმოადგინოს შესაბამისი კომპეტენტური პირის მიერ შედგენილი დამოუკიდებელი საექსპერტო დასკვნა, რათა განხორციელდეს დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და ასევე საჩივარს თან ურთავს შესაბამის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებას და მიღებული თანხის „შემოსავლის ორდერს”.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-7, მე-10 და მე-11 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.
2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
10. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/ მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
11. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი, თუ საგადასახადო ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის განცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ხოლო მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლოსამონტაჟო საქმიანობა.
საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის „რ.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქმის გარემოებებისა და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. ჩათვლილი დღგ-ის თანხების შემცირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დუბლირებულად ჰქონდა ჩათვლილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხები, კერძოდ, კომპანიის სახელზე გამოწერილ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა და განაშთვისას საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიღებისას შემცირებული არ იყო ავანსის სახით მიღებული დღგ-ის ჩათვლა. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით მოხდა საწარმოს მიერ ზედმეტად ჩათვლილი დღგ-ის თანხების შემცირება, ასევე დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებულ იქნა კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას. განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიღებული ჰქონდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც განხორციელებულია დღგ-ის ჩათვლები და საბოლოო მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიღების შემთხვევაში კომპანია ახდენდა მათ დაწყვილებას ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან, რაც გამორიცხავს ჩათვლების ორმაგად მიღების შესაძლებლობას. გადამხდელი აცხადებს, რომ მათთვის უცნობია თუ კონკრეტულად რომელი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით არის მიღებული დუბლირებული ჩათვლები და ითხოვს საკითხის შემმოწმებლებთან ერთად გავლას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დუბლირებულად ჰქონდა ჩათვლილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხები, კერძოდ, კომპანიის სახელზე გამოწერილ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა და განაშთვისას საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიღებისას შემცირებული არ იყო ზემოაღნიშნული ავანსის სახით მიღებული დღგ-ის ჩათვლა. შემოწმებით შემცირდა საწარმოს მიერ ზედმეტად ჩათვლილი დღგ, ასევე დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებულ იქნა კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ამ ნაწილში ითხოვს მხოლოდ აუდიტორთან ერთად დღგ-ის ჩათვლების გაანგარიშების შესწავლას.
გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და ამ ნაწილში გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
3. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ოქტომბრის №22308 ბრძანებით საწარმოს სალაროში ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს არ გააჩნდა სალარო და ფულის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შედეგად ფულადი სახსრების მოძრაობა გაანგარიშდა საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და მესამე პირებისგან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი (გამოქვითვების გამოკლების გათვალისწინებით დარჩენილი განკარგვადი თანხა), რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის დაზუსტების მიზნით, მე-3 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული), ასევე პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
ფულადი სახსრების გასავლის ნაწილში არ არის გათვალისწინებული როგორც 2021 წლის ბოლოსათვის გადაუხდელი სესხის ძირი და პროცენტი, ასევე შესამოწმებელ პერიოდში აღებული და დაბრუნებული სესხის თანხები; აგრეთვე, კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გაცემული სესხები, რომელთა დაბრუნება შესამოწმებელ პერიოდში არ მომხდარა; კრედიტორული დავალიანების ნაშთები, რაც შესამოწმებელ პერიოდში იფარებოდა; ასევე, ქონების ღირებულება, რაც გასხვისებულია ფინანსური ვალდებულების გასაქვითად; მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ პირველი სადავო საკითხის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების კორექტირება. მომჩივანი ითხოვს, რომ საჩივრებში წარმოდგენილი არგუმენტების და გადასახადის გადამხდელის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხების გათვალისწინებით მოხდეს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული), ასევე პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის დავალებას ეთანხმება და დოკუმენტები მომზადების პროცესშია აუდიტის დეპარტამენტში წარსადგენად.
საქმის გარემოებებისა და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ნაწილში დარიცხულ დღგ-ის ოდენობა;
2. ჩათვლილი დღგ-ის თანხების შემცირება;
3. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმომ მშენებლობა განახორციელა ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რის სანაცვლოდაც ბარტერის ხელშეკრულების ფარგლებში მიწის მესაკუთრეებს გადასცა ბინები, ფართები და ავტოფარეხები. 2019 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდზე ჩატარებული იყო კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმებით ანალიზი ჩაუტარდა წინა შემოწმების მასალებს და განაშთულ იქნა წინა შესამოწმებელი პერიოდის ფარგლებში ავანსის სახით დაბეგრილი თანხები, შეუმოწმებელ პერიოდზე ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება, თუ რა თანხები იყო დაბეგრილი დღგ-ით. 2023 წლის აპრილში ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებული იყო ფართები საბაზროზე ნაკლებ ფასში. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა ხელშეკრულების მხარეებთან გარიგების ფასის, ობიექტის და საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციები. შემოწმებით დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დუბლირებულად ჰქონდა ჩათვლილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხები, კერძოდ, კომპანიის სახელზე გამოწერილ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა და განაშთვისას საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიღებისას შემცირებული არ იყო ავანსის სახით მიღებული დღგ-ის ჩათვლა. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით საწარმოს სალაროში ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს არ გააჩნდა სალარო და ფულის ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შედეგად ფულადი სახსრების მოძრაობა გაანგარიშდა საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და მესამე პირებისგან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა.
გადაწყვეტილება
საქმის გარემოებებისა და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18; 19; 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164; 175