გადაწყვეტილება №27993/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27993/2/2026
20 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----ი“ (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 18.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27993/2/2026).
დავის საგანი:
დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №006-1061 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15262 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 420 071 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 279 981 მიწაზე (არასასოფლო)
ქონების გადასახადი - 6
საშემოსავლო გადასახადი - 279 680
ქონების გადასახადი - 295
ჯარიმა - 140 090
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა უძრავი ქონების მომზადება გასაყიდად ან იჯარით გაცემა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 21.05.1996 წელს, დღგ-ის გადამხდელად 26.04.2010 წელს.
აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.11.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მონაცემებით ქ. ---ში, ---ის ქუჩის №--ში (ს.კ. -----) 2007 წლის ამონაწერით უფიქსირდება 1 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო 2010 წლის ამონაწერით, შენობა-ნაგებობა (მშენებარე) საერთო ფართით 3 723,6 კვ.მ. 10.10.2014 წლის ამონაწერის მიხედვით, შენობა-ნაგებობების (მშენებარე) საერთო ფართი 6 181,8 კვ.მ-ია. აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში მდებარე საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და ავტოსადგომები საწარმოს რეალიზებული აქვს 2013-2014 წლებში, ასევე, ფიქსირდება ფართების გადაცემა, როგორც შპს ----ის ყოფილი დამფუძნებლებისთვის, ასევე მშენებელი კომპანიის შპს -----თვის. მიმდინარე პერიოდში საწარმოს საკუთრებაში ფიქსირდება ავტოსადგომი №-, თუმცა საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, ისიც რეალიზებულია, ნასყიდობის ღირებულებაც ანაზღაურებულია, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი საჯარო რეესტრში დარეგისტრირება მყიდველის სახელზე. უძრავი ქონებების ნასყიდობის ხელშეკრულებებში მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდის ვადად მითითებულია საკუთრებაში რეგისტრაციის თარიღი ან გარკვეული პერიოდი, რომელიც საშუალოდ არ აღემატება ერთ წელს.
შემოსავალი გაანგარიშდა აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარში, ამასთან გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ფ/პ ----ს (პ/ნ -----) 3 ბინის ნასყიდობის ღირებულებიდან დაფარული არ აქვს 381 800 აშშ დოლარი. შემოწმებით, საწარმოს მიერ მიღებულმა ფულადმა სახსრებმა შეადგინა 5 338 470 ლარი (რეალიზაცია ხელშეკრულებებით ფიზიკურ პირებზე 5 620 197 ლარი + ანგარიშ-ფაქტურით შპს -----ზე 379 245 ლარი - ფ/პ ---ის (პ/ნ -----) გადასახდელი თანხები 660 972 ლარი). აღნიშნულ თანხას გამოაკლდა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით გაანგარიშებული თანხა 3 385 118 ლარი (ანგარიშ-ფაქტურა 2 767 013,62 ლარი + სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა 11 745 ლარი + სასაქონლო ზედნადები 13 479,76 ლარი + ხელფასი 464 375 ლარი + ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო და მოგების გადასახადები (105 105 + 23 400 ლარი)). სხვაობის თანხამ შეადგინა 1 953 352 ლარი. შემოწმებისთვის წარმოდგენილი წერილობითი განმარტებით საწარმოს სალაროში თანხა არ გააჩნია. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით შპს ---“-ის დირექტორმა განმარტა, რომ თანხა გაცემულია დივიდენდად დამფუძნებელ კომპანიაზე, საიდანაც ასევე გაცემულია დივიდენდად. აღნიშნული არ დასტურდება შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების შესწავლით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 1 953 352 ლარი განხილული იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე --------ზე (პ/ნ ---------) გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელზეც გაგრძელდა პროცენტის (20%) დარიცხვა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და შესაბამისი თანხა, როგორც ანგარიშვალდებული პირის, -------ის (პ/ნ ---------) სარგებელი, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №006-1061 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 3.08.2022 წლის №20808 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 30.09.2022 წლის №17660/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 