ბრძანება N 18258

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.08.2024
№ დოკუმენტი 18258
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18258

07 აგვისტო 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 21 იანვრის და 22 ივლისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------------“-ის (ს/ნ -----------) 2024 წლის 21 იანვრის №86943/1/2024 და 2024 წლის 22 ივლისს წარმოდგენილი №90871/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 დეკემბრის №028-28 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ოქტომბრის №25691 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------“-ის (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 8 ოქტომბრიდან 2023 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 12 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 15 დეკემბრის №31670 ბრძანება და ამავე თარიღის №028-28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სულ 480 910 ლარი, მათ შორის გადასახადი 312 587 ლარი, ჯარიმა 156 294 ლარი და საურავი 12 029 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 20 თებერვლის №3491 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 4 ივლისის №22610/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 თებერვლის №3491 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას არ იყო მიწვეული. შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, დააყენებდნენ შუამდგომლობას, რომ მტკიცებულებების წარდგენისთვის მისცემოდა გონივრული ვადა და წარადგენდა შესაბამის დოკუმენტაციას. დავის ამ ეტაპზე მტკიცებულებებს თან ურთავს საჩივარს, რითაც დასტურდება, რომ საქონლის შეძენის ღირებულება სრულად არის კომპანიის მიერ გადახდილი. შესაბამისად, არ გააჩნიათ კრედიტორული დავალიანება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ შემოწმებით სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში არ არის გამოკლებული საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება 26 000 ლარის ოდენობით. ამდენად ცალსახაა, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში, ე.ი. განკარგვადი თანხის გაანგარიშებაში დაშვებულია შეცდომა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანება დაუსაბუთებელია და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები ექვემდებარება გადაანგარიშებას.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში უცხოეთიდან ახორციელებდნენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს და ამ პროდუქციის რეალიზაციას. საბაჟო დეკლარაციების მიხედვით ბიუჯეტში გადახდილი დღგ სრულად არ ჰქონდა ჩათვლილი, რაზეც საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით ეკუთვნოდა ჩათვლის სრულად მიღების უფლება. კომპანიას ნაწილი ჰქონდა ჩათვლილი, ხოლო ჩაუთვლელი ნაწილი კი საგადასახადო შემოწმებით უნდა ჩათვლოდა, რაც სამწუხაროდ შემოწმებით არ განხორციელდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს სადავო საკითხები, შესაფასებელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „----------“-ის ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენდა საბითუმო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით. აღნიშნული საწარმო დაფუძნდა და დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2021 წლის 8 ოქტომბერს. კომპანიას მინიჭებული აქვს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა ხილ-ბოსტნეულის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან (მათ შორის, ----------, ----------, ----------, ----------, ------------, -----------, ------------,------------, ---------- და---------). ასევე, საქონელი შეძენილი აქვს ადგილობრივ ბაზარზეც. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის რაიმე სახის ბუღალტრული ჩანაწერების წარმოდგენა არ განხორციელებულა. 2023 წლის პირველი აგვისტოს №18799 ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შპს „-----------“-ში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით, 2023 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით საწარმოს სმფ-ის ნაშთი იყო 4 750 კგ ხახვი. შემოწმების მიერ განხორციელდა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და ინვენტარიზაციის მასალების დამუშავება. გაანგარიშებულ იქნა საწარმოს დღგ-ის ბრუნვა დოკუმენტური ფასნამატის პირობებში და დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები შესაბამისობაშია შემოწმებით დადგენილთან. ასევე, შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის გაანგარიშება და განისაზღვრა შემოსავალი, რომელიც კომპანიამ მიიღო შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. გადასახადის გადამხდელის მიერ უცხოელი მომწოდებლების მცირე ნაწილზე ფიქსირდება საბანკო გადარიცხვა, ასევე, ერთ-ერთ მომწოდებელთან მიმართებით წარმოდგენილია შედარების აქტი დავალიანების არარსებობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ნაწილში ხარჯი გათვალისწინებულ იქნა სრულად, ხოლო იმ უცხოელ მომწოდებლებზე, რომლებზეც არ ფიქსირდება თანხის გადარიცხვა და არ არის წარმოდგენილი შედარების აქტი, შემოსავლების სამსახურის „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით, ანაზღაურებულად ჩაითვალა მხოლოდ მიღებული საქონლის/მომსახურების ღირებულების 75%. ასევე, ხარჯებში გათვალისწინებული იქნა სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, გაცემული/დეკლარირებული ხელფასები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. აღნიშნული გაანგარიშების შედეგად მიღებული ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