3.08.2022 წლის №20808 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15262 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2.11.2023 წლის №20312/2/2023 გადაწყვტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა 18.08.2026 წელს წარმოადგინა საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძველზე დავის განახლების მოთხოვნით. შემოსავლების სამსახურის 24.08.2026 წლის №--- წერილით ასევე გამოგზავნილია კომპანიის 18.08.2026 წლის №--- საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 29.06.2023 წლის №15262 ბრძანების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დადგენილია გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ბინების, კომერციული ფართების და ავტოსადგომების საწარმოს მიერ 2013-2014 წლებში რეალიზაციის ფაქტი. ასევე, ფიქსირდება ფართების გადაცემა როგორც შპს ----ის ყოფილი დამფუძნებლებისათვის, ასევე მშენებელი კომპანიის შპს ----თვის. შემოწმებით გაანგარიშდა მითითებულ რეალიზაციებზე მისაღები შემოსავლები, რასაც გამოაკლდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით გაანგარიშებული შესაბამისი ხარჯები. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებულ სხვაობასთან დაკავშირებით დადგინდა, რომ სალაროში გადამხდელს არ გააჩნია თანხები, შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. ხოლო სესხზე გაანგარიშებული პროცენტი დაიბეგრა წყაროსთან. აღნიშნულ საკითხზე გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საწარმოს შემმოწმებლისათვის ბუღალტრული პროგრამა არ წარუდგენია, შესამოწმებელი პერიოდის საწყისი ნაშთების შესწავლის მიზნით დამუშავდა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში არსებული ინფორმაცია, ასევე, საწარმოს მიერ წარმოდგენილი მასალები სასამართლოში გასაჩივრებულ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, შემოწმებით გამოვლენილი რეალიზაციების გათვალისწინებით გარდა მცირე ნაწილისა, არ შეუტანია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, ხოლო გადამხდელის დირექტორის განმარტებით დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდება კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლისას. აგრეთვე, შემოსავალსა და ხარჯებს შორის სხვაობის თანხებზე შემოწმების პროცესში გადამხდელი აცხადებდა, რომ აღნიშნული თანხა დივიდენდის სახით იყო გაცემული, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს არც საგადასახადო დავის ეტაპზე არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 30.11.2023 წლის №20312/2/2023 გადაწყვეტილების ბათილობის მოთხოვნით სარჩელი შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მრავალწლიანი სასამართლო დავების შემდეგ შპს „---“-ზე და ავტომატურად შპს ---------ზეც საკუთრების უფლება დაიბრუნა 2025 წლის 13 მაისს, როდესაც კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება და 2026 წლის 22 აპრილს დაარეგისტრირა საკუთრების უფლება სამეწარმეო რეესტრში.
შესაბამისად, არანაირად არ იყო ჩართული შემოსავლების სამსახურსა და შპს ---ს შორის არსებულ სამართლებრივ დავაში და საერთოდ არ იყო ინფორმირებული ამის თაობაზე.
აღნიშნული დავის შესახებ ცნობილი გახდა სულ ახლახანს, მას შემდეგ რაც დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში შპს----ის 100%-იანი წილის მფლობელად და მესაკუთრედ 2026 წელს და სასამართლოდან აცნობეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული დავა №-- საქმეზე, რომელსაც იხილავს მოსამართლე ----ძე. მას შემდეგ რაც გაეცნო საქმის მასალებს, საქმეზე წარადგინა ამონაწერი სს --- ბანკის ანგარიშიდან, რომელიც ასევე მის საკუთრებაში არსებულ შპს „---“-ს ეკუთვნის და რომლითაც დასტურდება, რომ 2015 წლის 12 იანვარს შპს „--“-მა სახელმწიფო ხაზინაში გადაიხადა 95 400 ლარი, რის დანიშნულებაშიც მითითებულია, რომ ეს არის საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ მიღებული დივიდენდებიდან. სასამართლოში წარადგინა, ასევე, შესაბამისი ახსნა-განმარტებაც, სადაც დეტალურად არის ახსნილი თუ რეალურად რა როგორ მოხდა.
აღნიშნული ფაქტის შესახებ გაცხადებული ქონდათ შპს ----ის წინა მფლობელებს როგორც ადმინისტრაციული წარმოებისას ისე სასამართლოში, რომ შპს ----მ, 2013-2014 წლებში გასხვისებული ფართებიდან დარჩენილი მთელი თანხა დივიდენდის სახით გადასცა მის დამფუძნებელ კომპანიას შპს „----“-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა ეს თანხა დივიდენდის სახით გადასცა მის დამფუძნებელ ფიზიკურ პირს -----ს.
ის, რომ ეს ფაქტი გაცხადებული ქონდა შპს ------ის წარმომადგენელს დავის დროს, დასტურდება შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლებიდან. შემოსავლების სამსახურმაც და ფინანსთა სამინისტრომაც მთელი მათი არგუმენტაცია ააგეს იმ გარემოებაზე, რომ შპს----ის წარმომადგენელმა მართალია დააფიქსირა ის ფაქტი, რომ 2013- 2014 წლებში გასხვისებული ფართებიდან დარჩენილი თანხა მთლიანად გადასცა მის დამფუძნებელ კომპანიას შპს „---“-ს და ამ უკანასკნელმა დივიდენდის სახით გადასცა მის დამფუძნებელ ფიზიკურ პირს ----ს, თუმცა ამის დამადასტურებელი არანირი დოკუმენტი არ წარადგინესო არც ადმინისტრაციულ წარმოებაში და არც სასამართლოში.
სწორედ ამ ყოველივეს გასაბათილებლად წარადგინა სასამართლოში 2026 წლის 23 ივლისის სხდომაზე ზემოაღნიშნული ამონაწერი სს ----- ბანკის ანგარიშიდან, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ შპს „----“-ს ეკუთვნის და რომლითაც უტყუარად დასტურდება, რომ 2015 წლის 12 იანვარს შპს „----“-მ სახელმწიფო ხაზინაში გადაიხადა 95 400 ლარი, რის დანიშნულებაშიც მითითებულია, რომ ეს არის საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ მიღებული დივიდენდებიდან.
2013-2014 წლებში მართლა გაასხვისა შპს ---- მ ფართები, რომლიდანაც ყველაფრის გამოკლებით, დარჩა არა 1 953 352 ლარი, არამედ 1 908 000 ლარი, ეს თანხა შპს ---- მ დივიდენდის სახით გადასცა მის დამფუძნებელ კომპანიას შპს „---“-ს და ეს ტრანზაქცია არ იბეგრებოდა მაშინ მოქმედი კანონმდებლობით, ხოლო ამ უკანასკნელმა ეს თანხა დივიდენდის სახით გადასცა მის დამფუძნებელ ფიზიკურ პირს ----ს. შესაბამისად, რადგანაც ფიზიკურმა პირმა ------მ აიღო დივიდენდის სახით ეს თანხა შპს „---“-ისგან, შპს „---“-მა, 2015 წლის 12 იანვარს, ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა 95 400 ლარი და დანიშნულებაშიც მიუთითა „საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ მიღებული დივიდენდებიდან“.
ბიუჯეტში გადახდილი ეს 95 400 ლარი წარმოადგენს 5%-ს იმ თანხისას, რა თანხაც მიიღო ----მ დივიდენდის სახით შპს „--“-ისგან, ანუ 1 908 000 ლარის 5%-ს. 2015 წლის მდგომარეობით, სწორედ დივიდენდის სახით გაცემული თანხის 5%-ის გადახდა ევალებოდა კომპანიას ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, ფიზიკურ პირზე გაცემული დივიდენდისთვის.
უცნობი და გაუგებარია, თუ რატომ არ წარადგინა ეს დოკუმენტი შპს ----ის წინა მფლობელმა შემოსავლების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროში ან სასამართლოში. ალბათ ვერ მოიძიეს, რადგანაც ცხადია, რომ შესძლებოდათ აუცილებლად წარადგენდნენ მათი გაცხადებული ფაქტების დასადასტურებლად.