2. კომპანია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 8 ოქტომბრიდან. შემოწმებით ირკვევა, რომ საწარმოს იმპორტის რეჟიმით შემოტანილი აქვს ავეჯი და პირუტყვის დასაწოლი ლეიბი, რომელზედაც გადახდილი დღგ სრულად აქვს ჩათვლილი შესაბამის პერიოდში. გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული პროდუქციის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 176-ე მუხლების გათვალისწინებით, ვინაიდან, საქონლის შეძენა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის გამიზნული არ არის, შემოწმების მიერ განხორციელდა ჩასათვლელი თანხის შემცირება. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტებზე, რომლის თანახმად, კომპანია ახდენს პროდუქციის იმპორტს და უცხოელ მომწოდებლებთან ანგარიშსწორებას ძირითადად ახორციელებს ნაღდი ანგარიშსწორებით. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარს თან ურთავს მტკიცებულებებს, რითაც დასტურდება, რომ საქონლის შეძენის ღირებულება სრულად არის კომპანიის მიერ გადახდილი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ შემოწმებით სალაროს

ნაშთის გაანგარიშებაში არ არის გამოკლებული საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება 26 000 ლარის ოდენობით.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ინვოისების არსებობის შემთხვევაში, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლის უფლებას (არ ყოფილა სადავო შემოსავლების სამსახურში). გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში უცხოეთიდან ახორციელებდნენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს და ამ პროდუქციის რეალიზაციას. საბაჟო დეკლარაციების მიხედვით ბიუჯეტში გადახდილი დღგ სრულად არ ჰქონდა ჩათვლილი, რაზეც საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით ეკუთვნოდა ჩათვლის სრულად მიღების უფლება. კომპანიას ნაწილი ჰქონდა ჩათვლილი, ხოლო ჩაუთვლელი ნაწილი კი საგადასახადო შემოწმებით უნდა ჩათვლოდა, რაც სამწუხაროდ შემოწმებით არ განხორციელდა.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ -----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ინვოისების არსებობის შემთხვევაში, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შპს-ს ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენდა საბითუმო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით. აღნიშნული საწარმოს მინიჭებული აქვს დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა ხილ-ბოსტნეულის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვით, მდგომარეობით საწარმოს სმფ-ის ნაშთი იყო 4 750 კგ ხახვი. შემოწმების მიერ განხორციელდა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და ინვენტარიზაციის მასალების დამუშავება. გაანგარიშებულ იქნა საწარმოს დღგ-ის ბრუნვა დოკუმენტური ფასნამატის პირობებში და დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები შესაბამისობაშია შემოწმებით დადგენილთან. ასევე, შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი ნაკადების მოძრაობის გაანგარიშება და განისაზღვრა შემოსავალი, რომელიც კომპანიამ მიიღო შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. გადასახადის გადამხდელის მიერ უცხოელი მომწოდებლების მცირე ნაწილზე ფიქსირდება საბანკო გადარიცხვა, ასევე, ერთ-ერთ მომწოდებელთან მიმართებით წარმოდგენილია შედარების აქტი დავალიანების არარსებობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ნაწილში ხარჯი გათვალისწინებულ იქნა სრულად, ხოლო იმ უცხოელ მომწოდებლებზე, რომლებზეც არ ფიქსირდება თანხის გადარიცხვა და არ არის წარმოდგენილი შედარების აქტი, შემოსავლების სამსახურის „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით, ანაზღაურებულად ჩაითვალა მხოლოდ მიღებული საქონლის/მომსახურების ღირებულების 75%. ასევე, ხარჯებში გათვალისწინებული იქნა სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, გაცემული/დეკლარირებული ხელფასები და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. აღნიშნული გაანგარიშების შედეგად მიღებული ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

2. შემოწმებით ირკვევა, რომ საწარმოს იმპორტის რეჟიმით შემოტანილი აქვს ავეჯი და პირუტყვის დასაწოლი ლეიბი, რომელზედაც გადახდილი დღგ სრულად აქვს ჩათვლილი შესაბამის პერიოდში. გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული პროდუქციის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. , შემოწმების მიერ განხორციელდა ჩასათვლელი თანხის შემცირება. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა

 

გადაწყვეტილება

საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, ინვოისების არსებობის შემთხვევაში, საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);101(1);154(1);105(2);72(1);174;175;