სამწუხარო ფაქტია, რომ შპს „----“-ის კუთვნილ ელექტრონულ ბარათზე, ანუ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, ამ 95 400 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის ფაქტი არ ფიქსირდება. ამასთან, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ ფიქსირდება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული სხვა საბიუჯეტო გადასახადებიც, რაც აშკარად მიუთითებს ელექტრონული ბარათისა და შემოსავლების სამსახურის ოფიციალური გვერდის გაუმართაობაზე, როგორც ჩანს იქ არ ხდება საინფორმაციო ბაზის სისტემატური განახლება და ახალი მონაცემების შეყვანა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს გარემოება გახდა იმის მიზეზი, რომ შპს ----სა და შპს „----“-ის წინა მფლობელებმა ვერ მოიძიეს დოკუმენტი ამ 95 400 ლარის გადახდის თაობაზე, რადგანაც, არც ეს გადახდა და არც სხვა საბიუჯეტო გადასახადები არ ფიქსირდება შპს „---“-ის ელექტრონულ ბარათზე და შემოსავლების სამსახურის ბაზაში.
როგორც კი მიეცა ამის შესაძლებლობა, მაშინვე წარადგინა ეს დოკუმენტი სასამართლოში, რომელიც მთლიანად აბათილებს და გამორიცხავს შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ვარაუდს, რომ თითქოს შპს ---- მ ფართების გასხვისებიდან დარჩენილი თანხა 1 953 352 ლარი უპროცენტო სესხის სახით გადასცა მის დირექტორს -------ს.
სადავოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონო და დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2026 წლის 23 ივლისის სასამართლო სხდომაზე წარდგენილი ეს დოკუმენტი (ამონაწერი შპს „----“-ის კუთვნილი სს --- ბანკის ანგარიშიდან), მთლიანად აბათილებს და გამორიცხავს შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ვარაუდს, რომ თითქოს შპს ---მ ფართების გასხვისებიდან დარჩენილი თანხა 1 953 352 ლარი უპროცენტო სესხის სახით გადასცა მის დირექტორს -------ს.
ეს დოკუმენტი, უტყუარად ადასტურებს, რომ შპს ----მ 2013-2014 წლებში ფართების გასხვისების შედეგად საბოლოო ჯამში მიიღო არა 1 953 352 ლარის ოდენობის შემოსავალი, არამედ 1 908 000 ლარის ოდენობის შემოსავალი, რომელიც მან მის დამფუძნებელ კომპანიას შპს „----“-ს გადასცა სრულად დივიდენდის სახით და ამ უკანასკნელმა კი მის დამფუძნებელ ფიზიკურ პირს -----ს გადასცა ასევე დივიდენდის სახით და სწორედ ამის გამო გადაიხადა შპს „----“-მ ბიუჯეტის სასარგებლოდ 95 400 ლარი 2025 წლის 12 იანვარს.
შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს არგუმენტები იმის თაობაზე, რომ შპს ---ის წარმომადგენელმა თავის დროზე არ წარმოადგინა შპს „----“-ისთვის და შემდეგ უკვე ამ უკანასკნელის დამფუძნებელი ფიზიკური პირისთვის თანხის დივიდენდის სახით გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება ამის გამო მხოლოდ სიტყვაზე არ უნდა ვენდოთო, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგანაც შპს ---ის წარმომადგენელმა ადმინისტრაციულ წარმოებაშიც და სასამართლოშიც არაერთგზის აღნიშნა თანხის დივიდენდის სანით გაცემის ფაქტები ჯერ შპს „--“- ზე და მერე ამ უკანასკნელის დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე ------- და იმის მიუხედავად, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარადგინეს, შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს პირდაპირ ევალებოდათ, რომ ჯეროვნად გადაემოწმებინათ ეს ინფორმაცია მათ ბაზაში და ისე მიეღოთ გადაწყვეტილება, რაც მათ არ გააკეთეს და მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება და შექმნეს არარსებული (ვირტუალური) რეალობა, თითქოს შპს --- ფართების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხები გადასცა უპროცენტო სესხის სახით მის დირექტორს გრიგოლ წერეთელს და ამის გამო, სრულიად უსაფუძვლოდ, დააკისრეს შპს -----ს 420 071 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ.
უცნობია, თუ რატომ ვერ წარადგინა შპს ----ის წინა მფლობელმა ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ შპს „-----“-ის მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ 2015 წლის 12 იანვარს 95 400 ლარის გადახდის ფაქტი სამწუხაროდ არ იძებნება შპს „----“-ის ელექტრონულ ბარათზე ან შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ გვერდზე. ამასთან არ იძებნება გადახდილი სხვა საბიუჯეტო გადასახადები და შესაბამისად, შესაძლოა სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ შეძლეს შპს ----სა და შპს „----“-ის წინა მფლობელებმა ამ დოკუმენტის მოძიება და წარდგენა საგადასახადო ორგანოში თავის დროზე.
შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს არგუმენტი, რომ თითქოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები აძლევს საგადასახადო ორგანოს ამგვარი „ვარაუდების“ დაშვების უფლებას, ასევე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგანაც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ნათლად მიუთითებს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესზე და ფარგლებზე, კერძოდ, აქ პირდაპირ არის მოთხოვნა, რომ დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს „კანონით დადგენილ ფარგლებში“.
ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი პირდაპირ აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც ადმინისტრაციული ორგანოს მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის დანაწესი სწორდ იმიტომ არსებობს, რომ დადგინდეს გადასახადის გადამხდელის რეალური ვალდებულებები და არა იმისთვის, რომ ეს მუხლი გახდეს საგადასახადო ორგანოს დაუსაბუთებელი ვარაუდებისა და სპეკულაციების საფუძველი,რასაც მოყვა შპს ----ის სრულიად დაუსაბუთებლად დასჯა და მისთვის სრულიად არარეალური თანხის, 420 071 ლარის გადახდის ვალდებულების დაკისრება.
უფრო მეტიც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებამ არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებების და ინტერესების დაუსაბუთებლად შეზღუდვა.
ფაქტია, რომ შპს----ზე 420 071 ლარის ოდენობის თანხის დაკისრება მხოლოდ და მხოლოდ საგადასახადო ორგანოს სრულიად დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე მოხდა და ამ ორგანომ არც კი იზრუნა იმაზე, რომ სათანადოდ გადაემოწმებინა შპს ---ის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცი მიღებული შემოსავლების დივიდენდის სახით შპს „---“-ზე და შემდეგ უკვე ამ უკანასკნელის დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე დივიდენდის სახით გაცემის თაობაზე.
ყველაფერთან ერთად, საგადასახადო ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების არამიზნობრივად და კანონით დადგენილი ფარგლების დარღვევით განხორციელება იმით დასტურდება, რომ 95 400 ლარის გადახდის საბანკო ამონაწერის სასამართლოში წარდგენისას შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა პროტესტი განაცხადეს ამ დოკუმენტის საქმეზე დართვაზე იმ მიზეზით, რომ თურმე შპს ----ს არ წარმოუდგენია ეს დოკუმენტი თავის დროზე მათთან და ახლა არ უნდა მისცემოდა უფლება ამ დოკუმენტის საქმეზე დართვაზე.
ანუ ფაქტია, რომ საგადასახადო ორგანო არც თავის დროზე შეეცადა, რომ შპს ---თან მიმართებაში დაედგინა უტყუარად, ჰქონდა თუ არა მას მართლაც გადასახდელი 420 071 ლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ და ახლაც, როცა უტყუარი მტკიცებულება წარადგინა, რომ შპს ----ს სრულიად უსაფუძვლოდ დააკისრეს 420 071 ლარის გადახდა, ახლაც არ სურთ ამ დოკუმენტის აღიარება და ამის საფუძველზე მათი გადაწყვეტილების შეცვლა.
სასამართლომ 2026 წლის 23 ივლისის სხდომაზე, დაურთო საქმეს წარდგენილი ზემოაღნიშნული ამონაწერი სს --- ბანკის ანგარიშიდან და ასევე შესაბამისი ახსნა-განმარტება და მხარეებს მოუწოდა, რომ რამენაირად თავად მოეგვარებინათ ეს პრობლემა, კერძოდ, მოსამართლემ მოუწოდა, რომ ხელახლა მიემართა საგადასახადო ორგანოსთვის განცხადებით, აეხსნა სიტუაცია, რომ მხოლოდ ახლა, ანუ 2026 წელს ჩაერთო დავაში და რომ მანამდე არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა ამის გაკეთების და არც იყო ინფორმირებული ამ ყოველივეს შესახებ და ამ ახალი დოკუმენტის წარდგენით მოეთხოვა შპს ----ზე დაკისრებული 420 071 ლარის გადახდის ვალდებულების გაუქმება.
შესაბამისად, ასრულებს სასამართლოს დავალებას და მომართავს საბჭოს, რომ გააუქმოს ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და გაათავისუფლოს შპს -----ი ბიუჯეტის სასარგებლოდ 420 071 ლარის გადახდის ვალდებულებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
20.08.2026 წლის №--- წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტს ეთხოვა წარმოედგინა ინფორმაცია მომჩივნის მიერ გასაჩივრებულია თუ არა სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 30.09.2022 წლის №17660/2/2022 ან/და 2.11.2023 წლის №20312/2/2023 გადაწყვეტილებები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 10.09.2026 წლის №--- წერილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2.11.2023 წლის №20312/2/2023 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, შპს ----მ (ს/ნ---) 8.01.2024 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს (საქმე №--). დღეის მდგომარეობით სასამართლოს აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ საბჭოს 2.11.2023 წლის №20312/2/2023 გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში და საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, საბჭოს მიაჩნია, რომ მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 308-ე და 299-ე მუხლების საფუძველზე დავის განახლების თაობაზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.11.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ საწარმოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მონაცემებით 2007 წლის ამონაწერით უფიქსირდება 1 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო 2010 წლის ამონაწერით, შენობა-ნაგებობა (მშენებარე) საერთო ფართით 3 723,6 კვ.მ. 10.10.2014 წლის ამონაწერის მიხედვით, შენობა-ნაგებობების (მშენებარე) საერთო ფართი 6 181,8 კვ.მ-ია. აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში მდებარე საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და ავტოსადგომები საწარმოს რეალიზებული აქვს 2013-2014 წლებში, ასევე, ფიქსირდება ფართების გადაცემა, როგორც კომპანიის ყოფილი დამფუძნებლებისთვის, ასევე მშენებელი კომპანიისთვის. მიმდინარე პერიოდში საწარმოს საკუთრებაში ფიქსირდება ავტოსადგომი, თუმცა საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, ისიც რეალიზებულია, ნასყიდობის ღირებულებაც ანაზღაურებულია, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი საჯარო რეესტრში დარეგისტრირება მყიდველის სახელზე. უძრავი ქონებების ნასყიდობის ხელშეკრულებებში მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდის ვადად მითითებულია საკუთრებაში რეგისტრაციის თარიღი ან გარკვეული პერიოდი, რომელიც საშუალოდ არ აღემატება ერთ წელს.
შემოსავალი გაანგარიშდა აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარში, ამასთან გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ფ/პ-ს 3 ბინის ნასყიდობის ღირებულებიდან დაფარული არ აქვს 381 800 აშშ დოლარი. შემოწმებით, საწარმოს მიერ მიღებულმა ფულადმა სახსრებმა შეადგინა 5 338 470 ლარი. აღნიშნულ თანხას გამოაკლდა შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით გაანგარიშებული თანხა 3 385 118 ლარი. სხვაობის თანხამ შეადგინა 1 953 352 ლარი. შემოწმებისთვის წარმოდგენილი წერილობითი განმარტებით საწარმოს სალაროში თანხა არ გააჩნია. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის დირექტორმა განმარტა, რომ თანხა გაცემულია დივიდენდად დამფუძნებელ კომპანიაზე, საიდანაც ასევე გაცემულია დივიდენდად. აღნიშნული არ დასტურდება შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების შესწავლით.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 1 953 352 ლარი განხილული იქნა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე ) გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელზეც გაგრძელდა პროცენტის (20%) დარიცხვა საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და შესაბამისი თანხა, როგორც ანგარიშვალდებული პირის სარგებელი, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-1061 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №20808 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №17660/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №20808 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.რომლის 15262 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს №20312/2/2023 გადაწყვტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.მომჩივანმა კვლავ წარმოადგინა საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძველზე დავის განახლების მოთხოვნით. შემოსავლების სამსახურის წერილით ასევე გამოგზავნილია კომპანიის საჩივარი, შემოსავლების სამსახურის №15262 ბრძანების თაობაზე.
გადაწყვეტილება
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ საბჭოს №20312/2/2023 გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში და საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, საბჭოს მიაჩნია, რომ მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 308-ე და 299-ე მუხლების საფუძველზე დავის განახლების თაობაზე.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(7); 308(1);